დასკვნა! "2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი საქართველოში" - კვირის პალიტრა

დასკვნა! "2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი საქართველოში"

უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შეფასებითი ნაწილის ყველაზე საინტერესო დეტალების ქართულენოვანი ვერსია ექსკლუზიურად ”კვირის პალიტრის” მკითხველისთვის

ქართველი საზოგადოება მოუთმენლად ელოდა საქართველოში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დამდგენი საერთაშორისო მისიის, ე. წ. ტალიავინის კომისიის დასკვნას, რომელიც აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებსა და შემდგომში განვითარებულ მოვლენებს სწავლობდა. დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ინგლისურენოვანი ვარიანტი. ცხადია, ომში გამარჯვებული მხარე არ არსებობს, თუმცა ქართული და რუსული მხარეც ამ დოკუმენტში თავიანთ სიმართლეს პოულობენ. დასკვნის დეტალებზე კამათისას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთისთვის იმის მტკიცებაც კი მოუხდათ, ვინ უკეთ იცის ინგლისური ენა და ვინ უკეთ ჩასწვდა ამ დასკვნის არსს(!).

"კვირის პალიტრა" ითვალისწინებს ქართველი საზოგადოების ცხოველ ინტერესს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით და მკითხველს ექსკლუზიურად სთავაზობს დასკვნის შეფასებითი ნაწილის კომპეტენტურ თარგმანს.

გამოვტოვეთ ის პუნქტები, რომლებიც შეიცავს მხოლოდ ისტორიულ ექსკურსს გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული, რაც ჩვენი საზოგადოებისათვის ისედაც კარგად არის ცნობილი.

1) შეიარაღებული დაპირისპირების შედეგი ყოველთვის ადამიანური ტრაგედიაა. როდესაც ბრძოლა მთავრდება, რჩება სამწუხარო ჩანაწერი მკვლელობების, სხვა დანაკარგების, მძიმე ტანჯვის, ოცნებებისა და იმედების შესახებ, რომლებიც დაიმსხვრა, ხშირ შემთხვევაში, სამუდამოდ. საქართველოს 2008 წლის კონფლიქტში გასარკვევად, ჩვენ არ ვიცით იმაზე უკეთესი გზა, ვიდრე იმ ადამიანთა მოგონება, რომლებიც მონაწილეობდნენ მასში და დაზარალდნენ. ჩვენ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდა თავისი მიზეზი, მათი ქმედებები გამომდინარეობდა მათივე გამოცდილებიდან და მეხსიერებიდან. კონფლიქტში მონაწილეთა უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ისინი იმას აკეთებდნენ, რაც უნდა გაეკეთებინათ. თუ ამ ადამიანთა მოტივებს კარგად დავუკვირდებით, გავიგებთ მათ მიზნებს, თუმცა, შეიძლება საშუალებებს ვერ დავეთანხმოთ. მიზნის გაგება ნათელს მოჰფენს ფაქტებს. ეს მოხსენება შეეცდება, გადმოსცეს სამართლიანი და მიუკერძოებელი შეხედულება კონფლიქტის მხარეთა ქმედებებზე, მიზეზებსა და მათ შედეგებზე. ბევრი მათგანი კრიტიკულად შეფასდება, თუმცა ვერაფერი შეცვლის ჩვენს პატივისცემას რომელიმე რეგიონში - იქნება ეს დიდი თუ მცირე - მცხოვრები ხალხის ბედისა და მათი მისწრაფებების მიმართ. მათი მისწრაფებანი არ ყოფილა გადამწყვეტი მიზეზი მტრობისა, რადგან მსგავსი პრობლემები სხვაგან მშვიდობიანად გადაწყვეტილა. აღნიშნული პრობლემები იყო მხოლოდ საბაბი, რაც გამოიყენეს შეიარაღებული დაპირისპირების დასაწყებად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოხსენების მიზანია, აღწეროს მოვლენები, რომლებიც მოხდა, რათა აქედან გამოტანილმა დასკვნებმა დასაბამი მისცეს მშვიდობას რეგიონში და სხვაგანაც.

2) 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით (8 აგვისტოს გამთენიისას) ქალაქ ცხინვალს ინტენსიურად შეუტია ქართულმა მძიმე არტილერიამ. ქართული არმიის სხვა შენაერთები ასევე უტევდნენ ქ. ცხინვალსა და მის შემოგარენს. მალევე ბრძოლაში ჩაერთვნენ რუსული, სამხრეთოსური და აფხაზური სამხედრო შენაერთები და შეიარაღებული დანაყოფები. თუმცა, ქართული იერიშის შეჩერებას სამხრეთ ოსეთში დიდი დრო არ დასჭირვებია. საპასუხოდ, რუსული შეიარაღებული ძალები, მათ შორის საჰაერო დარტყმებითა და შავი ზღვის ფლოტის დანაყოფებით, ღრმად შეიჭრნენ საქართველოში, გადაკვეთეს ქვეყნის მთავარი აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა, მიაღწიეს ფოთის პორტს და გაჩერდნენ ქვეყნის დედაქალაქთან, თბილისთან ახლოს. შეიარაღებული დაპირისპირება განვითარდა და მოიცვა შიდასახელმწიფო და სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი: ერთი მხრივ სამხრეთი ოსები და აფხაზები საქართველოს წინააღმდეგ და ამავე დროს რუსეთისა და საქართველოს სამხედრო დაპირისპირება, მეორე მხრივ, ერთდროულად ორი  ასეთი კონფლიქტის კომბინაცია, ძირითადად, მიდრეკილია საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევისკენ. სწორედ ასეც მოხდა და ამის მრავალი ნიმუში არის ჩადენილი სამხრეთ ოსეთის არარეგულარული დაჯგუფებების მიერ, რომლებსაც ადეკვატურად არ ან ვერ აკონტროლებდნენ რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები. კიდევ ერთი საომარ მოქმედებათა ფრონტი გაიხსნა ქვეყნის დასავლეთით, სადაც აფხაზურმა ძალებმა რუსეთის ძალების დახმარებით აიღეს ზემო კოდორის ხეობა მცირე ქართული დასახლებით. 5-დღიანი ბრძოლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ევროკავშირის სახელით მოქმედებდა, მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამას მოჰყვა იმპლემენტაციაზე (აღსრულებაზე. - რედ.) შეთანხმება 2008 წლის 8 სექტემბერს, ისევ პრეზიდენტ სარკოზის განუწყვეტელი მცდელობის შედეგად. ეს წარმატებული პოლიტიკური ქმედება განხორციელდა საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობის სანაცვლოდ, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოსი, რომელსაც უნდა ემოქმედა მოქნილად და გადამწყვეტად იმისათვის, რომ გაეკონტროლებინა არნახული დაძაბულობა, რაც წინ უსწრებდა შეიარაღებულ კონფლიქტს. მას შემდეგ არანაირი პროგრესი არ მომხდარა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების რთულ პროცესში, გარდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებისა და ჟენევის მოლაპარაკებებისა. სიტუაცია კვლავაც დაძაბული და ფეთქებადსაშიშია და ბევრს ეშინია, რომ კვლავაც არის შეიარაღებული დაპირისპირების განახლების საფრთხე.

