"ენჯეოშნიკები" - კვირის პალიტრა

"ენჯეოშნიკები"

არასამთავრობო ორგანიზაცია არც თევზია, არც ხორცი. ასეთი ორგანიზაციები იბრძვიან გენდერული თანასწორობისთვის, უმცირესობების უფლებებისათვის, მედიის ეთიკურობისათვის. ფულს მათ, ძირითადად, აშშ ჩუქნის. თუმცა შემოწირულობებს კერძო პირებიც აკეთებენ. ასეთ ორგანიზაციებში მომუშავე ხალხი ცალკე კასტაა. მათ ფოკუსების კეთება ეხერხებათ. მაგალითად, შეუძლიათ დახარჯონ დიდი მაყუთი ისე, რომ შედეგს არ მიაღწიონ (დონორ ორგანიზაციებში გაგზავნილ რაპორტებს თუ არ ჩავთვლით). ამ კასტის წარმომადგენლებისათვის პროტესტის გამოთქმა უსამართლობაზე პროფესიული მოვალეობაა.მოდი, განვიხილოთ ენჯეოპონტები მედიის მაგალითზე.

ჟურნალისტებს არა გვაქვს დრო ენჯეოშნიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. ჩვენ ჩვენი გადაცემები - რეპორტაჟები თუ სტატიები გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი საქმე არა ფუჭი ქოთქოთი, არამედ ისეთი მაღალრეიტინგული პროდუქტის მომზადებაა, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენას მოახდენს. მაგრამ, სანამ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, ზოგიერთი მოცლილი მოქალაქე სამოქალაქო საზოგადოების სახელით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოელთან. მათ ჟურნალისტებიც დაირქვეს, თუმცა ბევრს, ალბათ, აღარც ახსოვს, ბოლოს რა გააკეთეს ჩვენს პროფესიაში. ასეთებმა კარგად იციან გრანტების გამცემთა ენა. ისინი ძალზე კონგენიალურები არიან საელჩოს ბიუროკრატებთან. შესაბამისად, ფულსაც შოულობენ მედიაპროექტების გასაკეთებლად. პროექტებისა, რომელთაც, როგორც წესი, აქვთ დაბალი რეიტინგი და არა აქვთ გავლენა. მოხდა ისე, რომ ჩვენ, მოქმედმა ჟურნალისტებმა, ხელი შევუწყვეთ ამ ენჯეოგურუების გაბლატავებას. ხშირად ვიწვევდით სხვადასხვა ეთერში და აზრს ვეკითხებოდით. ისინიც ბრძნული სახეებით გვპასუხობდნენ.

დროთა განმავლობაში ეს ხალხი მიშას ხელისუფლების თამაშის მონაწილე გახდა. მაგალითად, შორენა შავერდაშვილი და ნინო დანელია არიან მიშას საზმაუს (პირველი არხის) ბორდის წევრები. დროდადრო შორენა და ნინო ხმაურს ტეხენ ბორდის სხდომებზე. ამით გოგონები ახალისებენ რუტინულ ვითარებას, რომელიც მიშისტებით დაკომპლექტებულ ბორდში სუფევს. რა თქმა უნდა, მათი ყველა  თხოვნა თუ მოთხოვნა იგნორირდება. ასე განსაჯეთ, ""მოამბის"" შეფი ხათუნა ბერძენიშვილი მათთან შეხვედრასაც არ კადრულობს. მაგრამ მიშას ხომ შეუძლია თქვას, რა გინდათ? ჩვენში დემოკრატიაა... საზმაუს ხელმძღვანელობაში ჩემი ოპონენტები მყავსო.“

ენჯეოშნიკი„ჟურნალისტები ევასება ხელისუფლებას. დიდი ზიანის მოტანა მათ არ შეუძლიათ, რადგან მიუხედავად კრიტიკული პათოსისა, არა აქვთ უნარი ისეთი რაღაცების გაკეთებისა, რაც ხალხის მასებს დაევასება. ეს  ვიწრო ინცესტური წრეა - ფეისბუკის "კრუჟოკი". აი, ხომ გინახავთ, ვინმე პრანჭია გოგონას მიერ დადებულ საკუთარ ფოტოს მისივე დაქალები რომ უკომენტებენ: "ვაიი, რა მაგარი ხარ, ქალი-დაცემა" და მისთ. ეს ადამიანები აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რაც მხოლოდ მათ და მათ შინაურებს აინტერესებთ. და ყველა კმაყოფილია. გრანტის გამცემი ბიუროკრატი, რომელიც ანგარიშში რაღაცას ჩაწერს, ენჯეოშნიკი ჟურნალისტი, რომელსაც ჰგონია, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და მიშაც, რომელსაც სჭირდება ასეთი კვაზიოპოზიციური მასტები, კვაზიგამკრიტიკებლები და მედიაექსპერტები.

რატომ ვწერ ამ სტატიას, რომელიც ზოგიერთს შეიძლება არ მოეწონოს? მე მინდა, რომ დამთავრდეს "მედიაექსპერტების" ხანა. არ გვყავს ამ ქვეყანაში ასეთი პროფესიის ხალხი. ისევე როგორც სხვა სფეროში, მედიაშიც რეიტინგული, პოპულარული და გაყიდვადი რაღაცები უნდა აკეთო და მერე ხალხი თავად დაგიძახებს მედიაექსპერტსაც და მედიაგურუსაც. პირადად მე ამ ტიპებს არც ერთ ჩემს ეთერში აღარ დავპატიჟებ. აღარ მაინტერესებს ნახევრად ნიჭიერი ხალხი, რომელიც ჩემს ხარჯზე იმიჯს იქმნის.