ლიბერალიზმი თუ ფსევდოლიბერალიზმი? - კვირის პალიტრა

ლიბერალიზმი თუ ფსევდოლიბერალიზმი?

ხელისუფლებაზე ზოგნი ამბობენ, სიტყვით ლიბერალია,  საქმით კი აგრესორი და მოძალადე, ძალაუფლებით ტკბობას თავმიცემულს თავი კვარცხლბეკზე წარმოუდგენია, ქართველი ერი კი სადღაც ქვემოთ, ფსკერში ჩარჩენილად, თუნდაც იმიტომ, რომ პრეზიდენტზე მეტად პატრიარქი უყვარსო. ამიტომაც გახდა საჭირო შეტევა, შეტევა იმაზე, რაც ხალხისთვის წმიდათაწმიდაა, მაგრამ შეტევა ლიბერალიზმისა და დემოკრატიის სახელით. ხალხი ამას მიხვდა, მიხვდა ეკლესიაც. "კვირის პალიტრას"  ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი ესაუბრა:

"როგორც ერში, ისე ბერში არსებობს თავისუფალი აზრი და პლურალიზმი, რაც ქრისტიანული ცნებაა"

"ხშირად დემოკრატიულობის ნიღბით მწვანე შუქი ეძლევა ძალადობას"

- ლიბერალური ფასეულობები ქრისტიანულ ფასეულობებზეა აღმოცენებული და მას ეფუძნება. ლიბერალური ხედვა ქრისტიანული მოძღვრების ის საკითხია, რომლიდანაც ამოიზარდა ჰუმანურობა, შემწყნარებლობა, ადამიანის სიყვარულსა და მისი განსხვავებულობის მიღებაზე დამყარებული მიდგომა. ზოგიერთი ჯგუფი, როდესაც ამ თეზის სათავისოდ გამოყენება უნდა, ამბობს, განსხვავებულობას უნდა ვცეთ პატივი, ეს არის ლიბერალიზმის ამოსავალი წერტილიო, მაგრამ ისეთ განსხვავებულობაზე ლაპარაკობენ, რომელიც საზოგადოებისა და ერის დამაზიანებელია. ზოგჯერ გაიგონებთ, რატომ არ შეიწყნარებს ეკლესია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირებს, განა ქრისტიანობა არ არის განსხვავებულობის მიმართ შემწყნარებელიო? ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ქრისტიანულ პოზიტიურ ღირებულებებს დემაგოგიურად იყენებენ საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისათვის რისკების შემცველ თემებზე ლაპარაკისას. ლიბერალური ღირებულებები გულისხმობს, რომ პატივი უნდა მივაგოთ განსხვავებულ ხედვას. ჩვენს ლიბერალურად გამოცხადებულ საზოგადოებაში კი ადამიანებს, რომელთაც სამყაროს დაბადებაზე დარვინისტებისაგან განსხვავებული ხედვა აქვთ, განუვითარებლებად, ბნელებად მიიჩნევენ. ასეთ მიდგომას ფსევდოლიბერალიზმს ვუწოდებ.  პირებს, რომლებიც დემაგოგიურად, საკუთარი სარგებლობისათვის აპელირებენ ლიბერალური ცნებებით, ლიბერალურ ფასეულობებთან არაფერი აკავშირებთ.

- დემოკრატიის მქადაგებელნიც არ არიან ზოგჯერ ნამდვილი დემოკრატები.

- ხშირად დემოკრატიულობის ნიღბით მწვანე შუქი ეძლევა ძალადობას, ადამიანების უფლებების შემლახავ ქმედებებს. დემოკრატიული, ლიბერალური ევროპული ქვეყნების პრაქტიკაში უპირობოდ მიღებული საეკლესიო (სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის) კანონები დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ და უარყოფითი კონტექსტით განიხილება. ჩვენთან მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და მიმდინარეობდა დისკუსია, რათა განსაზღვრულიყო ტრადიციული რელიგიების სტატუსიც, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირებისა. ეს არაფრით არ შეზღუდავდა გამოხატვისა და რელიგიური აღმსარებლობის დეკლარირების უფლებას.მართლმადიდებელი ეკლესია პატივისცემით ეპყრობა სხვა აღმსარებლობას. ჩაგვრა, დისკრიმინაცია, შევიწროება ეწინააღმდეგება იმ მსოფლმხედველობას, რაც საფუძვლად უდევს ქრისტიანობას. ამიტომაც იმის თქმა, რომ განსხვავებულ სტატუსზე პრეტენზია სხვა კონფესიების უფლებების შეზღუდვას გულისხმობს, ნონსენსია.

