ხელისუფლებამ პირველად საპრივატიზაციო დოკუმენტებს ხელი 7 ნოემბერს მოაწერა, ხოლო პრეზიდენტმა პოსტიდან გადადგომის წინ, ამავე წლის 23 ნოემბერს, "თბილისის წყლის" გასხვისება დაასრულა - კვირის პალიტრა

ხელისუფლებამ პირველად საპრივატიზაციო დოკუმენტებს ხელი 7 ნოემბერს მოაწერა, ხოლო პრეზიდენტმა პოსტიდან გადადგომის წინ, ამავე წლის 23 ნოემბერს, "თბილისის წყლის" გასხვისება დაასრულა

"გაუმჯობესდა" მხოლოდ ტარიფი, რომელიც ორჯერ გაიზარდა"

"ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მიწას, სასარგებლო წიაღისეულს, წყალსა და ტყეს, ასევე მუზეუმებსა და არქივებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ და მათი გაყიდვა-გასხვისება არ შეიძლება. საჭიროა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა კანონებმა დაიცვას ერის ეს საუნჯე".

ილია II, საშობაო ეპისტოლე

01.07.2011

ქართული წყლის კომპანიის იჯარით აღება ჯერ კიდევ რევოლუციამდე ფრანგულმა კომპანიამ მოინდომა, მაგრამ "ვარდების რევოლუციამ" ამას წერტილი დაუსვა. ობიექტი კვლავ მუნიციპალურ საკუთრებაში დარჩა, მაგრამ "წყალკანალს" ახალმა ხელისუფლებამ ხელმძღვანელობა შეუცვალა.

ახალი ხელმძღვანელობა პირობას დებდა, რომ ორ წელიწადში "წყალკანალს" მომგებიან ორგანიზაციად გადააქცევდა. მომგებიანობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ხელისუფლებამ ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი გაყიდა უკეთესი მომსახურებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესების მოტივით. ობიექტის გასხვისებიდან უკვე ოთხი წელი გავიდა და თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ არც წყლის, არც მომსახურების ხარისხი არ გაუმჯობესებულა (იმასაც გვპირდებოდნენ, რომ 2009 წლის ბოლოს დედაქალაქის ყველა მოსახლეს წყალი უგრაფიკოდ მიეწოდებოდა). მეტიც, სწორედ ამ პერიოდში შეექმნა დედაქალაქის წყლით მომარაგებას ისეთი პრობლემები (მაგალითად, ცოტა ხნის წინ ერთი გაწვიმება საკმარისი აღმოჩნდა, რომ დედაქალაქის ნაწილს ოთხი დღის განმავლობაში წყალი შესწყვეტოდა), როგორიც თბილისს 90-იან წლებშიც არ ახსოვს. "გაუმჯობესდა" მხოლოდ ტარიფი, რომელიც ორჯერ გაიზარდა.

რაც ყველაზე უცნაურია, ეს სტრატეგიული ობიექტი ჩვენმა ხელისუფლებამ მიჰყიდა კომპანიას, რომლის უკან რუსული სახელმწიფო კომპანია "რაო-ესი" დგას.

თინა ხიდაშელი: "ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ "თბილისის წყალი" უნდა გასხვისებულიყო.

გვქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ "თბილისის წყალი" რუსული კომპანიისთვის მისაყიდად მზადდებოდა. კვალი რუსული სახელმწიფო კომპანია "რაო-ესისკენ" მიდიოდა. ტენდერი ზაფხულში გამოცხადდა. მაშინ რესპუბლიკელები პარლამენტში ვიყავით და დავაყენეთ საკითხი, რომ ტენდერი მაქსიმალურად გამჭვირვალე ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ გვქონდა აეროპორტის გასხვისების მაგალითი, წმინდა წყლის კორუფციული გარიგება. ბუნებრივია, ჩვენი და საზოგადოების მოთხოვნა არავინ გაითვალისწინა. მერე დაიწყო 2007 წლის ცნობილი ამბები. ხელისუფლებამ ამით ისარგებლა და პირველ საპრივატიზაციო დოკუმენტებს ხელი 7 ნოემბერს მოეწერა. ბუნებრივია, ეს ამბავი არავის გაგვიგია 7 ნოემბერს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო(!). კიდევ უფრო საინტერესო ის იყო, რომ სააკაშვილმა გადადგომის წინ, 23-24 ნოემბერს, ხელი მოაწერა ერთადერთ აქტს და ამით "თბილისის წყლის" გასხვისება დაასრულა.

ტენდერში ბევრი კომპანია მონაწილეობდა, განსაკუთრებით ორი მათგანი იყო საყურადღებო - ფრანგული "ვაიოლა" და ესპანური "აკვალია". ამ საქმეში ორივე წამყვანი კომპანიაა, მაგრამ ტენდერი რატომღაც ყველასათვის უცნობმა "მულტიპლექს ენერჯიმ" მოიგო".