3) 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოში, რაც იყო კულმინაცია იმ მუდმივი დაძაბულობისა, პროვოკაციებისა და ინციდენტებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში. მართლაც, კონფლიქტს ღრმა ფესვები აქვს რეგიონის ისტორიაში, ისევე, როგორც ხალხთა ტრადიციებსა და შეხედულებებში, ერთმანეთის მიმართ უნდობლობასა და გაუგებრობაში, რომელიც არათუ გამოსწორებულა ოდესმე, არამედ ვიღაცას თავის სასარგებლოდაც გამოუყენებია. რეგიონი ყოველთვის ხასიათდებოდა სხვადასხვა ეროვნებათა მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციით, ამავდროულად იყვნენ მათ შორის მცირე ერები, რომლებსაც ჰქონდათ განცდა, რომ ისინი იჩაგრებოდნენ, იმყოფებოდნენ დაქვემდებარებულ პოზიციაში. საბჭოთა ფედერალიზმმა ვერ აჯობა გულჩათხრობილ ანტაგონიზმს და იმ ქაოსმა, რომელიც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას, გააძლიერა უნდობლობა და მტრობა რეგიონში. ახალწარმოქმნილი სახელმწიფოს თვითშეცნობის ტალღა, რასაც მოჰყვა პოლიტიკური ცვლილებები საქართველოში 2003 წლის ბოლოს, დაეჯახა რუსეთის სურვილს, შეექმნა პრივილეგირებული ინტერესთა ზონები თავის საზღვრებთან ახლოს, სადაც ადვილად არ მიიღებდნენ ისეთ მოვლენებსა და განვითარებას, რაც საზიანო იქნებოდა რუსეთის ინტერესებისთვის. ამავდროულად, სამშვიდობო შეთანხმებანი, რომლებიც დაიწყო საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით, გადაფარა პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციის სულ უფრო დაძაბულმა განვითარებამ. აღნიშნული სამშვიდობოები დაფუძნდა 90-იან წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისში, და მას შემდეგ დარჩა მეტ-ნაკლებად უცვლელი. იმ რეგულირებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, რომელიც სჭირდებოდათ ორგანიზაციებს რეგიონში, მათ მალევე დაკარგეს მნიშვნელობა და უნარი და გახდნენ უსარგებლო დასახული მიზნის მიღწევისთვის.

4)...

5)...

6)...

7) ათასწლეულის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გაურკვეველი პოლიტიკური სტატუსი უფრო რთული მოსაგვარებელი ხდებოდა და არ ჩანდა პრობლემის მოგვარების რაიმე მკაფიო საშუალება. ამავდროულად, ცხადი იყო გეოპოლიტიკური ცვლილებები, მათ შორის ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, ახალი საერთაშორისო დაინტერესება კავკასიის რეგიონის მიმართ, რაც დაკავშირებული იყო უსაფრთხოების პოლიტიკის გაფართოებასა და ენერგომომარაგებასთან. ახალი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთი გახდა უფრო სტაბილური და ამავდროულად ურყევი საზღვართან ახლოს თავისი გავლენის სფეროების მიმართ. ცვლილებები მოხდა საქართველოშიც. თანამდებობრივი ფიცის დადებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის პრიორიტეტად დაასახელა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება. პრეზიდენტობის პირველივე წელს მისმა წარმატებამ, თბილისის კონტროლის ქვეშ  საქართველოს განდგომილი სამხრეთი პროვინცია აჭარის დიდი სირთულეების გარეშე დაბრუნებაში და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებამ განამტკიცა სააკაშვილის გადაწყვეტილება. თუმცა ორი მხარის მისწრაფებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. პირველი დამაიმედებელი მოკლე პერიოდის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობა მალევე დაიძაბა. პოლიტიკური კლიმატი მკვეთრად გაუარესდა. სააკაშვილის პრეზიდენტობისას სამხედრო დანახარჯები 1%-დან 8%-მდე გაიზარდა და ცოტა თუ იყო ისეთი, ვინც ამაში სიგნალს არ ხედავდა. გარდა ამისა, საქართველოს მყარი პროდასავლური საგარეო პოლიტიკა და პრეზიდენტ სააკაშვილის ენერგიული მცდელობა საქართველოს ნატოს წევრად გახდომისა, მოსკოვის მიზნებს არ ეწყობოდა, მით უმეტეს, რომ ედუარდ შევარდნაძეს უკვე გაკეთებული ჰქონდა წევრობისთვის პირველადი თხოვნა. საქართველომ იპოვა მოკავშირეები საგარეო პოლიტიკაში, ეს იყო უკრაინა ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ და ბალტიისპირეთის ქვეყნები. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ყველაფერი არ აძლევდა ხელს და არ შედიოდა რუსეთის გეგმებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან დაკავშირებით.

8) მანამ, სანამ საქართველო და რუსეთი იმყოფებოდნენ ურთიერთობათა გაუარესების პერიოდში, რომლის დროსაც აღინიშნებოდა არამეგობრული და ხშირად საომარი რიტორიკაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა პირველი ადგილი საქართველოს საგარეო პარტნიორებს შორის. აშშ გამოხატავდა სრულ მხარდაჭერას საქართველოსა და პირადად მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომლის კულმინაცია იყო პრეზიდენტ ბუშის ე.წ.“თავისუფლების შუქურის სიტყვით გამოსვლა 2005 წლის 10 მაისს თბილისში. აშშ საქართველოს უწევდა ფართო ეკონომიკურ მხარდაჭერასაც. საქართველო გახდა აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარების ინტენსიური მიმღები, უწევდა სამხედრო დახმარებასაც როგორც წვრთნის პროგრამებით, ასევე შეიარაღებითა და ფინანსებით. პირველად სამხედრო დახმარების მიზანი იყო, საქართველოს სრულად გაეკონტროლებინა კოდორის ხეობა, სადაც რუსეთის განცხადებით, თავს აფარებდნენ ჩეჩენი მეომრები. მოგვიანებით სამხედრო დახმარების მიზნად ასახელებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, მათ შორის კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. საბოლოოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ადამიანური ძალა გაორმაგდა შევარდნაძის პერიოდთან შედარებით, ჰქონდათ ბევრად უკეთესი შეიარაღება და წვრთნა, ვიდრე ოდესმე, გარნიზონები ჰქონდათ მოდერნიზებულ სამხედრო ბაზებზე, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი იყო სენაკის ბაზა აფხაზეთთან ახლოს და მეორე ბაზა გორთან, სამხრეთ ოსეთთან ახლოს. როდესაც 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებულმა კონფლიქტმა ამოხეთქა საქართველოში, ქართულ სამხედრო ძალებში იყო ასობით სამხედრო მრჩეველი აშშ-დან და ნავარაუდევია უფრო მეტი სპეციალისტისა და მრჩევლის ყოფნა საქართველოს ხელისუფლებისა და ადმინისტრაციის სხვადასხვა შტოში. მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება წვრთნებისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით საქართველომ მიიღო უკრაინის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ისრაელისგან, რომელიც უფრო მეტად გამოირჩეოდა ტექნოლოგიითა და ხარისხით, ვიდრე რაოდენობით. ყველა მათგანი დაემატა საქართველოს ახალ სამხედრო ძალას, რომელსაც ამაყად აჩვენებდნენ ხელსაყრელ შემთხვევებში, როგორიცაა ეროვნული აღლუმი.

9)...

10)...

