"გიჟი არ ვარ, ის დავიბრალო, რაც არ ჩამიდენია" - კვირის პალიტრა

"გიჟი არ ვარ, ის დავიბრალო, რაც არ ჩამიდენია"

"ეს რეჟიმი პოლიტიკურად ძალიან შეირყა"

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს 26 მაისის შემდეგ პირველად შევხვდი.  სევდიანი  და გულნატკენი მეჩვენა. ერთ დროს ხალხმრავალ ოფისშიც შეთხელებულა ხალხი. მისი დაცვის წევრები და მძღოლი  ისევ დაპატიმრებული არიან, პრესცენტრის თანამშრომლები სადღაც გაკრეფილან და მათ ფუნქციას დროებით ბაკურ ბაკურაძე ითავსებს.

- სასტიკი ტერორის მიუხედავად, ხელისუფლებამ ყველა ვერ დააშინა. არიან ადამიანები, ვისაც უკან ვერ დაახევინებს და ვერ მოისყიდის. ფოტორეპორტიორების დაკავებამდე ვუთხარი ჟურნალისტებს, ნუ ხართ ყველაფერზე გაჩუმებული (ეს, ცხადია, ყველას არ ეხებოდა), რეპრესიული მანქანა თქვენამდეც მოვა, ნუ გგონიათ, თქვენ არ შეგეხებიან. ტერორი ყველა ოჯახს მისწვდება, შესაძლოა, მას მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ელიტა გადაურჩეს-მეთქი. თუმც დროდადრო მათაც აწიოკებენ, მაგრამ არ ახმაურებენ.

- პარლამენტის თავმჯდომარედ თქვენი ყოფნისას პრესცენტრში გიორგი აბდალაძე მუშაობდა, მას იცნობთ და გჯერათ მისი ჯაშუშობა?

- იმ არგუმენტებს, რომლებიც გამოძიებამ წამოაყენა, ჭკუასუსტის გარდა არავინ დაიჯერებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამლაგებლების სია და სხვა საიდუმლო დოკუმენტები რატომ მოხვდა ფოტოგრაფთან? რომელი თანამდებობის პირი დაისაჯა იმისათვის, რომ ფოტოგრაფებს აღმოაჩნდათ ის დოკუმენტები, რომლებიც წესით, ხელთ არ უნდა ჩავარდნოდათ? შეიძლება ხელისუფლებას ეს აბსურდი ტერორის გასაძლიერებლად სჭირდება.  თუ ფოტოგრაფები დამნაშავეები არიან, გამოძიებამ დაგვიმტკიცოს, რას ნიშნავს სახელმწიფო ჯაშუშობისთვის დაკავებულის სასამართლო დარბაზიდან თანხის გადაუხდელად გათავისუფლება? რომელ ქვეყანაში უშვებენ სასამართლო დარბაზიდან ისეთ  ჯაშუშს, რომელიც სახელმწიფოს პირველ პირთან მუშაობს და საიდუმლო ინფორმაციას გასცემს?

- ითქვა, შემდგომი ეტაპი არასამთავრობოებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე შეტევა იქნებაო.

- ძალზე საგანგაშო იყო უჩა ნანუაშვილის განცხადება. ის პროფესიონალი, მებრძოლი და სამართლიანი ადამიანია. საგანგაშოა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უთვალთვალებენ და ავიწროებენ. ხელისუფლება ცდილობს ხალხი შეაგუოს იმას, რისი შეგუებაც შეუძლებელია.

თუ ფოტორეპორტიორები უდანაშაულოები არიან და თავისუფლების სანაცვლოდ აღიარებინეს, სამწუხაროა, რადგან ამით პრობლემა შეუქმნეს მათ, ვისაც მათი უდანაშაულობის  დამტკიცებისთვის უნდა ებრძოლათ.

- თქვენც რუსეთთან თანამშრომლობა დაგბრალდათ, მაგრამ არ დაგიჭირეს.

