"მივედი, გავიხადე, გავიმარჯვე" - კვირის პალიტრა

"მივედი, გავიხადე, გავიმარჯვე"

"სააკაშვილის დემოკრატობისა არ მჯერა, იმიტომ, რომ ძალითა და სისხლის ღვრით შლის ოპოზიციის მიტინგებს. საბედნიეროდ, უკრაინაში ასეთი რამ არ ხდება"

"ამ კაცმა საქართველო შეარცხვინა"

"მხოლოდ დემოკრატიის მტერი მიიჩნევს ფოტოაპარატის ობიექტივს ნამდვილ იარაღად"

ქართველი ფოტორეპორტიორების დაპატიმრება კიევში ქალთა მოძრაობა  FEMEN-ის წევრებმა გააპროტესტეს. მომხიბლავმა უკრაინელმა გოგონებმა ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია საქართველოს საელჩოსთან "შიშველი" პროტესტით გამოხატეს და საქართველოს ხელისუფლებისგან სამი ბრალდებული ფოტორეპორტიორის გათავისუფლება მოითხოვეს. გოგონებს ეჭირათ ბუტაფორიული ფოტოაპარატები და პლაკატები წარწერით "არ არის ფოტო. არ არის დემოკრატია".

უკრაინელი გოგონების აქციის ჩაშლა სცადა საელჩოს დაცვის თანამშრომელმა თემურ ზარნაძემ, რომელიც აქციის მონაწილეებს მუშტებით დაერია, შემდეგ კი მოზღვავებული ენერგია ჟურნალისტებზე გადაიტანა და აპარატურის დამტვრევა სცადა.

"კვირის პალიტრა" FEMEN-ის აქტივისტს ინა შევჩენკოს დაუკავშირდა:

- ჩვენი აქციით გვინდოდა მხარი დაგვეჭირა იმ უდანაშაულო ფოტორეპორტიორებისთვის, რომლებსაც ჯაშუშობას აბრალებდნენ. პროტესტის გამოსახატავად საქართველოს საელჩოსთან იმისთვის მივედით, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოგვეწოდებინა, ფოტორეპორტიორების ბრალეულობის დასადგენად სამართლიანი პროცესი გამართულიყო. უკანონობაა ადამიანის დაკავება, თუკი მისი ბრალი დადასტურებული არ არის.

აქციაზე ჩვეულებისამებრ ნახევრად შიშვლები მივედით და ფოტოაპარატიანი ჯაშუშები განვასახიერეთ. მხოლოდ დემოკრატიის მტერი მიიჩნევს ფოტოაპარატის ობიექტივს ნამდვილ იარაღად. სამწუხაროდ, ასე ჩათვალა საქართველოს ხელისუფლებამ. დაუშვებელია ადამიანს აიძულო, ჩაუდენელი დანაშაული აღიაროს. დანაშაული იყო სასამართლო პროცესამდე მათი ჯაშუშებად გამოცხადება. ვფიქრობ, ფოტორეპორტიორები სულ სხვა მიზეზით დააკავეს...

ვარდებისა და ნარინჯისფერმა რევოლუციებმა ჩვენი ხალხები დააახლოვა, დავმეგობრდით. ორივე ქვეყნის საზოგადოებას ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს. სააკაშვილის დემოკრატობისა არ მჯერა, იმიტომ, რომ ძალითა და სისხლის ღვრით შლის ოპოზიციის მიტინგებს. საბედნიეროდ, უკრაინაში ასეთი რამ არ ხდება. ჩვენი ხელისუფლებაც არ არის დემოკრატიული, მაგრამ მიტინგების დაშლა ჯერ სისხლის ღვრაში არ გადაზრდილა.

- საქართველოს საელჩოს თანამშრომელთან რის გამო მოგიხდათ კონფლიქტი?

- ის უღირსად მოიქცა. საელჩოდან გამოვიდა, არ უთქვამს, ვინ იყო და რა პრეტენზიები ჰქონდა. მოგვიახლოვდა თუ არა, ხელების ქნევა დაიწყო. ხელს გვკრავდა, აქაურობას მოშორდითო. გოგონებს დევნა დაგვიწყო. მერე ჟურნალისტებს მისწვდა და აგინა.

KvirisPalitra.Ge- როგორც ვიცი, გაათავისუფლეს სამსახურიდან.

- უკრაინაში საქართველოს ელჩი სწორად მოიქცა. ამით თანამშრომლის შეცდომა გამოასწორა. იმ კაცმა საქართველო შეარცხვინა.

- თქვენი ორგანიზაციის სლოგანია "მივედი, გავიხადე, გავიმარჯვე". ამ ფორმით უფრო ადვილად აღწევთ მიზანს?

- რა თქმა უნდა. გვინდა საზოგადოებრივი აზრი შევცვალოთ და ეს გამოგვდის. ჩვენთან ხშირად მოდიან ჟურნალისტები და წერენ იმ თემებზე, რასაც ვაპროტესტებთ. ჩვენ ვამბობთ სიმართლეს, რომლის მიჩქმალვასაც ხელისუფლება ცდილობს. მაგალითად, ჩვენ გავაპროტესტეთ სექსტურიზმი და ფაქტობრივად გავაძევეთ უკრაინიდან ახალი ზელანდიიდან ჩამოსული ერთი სექსტურისტი. ჩვენთან მოვიდნენ მოქალაქეები, რომელთაც 7 წლის წინ გამოსძალეს ფული ბინათმშენებლოსათვის და დღემდე ბინა არა აქვთ. FEMEN-ის აქტივისტები მივედით პრემიერ-მინისტრთან, ჩვეული ფორმით გავაპროტესტეთ ეს ფაქტი და მივაღწიეთ, რომ ბინების ასაშენებლად თანხები გამოეყოთ. ჩვენ ყურადღებას ვიქცევთ და მთავარი ის არის, რომ წარმოდგენა უკრაინელ ქალზე შევცვალეთ. უკრაინელმა ქალებმა არ იციან, რა უფლებები აქვთ, პასიურობენ, პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებთ. უკრაინელი ქალი ბუნებით დიასახლისია. ჩვენ ვცდილობთ გამოვხატოთ, რომ ქალს შეიძლება ჰქონდეს თავისი შეხედულება, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრია და შეუძლია რადიკალური ფორმითაც გამოხატოს პროტესტი. ყველას დავანახეთ, რაოდენ ძლიერია უკრაინელი ქალი.

- ინა, FEMEN-ზეც მომიყევით.

- FEMEN-ი 2008 წელს დაარსდა. 2 წელია, რაც ამ ორგანიზაციაში ვარ. ჩემ გარდა, ორგანიზაციაში 300 წევრია. 40-ზე მეტი ვართ აქტიური, რადიკალური გოგონები. ჩვენ ბიჭებიც გვეხმარებიან, ძირითადად, აქციაზე გვიცავენ ან ფოტოებს გვიღებენ.

- ვისგან გიცავენ?

- ხელისუფლებისგან, რადგან ჩვენი აქციები ხშირად დაპატიმრებით მთავრდება. ათჯერ მაინც დამაპატიმრეს.

დასასრულ, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდაჭერა.