"ნაგავში ნაგავივით გაჭრილი ფული!.." - კვირის პალიტრა

"ნაგავში ნაგავივით გაჭრილი ფული!.."

"ქურთები მაშინ ახსენდებათ, როცა არჩევნებია!"

"მერიის ადვოკატმა ჩვენს ადვოკატს უთხრა, ქალო, არა გრცხვენია, ქურთებს რომ იცავო?"

"ამ კაცს ფეხებზე ჰკიდია ყველა და ყველაფერი და თავი უკვე პრეზიდენტი ჰგონია"

"რომელ ტოლერანტობაზე ლაპარაკობენ, როცა დასუფთავების სამსახურში ქურთებს ასე შეურაცხყოფენ?"

"სახელმწიფო სამსახურია თუ მონათმფლობელობა?"

ამბავი, რომელიც თბილისის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თუ მოქმედმა თანამშრომლებმა გვიამბეს, გამაოგნებელია, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ევროპული ღირებულებების სახელით.

ნუგზარ ქანთარია, "თბილსერვისჯგუფის" ყოფილი ბრიგადირი: - დედაქალაქის დასუფთავების სამსახურში თავიდანვე იმან გამაოცა, რომ არ არსებობდა შვებულება, თანამშრომლები უქმეებზეც მუშაობდნენ. მეეზოვეებს და დამგველებს არ ეკუთვნით დასვენების დღეები, რადგან ცვლებში მუშაობენ. მძღოლებს, ნაგვის მანქანაზე მომუშავე მუშებსა და ბრიგადირებს კი დასვენებისა და ცვლის გარეშე უწევთ მუშაობა.

განსაკუთრებით მძიმე დღეში არიან ბრიგადირები. არავინ იცის, როდის დაურეკავენ სამსახურიდან და უკან მიაბრუნებენ. რატომღაც გამწვანების ზოლს, თანაც აუნაზღაურებლად, დამგველებსა და მეეზოვეებს ასუფთავებინებენ. გამწვანების სამსახური ცალკე სამსახურია და გამწვანების ზოლის მოვლა-პატრონობა მას ევალება, ცალკე ბიუჯეტი აქვს, ქალაქის გამწვანებაზე ტენდერები ტარდება და ამ საქმეში დიდი ფულიც არის გამოყოფილი.

მეეზოვეებს კონტრაქტზე ისე აწერინებენ ხელს, წაკითხვის უფლებასაც არ აძლევენ. მეეზოვე ასია აჯოევას შვილი 18 დღე ამუშავეს, ორჯერ უთხრეს, საბუთები დავკარგეთო და ახალი მიატანინეს. ბოლოს გამოუცხადეს, არ გვჭირდებიო და ისე გაუშვეს, კაპიკიც არ გადაუხდიათ. მეეზოვეებმა გადაწყვიტეს, პროფკავშირები ჩამოეყალიბებინათ. მეეზოვე ეთერ მამოევამ პროფკავშირებში შესვლა რომ გადაწყვიტა, გაუგეს და დასუფთავების სამსახურის მესამე განყოფილების უფროსი თამაზ კორკიტი, მაშინდელი შპს "თბილსერვისის" გენერალური დირექტორის მოადგილე დავით დავითური და რამდენიმე ბრიგადირი საღამოს სახლში მიუცვივდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღეს.

2009 წლის მაისში მესამე განყოფილების უფროსმა დავით აფკოფაშვილმა სასტიკად სცემა ხანში შესულ მუშას. მართალია, მუშა ნასვამი იყო, მაგრამ ხანდაზმული კაცის წიხლებითა და მუშტებით ცემა გაგიგიათ? სახელმწიფო სამსახურია თუ მონათმფლობელობა? იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქე იეზიდები ნაკლებად არიან ინტეგრირებული ქართველ საზოგადოებაში, ხმის ამომღები არავინ არის.

ამით სარგებლობენ ამ სამსახურის ჩინოვნიკები და ცემა-ტყეპა წესად აქვთ. დავით აფკოფაშვილის საქციელით აღშფოთებულმა შპს "თბილსერვისის" გენერალურ დირექტორს, გიორგი ხუჭუას დავურეკე, რას ჰგავს ეს-მეთქი. იმ საღამოსვე შედგა კრება, რომელსაც რატომღაც თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი ხელმძღვანელობდა.

