ლევან გაჩეჩილაძე: "ასეთ ბრალდებებზე იმუნიტეტი მაქვს"
25-07-2011
ირაკლი ოქრუაშვილმა ორთვიანი დუმილი იმისთვის  დაარღვია, რომ ლევან გაჩეჩილაძე მოღალატედ გამოეცხადებინა:
- არსებობდა საქართველოში ჩემი ჩამოსვლის კონკრეტული გეგმა.  ხელისუფლებისთვის უნდა მიგვეყენებინა დარტყმა, რომ ამ რეჟიმს ბოლო მოღებოდა, მაგრამ  რამდენიმე თვის განმავლობაში დამუშავებული ჩემი ჩამოსვლის სცენარი უკვე ჩაბარებული ჰქონდა ხელისუფლებას. მოღალატე რამდენიმე იყო, ყველაზე დიდი მოღალატე კი ლევან გაჩეჩილაძე გახლდათ. მან საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე გასცა ჩვენი გეგმა... სამი წლის განმავლობაში წრეზე რომ ატარეს ხალხი, ამას გავაკეთებდით მე და ჩვენი 8 თვის
ნაწვალები პარტია? ამ სისულელეს არ ვაპირებდი, ეს იცოდა ყველამ. ამიერიდან აღარასდროს ვიტყვი, რომ საქართველოში ჩამოვდივარ, ვიტყვი მხოლოდ, რომ აქა ვარ.  

...ამოიღეთ ყველაფერი, გაჩეჩილაძის ფინანსური მდგომარეობა, რა ვალები ჰქონდა 25 მაისამდე და რა გაისტუმრა 25 მაისის შემდგომ. 5 მილიონი არ არის პატარა თანხა, მაგრამ, როდესაც მდგომარეობას
იუმჯობესებ ხალხისა და ქვეყნის ხარჯზე, ნაძირალა ხარ. ის გამყიდველია, პარტიის გადაწყვეტილებები მიჰქონდა ხელისუფლებასთან.  
ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილს გაჩეჩილაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებიც გადასცა, რომელიც, მისი თქმით, ასახავს, თუ რას ითხოვდა ლევან გაჩეჩილაძე.  

ოქრუაშვილის განცხადებების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძეს დავუკავშირდით, რომელიც ამჟამად საგურამოშია და მოტეხილ ფეხს იშუშებს.

- როგორ ხართ?
- არა მიშავს. ფეხი მაქვს მუხლში გატეხილი.

- ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებზე მინდა გკითხოთ.
- ასეთ ბრალდებებზე უკვე იმუნიტეტი მაქვს. ცოტა მოვმჯობინდები და ვრცლად მერე ვისაუბროთ. ყველა ბრალდებას ვუპასუხებ. 

კოკა გუნცაძე ახლა ჩემთან არის და თქვენს კითხვებს ის უპასუხებს.

კოკა გუნცაძე
: - რა უნდა ვუპასუხო ზნედაცემული, აგონიაში ჩავარდნილი კაცის ბოდვას? ოქრუაშვილი ისეა საკუთარი უსუსურობით გაბოროტებული, რომ სხვისთვის ცდილობს რაღაცების გადაბრალებას. კაცებს არ სჩვევიათ ასე უსინდისოდ გადაბრალება.

- ოქრუაშვილმა ჰაერიდან ხომ არ მოიტანა ბრალდებები?
-  ეგეთი ბრალდებები მოუტანიათ ჰაერიდან?

- მაგრამ ოქრუაშვილმა ჟურნალისტს გადასცა დოკუმენტი, რომლითაც, როგორც ამბობს, ბრალდება გაამყარა.
- ეგეთი ქაღალდის ნაგლეჯები ბევრი მინახავს. რა უნდა ვთქვა გაფარჩაკებული კაცების განცხადებებზე, რომლებიც ქვეშ ისვრიან და მერე სხვას აბრალებენ საკუთარ სიმხდალეს.