- იმიტომ, რომ ვერ მაღიარებინებდნენ იმას, რაც არ ჩამიდენია. გიჟი და უპასუხისმგებლო არა ვარ ის დავიბრალო, რაც არ ჩამიდენია და რაც ჩემს მეგობრებს, შვილებსა და თანამოაზრეებს დაუმსახურებელ ლაქად დააჩნდება. რა აზრი აქვს ჩემს დაჭერას, რომ ხმაური ატყდეს და მთელმა მსოფლიომ დასვას კითხვა, რა ბრალდებითა და მტკიცებულებით დააკავეთო. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ციხეში გამოკეტილი ბურჯანაძე მისთვის დიდი თავსატეხი გახდებოდა.

- მაგრამ თქვენს მეუღლეს დაუსწრებლად მიუსაჯეს ორთვიანი პატიმრობა.

- მანამდე კი გირაოდ 100 ათასი ლარის გადახდა შემოგვთავაზეს. მეუღლე ჩემთვის იყო და არის საყრდენი, მეგობარი. მისი იზოლირება არ არის იოლი, მაგრამ ორივე გავუძლებთ.

- თუ ხელისუფლებას არ უნდოდა, თქვენი მეუღლე ქვეყნიდან ვერ გავიდოდა.

- ჩემი მეუღლე გასულია თუ არა საქართველოდან, არც უარვყოფ და არც ვადასტურებ. შეიძლება ხელისუფლებას ხელს აძლევდა კიდეც ბადრი ბიწაძის გაქცევა.

- როგორ არის თქვენი მეუღლე?

- ის, რომ ამ ინფორმაციას შესაბამის უწყებებს არ ვაბარებ, სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე არაფერი ვიცი. ის მებრძოლი ადამიანია, რომელსაც გასაჭირი ადვილად ვერ გატეხს. ხელისუფლება 26 მაისის შემდგომ ძალიან შეშინებულია. ევროპარლამენტის გამოცემებში სააკაშვილს ლუკაშენკოს ადარებენ. ეს რეჟიმი პოლიტიკურად ძალიან შეირყა.

- ამბობთ, ხელისუფლება დასუსტდაო, ამ დროს ის ახერხებს წინააღმდეგობა გაუწიოს ეკლესიას და ის კანონი გაიტანოს პარლამენტში, რაც უნდა.

- სააკაშვილმა იცის, რომ პატრიარქის ერთ სიტყვას ხელისუფლების ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ამიტომაც ეშინია ეკლესიის.

- ითქვა, რომ პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილებით სააკაშვილმა შური იძია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, რომელიც 26 მაისის აღლუმზე არ მივიდა.

- შეიძლება. პატრიარქმა ამ ნაბიჯით პროტესტი გამოხატა. თუმც ზოგიერთმა ხელოვანმა ვერ გაიგო, რატომ არ უნდა ემღერა 26 მაისს.  იმედა კახიანი, რომელიც კაცობის სიმბოლო იყო, რატომ ვერ მიხვდა, რომ მის შვილიშვილს 26 მაისს არ უნდა ემღერა. დიახ, ნინი ბადურაშვილმა  მიშას უმღერა. ვერ მიხვდა რუსუდან ფეტვიაშვილი, რომ არ ღირს ბათუმში გახსნილი კაფე იმად, თანამემამულეების სისხლზე გაიარო და მედალი ჩამოიკიდო? ასეთ დროს რა გემღერება და რა გეორდენება?!

- ფიქრობთ, რომ ხალხი კიდევ გამოგყვებათ?

- ხალხი ცხვრის ფარა არ არის, რომ ვინმეს გაჰყვეს. ქვეყნის გადარჩენა ყველას ვალია. უნდა ვიბრძოლოთ როგორც შეგვიძლია. მე როგორც შემეძლო ვიბრძოლე (და ვიბრძოლებ), მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩასაფრებული იყო ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც, იქნებ ბურჯანაძე პოლიტიკურად მოკვდესო, მაგრამ ბურჯანაძის პოლიტიკური სიკვდილი არ ღირდა იმად, რომ სააკაშვილი დაეტოვებინათ ხელისუფლებაში.