გადაწყდა, ორივე - მოძალადეც და მუშაც მოეხსნათ სამსახურიდან. მოხსნილი მუშა სამსახურში არავის აღუUდგენია, სამაგიეროდ, ერთ თვეში მოძალადე დავით აფკოფაშვილი მონიტორინგის სამსახურში დააბრუნეს და დღემდე იქ მუშაობს. ვინც აპროტესტებს და ასეთ მდგომარეობას ვერ იტანს, ათავისუფლებენ სამსახურიდან. თუ ხმა აიმაღლეს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების სამსახურებიდან გაგდებით ემუქრებიან.

- ბოლო დროს დასუფთავების სამსახური ერთგვარად პრესტიჟულადაც იქცა, ქალაქის მერი პირადადაც კი ულოცავს მეეზოვეებს დღესასწაულებს.

- იცით, როგორ ხდება ეს თავყრილობა?

ბრიგადირებს ეგრეთ წოდებულ ჯაჭვს აკეთებინებენ, რომ უგულავას ვერავინ მიუახლოვდეს. ისინი სინამდვილეში მეეზოვეების ფორმებში გამოწყობილი კუნთმაგარი ბრიგადირები არიან. მერთან უშვებენ მხოლოდ იმ ხალხს, ვინც მის პიარმიზნებს მოემსახურება.

ერთი სიტყვით, 31 აგვისტოს, მეეზოვის დღეს, ბატონი უგულავა მობრძანდა. როგორც ყოველთვის, ლაპარაკობდა ევროპულ ღირებულებებზე, თუ როგორი პრესტიჟული გახდა დასუფთავების სამსახური. ამ დემაგოგობის დროს მეეზოვეებმა - ასია აჯოევამ, ჟანა და მერაბ მახოევებმა გაბედეს და გამოთქვეს პროტესტი ყოველივე იმაზე, რაც ზემოთ მოგახსენეთ. დავით დავითურმა და გიორგი ხუჭუამ, როგორ თუU ეს გაბედეთო, ლანძღვა-გინებით გააძევეს სამივე იქიდან. უყვიროდნენ, თქვე ქურთებო, იმ ქართველების დედაც, ვინც თქვენ გაგაღვიძათ, გაიღვიძეთ, ცხვრებოო? ეს 31 აგვისტოს მოხდა, 3 სექტემბერს კი სამივე გააგდეს სამსახურებიდან.

რადგან სამსახურში არსებული ვითარების მოთმენა უკვე შეუძლებელი იყო, ამ ხალხს შევთავაზე, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილს მივწეროთ წერილი-მეთქი. მივწერეთ. ზაალ სამადაშვილმა ჩვენი წერილი იურიდიულ კომიტეტს გადაუგზავნა. 19 ნოემბერს გია ხუჭუას კაბინეტში დამიბარეს და ძველბიჭურად საქმე გამირჩიეს. ბიჭო, შენი იმედი გვქონდა, დაწინაურებას გიპირებდით, შენ კი გვიღალატე. რადგან გარეთ მოძრაობდი, გათავისუფლებთ სამსახურიდანო. "გარეთ მოძრაობაში" საკრებულოში ჩემი მისვლა იგულისხმა.

20 ნოემბერს მაინც მივედი სამსახურში, რადგან ბრძანებაც არ ჰქონდათ დაწერილი ჩემი გათავისუფლების შესახებ. ამის დათMმობას არ ვაპირებდი და ვიჩივლე. მერიის ფართოდ რეკლამირებულ უფასო იურიდიულ დახმარებას მივმართე, მაგრამ უარი მითხრეს. ერთი სიტყვით, პროფკავშირებს მივმართე და საქმეც მოვიგე. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრძანება ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონო იყო.

ამის შემდეგ დასუფთავების სამსახურში არსებულ პრობლემებზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარე გია არსენიშვილს ვუამბე ყველაფერი. ბატონმა გიამ გიგი უგულავას სამი წერილი მისწერა. ქალაქის მერმა კი პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს პასუხიც არ გასცა. გია არსენიშვილი ძალიან გაბრაზებული იყო. მითხრა, ეგ რომ მინისტრი იყოს, ტყავს გავაძრობდიო(?!).

