"მათ არა აქვთ არანაირი სამხილები" - კვირის პალიტრა

"მათ არა აქვთ არანაირი სამხილები"

"წარმოუდგენელია, მერაბიშვილმა არ იცოდეს, დოკუმენტებს გრიფი "საიდუმლო" რომ ადევს"

მართალია, დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე საზოგადოების ერთი ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან კომპრომისს არ ელოდა, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა გადაწყვიტეს. მერაბიშვილი შეხვედრაზე ირონიული და ხუმარა იყო, მაგრამ არა - დამთმობი. როგორც დელეგაციის წევრები ამბობენ, გამჭვირვალე შენობიდან კვლავ იდუმალებით მოცული კითხვები გამოიტანეს. მინისტრმა მათ უამბო ზღაპარი ცუდ ბიჭებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს სამშობლოს უღალატონ და გრუ-ს წარმომადგენლებთან დაიწყეს თანამშრომლობა. "კვირის პალიტრა" შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, გაზეთ "რეზონანსის" მთავარ რედაქტორს ლაშა ტუღუშს ესაუბრა.

- სამწუხაროდ, უპასუხოდ დარჩა ყველა კითხვა, მათ შორის - მთავარიც. მინისტრმა ვერ გვითხრა, რასთან გვქონდა საქმე. უარი თქვა ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეც, თავდებით გამოეშვა დაკავებულები და მასალებს ახსნოდა გრიფი "საიდუმლო". მან თქვა, რომ სასამართლოზე ყველაფერი გამჭვირვალე იქნება. მოვითხოვეთ, სასამართლომდე გამოექვეყნებინათ მასალები, რათა საზოგადოებისთვის ყველაფერი გასაგები ყოფილიყო,  რაღა თქმა უნდა, ადვოკატების საშუალებით. მოგეხსენებათ,  მათ ხელი აქვთ მოწერილი დოკუმენტზე, რის გამოც არ ეძლევათ უფლება სრულფასოვნად შეასრულონ თავიანთი უფლება-მოვალეობანი. მინისტრმა გაიკვირვა, როგორ თუ საქმის ყველა დეტალს გრიფი "საიდუმლო" ადევსო(?!). ამაზე გაცხარებული დისკუსია გაიმართა. ჩვენ შევთავაზეთ, თუ ვცდებოდით, მოეტანათ მასალები და ერთად გვენახა, მაგრამ უცებ სხვა თემაზე გადასვლა სცადა - თქვა, კარგი, განვაგრძოთ საუბარიო. ეს უცნაური იყო. წარმოუდგენელია, არ იცოდეს, დოკუმენტებს გრიფი "საიდუმლო" რომ ადევს, ან ის, რა დოკუმენტზე აქვთ მოწერილი ხელი ადვოკატებს.

- ახალი რა თქვა მინისტრმა?

-  ზღაპარივით ამბავი, მისი თქმით - საქმის ახალი დეტალები. თურმე გამოძიებას ჰქონია 2004 წლიდან სატელეფონო საუბრის ამონაწერები რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებთან, ოკროკოვსა და სინიცინთან. 24 ზარი შესულა ოკროკოვთან, ხოლო სინიცინთან - 13, თუმცა, მას შემდეგ, რაც ისინი ჯაშუშობაში ამხილეს, ამ ტელეფონით მათთან საუბარი შეწყდა და "გრუ-ს" სხვა თანამშრომლებთან გაგრძელდა ურთიერთობა. ტელეფონის ნომერი გაფორმებული იყო ცხინვალში დაბადებულ ერთ-ერთ ქალზე. მთელ რიგ დეტალებს მოჰყვა მინისტრი, თუმცა, არც ერთი მტკიცებულება ჩვენი თვალით არ გვინახავს", თან ყველა დეტალი ალოგიკურ კავშირში იყო ერთმანეთთან და აზრის გამოტანა გაგიჭირდებოდა. მთელი ამ ქაოსიდან ერთი დასკვნა გამომაქვს: მათ არა აქვთ არანაირი სამხილები და არგუმენტები. არადა, სჭირდებათ და ხომ უნდა მიიღონ საიდანღაც. საიდან? სწორედ იმ აღიარებითი ჩვენებებიდან, რომელთაც ერთმანეთზე მიყოლებით აწერინებენ დაკავებულებს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ აღიარებითი ჩვენებები რეალურია?

- როცა ღამის სამ საათზე მიდიხარ ადამიანის დასაპატიმრებლად, წინასწარ გაქვს გათვლილი, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლაც უნდა მოახდინო იმის მისაღებად, რა შედეგიც გინდა, მიიღო. რა საჭირო იყო შუაღამისას დაპატიმრება? დღისით დაებარებინათ და დაეკავებინათ. მე შენ გეტყვი, ისეთი სუპერაგენტები არიან, შეეძლოთ დასხლტომოდნენ სამართალდამცველებს. ღამით დაკავება  მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე იყო გათვლილი. ასეთ დროს კი ყველაფერია მოსალოდნელი.

- ხმა დადის, თითქოს მინისტრი ირონიული იყო შეხვედრის დროს.

- დიახ, ხუმრობის ხასიათზე იყო. მე არ გამიგონია, კოლეგებმა მითხრეს, როდესაც მის კაბინეტში შევდიოდით, უთქვამს, ჟურნალისტების სინოდს ვხვდებიო. ირონიული იყო მისი განცხადება, თითქოს არ იცოდა, აბდალაძე რომ შიმშილობდა და მხოლოდ პრესიდან გაიგო. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ეს დაიჯერო.

- რა იმედით შეხვედით და რა გამოგყვათ იმ კაბინეტიდან?

- ვეჭვობდი, რომ ამ საქმეში ხელმოსაჭიდი არაფერი აქვთ და ასევე ვფიქრობ დღესაც. მქონდა იმედი, რომ იქნებ მოხერხებულიყო და  ყველა თუ არა, რომელიმე თავდებით გამოეშვათ. ეს იქნებოდა მათგან კომპრომისი, რაც წაადგებოდა მათ იმიჯსაც და სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა. სამწუხაროდ, საპირისპიროდ მოიქცნენ და კვლავ უარესი გზით სიარული ამჯობინეს. მანიპულაციებით  მოიპოვეს ე.წ. აღიარებითი ჩვენებები.

ალბათ, ახლა აჩვენებენ ტელევიზიებით ვიდეოფირებს, როგორ აღიარებენ დაკავებულები დანაშაულს. ალბათ, ვიღაც დაუჯერებს, მაგრამ ვეჭვობ, ბევრმა დაიჯეროს, რადგან ვიცით, ვიღაცები როგორ მიდიოდნენ შეთხზულ აღიარებამდე. არ ვარგა, ასეთი ნიჰილიზმი რომ ჩნდება  სამართალდამცველი ორგანოების მიმართ. რას მოიტანს ეს? მოიტანს იმას, რომ ნაპრალი კიდევ უფრო გაიზრდება საზოგადოებაში, კიდევ უფრო ჩამოვრჩებით განვითარებულ მსოფლიოს და უფრო გართულდება ვითარება ქვეყანაში.

P.S. მინისტრის დაპირებით სასამართლო პროცესი ერთ თვეში ჩატარდება და საჯარო იქნება. ვანო მერაბიშვილს დაუშვებლად მიაჩნია თავდებით დაკავებულების გამოშვება, რადგან მისი აზრით, საქმე ძალზე სერიოზულია და ეს რომ ასეა, საზოგადოება სასამართლო პროცესზე დარწმუნდება.