"გამიხარდება, თუ ბიჭები გამართლდებიან" - კვირის პალიტრა

"გამიხარდება, თუ ბიჭები გამართლდებიან"

"რა მდგომარეობაშიც არის პრეზიდენტი, კარგად გამოჩნდა სვეტიცხოვლის ტაძარში, როდესაც პატრიარქის პირისპირ იდგა. მის გამომეტყველებაში ჩანდა საშინელი დისკომფორტი და დამნაშავის ღიმილი. მის ადგილას ყოფნა არავის მოუნდებოდა. ღმერთმა ქნას, მართლა ისე იყოს, როგორც მე დავინახე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტს ადამიანური განცდები ჰქონია", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და პრეზიდენტის შეხვედრას გიგი წერეთელიც ესწრებოდა და სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი პარლამენტის ვიცე-სპიკერთან:

- კათოლიკოს-პატრიარქისა და პრეზიდენტის შეხვედრა ისეთი იყო, როგორიც შეესატყვისებოდა გარემოსა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულს. წესით, ტაძარში ყველა მორიდებულად და თავმდაბლად უნდა იყოს და არ ვიცი, განსაკუთრებული ვინ რა შენიშნა პრეზიდენტს. პატრიარქსა და პრეზიდენტს ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულება აქვთ. შეიძლება, ბოლოდროინდელი ვნებათაღელვის შემდეგ სხვა მოლოდინი ჰქონდა საზოგადოების ნაწილს და ფიქრობდა, რომ მათი შეხვედრა უწინდელივით თბილი არ იქნებოდა, მაგრამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ორჯერ დალოცა პრეზიდენტი. ასე რომ, განსაკუთრებული მე არაფერი შემინიშნავს.

- საზოგადოებას აშფოთებს, ხომ არ არის რელიგიური კონფესიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება მართლმადიდებელი ეკლესიის დამაკნინებელი?

- ეს კანონი საფრთხეს არ უქმნის საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის სტატუსს. საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს და რომელზეც, საბედნიეროდ, მეც ბევრი ვიმუშავე, მნიშვნელოვანი დოკუმენტია. არავინ ფიქრობს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დამცრობას და რომელიმე რელიგიის მასთან გატოლებას. მიმაჩნია, რომ უფრო მეტი კონსულტაციები უნდა ყოფილიყო საპატრიარქოსთან, თუმც ვიმეორებ, ამ თემაზე წლების განმავლობაში ვმსჯელობდით და არ იყო საპატრიარქოსთვის ახალი. მეტსაც გეტყვით, 2005 წლამდეც არსებობდა სამოქალაქო კოდექსში ჩანაწერი რელიგიური გაერთიანებების დარეგისტრირების შესახებ, ახლანდელი ჩანაწერი კი უფრო გამართული და დაზუსტებულია.

- მაგრამ სომხური მხარე ხუთი ეკლესიის გადაცემას ითხოვს.

- ეს მოლაპარაკების საგანია. ამ საკითხზე ორი ქვეყნის პატრიარქებმა უნდა ისაუბრონ. სწორია საპატრიარქოს პოზიცია, - როდესაც ჩვენ პატივს ვცემთ სხვის უფლებასა და სტატუსს, ასევე უნდა სცეს სხვამ პატივი ჩვენს უფლებასა და სტატუსს. უცხოეთშიც უნდა იყოს დაცული ჩვენი ეკლესიის უფლებები და სტატუსი.

- დაიწერა, რომ გიგი უგულავა დაჰპირდა გარეგინ II-ს ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძრის გადაცემას.

- ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ასეთი რამ არ გამიგია. ვიცი, რომ ზოგიერთი ტაძარი სადავოა, რადგან ბევრი სომხური ტაძარი აგებული იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილზე. ამიტომ ეს უფრო მეცნიერთა დისკუსიის საგანია.

- ითქვა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებული ვნებათაღელვის გადაფარვის გამო დააპატიმრეს ფოტორეპორტიორები.

- ჯაშუშობის ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაპატიმრება ძალიან სამწუხარო ფაქტია. ძალიან არ მინდა, რომ ასეთი მძიმე დანაშაული დაუმტკიცდეთ, რადგან მათ ვიცნობ. გამიხარდება, თუკი ისინი გამართლდებიან. როდესაც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირები ასეთ სამსახურებრივ გადაცდომას აკეთებენ, ცუდი ფაქტია.