უგულავას თავხედობა ზღვარს გადასცდა, ეს კაცი პასუხს არ სცემს ჩვენ მიერ არჩეულ პარლამენტს, ფეხებზე ჰკიდია ყველა და ყველაფერი ამ ქვეყანაში და თავი უკვე პრეზიდენტი ჰგონია.

სააკაშვილი ხშირად ამბობს, რომ ფეოდალიზმს, ქუჩურ მენტალიტეტსა და საძმოს კატეგორიებით აზროვნებას ებრძვის. აგერ, ბატონო, ფეოდალიზმი შუა ქალაქში! შეიძლება  XXI საუკუნეში საჯარო სამსახურში ადამიანებს მონურ, გასამრჯელოს გარეშე შრომას აიძულებდე? სასამართლო პროცესზე ხომ სულ გავოგნდი. მერიის ადვოკატმა ჩვენს ადვოკატს უთხრა, ქალო, არა გრცხვენია, ქურთებს რომ იცავო? რომელ ტოლერანტობაზე ელაპარაკებიან ესენი მოსახლეობას, როცა მერიის სამსახურში ასეთი ამბები ხდება?

დალი მამოევა, მეეზოვე: "სრული სიმართლეა ყველაფერი. ჩვენთან მონათმფლობელობაა. მეეზოვეებსა და დამგველებს გვაიძულებენ 3-4 ნორმა შევასრულოთ, მაშინ როცა ერთი ნორმის ფულს გვიხდიან. ცოცხებიც კი ჩვენი საზრუნავია. ახლა ცემა? რამდენიც გინდათ.

იცით, "თბილსერვისის" მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე კოტე ზარნაძე ქალებს როგორ სცემდა? პანღურებს ურტყამდა! უგულავას ნათესავია და შერჩა ყველაფერი. პასუხისგების ნაცვლად მერიაში გადაიყვანეს".

ასია აჯოევა, მეეზოვე: "ოთხი წელი ისე ვიმუშავე, შვებულება არ მოუციათ. ოთხი წლის შემდეგ მოვითხოვე და ამის გამო გამომაგდეს. რამდენ შეურაცხყოფას იტანენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რა აღწერს! ქურთებო, გაუნათლებლებო, მადლობა თქვით, რომ ერთი ჰაერით ვსუნთქავთ, იმ ქართველის დედა ასე და ისე, თქვენ რომ განათლება მოგცათო, გვეუბნებოდნენ ჩვენი უფროსები.

მეეზოვეებისა და დამგველების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ ძალიან დიდი ტერიტორიის დაგვას გვაიძულებდნენ. თან უნდა დაგვეხვეტა, თან ნაგავი აგვეღო, თან გამწვანების ზოლიც დაგვესუფთავებინა და ეს ყველაფერი 300 ლარად. თვითონ ფულს აკეთებენ. თბილისის დასუფთავების სამსახურში დიდი ფული ტრიალებს. ნაგავში ნაგავივით იჭრება ფული.ვთქვათ, ხელშეკრულებით 10 მეტრის დაგვა მეკუთვნის, 100 მეტრს რომ მაგვევინებენ, 90 მეტრის ფული სად მიდის? ერთი გაჩერების მაგივრად ხუთ გაჩერებას რომ მაგვევინებენ და მხოლოდ ერთის ფულს მიხდიან, დანარჩენი 4-ის ფული ვის ჯიბეშია? ძალიან ბევრი "ლევი" ხალხი ჰყავთ გაფორმებული. მათ სამუშაოს ჩვენ გვაკეთებინებენ, ფული კი ხაზეინების ჯიბეში მიდის. დასუფთავების სამსახურში ყველამ იცის ეს ამბავი. ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ დაშინებული ჰყავთ.ჩვენი სისხლისა და ოფლის ხარჯზე მდიდრდებიან და კიდევ აქეთ გვლანძღავენ, თუU ხმის ამოღებას გავბედავთ. მერე რა, რომ ქურთი ვარ? მე არც ირანი ვიცი, არც თეირანი, არც თურქეთი და არც სირია. ეს არის ჩემი სამშობლო, აქ დავიბადე და ღმერთმა აქაც დამმარხოს! ქურთები მაშინ ახსენდებათ, როცა არჩევნებია!"

შევეცადეთ დავკავშირებოდით "თბილსერვისის" გენერალურ დირექტორ გია ხუჭუას. ბატონი ხუჭუა ჩვენს სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებას არ გამოეხმაურა.