11) მართალია, სადავო იურიდიულმა საკითხებმა, რომლებიც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას, ასევე ითამაშა როლი ომის ეტაპზე გადასვლაში, რასაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი. სამხრეთ ოსებისა და აფხაზების თვითგამორკვევის უფლება და მათი უფლება, ცალმხრივად გამოეყონ საქართველოს სახელმწიფოს, არის ორი სამართლებრივი საკითხი, რომლებიც უკავშირდება კონფლიქტს. ორივე მათგანი (სამხ. ოსეთი და აფხაზეთი) თვითგამორკვევის უფლებას მიიჩნევს საფუძვლად მათი მოთხოვნისა, იყვნენ დამოუკიდებლები და ჰქონდეთ სუვერენიტეტი შესაბამის ტერიტორიებზე. თუმცა საერთაშორისო სამართალი არ ცნობს უფლებას, ცალმხრივად შეიქმნას ახალი სახელმწიფო თვითგამორკვევის პრინციპზე დაყრდნობით, როცა არ არსებობს კოლონიური კონტექსტი და აპარტეიდი. საგანგებო თანხმობას გამოყოფაზე ისეთი ექსტრემალური პირობებისას, როგორიცაა გენოციდი, ჯერ არა აქვს მოპოვებული საერთაშორისო მხარდაჭერა. კომისიისთვის მოპოვებული მასალებით მალევე გახდება ცნობილი, რომ 2008 წლის შეტაკების დროს გენოციდი არ მომხდარა. მეტიც, სახელმწიფოთა საერთაშორისო პრაქტიკა და მსოფლიოს მთავარი სახელმწიფოები დგანან მსგავსი დაშვების საწინააღმდეგო პოზიციაზე, მაგალითად, რუსეთის შეხედულება კოსოვოსთან მიმართებაში. ეს ეხება სახელმწიფოს დაშლის პროცესსაც, რასაც ჰქონდა ადგილი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოში. მტკიცედ აღიარებულ უტი  პოსსიდეტის პრინციპზე დაყრდნობით, ისეთ შემთხვევებში, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, მხოლოდ მის შემადგენელ სახელმწიფოებს, როგორიცაა საქართველო, აქვთ დამოუკიდებლობის უფლება და არა ისეთ ქვეერთეულებს, როგორიცაა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი.

ასე რომ, სამხრეთ ოსეთს, ისევე, როგორც აფხაზეთს, უფლება არ ჰქონდათ ცალმხრივად გამოყოფოდნენ საქართველოს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცნობა მესამე სახელმწიფოების მიერ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არღვევს დაზარალებულ სახელმწიფოს, როგორიცაა საქართველო, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ეწინააღმდეგება ჰელსინკის დასკვნითი აქტის პირველ პრინციპს, რომლის თანახმად,“მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენულ თანასწორობას და ინდივიდუალურობას, ისევე, როგორც ყველა უფლებას, რომლითაც ხასიათდება მათი სუვერენიტეტი და რომელთაც მოიცავს იგი, მათ შორის სახელმწიფოთა უფლებას სამართლებრივ თანასწორობაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებაზე, პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე.

12) კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უკავშირდება კონფლიქტს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, არის“პასპორტიზაცია, რაც გულისხმობს მოქალაქეობის მასობრივ მინიჭებასა და პასპორტების დარიგებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა ამ დროისთვის ატარებს ასეთ პასპორტებს. რუსეთის 2002 წლის კანონში მოქალაქეობის შესახებ შეტანილი ცვლილებები (მე-13 და მე-14 მუხლები) საშუალებას აძლევდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ პირებს გამარტივებული წესით მიეღოთ რუსეთის მოქალაქეობა. ამან გამოიწვია კიდეც ათასობით მსურველი აპლიკანტის გამოჩენა. მსგავსი ფაქტის საერთაშორისო სამართლებრივად ცნობისთვის აუცილებელია, რომ აპლიკანტსა და მოქალაქეობის მიმნიჭებელ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში რუსეთს შორის, უნდა იყოს ადეკვატური ფაქტობრივი კავშირი და არა თვითნებური. ასეთი კავშირი შეიძლება იყოს ოჯახური ურთიერთობა, დიდი ხნის ცხოვრება აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე და განუწყვეტელი სამხედრო სამსახური. გარდა ამისა, მშობლიური სახელმწიფოს მკაფიო თანხმობა აუცილებელია. საქართველოს კანონმდებლობა კი არ ცნობს ორმაგ მოქალაქეობას. საბჭოთა მოქალაქეობა არ არის საკმარისი საფუძველი, რადგან ეს სტატუსი უკვე შეიცვალა საქართველოს მოქალაქის სტატუსით. ამ ყოველივეს გათვალისწინებით მხოლოდ მცირე რაოდენობა აპლიკანტებისა თუ დააკმაყოფილებდა მოთხოვნებს,  - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქედ არ ითვლება საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც საქართველოსა და არც მესამე სახელმწიფოებს სჭირდებათ ასეთი რუსული მოქალაქეობის აღიარება. ამიტომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები, რჩებიან საქართველოს მოქალაქეებად, მიუხედავად აღნიშნული პასპორტიზაციისა. ისინი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები 2008 წლის ომის პერიოდში და არიან დღესაც, თუ ჩვეულებრივი გზებით არ დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას. რუსეთის აღნიშნული ქმედებანი ეწინააღმდეგება კეთილმეზობლურ პოლიტიკას და საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, წარმოადგენს ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში.

13) არნახულად დაძაბული სიტუაცია რეგიონში თანდათან უახლოვდებოდა სამხედრო დაპირისპირების დაწყებას. ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე იყო შესამჩნევი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გაუარესება. მაგალითად, ზონაში საჰაერო ფრენები უპილოტო თვითმფრინავებისა (UAV). აფხაზურმა და რუსულმა მხარემ  კონფლიქტის ზონაში მსგავსი ქართული აპარატები ჩამოაგდო. 2008 წლის აპრილში რუსული შენაერთები დაემატა დსთ-ის სამშვიდობო მისიას, 2008 წლის მაისის ბოლოს, ქართული მხარის პროტესტის მიუხედავად, რუსეთმა აფხაზურ მხარეს ლოკალური რკინიგზის ხაზის შესაკეთებლად სარკინიგზო შენაერთები გაუგზავნა, მიზეზად მოყვანილი იყო ჰუმანიტარული დახმარება. 2008 წლის ზაფხული აღინიშნა აფხაზურ მხარეს ხალხის შეკრების ადგილების დაბომბვით და საგზაო აფეთქებებით - ქართულ მხარეს. ამავე ზაფხულში დაძაბულობამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან გადაინაცვლა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სადაც ორივე მხრიდან იყო სროლები მძიმე არტილერიიდანაც. 2008 წლის ივლისში უკვე კონფლიქტის დაწყების საშიშროება აშკარა შეიქნა და დიპლომატიური მოლაპარაკებებიც უფრო ინტენსიური გახდა. შუა ივლისში თბილისის გარეთ, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარდა წვრთნა“- "დაუყოვნებელი პასუხი", რომელიც მოიცავდა 2000 სამხედროს საქართველოდან, აშშ-დან, სომხეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. რუსეთმა საპასუხო წვრთნა ჩაატარა ჩრდილო კავკასიაში, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს, ასევე შავ ზღვაში. აგვისტოს დასაწყისში სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ყველაფერი სამხედრო კონფლიქტის დასაწყისზე მიუთითებდა.

14) ღია შეტაკება დაიწყო საქართველოს მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალისა და მისი შემოგარენის წინააღმდეგ 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით. ოპერაცია დაიწყო მასობრივი ქართული არტილერიის თავდასხმით. სამშვიდობო ძალებში მონაწილე ქართული კონტინგენტის მეთაურმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა ოპერაციის დასაწყისში განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. მოგვიანებით ქართულმა მხარემ უარყო ყურაშვილის განცხადება როგორც უუფლებო და სამხედრო ოპერაცია გაამართლა რუსული ინტერვენციით. ოფიციალური ქართული განცხადება, რომელიც წარუდგინეს კომისიას, ამბობს, რომ“საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად 2008 წლის 7 აგვისტოს, 23 საათსა და 35 წუთზე საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება დაწყებულიყო თავდაცვითი ოპერაცია შემდეგი მიზნებით:

· სამოქალაქო პირების დაცვა ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი;

· იმ პოზიციების ნეიტრალიზაცია, საიდანაც ცეცხლი იყო გახსნილი მოსახლეობის, ქართველი სამშვიდობოებისა და პოლიციის წინააღმდეგ;

· როკის გვირაბიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების შემოსვლის შეჩერება სამხრეთ ოსეთში.

