"არ გამოვრიცხავ, მალე პასუხი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსაც მოსთხოვონ" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, მალე პასუხი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსაც მოსთხოვონ"

რა მიზანს ისახავდა ფოტოგრაფებისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდება და რა საიდუმლო დეტალებს მალავს ეს სკანდალური საქმე, ამის თაობაზე "კვირის პალიტრას" არასამთავრობო ორგანიზაცია "პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" თანამშრომელი კახა კახიშვილი ესაუბრა.

- საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული სამართლის წესით ჯაშუშად არ შეიძლება გამოაცხადო შენივე ქვეყნის მოქალაქე. 1874 წელს ბრიუსელში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ომის წარმოების წესების განხილვას მიეძღვნა. ერთ-ერთ საკითხად ჯაშუშის სტატუსიც განიხილეს. განისაზღვრა, რომ ჯაშუშად უნდა ჩაითვალოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვინც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საიდუმლო ინფორმაციას აგროვებს. 2007 წლამდე საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი საქართველოს მოქალაქის პასუხისმგებლობას, თუ ის საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, სამშობლოს ღალატის კვალიფიკაციას არ აძლევდა. 2007 წელს შეტანილი ცვლილების შემდგომ ჯაშუში შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეც.

- რატომ გადაწყვიტეს ფოტოგრაფებისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდება?

- ეს გადაწყვეტილება გამორიცხავს საქმის არსებით განხილვას და ბევრი დეტალი უცნობი რჩება. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოგრაფებმა გამოძიებას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლებელია, მომავალში კიდევ გამოავლინონ ჯაშუშები.

- თუ გაგიჩინათ გამოქვეყნებულმა საქმის მასალებმა და დაკავებულთა აღიარებითმა ჩვენებებმა კითხვები?

- რა თქმა უნდა, კითხვები არის. კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ისეთი სახის ინფორმაციის გასაიდუმლოება, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებების ან თავისუფლების შეზღუდვას ეხება. მაგალითად, ჯერ კიდევ არ ვიცით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სთხოვდა თუ არა პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფს 26 მაისის ძალადობის ამსახველი ვიდეოფირების წაშლას. ისეთი მასალის გავრცელება, რომელიც შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, უკანონო ქმედებად არ ითვლება.

საზოგადოდ, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინსპექცია წყვეტს, კანონიერად მიენიჭა თუ არა ამა თუ იმ მასალას გრიფი ""საიდუმლო"". ძნელი გასაგებია, როდესაც გეუბნებიან, ერთ-ერთ ეჭვმიტანილს (ვგულისხმობ გედენიძეს) კომპიუტერში აღმოაჩნდა პრეზიდენტის რეზიდენციის საიდუმლო სქემაო, შემდგომ კი ამას ყველა ტელეარხი უჩვენებს. ჩნდება კითხვა, მართლაც იყო თუ არა ეს სქემა საიდუმლო?

სქემაზე ხელით მინაწერი გრიფი "საიდუმლო" იკითხება. მეორე საკითხია, რომ როდესაც მასალას გრიფი "საიდუმლო" ადევს, აუცილებლად დაცული უნდა იყოს, ე.ი. სხვადასხვა პირისთვის არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. ალბათ, გახსოვთ, პროკურატურის გავრცელებული ვიდეოფირი, სადაც აბდალაძე ჰყვება, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ერთ-ერთი კომპიუტერიდან მოვიპოვებდი ინფორმაციას და ქურციკიძეს გადავცემდიო. ადვოკატმა ბესელიამ ჰკითხა, ე.ი. ასეთ ინფორმაციაზე  ნებისმიერს მიუწვდებოდა ხელიო? ამ შეკითხვაზე პასუხი ვიდეოჩანაწერში აღარ ჩანს.

ქვეყანაში უშიშროების საბჭო და შესაბამისი უწყებების პირველი პირები წარადგენენ იმ პირთა სიას, ვისაც უფლება აქვთ გაეცნონ ინფორმაციას გრიფით "საიდუმლო". საგარეო საქმეთა მინისტრი იმ რანგის თანამდებობის პირია, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის საშუალება აქვს, მანვე უნდა შეადგინოს იმ პირთა სია, რომლებსაც გასაიდუმლოებული მასალების გაცნობის უფლება ეძლევათ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინფორმაციის გაცნობისა და შენახვის საიდუმლოება.