2007 წლის 22 ოქტომბერს გამოვლინდა გამარჯვებული - შვეიცარიული კომპანია "მულტიპლექს სოლუშენსი" (სადამფუძნებლო დოკუმენტაციით იგივე "მულტიპლექს ენერჯი")". ოფიციალურ განაცხადში ნათქვამი იყო, რომ შვეიცარიული კომპანია შესაძენ ობიექტებში 85.000.000 აშშ დოლარს გადაიხდიდა, განახორციელებდა 350 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას და 2008-2009 წლებში უცვლელად შეინარჩუნებდა წყლის ტარიფს. გარდა ამისა, ""მულტიპლექს სოლუშენსი"" ვალდებულებას იღებდა, რომ დედაქალაქს უზრუნველყოფდა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყლის დაბალი ტარიფით.

თინა ხიდაშელი: "2007 წლის 23 ნოემბრის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, კომპანია "მულტიპლექს ენერჯის" გადაეცა შპს "საქწყალკანალში", შპს "მცხეთაწყალკანალსა" და შპს "რუსთავწყალკანალში" სახელმწიფოს 100-100%-იანი წილები.

2008 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობამ, რომელსაც ეკატერინე შარაშიძე წარმოადგენდა, და მერიამ, რომლის წარმომადგენელი იყო მამუკა ახვლედიანი, ხელი მოაწერეს ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, "წყალკანალი" კომპანია "მულტიპლექს ენერჯის" გადაეცა.

2007 წელს კომპანიის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო ჟენევის სავაჭრო რეესტრი იყო, რომლის თანახმად, კომპანია "მულტიპლექს სოლუშენსი" დარეგისტრირდა 2005 წლის 23 აგვისტოს. კომპანიის საწესდებო კაპიტალი რეგისტრაციისას 100.000 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენდა (ეს არის მინიმალური კაპიტალი შვეიცარიაში სააქციო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად). სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელია ვინმე ბიტმალე, რომელსაც ანალოგიური 87 კომპანია აქვს დაფუძნებული. ჩანს, ასეთი ბიზნესი აქვს ამ კაცს, შვეიცარიაში კომპანიებს აფუძნებს.

გაუგებარი იყო, იმხელა პრესტიჟისა და გამოცდილების მქონე კომპანიებმა, როგორებიც არიან "აკვალია" და "ვაიოლა" რატომ წააგეს ტენდერი და მასში გამარჯვება მოიპოვა ამ საეჭვო კომპანიამ, რომელსაც გამოცდილება არ გააჩნდა. გარდა გამოცდილებისა, საინტერესოა, რას იხდიდნენ ეს კომპანიები? ფრანგული კომპანია "თბილისის წყალში" - 114-ს, ესპანური კი 107 მილიონ დოლარს იხდიდა, მაშინ როცა "თბილისის წყალში" "მულტიპლექსმა" რეალურად 75 მილიონი დოლარი გადაიხადა. მესამე სეგმენტი იყო ტარიფი. თუ ავიღებთ აბსოლუტურ რიცხვებს, მაშინ ფრანგული და ესპანური კომპანიები უფრო მაღალ ტარიფს ითხოვდნენ, მაგრამ თუ ავიღებთ შუალედურ ტარიფს, მივხვდებით, რომ სინამდვილეში ის ორი კომპანია უფრო დაბალ ტარიფს სთავაზობდა ხელისუფლებას".

ახალდაფუძნებული კომპანიის დირექტორი იური ლესი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ რუსებთან კავშირი არ ჰქონდათ. თუმცა რეესტრის ჩანაწერები სულ სხვა რამეს ამბობდა. კერძოდ, შპს "თბილისის წყლის" შესახებ რეესტრის ჩანაწერებში გაჩნდა საწარმოს ახალი დირექტორისა და წარმომადგენლების ვინაობა: საწარმოს ხელმძღვანელი იყო იური ლესი (საცხოვრებელი ადგილი: რუსეთი, ქ. მოსკოვი) - რუსული "ინტერრაო-ეს"ის" საკუთრებაში არსებული მოლდავეთის "გრეს"-ის მმართველობის ყოფილი თავმჯდომარე. საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის კი იყო ალექსეი სერებრიაკოვი (საცხოვრებელი ადგილი: რუსეთი, ქ. მოსკოვი), რომელიც 2003 წლიდან "გაზპრომის" კვარტალურ ანგარიშებში მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის "გიპროსპეცგაზის" დირექტორთა საბჭოს წევრი. მართალია, იური ლესი მალე გერმანელმა იორგ მატიასმა შეცვალა, რითაც თითქოს გაიფანტა ეჭვი კომპანიის რუსული წარმოშობის შესახებ, მაგრამ საქმე ის არის, რომ იორგ მატიასს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს რუსეთთან. მამამისი რუსეთში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) საელჩოს თანამშრომელი იყო და ის, ფაქტობრივად, ლენინგრადშია გაზრდილი. მას ძალიან კარგად იცნობენ  და ენდობიან "ინტერრაოში".

