მე პროტესტს ვწყვეტ! გაუმარჯოს პროტესტს! - კვირის პალიტრა

მე პროტესტს ვწყვეტ! გაუმარჯოს პროტესტს!

ფოტოგრაფები ციხიდან გამოვიდნენ. თავისუფლების სანაცვლოდ მათ თეთრიც არ გაუღიათ, სამაგიეროდ, გაიღეს სახელი - ისინი ციხიდან ჯაშუშის იარლიყით გამოვიდნენ. მართალია, ბევრი ამბობს, რომ როდესაც ქართულ ციხეში მოხვდები, ჯაშუშობასაც აღიარებო, მაგრამ დღეს ქართულ ციხეში ზის ადამიანი, ვისაც ჯაშუშობა ვერ აღიარებინეს.ეს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაა. ალბათ, ყველა ადამიანი საკუთარი შეხედულების მიხედვით მსჯელობს, მაგრამ მე  ვერ წარმომიდგენია, რის სანაცვლოდ უნდა დავიბრალო სამშობლოს ღალატი! განა როგორი ზეწოლა უნდა განახორციელონ! ფიზიკურ ზეწოლაზე თავად დაკავებულის ახლობლებიც ვერ საუბრობენ. საუბარია ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. ეს რას ნიშნავს? ალბათ, შემოდის გამომძიებელი და გეუბნება: თუ აღიარებ და ჩვენთან ითანამშრომლებ, გაგიშვებთ, თუ არა და, ვახტანგ მაისაიას მსგავსად, 20 წელს მოგარჭობთ.  სხვის განსჯას არ ვაპირებ, მაგრამ პირადად მე, თუ ჯაშუში არ ვარ და სამშობლოს ინტერესების გაყიდვა აზრად არასდროს მომსვლია, ამის  დაბრალებას და ამ დამღით ცხოვრებას, 20 წელი ციხეში ჯდომა მირჩევნია. ბოლო მომენტამდე მქონდა იმედი, რომ თუ ისინი დამნაშავეები არ იყვნენ, საპროცესოს მაინც არ დათანხმდებოდნენ და თუ ციხეში ზეწოლა ხორციელდებოდა, სასამართლოზე მაინც იტყოდნენ სიმართლეს, მაგრამ შევცდი.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროკურატურის განცხადებით, მათ ციხიდან ეს ადამიანები მხოლოდ აღიარების სანაცვლოდ არ გამოუშვიათ. პროკურატურა ამბობს, მთელი ჯაშუშური ქსელის გამოვლენაში დაგვეხმარნენო. აქ სამი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს: 1) "პროკურატურა ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ფოტოგრაფები ჯაშუშური ქსელის გამოვლენაში დაეხმარნენ (ასეთ შემთხვევაში ციხიდან გამოსულმა ფოტოგრაფებმა, სულ მცირე, ეს ინფორმაცია მაინც უნდა უარყონ და თქვან, არავინ ჩაგვიშვიაო); 2) ისინი მართლაც ჯაშუშები არიან და ამიტომ სხვა ჯაშუშების სახელებიც კარგად იცოდნენ; 3) ისინი ჯაშუშები არ არიან, მაგრამ თავისუფლების სანაცვლოდ არა მარტო თავად დაიბრალეს ჯაშუშობა, არამედ სხვა უდანაშაულო ადამიანებსაც დააბრალეს. არ ვაპირებ ამ სამი ვერსიიდან რომელიმეს მივემხრო, თუმცა სამივე შემთხვევა ჩვენს კოლეგებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ყოველივე ზემოთ თქმული იმას არ ნიშნავს, რომ თუნდაც ერთი წუთით ვნანობ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. არა. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ვიდრე თუნდაც ერთი პროცენტი არსებობდა შანსი იმისა, რომ ჩვენი კოლეგები შეიძლებოდა უდანაშაულოდ ყოფილიყვნენ დაჭერილი, ჩვენი ვალი იყო, სიმართლის დასადგენად გვებრძოლა, მაგრამ  თუ პროტესტს გავაგრძელებთ, გამოვა, რომ ვიცავთ იმ ადამიანებს, ვინც აღიარებს, რომ ჯაშუშია და ხელისუფლებასთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. ხოლო იმ ადამიანის გამო, ვინც ჯაშუშობას არ აღიარებს და ამიტომ 20 წელი მიუსაჯეს, ხმას არ ვიღებთ. თუ ციხიდან გამოსული ჩვენი კოლეგები თავად არ მოისურვებენ, საკუთარ სახელს ტალახი ჩამორეცხონ და პირში წყალს ჩაიგუბებენ, ჩვენ რიღასთვის უნდა ვიბრძოლოთ? მერაბიშვილი არ გვეტყვის, ზეწოლა მოვახდინე და ჯაშუშობა ამიტომ აღიარესო და, თუ ჩვენი კოლეგებიც არაფერს იტყვიან, როგორ გავარკვიოთ, რა მოხდა?

