საბრალო დევნილმა ქალმა თავიც დაიწვა, მაგრამ კობა ხელშეუხებელია - კვირის პალიტრა

საბრალო დევნილმა ქალმა თავიც დაიწვა, მაგრამ კობა ხელშეუხებელია

მე მიყვარს ძაღლები, არც კობა სუბელიანი მძულს, მაგრამ ბოლო დროს მისი საქციელი მაკვირვებს. რაც უფრო ხშირად ვუყურებ ამ ფოტოს და ვფიქრობ მინისტრის ქმედებებზე, მით მეტად ვეჭვობ, რომ დევნილთა და უსახლკაროთა პატრონს”უკვე ძაღლებიც აღარ უყვარს. თუმცა ისევ  ჰყავს ოთხფეხა მეგობარი,  ოღონდ მოსავლელად სხვებისთვის მიბარებული. რა გასაკვირია - იმდენი დევნილი ჰყავს გამოსასახლებელ-გადასასახლებელი, სად აქვს მაგის დრო!

მახსოვს, კობა სუბელიანი რომ გავიცანი, ერთი გულიანი, ალალი ბიჭი იყო. ინტერვიუსა და კომენტარზე დაუზარელი, კიდევ უფრო დაუზარელი - საქმის კეთებაში. საკმარისი იყო გაეგო, სადღაც, დედაქალაქის კეთილმოწყობის საქმეში რაღაც რიგზე ვერ არისო - ცეცხლს წაიკიდებდა და გაუკეთებელს გააკეთებდა.

გამოხდა ხანი. თბილისის ხიდებთან დაკავშირებით სტატიის მომზადება გადავწყვიტე. დავურეკე ბატონ კობას და ვკითხე, - ექსპერტები სახიფათოდ მიიჩნევენ, რომ ამდენი წელია, ხიდების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა და რას ფიქრობთ-მეთქი. გამლანძღა, - ბოღმიანი ხალხი ხართ ჟურნალისტები, სულ პრობლემებს ეძებთ, არაფერი თქვენ არ მოგწონთო. რას ბრძანებთ-მეთქი? აბა, თავისუფლების მოედანზე რომ წმინდა გიორგის ძეგლი დავდგით, მოგწონსო (ახალი დადგმული იყო)? რა შუაში იყო ძეგლი, მაგრამ ალალად ვუპასუხე, - ეგ წმინდა გიორგის ძეგლი არაა, უცნობი მხედარია-მეთქი. ამას რას ბედავო! იმას, რასაც საპატრიარქო ბრძანებს-მეთქი...

ამ ამბიდან მოკლე ხანში კობა სუბელიანი მინისტრი გახდა და მალევე გაირკვა, რომ  არა მხოლოდ ჟურნალისტებს, ზოგადად ადამიანებსაც ვეღარ იტანდა. დევნილთა და განსახლების მინისტრი თურმე თანამშრომლებს ლანძღავდა და აგინებდა.

მალევე გამოიკვეთა სუბელიანის ახალი მიდრეკილება - პიარზე მუშაობის ოსტატობა.  ძალიან შეუყვარდა ტელეჟურნალისტები, რადგანაც ტელევიზიები ხელისუფლების კონტროლს დაექვემდებარნენ და სუბელიანსაც, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, ეთერში კეკლუცობის შესაძლებლობა მიეცა. გამინისტრებიდან მალევე დევნილებიც მიხვდნენ, რომ დედაქალაქის კეთილმოწყობის ყოფილი უფროსი, მანამდე "ბულკივით"ბიჭი, ძალიან უხეში ყოფილა. ამიტომაც დაიწყო საპროტესტო აქციები მის წინააღმდეგ. მართალია, დევნილთა გამოსახლების გადაწყვეტილებას უფრო ზემოთ იღებენ, მაგრამ ასე რამ გაუქვავა გული, თვითონაც რომ ხელს აწერს სისასტიკეს და აღარ აღელვებს ჩვენი ბედიო, - უკვირთ დევნილებს, რომელთაც მერამდენედ უწევთ იმაზე ფიქრი, როგორ მოაწყონ ცხოვრება ისე, რომ შვილები შიმშილით არ დაუწყდეთ. შვილებზე, ბავშვებზე გამახსენდა. შემაძრწუნებელია კადრები, როდესაც ატირებული პატარები მოწყალებას ითხოვენ სახელმწიფოსგან და ცდილობენ, ცრემლით მოალბონ ხელისუფალთა გაყინული გულები. ისინი ხომ მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ ნუ დაუნგრევენ მომავალს, დატოვონ იმ თავშესაფრებში, სადაც ცხოვრობენ, რადგან ამ ხნის განმავლობაში მათმა მშობლებმა ამ თავშესაფრების ახლოს დამოუკიდებლად შეძლეს, სახელმწიფოს დაუხმარებლად მოეპოვებინათ საარსებო საშუალება ოჯახების გადასარჩენად.

"ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,/ მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება"...

მუხრანის ცნობილი ლექსიდანაა, სულხან-საბას საფრანგეთში ელჩობაზე. როდესაც ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი სუბელიანის სიჭაბუკის დროინდელ ფოტოს დედა ძაღლთან და ლეკვებთან ერთად, მუხრანის ეს ლექსი გამახსენდა. ცხადია, არც ძაღლია კატა და არც სუბელიანია მეფე, მაგრამ თავი რომ მეფისტოლა ეგონოს, ეგეც არაა გასაკვირი. ხალხმა მრავალჯერ გამართა საპროტესტო აქციები, საბრალო დევნილმა ქალმა თავიც დაიწვა, მაგრამ კობა ხელშეუხებელია. საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სულ ჟურნალისტების ნაკლის ძიებაშია, ალბათ უნაკლო ჰგონია კობა, რომელსაც არც უმაღლესი განათლება აქვს და არც ინგლისური იცის. ან მართალია, რასაც ამბობენ, კობა უბრალოდ მისი გადაწყვეტილებების შემსრულებელია და რატომ მოიჭრის საკუთარ თითს?”

ძალიან მიყვარს ძაღლები, მყავს კიდეც, ლეკვებსაც ვყიდი დროდადრო, მაგრამ ვცდილობ, პატარა, უმწეო ცუგრიები პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის ხელში მოხვდნენ და კარგ პირობებში იცხოვრონ. არ ვიცი, კობა რის მიხედვით არჩევს პატრონებს საკუთარი ძაღლის ლეკვებისთვის, მაგრამ ადამიანების მიმართ მისი დამოკიდებულება მაიძულებს, ვიფიქრო, რომ მინისტრისთვის სხვისი ბედი და მით უფრო ძაღლის, სულერთია. ისე, ერთი საოცარი თვისება აქვთ ძაღლებს: ყოველდღე მათზე ზრუნვა ბევრი კეთილი ზნის შეძენას უწყობს ხელს. ისინი შენზე უმწეოს მიმართ ზრუნვას გასწავლიან. ამას განსაკუთრებით მაშინ გრძნობ, როდესაც ძაღლს ასეირნებ, ოღონდ სისტემატურად. გულწრფელად გირჩევ, კობა, გაასეირნე რა ძაღლი!