თინა ხიდაშელი - მიუხედავად იმისა, რომ წყალთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ შეიძლება იყოს საიდუმლო (ერთადერთი, რაც შეიძლება გასაიდუმლოებული იყოს, არის სისტემები და გაყვანილობის სქემები), ოფიციალურად ერთი ფურცლის მოპოვებაც კი ვერ შევძელით. ამან წარმოშვა კითხვები, თუ რა იყო მიზეზი ასეთი კონსპირაციულობისა და სინამდვილეში რა იდგა ამის უკან. გასხვისდა სტრატეგიული ობიექტი, თანაც მიჰყიდეს მტრულ სახელმწიფოს. რუსეთის სახელმწიფომ ეს სქემები იცის, სამაგიეროდ, ჩვენ არ ვიცით ონკანში რა ხარისხის წყალი მოდის.

მთავარი პერსონა ამ გარიგებაში ალექსეი რაპაპორტი გახლდათ, "რაო-ესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, იური ლესი კი ამ დროს ამ კომპანიის დირექტორი იყო საქართველოში. ალბათ, გახსოვს, მიხეილ სააკაშვილმა ბატონი რაპაპორტი ტენდერის შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიყვანა "ჟინვალჰესზე" და მას, როგორც ახალნაყიდ ბინას, ისე ათვალიერებინებდა ("ჟინვალჰესი" ასევე "მულტიპლექსის" საკუთრებაა). ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ნებისმიერი სერვისი წყალზე, გაზსა თუ დენზე არ უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში, მას უნდა ჰყავდეს კონკრეტული პატრონი, რათა უკეთესი სერვისი შესთავაზოს მოსახლეობას. თუ წყალი ქართული სახელმწიფოსი არ უნდა იყოს, შეიძლება სტრატეგიული ობიექტი (წყალია, ბოლოს და ბოლოს) სხვა, მით უმეტეს, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს საკუთრება იყოს? "რაო-ესი" რომ რუსული სახელმწიფო კომპანიაა, ხომ ყველამ იცის? დოკუმენტების მოცემაზე რომ უარს ამბობენ  კომერციული საიდუმლოების გაუცემლობის მოტივით, კი მაგრამ, ვის რას უმალავენ? სისტემებისა და გაყვანილობის სქემები ჩაუგდეს ხელში რუსულ სახელმწიფო კომპანიას, კონკურენტი მას არ ჰყავს, რომ ვინმემ კომერციული საიდუმლო მოჰპაროს, მაშ, რასთან გვაქვს საქმე?

კითხვებზე პასუხი მაშინ გაიცა, როცა "თბილისის წყალმა" 2009 წელს საპრივატიზაციოდ ბალანსზე რიცხული ქონება გამოიტანა. წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ გაასხვისა ქონება და თქვა, რომ ეს საჭირო იყო იმისათვის, რათა "თბილისის წყალს" ეფექტურად ემუშავა. ამ დროს კი "თბილისის წყალმა" უზარმაზარი ქონება გამოიტანა გასაყიდად. ქონების ნუსხა სრულად ფარავს იმ 75 მილიონს, რომელიც ამ კომპანიამ სახელმწიფოს გადაუხადა ტენდერში. "თბილისის წყალმა" გაყიდა უამრავი ნაკვეთი დედაქალაქში, მათ შორის - ცენტრალურ უბნებში, საცხოვრებელი ბინები, არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართები.

ფული, რომელიც დაიხარჯა პრივატიზაციამდე "თბილისის წყლის" რეაბილიტაციისთვის, შეადგენს ზუსტად 75 მილიონს. ეს არის ჯამი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანხისა. "თბილისის წყალი" ზუსტად 75 მილიონად გაიყიდა, ანუ ფული, რომელიც "თბილისის წყლის" შესაძენად ბიუჯეტში გადაიხადა ამ კომპანიამ, ბიუჯეტს უკვე გაღებული ჰქონდა. მთავარი კი ის არის, რომ "თბილისის წყალს" ბალანსზე პრივატიზაციამდე ცოტა ხნით ადრე გადაეცა ქონება, რომელიც "თბილისის წყალს" მანამდე არ ეკუთვნოდა. პრივატიზაციის შემდეგ კი "თბილისის წყალმა" სწორედ ეს ქონება გაყიდა.

- ვინ გადასცა ეს ქონება "თბილისის წყალს"?

- ამ დოკუმენტებს ვინ გვაჩვენებს? ყველა სასამართლო პროცესი წაგებული მაქვს, დოკუმენტებს არავინ გვაძლევს. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი კორუფციულ გარიგებაზე.

ამ საქმეში თბილისის მერის პირადი ინტერესები იკვეთება. მთელი ამ ამბის ავანჩავანი - ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფით დაწყებული, პრივატიზაციით და შემდგომ   ქონების გაყიდვით დასრულებული - იყო ბატონი ქელბაქიანი, რომელიც გიგი უგულავას უახლოესი მეგობარია. ქელბაქიანი "თბილისის წყალში" ამ შავბნელი საკითხების მოსაგვარებლად იყო და როცა დაასრულა ათეულმილიონიანი  ფინანსური  კომბინაცია, იქ რაღა ესაქმებოდა?

P.S. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ გარიგებაში ქართველ შუამავლებს რაპაპორტმა   "თბილისის წყლის" წილის 30% საჩუქრად გადასცა. ერთ-ერთი მოწილეა ლევან კაჭარავა, იგივე "ტილიკა", რომელიც "სილქ როუდის" აქციონერი იყო.

ჩუბაისის ლიბერალური იმპერიალიზმის კონცეფცია

ახალი რუსეთის პოლიტიკურ ისტორიაში ტერმინი "ლიბერალური იმპერია" "რაო ესის" მმართველმა  ანატოლი  ჩუბაისმა დაამკვიდრა 2003 წლის 25 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ. რუსი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა და რუსული ისტებლიშმენტის ამ სეგმენტის გავლენიანმა ფიგურამ ანატოლი ჩუბაისმა "ნეზავისიმაია გაზეტაში" გამოაქვეყნა საპროგრამო სტატია XXI საუკუნეში რუსეთის ახალი სულიერი მისიის შესახებ. ანატოლი ჩუბაისი თავის სახელმწიფოებრივ კონცეფციას ასე აყალიბებს: გასულ საუკუნეში შეიქმნა კომუნისტური იმპერია, რომელიც დამარცხდა დასავლეთთან ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ჭიდილში. ახალი რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ მემარჯვენე-ლიბერალურ იდეოლოგიას და შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას უნდა დაეფუძნოს, რადგან მხოლოდ მემარჯვენე სისტემას შეუძლია შეუნარჩუნოს რუსეთს განვითარებისა და ზრდის პერსპექტივა.

რუსული ნაციის თვითიდენტიფიკაცია უნდა მოხდეს ახალი პარადიგმით, რომელსაც ჩუბაისი დაუფარავად "ლიბერალურ იმპერიას" უწოდებს. მისი თქმით, რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ობიექტური უპირატესობები აქვს და სწორედ ამიტომ დღეს რუსეთში თურმე ცხოვრების დონე ბევრად მაღალია, ვიდრე ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში. "ამიტომაც, - წერს ჩუბაისი, - რუსები კი არ მიდიან სამუშაოს საძებნელად უკრაინაში, საქართველოსა თუ ყაზახეთში, არამედ პირიქით - უკრაინელები, ყაზახები, ქართველები და სომხები თუ აზერბაიჯანელები მორბიან რუსეთში სამუშაოსა და ლუკმაპურის მოსაპოვებლად". ანატოლი ჩუბაისი არცთუ ულოგიკოდ მიიჩნევს, რომ რუსეთმა ეს უპირატესობა უნდა გამოიყენოს საიმისოდ, რათა ახალი ფუნქცია მოიპოვოს თანამედროვე მსოფლიოში - ეს არის ევრაზიაში, ამ უკიდეგანო სივრცეში, წესრიგის, დასავლური სამყაროს ინტერესთა  დაცვისა (რუსეთის ინტერესთა თანხვედრით) და მოსაზღვრე ქვეყნებში ყველა მნიშვნელოვანი პროცესის ლიბერალური მეთოდებით მართვის დოქტრინა. ჩუბაისი მომხრეა, რუსეთმა გააძლიეროს ეკონომიკური ექსპანსია მეზობელ ქვეყნებში "რაო-ე-ესის" რეცეპტით და ამ ბერკეტების გამოყენებით დაიცვას რუსები, აგრეთვე, რუსულენოვანი მოსახლეობა, მიაღწიოს რუსული ენის გამოცხადებას სახელმწიფო ენად ამ ქვეყნებში. "მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებს ჩვენი დიადი სამშობლო თავისი დიდების შესაფერის მომავალს", - მიაჩნია ანატოლი ჩუბაისს.

(გაგრძელება იქნება)