შეგახსენებთ, ერთ-ერთ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ უპრეცედენტო რამ განაცხადა, სამინისტროში დაბალი რანგის ჩინოვნიკსაც კი შეეძლო, გასცნობოდა მნიშვნელოვან დოკუმენტებსო. გამოდის, საგარეო საქმეთა სამინისტროში საიდუმლო ინფორმაციის შენახვის სისტემა მოშლილი იყო.

პროკურატურის მტკიცებულებებიდან მნიშვნელოვანი მხოლოდ ის მეჩვენა, რომ  ქურციკიძეს აღმოაჩნდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და შსს-ს ერთობლივ ღონისძიებათა მუდმივმოქმედი გეგმები. გამოდის, ამ ინფორმაციის გაცემით პრეზიდენტის მიმოსვლის უსაფრთხოებაც არ იყო უზრუნველყოფილი. თუმცა ჩვენ დაზუსტებით ისიც არ ვიცით, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ქურციკიძეს ეს მასალები. არ გამოვრიცხავ, მალე პასუხი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსაც მოსთხოვონ.

- გამოძიების ინფორმაციით, სატელეფონო ზარების არსებობაც ადასტურებს ქურციკიძის სინიცინსა და ოკროკოვთან კავშირს. შეიძლება თუ არა ეს მტკიცებულებად  ჩაითვალოს?

- სინიცინი და ოკროკოვი შსს-ს მასალებში 2006 წლიდან ფიგურირებენ როგორც რუსეთის გრუ-ს თანამშრომლები. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად მუშაობდნენ. უკვე სასაცილოც ხდება მათი ხსენება, რადგან გაშიფრული აგენტები არიან. გაშიფრული აგენტები როგორღა "ამუშავებდნენ" ფოტორეპორტიორებს?! გეგონება, როცა ხელისუფლებას ვიღაცის დაჭერა უნდა, თავად არეკვინებს მასთან სინიცინსა და ოკროკოვს.  მხოლოდ შემავალი ზარი ტელეფონზე და ლაპარაკი ზემოხსენებულ პერსონებთან, ჯაშუშობას არ ნიშნავს ("ინტერპრესნიუსმა" პროკურატურის მითითებულ ნომრებზე დარეკა და ისინი არა სინიცინისა და ოკროკოვის, არამედ სულ სხვა მფლობელებისა აღმოჩნდა. - ავტ.). მაგალითად, თავად პატრუშევმა რომ დაგირეკოთ და გკითხოთ, მოგწონთ თუ არა საქართველოში ცხოვრება, თქვენ თუ პასუხი გაეცით, ეს ჯაშუშობის სამხილი მაინც ვერ იქნება.

დღეს საკმაოდ სახიფათო ვითარება გვაქვს. არ არსებობს ზღვარი პრესის თავისუფლებასა და სახელმწიფო ინტერესების დაცვას შორის. გამოკითხვებით, საზოგადოების დიდ ნაწილს ფოტოგრაფების ჯაშუშობის არ სჯერა.  იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათი დაკავება პრესის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება. ამ ეჭვს პირობითი მსჯავრით გამოშვება ვერ გააბათილებს.

- რომელიმე რომ ალაპარაკდეს?

- ეს არ მოხდება. მათ გამოუშვებდნენ იმ პირობით, რომ დეტალებს არ გაამხელენ. თუ პირობას დაარღვევენ, გამოძიებას მიეცემა საფუძველი მათი პასუხისმგებლობის ხელახლა დასმისა. შეგახსენებთ, რომ 314-ე მუხლის პირველი ნაწილი 8-იდან 12 წლამდე, მეორე კი 12-20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საიდუმლო გრიფი

საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს ოთხი ტიპის საიდუმლო გრიფს: "განსაკუთრებული მნიშვნელობის", "სრულიად საიდუმლო", "საიდუმლო" და "შეზღუდული სარგებლობისთვის". თითოეულ ტიპს გრიფი სხვადასხვა ვადით ადევს. გრიფით "საიდუმლო" მასალებს ხუთწლიანი ვადა აქვს. თუ ეს პერიოდი გასულია და ვადაც არ არის გაგრძელებული (შეიძლება დაუშვან ვადის გაგრძელება), ინფორმაცია ავტომატურად საჯარო ხდება. საკითხავია, აბდალაძე ქურციკიძეს ნამდვილად საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა თუ არა, ჰქონდა თუ არა გასული ამ ინფორმაციას გასაიდუმლოების ვადა?