ალბათ, უპრიანი იქნება, ჟურნალისტებმა ვიბრძოლოთ იმ ადამიანებისთვის, ვისი საქმეც ბევრ კითხვას ბადებს. განა, ვინც ჟურნალისტი არ არის, მაგრამ უსამართლოდაა დაჭერილი, თანადგომას არ იმსახურებს? ჩვენმა პროტესტმა აჩვენა, რომ სწორედ ჟურნალისტები ვართ ის ძალა, ვისაც ყველა საეჭვო საქმეზე, სულ მცირე, დიდი ხმაურის ატეხა შეგვიძლია.

თუ რამე დაგვღუპავს...

წინა კვირას ქართულ პოლიტიკაში ორი საყურადღებო ამბავი მოხდა: ირაკლი ოქრუაშვილმა "მაესტროს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ლევან გაჩეჩილაძეს ნაძირალა და მოღალატე უწოდა. იმავე საღამოს გამოვიდა კოკა გუნცაძე და ოქრუაშვილს გაბახებული და გაფარჩაკებული კაცი ეძახა. იმდენი ვიცინე, ორი დღე მასულიერებდნენ. გამახსენდა, როდესაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური წარსულის ადამიანები გაერთიანდნენ და "ქართული პარტია" ზარ-ზეიმით შექმნეს, როგორ ამაყობდნენ ამ ერთობით - მოვახერხეთ ჩვენი პიროვნული ამბიციების დათრგუნვა და საერთო ენის გამონახვაო. წინა კვირას კი გაირკვა, რომ თურმე ლევან გაჩეჩილაძე მოღალატე ყოფილა, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საიდუმლო გეგმა სააკაშვილისთვის 5 მილიონად მიუყიდია. ასევე გაირკვა, რომ ოქრუაშვილი მშიშარა და გაბახებულია, რომელმაც ციხეში ერთი კვირაც ვერ გაძლო და ასეთ კაცს არათუ ჩამოსვლის გეგმა, ჩამოსვლის "ერთი ადგილიც" ვერ ექნებოდა. არადა, ჭორები გაჩეჩილაძის სააკაშვილთან ფინანსურ კავშირზე პარტიის შექმნამდეც დადიოდა, ხოლო ოქრუაშვილმა რამდენი ხანი დაჰყო ციხეში და როგორი ვაჟკაცობა გამოავლინა, უკვე დიდი ხანია, ცნობილია.

მეორე ამბავი. პარლამენტში ახალი ფრაქცია - "ერთობა სამართლიანობისთვის" - შეიქმნა. არ იკითხავთ, ვინ გაერთიანდა ამ ფრაქციაში?  -  "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, ნოღაიდელის თანაგუნდელი პეტრე მამრაძე, ბურჯანაძის თანაგუნდელი კარლო კოპალიანი, ყოფილი "ნაციონალი" თამაზ დიასამიძე, სალომე ზურაბიშვილის ყოფილი თანაგუნდელი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ალასანიას პარტიის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი. ეს უკანასკნელი ფრაქციის თავმჯდომარე გახდა, ხოლო ჯონდი ბაღათურია ამ ფრაქციიდან ვიცესპიკერობას უმიზნებს (პარლამენტში ვიცესპიკერობა საკმაოდ პრესტიჟულია, რადგან მათი ხელფასი დაახლოებით 3.400 ლარია. ჰყავთ მდივანი, სპეციალისტი და თანაშემწე. ამასთან, ვიცე-სპიკერებს ემსახურებათ "პაჯეროს" მარკის ჯიპები 600 ლიტრი უფასო საწვავით და გარკვეული ლიმიტი სატელეფონო კავშირის უფასო მომსახურებისა. დაახლოებით ასეთივე პრივილეგიებით სარგებლობს ფრაქციის თავმჯდომარეც). ამ ადამიანებს რომ ჰკითხეს, ერთმანეთთან საერთო რა ნახეთო, ცაგარეიშვილმა უპასუხა: "ახალ ფრაქციაში გაერთიანებულებმა ყველა პიროვნულ თუ პარტიულ ამბიციებს გადააბიჯეს და სამართლიანობისთვის საბრძოლველად ერთ სულ და ერთ ხორც გაერთიანდნენ".

ახლა ვხვდები, თუ რამე დაგვღუპავს,  პოლიტიკოსების პიროვნულ ამბიციებზე გადაბიჯებაა! ნუ გადააბიჯებთ, ხალხო! გადაბიჯების დროს გამოხეული ადგილები გიჩანთ.

ვაი, ჩვენს პატრონს!

KvirisPalitra.Ge"ვაი, შენს პატრონს!" - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა წინა კვირას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელს. სასტუმროს გახსნის ცერემონიალზე ჯერ მისი სტატიიდან წაიკითხა ნაწყვეტი, შემდეგ კი მისი მისამართით შესძახა: "ვაი, შენს პატრონს!" მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ველოდები, როდის გაიზრდება. თუმცა სულ ტყუილად. წინა კვირას, როდესაც ვუსმინე, როგორი სიტყვებით ლანძღა თავისი კრიტიკოსები, როგორ ეძახა, ვაი, თქვენს პატრონსო, მერე დაამატა: "ამას ხომ ჰგონია თავი ძალიან განათლებული, ეს არის რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონის კლასიკური ტიპი, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ჩამორჩენილები, მახინჯები, გამოუსწორებლები და ჩვენგან არასოდეს არაფერი დადგება. ამ აზროვნებას ანგრევს "რედისონი" და "შერატონი!" მივხვდი, რომ ის მართლა ბავშვობაშია ჩარჩენილი. არ ვიცი, რას ანგრევს "რედისონი" და "შერატონი", მაგრამ სააკაშვილი რომ ეთიკის ყველა წესს ანგრევს, ფაქტია. ჩემმა შვილმა იცის, როდესაც გააბრაზებ, მაიმუნოო, დაგიძახებს! თუმცა ჩემი შვილი ორი წლის და ცხრა თვისაა და თან ისეთი საყვარელია, ამას რომ ამბობს... მაგრამ მაინც ვცდილობ, გადავაჩვიო, ვეუბნები, რომ უზრდელობაა. დარწმუნებული ვარ, გადაეჩვევა, რადგან იზრდება, მაგრამ სააკაშვილს რა ეშველება, არ ვიცი. პატარა და საყვარელი მაინც იყოს!.. KvirisPalitra.Ge

ისე, შეიძლება ვიღაცამ თქვას, მისი ასეთი გამოსვლა ატმოსფერული წნევის ცვალებადობის ბრალიაო. ხუმრობა საქმე ხომ არაა, სასტუმროს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტი ჯერ მესტიაში ზღვის დონიდან ოთხი ათას მეტრზე, მთის ფერდობზე ავიდა და მსოფლიოს ჩემპიონთან ერთად ისრიალა, შემდეგ კი ვერტმფრენით სარფში გამოფრინდა და მყვინთავებთან ერთად წყალში 12 მეტრ სიღრმეზე ჩაყვინთა. ერთი თქვენ გექნათ ეს ყოველივე ერთ დღეში, ვნახავდი, გექნებოდათ თუ არა ზრდილობაზე ფიქრის თავი. საერთოდ, ალბათ, ბოდვას დაიწყებდით. პირველ ხანებში სააკაშვილიც აშკარად უცნაურად ლაპარაკობდა. სარფში წყლიდან რომ ამოყვინთა, განაცხადა: "ასეთი სუფთა და თბილი, თან ერთდროულად უმარილო, მსუბუქი და უსაფრთხო წყალი არსად არის."