15) ქართული მხარის მტკიცება, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული მხარის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რუსული სამხედრო ძალის შემოსვლის შესახებ, დადასტურდა. ქართული მხარის განმარტებით, რუსების მიერ სამხედრო ძალის გაზრდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისის დასაწყისში დაიწყო, გრძელდებოდა აგვისტოშიც და მოიცავდა სამხედრო შენაერთებს, სამედიცინო პერსონალს, კარვებს, ჯავშნიან მანქანებს, ტანკებს, თვითმართვად არტილერიასა და საარტილერიო იარაღს. ეს პროცესი უფრო ინტენსიური გახდა 6 აგვისტოს ღამით და 7 აგვისტოს საღამოს. რუსული მხარე უარყოფს აღნიშნულ ბრალდებებს. რუსეთის მხარის მიერ კომისიისთვის წარმოდგენილი განმარტების თანახმად, პირველი რუსული შენაერთები შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და რუსულმა საჰაერო ავიაციამ და არტილერიამ დაიწყო შეტევა საქართველოზე 8 აგვისტოს 14 საათსა და 30 წუთზე, ე.ი. დაუყოვნებლივ, რუსეთის ხელისუფლების მიერ ინტერვენციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან.

16) კომისია  საკმარისად არ მიიჩნევს აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა არსებობს მრავალი ჩანაწერი და პუბლიკაცია, მათ შორის რუსული წარმოშობისა, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი წვრთნიდა სამხრეთოსურ და აფხაზურ შეიარაღებულ ძალებს 8 აგვისტომდე. ასევე, სამხრეთ ოსეთში აგვისტომდეც იყვნენ მოხალისეები და დაქირავებული ძალები რუსეთიდან და კავკასიიდან. აგრეთვე იქ იმყოფებოდა რუსული შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილი, გარდა სამშვიდობო ბატალიონისა. გარდა ამისა, ჩანს, რომ რუსულმა ავიაციამ იერიში საქართველოზე მიიტანა ჯერ კიდევ 8 აგვისტოს დილით, ანუ უფრო ადრე, ვიდრე რუსულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ცენტრალურ საქართველოში (გორი, ვარიანი), ასევე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის სენაკის სამხედრო ბაზაზე, ფოთის პორტის სამხედრო სამიზნეებსა და დედაქალაქ თბილისზე (თბილისის აეროდრომის რადარი, სარკინიგზო მაგისტრალი და სხვა ინფრასტრუქტურა). არსებობს ვერსიები სამოქალაქო ობიექტებზე თვითნებური იერიშის შესახებ, თუმცა მისიამ ვერ აღმოაჩინა ამის მტკიცებულება. კონფლიქტში მალევე ჩაერთო შავი ზღვის რუსული ფლოტი, რომელიც თავს ესხმოდა ქართულ ტერიტორიას.

17) ე.წ.“ხუთდღიანი ომისა და შემდგომი პერიოდის განმავლობაში რუსული მხარე კონფლიქტში ჩართვას ამართლებდა შემდეგი მიზეზებით: სამხრეთ ოსების გენოციდის შეჩერება, რომელსაც ახდენდა ქართული მხარე; რუსეთის მოქალაქეების დაცვა, რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთ ოსეთში; რუსი სამშვიდობოების დაცვა 1992 წლის სოჭის შეთანხმების მიხედვით. რუსული მხარის მტკიცებით, 8 აგვისტოს დილით ნაპოვნი იქნა ორი მოკლული და 5 დაჭრილი რუსი სამშვიდობო, რაც იყო ქართული თავდასხმის შედეგი. ქართული მხარე უარყოფს თვითნებური თავდასხმის ფაქტს რუს სამშვიდობოებზე და აცხადებს, რომ როცა შევიდნენ ცხინვალში, რუსმა სამშვიდობოებმა გაუხსნეს ცეცხლი და ისინი იძულებული გახდნენ, ეპასუხათ. მისიას არ გააჩნია წყარო, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს რომელიმე მხარის განცხადებას. ქართული მხარის მიერ გენოციდის მოწყობა არ დამტკიცებულა. კონფლიქტის მიმდინარეობისას რუსული მხარე აცხადებდა, რომ 2000 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული ქართული მხარის მიერ. ომის შემდეგ ეს რიცხვი 162-მდე შემცირდა. 2008 წლის 10 აგვისტოს ქართულმა მხარემ მიიღო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცალმხრივი გადაწყვეტილება და სამხედრო შენაერთები სამხრეთ ოსეთიდან გამოიყვანა. მოწინააღმდეგე მხარე ამ გადაწყვეტილებას არ მიჰყვა. 10 აგვისტოს ღამით, 11-ის გამთენიისას, ქართული შეიარაღებული ძალების უმეტესობა უკვე გამოყვანილი იყო სამხრეთ ოსეთიდან, მათ უკან მოჰყვებოდნენ რუსი სამხედროები, რომლებიც ღრმად შეიჭრნენ ქვეყანაში, გადაკვეთეს რა სამხრეთ^ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრები. შექმნეს სამხედრო პუნქტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: გორში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში. კონფლიქტის ბოლო დღეებში აფხაზური ძალები რუსეთის მხარდაჭერით თავს დაესხნენ ზემო კოდორის ხეობას და ხელში ჩაიგდეს აღნიშნული ტერიტორია, რომელიც დატოვებული ჰქონდათ ქართულ სამხედრო ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობას 2008 წლის 12 აგვისტოსთვის.

18) რუსეთი თავის სამხედრო მოქმედებებს საქართველოში უწოდებს”სამშვიდობო ოპერაციას, მაშინ როდესაც საქართველო ამას”აგრესიას უწოდებს. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროპის კავშირი, როგორც მთავარი მოქმედი, იძულებული იყო, ჩართულიყო. ადგილი ჰქონდა ზოგად მოწოდებას, შეწყვეტილიყო ბრძოლა. 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით მოსკოვსა და თბილისში ჩავიდა. ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ინტერ  ალია, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავდა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა (ცეცხლის შეწყვეტას) და სამხედრო ძალების დაბრუნებას შეიარაღებულ კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე. მაგრამ რუსული და ოსური შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ შეტევას (იერიშს) და დაიკავეს დამატებით ტერიტორიები, მათ შორის ახალგორის რაიონი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე საქართველოს ხელისუფლების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ის მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომელიც განსაზღვრული იყო საბჭოთა პერიოდის დროს. რუსი ჯარისკაცების უმეტესი ნაწილი უკან იქნა გაწვეული დაკავებული პოზიციებიდან, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრებიდან 22 აგვისტოს შემდეგ, მათი ნაწილი კი მხოლოდ იმპლემენტაციაზე შეთანხმების შემდეგ, რომელიც მიღწეულ იქნა 2008 წლის 8 სექტემბერს მოსკოვში და ასევე 2008 წლის ოქტომბერში. ზემოთ აღნიშნული ორი შეთანხმების შესახებ სრული თანხმობა ყველა მხარის მიერ კვლავ რჩება დავის საგნად. უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების იმპლემენტაციასთან ერთად, მოვლენების სცენარი სამხედრო მოქმედებებიდან პოლიტიკური და დიპლომატიური მოქმედებების სფეროში დაბრუნდა. ეს შეიცავდა მწვავე განხილვებს კონფლიქტისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ იარაღი სრულად გაჩუმდებოდა.

19) არსებობს კითხვა, სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ ძალის გამოყენება, რაც დაიწყო ცხინვალის დაბომბვით 2008 წლის 7/8 აგვისტოს, იყო თუ არა გამართლებული საერთაშორისო სამართლით. ეს არ იყო გამართლებული. საქართველოს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება მას ეკისრებოდა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად, როგორიცაა 1992 წლის სოჭის შეთანხმება ან 1996 წლის "უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ორმხრივი ნდობის გაძლიერების მემორანდუმი მხარეებს შორის საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში". იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ საქართველო იგერიებდა მტრის იერიშს, მაგალითად, სამხრეთ ოსეთის თავდასხმას ქართულ სოფლებზე რეგიონში, საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისი სამხედრო პასუხი უნდა ყოფილიყო აუცილებელი და პროპორციული.

შეუძლებელია, რომ ცხინვალის დაბომბვამ, ძირითადად, ღამის განმავლობაში "გრადებითა" და მძიმე არტილერიით, დააკმაყოფილოს აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნა. საქართველოს სამხედრო შეტევის არაკანონიერი ხასიათიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის თავდაცვითი მოქმედება შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართალს, ლეგიტიმური თავდაცვიდან გამომდინარე. მაგრამ მაინც, სამხრეთ ოსეთის მოქმედება, საქართველოს თავდასხმისგან თავის დაცვის ფარგლებს გარეთ, პრაქტიკულად მიმართული იყო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე მის გარეთ, რაც უნდა ჩაითვალოს როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ბევრ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევად. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის ყველა სამხედრო მოქმედება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ, იყო ასევე უკანონო.

20) მაგრამ მაინც, სანამ კონფლიქტის საწყისი ფაზა დაიწყებოდა, დამატებით ისმის კითხვა, საქართველოს მიერ ძალის გამოყენება რუსული სამშვიდობო ძალების მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე, ე.ი. სამხრეთ ოსეთში, შეიძლება იყოს თუ არა გამართლებული. ისევ და ისევ პასუხი არის უარყოფითი. არ ჰქონია ადგილი რუსეთის სამხედრო თავდასხმას მანამ, სანამ არ დაიწყებოდა საქართველოს მოქმედებები. საქართველოს პრეტენზია რუსული შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან არსებობაზე სამხრეთ ოსეთში საქართველოს მხრიდან შეტევამდე არ შეიძლება დამტკიცებულ იქნეს მისიის მიერ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მხარდაჭერილ იქნეს პრეტენზია, რომ რუსული სამშვიდობო ერთეულები სამხრეთ ოსეთში არღვევდნენ თავიანთ ვალდებულებებს, დაკისრებულს საერთაშორისო შეთანხმებებით, როგორიცაა სოჭის შეთანხმება და რომ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო ლეგალური სტატუსი. შედეგად, საქართველოს მიერ ძალის გამოყენება რუსული სამშვიდობო ძალების მიმართ ცხინვალში 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

21) მხედველობაში ვიღებთ რა რუსული სამხედრო ძალების მოქმედების კანონიერებას საქართველოს წინააღმდეგ, პასუხი უნდა იყოს დიფერენცირებული. საქართველოს თავდასხმაზე რუსეთის მოქმედება შეიძლება დაიყოს ორ ფაზად: პირველი, დაუყოვნებლივი მოქმედება რუსული სამშვიდობოების დასაცავად და მეორე, რუსული შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოში ღრმად შემოჭრა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრებიდან შორს. პირველ შემთხვევაში არსებობს პატარა ეჭვი, რომ თუ რუსულ სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, რუსეთს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა სამხედრო საშუალებებით თავდასხმის პროპორციული ძალა, რათა დაეცვა ისინი. მაშასადამე, რუსეთის მიერ ძალის გამოყენება თავდაცვის მიზნით პირველ ფაზაში უნდა იყოს კანონიერი. მეორე შემთხვევაში უნდა დადგინდეს, იყო თუ არა აუცილებელი და პროპორციული რუსული სამხედრო კამპანიის უფრო ღრმად შეჭრა საქართველოში, თავდაცვის პირობებიდან გამომდინარე. ასევე უნდა დავუშვათ, რომ არ არის ადვილი იმის გადაწყვეტა, სად უნდა იყოს ხაზი გავლებული, თუმცა ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედება გასცდა თავდაცვის ზომიერ და კეთილგონიერ საზღვრებს. ეს მოიცავს ყველა სახის მასობრივ და გაფართოებულ სამხედრო მოქმედებებს, კოდორის ხეობის დაბომბვიდან საქართველოს სხვა ტერიტორიებზე ჯავშნიანი ნაწილების გადაყვანას, სამხედრო პოზიციების დაკავებას საქართველოს ძირითად ქალაქებსა და მათ ახლოს, ძირითადი გზატკეცილის კონტროლს და სამხედრო ფლოტის შესვლას შავ ზღვაში. ეს ყველაფერი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობოების მიმართ არსებული საფრთხის პროპორციულად. გარდა ამისა, უწყვეტი განადგურება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღების შემდეგ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გამართლებული. ეს გამოწვეულ იქნა რუსული სამხედრო მოქმედებების გაფართოებით საქართველოს ტერიტორიაზე და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, საქართველოს სამხედრო ძალები მოქმედებდნენ კანონიერი თავდაცვის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლის თანახმად.

22) შეიძლება თუ არა რუსეთის მიერ ძალის გამოყენება გამართლდეს როგორც ”ჰუმანიტარული ინტერვენცია სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად? ეს არის მეტად სადავო საკითხი სამართლის ექსპერტებს შორის, - აქვს თუ არა რაიმე გამართლება ჰუმანიტარულ ინტერვენციას. უნდა დავუშვათ, რომ ჰუმანიტარული ინტერვენცია ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან აცილებისათვის უცხო ქვეყნებში ნებადართულია მხოლოდ ძალიან შეზღუდულ შემთხვევებში, თუ საერთოდ არის ნებადართული. ძირითად სახელმწიფოებს შორის რუსეთი თანამიმდევრულად და მუდმივად აპროტესტებდა ნატოს ინტერვენციას კოსოვოში, როგორც ჰუმანიტარულ ინტერვენციას. ის შეიძლება არ ენდოს ამ შემოთავაზებულ სახელწოდებას, რათა გაამართლოს საკუთარი ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც პირდაპირ მეზობელს, რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სხვა ინტერესები სამხრეთ ოსეთსა და რეგიონში, ასეთ შემთხვევაში ჰუმანიტარული ინტერვენცია არ შეიძლება იყოს აღიარებული.

23) საბოლოოდ, რუსეთის ფედერაციამ გაახმოვანა საჭიროება, დაეცვა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეები. რუსეთის კონსტიტუციის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს მისი მოქალაქეების დაცვასა და პატრონაჟს მის საზღვრებს გარეთ.” ასევე სიმართლეა, რომ 1945 წლიდან მრავალმა სახელმწიფომ აწარმოა სამხედრო მოქმედებები მისი მოქალაქეების დაცვის საჭიროებაზე მითითებით. ბევრ შემთხვევაში ამ მოქმედებების კანონიერება გახდა დავის საგანი. არ არსებობს ჩვეულებითი სამართალი, რომელიც ნებას რთავს ასეთ მოქმედებებს. საერთოდ, ასეთი მოქმედებები უნდა იყოს შეზღუდული კომპეტენციასა და დროში და განსაკუთრებით ფოკუსირებული მოქალაქეების გადარჩენასა და ევაკუაციაზე. ამ შემთხვევაში მოქმედება არ იყო მხოლოდ და განსაკუთრებით ფოკუსირებული რუსი მოქალაქეების გადარჩენასა და ევაკუაციაზე, არამედ ამეტებდა მას გაფართოებული სამხედრო ოპერაციებით საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე. შედეგად დასკვნა, - რუსული სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ ჩადენილ იქნა საერთაშორისო სამართლის დარღვევით.

24) სამხედრო მოქმედება კოდორის ხეობაში უნდა იქნეს ყურადღებით შესწავლილი და განხილული. 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების განცალკევების შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ასევე აფხაზური მხარის მიერ, განსაზღვრავს, რომ”მხარეებმა ზედმიწევნით უნდა შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ხმელეთზე, ზღვასა და საჰაერო სივრცეში და თავი შეიკავონ ყველანაირი სამხედრო მოქმედებებისგან ერთმანეთის წინააღმდეგ.  მოსკოვის შეთანხმების დებულებების თანახმად, ზემო კოდორის ხეობა არ ეკუთვნოდა აფხაზების კონტროლირებად ტერიტორიას. მასზე აფხაზური დანაყოფების თავდასხმა რუსული შეიარაღებული ძალების დახმარებით ნიშნავს არაკანონიერი ძალის გამოყენებას, რაც აკრძალულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებითა და გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით, და ასევე, შეიარაღებულ თავდასხმას საქართველოს წინააღმდეგ, გაეროს წესდების 51-ე მუხლით. საქართველოს მიერ ძალის გამოყენება თავდაცვის მიზნით ასევე უნდა იყოს გამართლებული კანონიერი თავდაცვის უფლების თვალსაზრისით. აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ოთხი განსხვავებული ახსნა წარმოადგინა, რათა გაემართლებინა სამხედრო ოპერაცია. აფხაზეთი ამტკიცებდა, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო იმისათვის, რომ გაეთავისუფლებინათ კოდორის ხეობა და ამიტომაც უნდა შეეჩერებინათ ტერორისტული თავდასხმები სამოქალაქო მოსახლეობაზე. ასევე ამტკიცებენ, რომ აფხაზური ოპერაცია იყო აუცილებელი, რათა”სხვებზე ადრე შეეძინათ უფლება გარდაუვალ, მოახლოებულ სამხედრო ოპერაციაზე და საბოლოოდ აფხაზეთმა თავი ვალდებულად მიიჩნია, გაეხსნა”მეორე ფრონტი 2005 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულებით სამხრეთ ოსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ. არც ერთი ეს ახსნა არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად, რომ სამართლებრივად სწორი და დასაბუთებულია. ამიტომაც აფხაზეთის მიერ ძალის გამოყენება არ შეიძლება გამართლებულ იქნეს საერთაშორისო სამართლის მიერ. იგივე ითქმის რუსეთის მიერ ამ მოქმედებების მხარდაჭერაზე. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ძალის გამოყენების შესახებ დასკვნაში ყურადღება უნდა მივაპყროთ ძალის გამოყენების არაერთგზის მუქარას მხარეების მიერ 2008 წლის კონფლიქტის დაწყებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებები მოითხოვს არა მხოლოდ მხარეებისა და სახელმწიფოების მიერ ძალის გამოყენებისგან, არამედ ძალის გამოყენების მუქარისგანაც  თავის შეკავებას. ასეთი ხასიათის მუქარა არ არის შესაბამისი წესდების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულებას, კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანად. ძალის გამოყენების მუქარა ყველა მხარის მიერ არის უკანონო და არღვევს საერთაშორისო სამართალს.

25) სანამ პოლიტიკური და სამხედრო შემთხვევები და მათი განვითარება საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი განხილვის საგანია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი კონფლიქტში და კარგად ახსოვთ მათი ბედი, რომლებიც იტანჯებიან. 2008 წლის აგვისტოს ომმა საუბედუროდ ნახა მრავალი დანაშაული, ჩადენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევით. გარდა იმ აქტებისა, რომლებიც ჩადენილ იქნა 7-8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, არის კიდევ დამატებით მოქმედებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. ძირითადი ნაწილი დარღვევებისა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჩადენილი იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასა და მოსაზღვრე ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონებში. ამისგან განსხვავებით, მხოლოდ რამდენიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი კოდორის ხეობასა და აფხაზეთში. ეს არ ეხება გალის რაიონისა და კოდორის ხეობის ქართველ მოსახლეობას, სადაც მათი უფლებები, როგორც უმცირესობისა, ჩანს, რომ საფრთხის წინაშე დგას.

26) რაც შეეხება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს სხვა მახლობელ ტერიტორიებზე კონფლიქტს, მისიამ დაადგინა, რომ კონფლიქტის ყველა მხარემ - ქართულმა, რუსულმა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი. მრავალრიცხოვან დარღვევას ჰქონდა ადგილი სამხრეთ ოსეთის არარეგულარული შეიარაღებული დაჯგუფებების, მოხალისეებისა და დაქირავებულების ან შეიარაღებული ინდივიდუალური პირების მიერ. ასევე, რთულია პასუხისმგებლობებისა და ამ დანაშაულების ჩამდენების იდენტიფიცირება. ფაქტი, რომ ორივე - ქართული და რუსული ძალები ბევრ შემთხვევაში იყენებდნენ ერთნაირ შეიარაღებას, ართულებს კონკრეტული აქტების განსაზღვრებას. რომ არა იდენტიფიკაციისა და განსაზღვრების სირთულე, ბევრ ასეთ აქტს აქვს ისეთი ნიშანი, რომელიც შეიძლება დახასიათდეს, როგორც ომის დანაშაული.

27) რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ბრალდება ქართველების მიერ გენოციდის ჩადენისა, იყო ერთ-ერთი სერიოზული უსაბუთო მტკიცება. არ არსებობს საჭიროება, შემოწმდეს ეს მტკიცება, გამომდინარე მისი სპეციფიკური სამართლებრივი განმარტებიდან და მისი შედეგებიდან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. შესაბამისი სამართლის მიხედვით ფაქტების ძალიან ფრთხილად გადახედვის შემდეგ, მისია დაასკვნის, რომ მტკიცება ქართველების მხრიდან გენოციდის ჩადენისა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის კონტექსტში არც კანონში იქნა მოპოვებული და არც დამტკიცებულია ფაქტობრივი მტკიცებულებებით. ეს აღმოჩენა უმთავრესად დაფუძნებულია ფაქტზე, რომ საერთაშორისო სამართალი მოითხოვს სპეციფიკურ განზრახვის მტკიცებულებას, რათა დამტკიცდეს გენოციდი. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის ან არარეგულარული შეიარაღებული ძალების მიერ ქართველების ეთნიკური წმენდის ჩადენის მტკიცებას, მისიამ აღმოაჩინა მაგალითი ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილებისა, რომლებიც რჩებოდნენ თავიანთ სახლებში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. ასევე, ცხადი იყო, რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკური ქართული სოფლების სისტემურ ძარცვასა და განადგურებას სამხრეთ ოსეთში. შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეთნიკური წმენდა იყო ნამდვილად ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთში როგორც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს, ისე მის შემდეგაც. ამ დასკვნის წერის დროს ახალგორის რაიონში სიტუაცია შეშფოთებას იწვევს, რადგან ეთნიკური ქართველები კვლავ იქ ცხოვრობენ.