როდესაც ინდივიდს ან ინდივიდთა ჯგუფს აქვს  ძალაუფლება,  პრეტენზია აქვს ავტორიტეტულობაზე და ამ დროს ჩნდება მეორე ინდივიდთა ჯგუფი, რომელიც მეტოქეობას უწევს, განა ეს არ არის  ბუნებრივი პირობა იმისა, რომ პირველს მეორის მიმართ გაუჩნდეს წინააღმდეგობა და მისწრაფება, დაამცროს მისი ავტორიტეტი და ამით თავისი გაზარდოს? როდესაც სუბიექტს აქვს ლიდერის პოზიცია, ამბიცია და ძალაუფლების ხელში აღების წინა პირობა, მას დისკომფორტი უჩნდება, ამ უფლებრივად მინიჭებულ სტატუსში მეტოქეობას სხვა რომ უწევს.

- ეს თეზა ჩვენს რეალობაში რომ გადმოვიტანოთ, ხელისუფლებას გაცილებით მწვავე დისკომფორტის განცდა ექნება, რადგან მას ეკლესია მეტოქეობას კი არ უწევს,  არამედ რეიტინგით უსწრებს.

- ჩვენი ერის 86% დადებითად არის განწყობილი ეკლესიისადმი, რაც ნიშნავს მათ დადებით განწყობას თავიანთი ეროვნულობისა და სარწმუნოების მიმართ. ეს ორი საკითხი ერთნაირი იდენტობის მთლიანობას ქმნის, რაც განმტკიცებულია ცნებაში: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ მართლმადიდებელი". ისტორიულად, კულტურულად, სახელმწიფოებრივად ქართველი და მართლმადიდებელი განუყოფელი ცნებები იყო. სარწმუნოებას, რომელმაც ჩემამდე მოიყვანა ქართული სახელმწიფო, თუ ვინმე ჩამორჩენილს უწოდებს, შეეხება ისეთ საკრალურ რამეს, რომლის მიმართ ტოლერანტობა და შემწყნარებლობა უკვე შეუძლებელი ხდება, როდესაც მართლმადიდებლობის გამო ვიღაც პროგრესის მტერს მიწოდებს, ბუნებრივია, გავაპროტესტებ.

- სინოდის გადაწყვეტილება საზოგადოებამ ეკლესიის უკან დახევად მიიღო.

- უფლის მიერ  მოვლენილ ყველა განსაცდელში არის მნიშვნელოვანი პოზიტიური მარცვალი. ამ სარისკო, დაპირისპირებულ ეპიზოდში, რომლის მომსწრეც გავხდით, ძალზე კარგი გამოსავალი მოიძებნა. ჩვენი სახელმწიფოებრივი, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება დაიდო და მისი დაკნინება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ამ საქმისა არაფერი გაეგება. ამ გადაწყვეტილების გატარებით ეკლესიის როლი ვერ დაკნინდება. გამოირიცხა ქონებრივი რისკიც. სადავო საკითხები, რომლებიც სათავეს იღებს რუსიფიკაციის პერიოდიდან, ნიველირებულია.

- სინოდის დადგენილებას მხარი ოცმა წევრმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, ცამეტმა კი თავი შეიკავა. ლაპარაკობდნენ სინოდის წევრებზე ზეწოლაზეც.

- როგორც ერში, ისე ბერში არსებობს თავისუფალი აზრი და პლურალიზმი, რაც ქრისტიანული ცნებაა.

მივესალმები ამ დაპირისპირების დადებით ფინალს და ვისურვებდი ასევე დადებითად გადაწყდეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.