"ეს ხელისუფლება ძალაუფლებამ და დასავლეთის უპირობო მხარდაჭერამ გარყვნა" - კვირის პალიტრა

"ეს ხელისუფლება ძალაუფლებამ და დასავლეთის უპირობო მხარდაჭერამ გარყვნა"

"მოედანი უნდა გასუფთავდეს მედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციებისაგან"

"საქართველო მეორე ბელორუსიად იქცა ევროპაში. დასავლეთისთვის, რომელიც აქამდე უპირობოდ უჭერდა მხარს საქართველოს ხელისუფლებას, უკვე ცხადი გახდა, რომ ხელისუფლების ნაბიჯები ავტორიტარული რეჟიმის ქმედებებს გასცდა და ყველაფერი დიქტატურამდე მიდის", - განაცხადა "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა.

- რამდენიმე თვეა შევნიშნეთ, რომ ჩვენს ორგანიზაციას გამუდმებით უთვალთვალებდნენ. გამოვაქვეყნეთ ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ჩვენს განცხადებას ადასტურებს. ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მივმართეთ შს მინისტრს, რათა აგვიხსნას, რატომ და რის გამო გვითვალთვალებენ.

როდესაც ფოტო და ვიდეომასალა გავაანალიზეთ, აღმოვაჩინეთ, რომ სხვადასხვა მანქანას ერთი და იგივე ნომერი ჰქონდა. ჩვენ პირების იდენტიფიკაციაც მოვახდინეთ. მაგალითად, ერთ-ერთი "ქართულ პარტიაზე" ცნობილ თავდასხმაში მონაწილეობდა. უცხოური ორგანიზაციებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ჩვენი ინფორმაცია. უკვე მათთვისაც ცხადი ხდება, რომ საქართველოში რეპრესიები დაიწყო.  შევხვდი ევროკომისარ შტეფან ფულეს, რომელიც გააოგნა ჩემმა ინფორმაციამ.

- თქვენამდე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უფლებადამცველებზე შეტევა და მათი ჯაშუშობაში დადანაშაულება იგეგმებოდა. გამორიცხავთ, რომ "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრზე" თვალთვალი ამ მიზანს ემსახურება?

- ეს ინფორმაცია იმ უცხოელმა სტუმრებმა მომაწოდეს, რომელთაც შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათთვის უთქვამთ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსეთთან არის კავშირშიო. ვფიქრობ, ეს უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით კეთდება. იმისათვის, რომ ქართველი უფლებადამცველების ინფორმაცია უცხოელებისათვის სარწმუნო აღარ იყოს.

მაისის მოვლენების შემდგომ პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. ბევრი მოქალაქე პოლიტიკური მოტივით დააკავეს, ზეწოლა მოახდინეს (რომელიც ისევ გრძელდება) "მედიაპალიტრაზე", ამის გაგრძელება იყო ფოტორეპორტიორების დაპატიმრება. შემდეგი, ალბათ, უფლებადამცველები იქნებიან.

- თქვენი აზრით, ამ ყველაფრის მიზანი რა არის?

- წინასაარჩევნო პერიოდია და ხელისუფლება ჩქარობს. უნდა გააკონტროლოს არასამთავრობო სექტორი. შემოდგომაზე, როდესაც საარჩევნო კამპანია დაიწყება, მოედანი უკვე გასუფთავებული უნდა ჰქონდეთ მედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციებისაგან, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ხელისუფლებას.

- როგორც ვიცი, თქვენი ორგანიზაციის წევრებს რაღაც-რაღაცები შესთავაზეს.

- დიახ, მაღალანაზღაურებადი თანამდებობები სხვადასხვა სტრუქტურაში, ძირითადად, სამართალდამცავ ორგანოებში, რადგან ჩვენთან ბევრი იურისტი მუშაობს. გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა  მეგობრულად ურჩიეს, თავი შეეკავებინათ უფლებადაცვითი საქმიანობისაგან.

- მედიასივრცეში მოსალოდნელ რეპრესიებზე რა იცით?

-  მედიაზე შეტევა ისედაც დაწყებულია და ეს ინფორმაცია არც არის გასაკვირი. თუნდაც ის, რომ მედიასახლ "პალიტრაში" ახლაც არიან საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები, ამის დასტურია. გარდა ამისა, გიორგი აბდალაძის ადვოკატის თქმით, ჟურნალისტების დაპატიმრება გაგრძელდება, მან თავისუფალი მედიაორგანიზაციები და ჟურნალისტები იგულისხმა. ხელისუფლება ამზადებს ველს, რომ რისკი არ შეექმნას საქართველოს პრეზიდენტის გაპრემიერებას. ეს არის ამ ყველაფრის თავი და ბოლო.

ეს ხელისუფლება ძალაუფლებამ და დასავლეთის უპირობო მხარდაჭერამ გარყვნა. ვითარებაში, რომელშიც აღმოვჩნდით, დამნაშავეა ხელისუფლებაც, საერთაშორისო ორგანიზაციებიც და განსაკუთრებით - აშშ-ის წინა ადმინისტრაცია. დამნაშავეა თითოეული მოქალაქე, რომელიც ხუჭავდა თვალს ამ ხელისუფლების შეცდომებზე. მომავალში "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი" მნიშვნელოვანი მასალების გამოქვეყნებას აპირებს, ამაზე ჯერ სხვას ვერაფერს გეტყვით.