28) რაც შეეხება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებებს, საომარ მოქმედებებსა და არაკომბატანტების (მშვიდობიანი მოსახლეობის. - რედ.) დაცვაზე, დარღვევა უმთავრესად დაკავშირებულია არაადამიანურ და სასტიკ მოპყრობასთან, საკუთრების განადგურებასა და იძულებით გადაადგილებასთან. რუსეთისა და საქართველოს მხრიდან ადეკვატური დაცვის ნაკლებობამ გააფართოვა ეთნიკური ქართველების ძარცვისა და განადგურების კამპანია, როგორიცაა არაადამიანური მოპყრობა, სქესთან დაკავშირებული დანაშაული, მათ შორის გაუპატიურება, შეურაცხყოფა, მძევლად აყვანა და დაუსაბუთებელი დაკავებები. რუსეთის ძალებმა მარცხი განიცადეს, რომ ვერ აღკვეთეს და შეწყვიტეს სამხრეთ ოსეთის ძალების, შეიარაღებული არარეგულარული დაჯგუფებებისა და შეიარაღებული ინდივიდუალური პირების მიერ ჩადენილი დარღვევები სამხრეთ ოსეთსა და მახლობელ ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ამ მწვავე სიტუაციას ემატება შესამჩნევი გადინება იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისა. დაახლოებით 135 000 კაცი გაიქცა საკუთარი სახლიდან, მათი უმეტესი ნაწილი სამხრეთ ოსეთისა და მისი მახლობელი რეგიონებიდან. სანამ უმეტესობამ თავი შეაფარა საქართველოს ტერიტორიას, მნიშვნელოვანი რაოდენობა ადამიანებისა გახდა ლტოლვილი რუსეთში. უმრავლესობამ დატოვა სახლი საფრთხისა და საშიში მდგომარეობის გამო, რაც წარმოშვა კონფლიქტურმა სიტუაციამ. ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევებით იძულებით გადაადგილების მრავალი შემთხვევა იქნა აღნიშნული. 35 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი თუ ლტოლვილი არ ელის საკუთარ სახლში დაბრუნებას უახლოეს მომავალში, განგრძობადი საშიში სიტუაცისაა თუ მათი საკუთრებისა და სახლების განადგურების გამო. ასევე სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა რუსეთთან ერთად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირების თუ ლტოლვილების, მათ შორის, 90-იან წლებში, დაბრუნება სახლებში და საქართველომ პატივი უნდა სცეს გადაადგილებულ პირთა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.

29) "გრადების" მრავალგვარი სარაკეტო სისტემა და კასეტური სამხედრო აღჭურვილობა არის იარაღის ორი სახეობა, რომლებიც მიჩნეულია როგორც განსაკუთრებით საშიში არაკომბატანტებისათვის, გამომდინარე მათი განურჩეველი სასიკვდილო ეფექტებისა. საქართველო თანხმობას აცხადებს, რომ კასეტური სამხედრო აღჭურვილობის გამოყენება მხოლოდ სპეციფიკური სამხედრო საჭიროებისათვის მოხდა, მაშინ როდესაც რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველომ გამოიყენა ისინი სამოქალაქო ობიექტების მიმართაც. რუსეთი უარყოფს კასეტური აღჭურვილობის გამოყენებას, მიუხედავად რამდენიმე დამოუკიდებელი დასკვნისა, რაც ამტკიცებს ასეთ გამოყენებას, მათ შორის დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია, რომელიც იძიებდა 2008 წლის 12 აგვისტოს დანიელი ჟურნალისტის სიკვდილს. არსებობს მსგავსი დაპირისპირება "გრადების" სარაკეტო სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველო ამტკიცებს, რომ "გრადების" გამოყენება მოხდა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ სამხედრო ობიექტებზე, როგორიცაა სამხრეთ ოსეთის არტილერია ცხინვალის ერთ-ერთ რაიონში, მაშინ როდესაც ეუთოს დამკვირვებლები და სხვა დამოუკიდებელი წყაროები ადასტურებენ ცხინვალის მასობრივ დაბომბვას 7-8 აგვისტოს ღამეს 2008 წლის აგვისტოში "გრადებით". Aმნესტყ Iნტერნატიონალ-ისა და Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის დასკვნებიც იმავეს ადასტურებენ. ეს მიუთითებს, რომ საქართველოს მიერ ცხინვალზე თავდასხმის დროს ორივე მათგანი იყო გამოყენებული და ასევე არსებობს ნიშანი რუსეთის მიერ კასეტური აღჭურვილობის გამოყენებისა გორზე სამხედრო თავდასხმის დროს და, სავარაუდოდ, სხვაგანაც.

30) იყო თუ არა შესაძლებლობა კონფლიქტის თავიდან აცილებისა? მართალია, რომ მცდელობას კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისა წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი და იყო ისეთი სიტუაციებიც, როდესაც საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობა იყო ნაკლებად შორეული, ვიდრე მანამდე. მიუხედავად ამისა, ასეთმა მცდელობამ მარცხი განიცადა. იყო საშუალება, მიღწეულიყო შეთანხმება პრობლემის მოგვარების გარკვეულ ტიპზე. პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესვლის გზით, რომელიც მიანიჭებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ფართო ავტონომიას ფედერალური საქართველოს ფარგლებში. ამ ორი ობიექტის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, მხარეებს ჰქონდათ ფედერალიზმის სხვადახვა ვარიანტის არჩევის საშუალება.

საქართველოს მთავრობა ემხრობოდა ეგრეთ წოდებულ ასიმეტრიულ ფედერალიზმს, რომელშიც დამფუძნებელ სახელმწიფოს ექნებოდა მეტი ძალაუფლება, ვიდრე სხვას. ამ მოდელის თანახმად, აფხაზეთი მიიღებდა უფრო მაღალი დონის ავტონომიას, ვიდრე სამხრეთი ოსეთი. თუმცა აფხაზურ და სამხრეთ ოსეთის მხარეს ჰქონდათ უპირატესი უფლება - თუ მათი პირველადი არჩევანი დამოუკიდებლობისა გამოირიცხებოდა - კონფედერაციისათვის. კონფედერაციის მოდელით მათი სუვერენიტეტი იქნებოდა აღიარებული საერთაშორისო დონეზე და ეს პრინციპში მისცემდა მათ გამოყოფის საშუალებას. ეს სუსტი ფედერალური მთავრობა და სუვერენული ხელისუფლებები წევრი სახელმწიფოებისათვის არ იზიდავდა საქართველოს. ქართველებს ასევე ეშინოდათ, რომ თუ გამოყოფა არ იქნებოდა მატერიალიზებული დაუყოვნებლივ, ეს სახელმწიფოები ან მათი ინტერესები იქნებოდა საშუალება გარე ძალებისთვის მუდმივი ინტერვენცისა საქართველოს საშინაო საქმეებში.

31) წლების განმავლობაში მშვიდობის მიღწევის მცდელობას, მათ შორის სამი მხარის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ გატარებულს, ჰქონდა პოზიტიური ეფექტი რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ასევე იყო პერიოდები მეგობრული ურთიერთობის განახლებისა და ნდობის დამკვიდრების საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის. საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმდინარეობისას, ადგილი ჰქონდა სხვა პროცესს: ზრდად კავშირს რუსეთის ფედერაციასა და ამ ორ ტერიტორიას შორის. ეს მეორე პროცესი, რომელიც უფრო შესამჩნევი გახდა 1999 წლიდან და დაჩქარდა 2008 წლის გაზაფხულზე, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი.

32) მიუხედავად მესამე მხარის რეალური თუ სუბიექტური ინტერესებისა, 1992-2006 წლებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესების ერთ-ერთი სისუსტე იყო ის ფაქტი, რომ ქართული, აფხაზური და სამხრეთ ოსეთის მხარეები კონცენტრირებული იყვნენ გარე ასპექტებსა და მოთამაშეებზე და არ აქცევდნენ ყურადღებას, დაემკვიდრებინათ ორმხრივი ნდობა და ხელი შეეწყოთ შერიგებისათვის. 2006-2008 წლებში ქართველები არ ანიჭებდნენ დიდ მნიშვნელობას ორმხრივ თანამშრომლობასა და საუბარს ცხინვალსა და სოხუმთან, არამედ ამცირებდნენ რუსული სამშვიდობოებისა და მოსკოვის როლს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რაც მიუღებელი იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, ვინაიდან ისინი რუსეთის ფედერაციას მიიჩნევენ მათ ძირითად უსაფრთხოების გარანტად. მეორე მხრივ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ პერიოდში მოითხოვდნენ საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიას და სხვა ცალმხრივ დათმობებს (კოდორის ხეობიდან საქართველოს უსაფრთხოების ძალების გაყვანას და ა.შ.).