- ოქრუაშვილის თქმით, გაჩეჩილაძემ გასცა მისი ჩამოსვლის გეგმა.
-   ასეთი გეგმა არ ყოფილა. თუ მაინც დავუშვებთ, რომ იყო, მე და ლევანმა არაფერი ვიცოდით. რაც არ იცოდა ლევანმა, იმას როგორ გასცემდა? კაცი მრისხანების დღეს რომ გამოაცხადებს და მერე ლევან გაჩეჩილაძესა და ბურჯანაძეს დააბრალებს, მათ გამო ვერ ჩამოვედიო, რაღაზე უნდა ელაპარაკო. სინამდვილეში ოქრუაშვილს ჩამოსვლის ერთი ადგილი არა აქვს. ეგ არ არის აქ ჩამომსვლელი კაცი და მხოლოდ ვიდეოკამერის წინ პოზიორობა შეუძლია. ერთი ქალაჩუნაა, მეტი არაფერი.

"ქართული პარტიის" წევრები  ხელს უშლიდნენ ერთობას. გაიხსენეთ ოქრუაშვილის განცხადებები. ფაქტობრივად, მთელი ოპოზიცია გალანძღული ჰყავს. მრისხანების დღის გამოცხადება და მერე ქალაჩუნობა სირცხვილი და  თავის მოჭრა იყო. მაგ კაცს თავისივე გამოცხადებული თარიღების ეშინია და ხალხს ატყუებს.

- ოქრუაშვილი ამბობს, ლევან გაჩეჩილაძემ "ქართული პარტიიდან" წასვლის მერე ვალები გაისტუმრაო.
- რა უნდა ვთქვა ასეთ სულელურ ჭორსა და ბოდვაზე?

- ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ ნათქვამს ვიდეოფაილებით დაადასტურებს.

- ოქრუაშვილი გუშინწინდელი დღეა, რომელიც უკვე იგორ გიორგაძის კატეგორიაში უნდა განვიხილოთ. ვის რაში აინტერესებს მისი ბრალდებები? დავრწმუნდი, რომ "ქართულ პარტიაში" არ არის ხალხი, ვინც ხელისუფლებას შეცვლის.

- რით ახსნით, რომ გაჩეჩილაძეზე მუდმივად ვრცელდება ჭორები?
- იმას ებრძვიან, ვისიც ეშინიათ. ლევანს იმიტომ ერჩიან, რომ პოტენციალი აქვს, ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანოს. 
GUNCI
31 ივლისი 2011 18:24
გრეჩიხა ისეთი ოპოზიციაა და მიშა ისეთი პრეზიდენტი, როგორი მოსახლეობაც კავს ქვეკანას. კველამ დამიზეროს მიშა ვერცერთ სხვა ქვეკანაში პრეზიდენტი რომ კოპილიკო ამდენს ვერ გაბედავდა.ეს ხალხი ვართ ასეთი და როგორსაც ვიმსახურებთ ისეთი გვკავს.პოზიციაც და ოპოზიციაც.ეს არის სამწუხარო სიმართლე.და ნურავინ შემედავება.
GUNCI
31 ივლისი 2011 14:03
ბატონო ლევან ვეგარ გაიგო ხალხმა ხმა უნდა მოგცეს თუ იმუნიტეტი.რა გახდა ასე კველა რომ რაგაცას გაბრალებს და თქვენ სქორედ იქ დაგცირდათ იმუნიტეტი საიდანაც ძალებს უნდა იკრებდეთ.ანუ ვერ გადახტები თუ პეხები შეიკარი. მარტო ოპას ძახილი ვერ შველის საქმეს.
nino
28 ივლისი 2011 14:42
ვეტანხმები david67- ჩვენ ყველას საქარტველოს მოსახლეობას მაგიდაზე დამპალი ხილი გვიდევს!!!!!

რედაქტორის რჩევით