33) რუსეთს მიეცა სამშვიდობო ძალების უზრუნველყოფისა და ფასილიტატორის (მომრიგებლის. - რედ.) როლი საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის მოლაპარაკებებში. ამ ფორმულამ სერიოზული ეფექტი მოახდინა არსებულ პოლიტიკურ წონასწორობაზე რეგიონში. ეს ნიშნავდა, რომ ეს ორი კონფლიქტი არ გადაწყდებოდა რუსეთისგან დამოუკიდებლად, რადგან რუსეთის ინტერესები უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული. მოსკოვში დაძაბულობის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით 2006 წელს, ნათელი გახდა, რომ ის არ იქნებოდა უმოქმედოდ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოს მიერ სამხედრო მოქმედებების დროს. მრავალი ქართველის გადმოცემით, რუსული პოლიტიკა, განსაკუთრებით 2004 წლიდან, რაც მოიცავდა ამ ორ ტერიტორიასთან კავშირების ფორმალიზებას, რუსული პასპორტების გადაცემას მოქალაქეებისათვის და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას როგორც პრეცედენტსა და საფუძველს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა, დაკავშირებული იყო უფრო მის ინტერესებთან, ვიდრე გულწრფელი შუამავლის პასუხისმგებლობის თავზე აღებასთან. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში სიტუაციის გაუარესებასთან ერთად უფრო და უფრო რთული ხდებოდა ზემოხსენებული სამეულის ინტერესების ბალანსირებისათვის კომპრომისის მიღწევა.

34) რაც შეეხება საქართველოს მხარეს, საქართველოს მიერ ალტერნატიული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციის დაფუძნება 2006 წელს ბევრის მიერ მიჩნეულ იქნა როგორც ყველაზე საკამათო ნაბიჯი თბილისის მხრიდან კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ეს შეიძლება მოტივირებული ყოფილიყო რამდენიმე ვარაუდით. ერთ-ერთი მათგანი შესაძლებელია დაკავშირებული ყოფილიყო კოსოვოს გარშემო მიმდინარე განხილვასა და მოსკოვის გაფრთხილებასთან, რომ აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების შემთხვევაში. ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის მიერ სეპარატისტების აღიარების გართულებას და რომ ეს გამხდარიყო ნაკლებად შესრულებადი.

35) საერთაშორისო კონტექსტი, რომელშიც ეს მოვლენები მიმდინარეობდა, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ და ასევე ნატოს 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველოს ნატოს წევრად გახდომის დაპირებასთან ერთად, უფრო გართულდა. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, უკან წაეღო 1996 წლის დსთ-ის შეზღუდვები აფხაზეთზე (2008 წლის მარტი) და დაემყარებინა პირდაპირი კავშირები აფხაზურ და ოსურ მხარეებთან გარკვეულ სფეროებში, კიდევ უფრო გაართულა უკვე არსებული რთული სიტუაცია. საერთაშორისო საზოგადოების მიერ დროული და შესაბამისი მოქმედების ნაკლებობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული მშვიდობიანი პროცესებისადმი რაღაც დოზით არაინოვაციურმა მიდგომამ ხელი შეუწყო კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებას. შეცდომების წყებამ, გაშვებულმა შესაძლებლობებმა ყველა მხრიდან სიტუაცია მიიყვანა იქამდე, რომ ძალადობის საფრთხე გახადა რეალური. განსხავებით 90-იან წლებში მომხდარი მოვლენებისა, 2008 წლის აგვისტო აღარ იყო ლოკალიზებული კონფლიქტი, არამედ სასტიკი კონფრონტაცია საქართველოსა და რუსეთს შორის, არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ პირდაპირ ეთერში ტელევიზიით და აღსავსე საერთაშორისო ჩარევებით.

36) ეს დასკვნა გვაჩვენებს, რომ კონფლიქტის წარმოშობის რაიმე ახსნა არ შეიძლება ფოკუსირებული იყოს მხოლოდ ცხინვალზე სამხედრო თავდასხმაზე 7-8 აგვისტოს და იმაზე, თუ რა განვითარება მოჰყვა შემდგომში საქართველოს იერიშს სამხრეთ ოსეთში, და ასევე რუსეთის სამხედრო მოქმედებაზე. მოვლენების განვითარება მოიცავს მრავალ წელს მანამდე და ზრდად დაძაბულობას თვეებისა და კვირების განმავლობაში, რომელიც წინ უძღოდა საომარი მოქმედებების დაწყებას. მხედველობაში უნდა მივიღოთ ასევე წლების განმავლობაში არსებული პროვოკაციები, ორმხრივი ბრალდებები, სამხედრო და პოლიტიკური მუქარა და ძალადობის აქტები კონფლიქტის ზონაში და მის გარეთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ დიდი სახელმწიფოების იძულებითი პოლიტიკისა და დიპლომატიის გავლენა პატარა და ურჩი მეზობლების მიმართ. ჩვენ ასევე სინანულით აღვნიშნავთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის ეროზიას, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და ასევე ყველა მხარის ზრდადი სურვილი, ძალის გამოყენებით მიაღწიონ პოლიტიკურ მიზნებს და იმოქმედონ ცალმხრივად, ნაცვლად იმისა, რომ ეძებონ გადაწყვეტის საშუალება მოლაპარაკებების გზით, რაც უნდა რთული და ხანგრძლივი იყოს მოლაპარაკების პროცესი. საბოოლოდ, ჩვენ ვხედავთ გრძელ კვალს ადამიანების ტანჯვისა და უბედურებისა შეიარაღებული მოქმედების კვალდაკვალ. სად გადის პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაზე, რაც მოხდა? სანამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი მოვლენებისა და გადაწყვეტილებების მიმღებთა იდენტიფიცირება, მანამ არ შეიძLლება პასუხისმგებლობის დაკისრება კონფლიქტის რომელიმე მხარისათვის. ისინი, ყველანი, დამარცხდნენ და ეს უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა, რომ მოახდინონ ამის კომპენსაცია.

37) საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობენ გამარჯვებულები ამ კონფლიქტში. ყველა დამარცხდა, არა მხოლოდ სიცოცხლისა და საკუთრების თვალსაზრისით, არამედ სულ ცოტა მომავლის პერსპექტივებისა და იმედის სფეროში. გარდა დანაკარგისა, პოლიტიკური სიტუაცია არის უფრო რთული, ვიდრე მანამდე იყო. ეს ითქმის არა მხოლოდ, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმს და ცხინვალს შორის ურთიერთობაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა ვერ გადაწყვიტა ვერც ერთი მიმდინარე საკითხი. სიტუაცია რეგიონში კვლავ დაძაბულია. ასევე, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არის უფრო და უფრო გამწვავებული, როგორც არასდროს. გარდა ადამიანური უბედურებისა, საერთაშორისო საზოგადოებაც არის დამარცხებულებს შორის. საერთაშორისო სამართლის პრინციპები, როგორიცაა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, იგნორირებულ იქნა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევები, როგორიცაა ეთნიკური წმენდა, გახდა ელემენტი პოლიტიკური რეალობისა. რადგან ადამიანთა ტანჯვა და პოლიტიკური არასტაბილურობა კვლავ გრძელდება, კონფლიქტები საქართველოში ითხოვს მოლაპარაკების გზით და მშვიდობიანად მოგვარებას, რათა საბოლოოდ იქნეს დამყარებული მშვიდობა რეგიონში, რომელმაც ამხელა ტრაგედია გადაიტანა.

ჰაიდი ტალიავინი მისიის ხელმძღვანელი