ტალიავინის დასკვნა ძირეულად ვერაფერს შეცვლის - კვირის პალიტრა

ტალიავინის დასკვნა ძირეულად ვერაფერს შეცვლის

"მე გრილ შემოდგომას ველი"

ტალიავინის კომისიის დასკვნა საქართველოს ხელისუფლებასაც მოეწონა და რუსეთისასაც. როგორც ოპოზიცია ირწმუნება, დასკვნა, ფაქტობრივად, სააკაშვილის განაჩენია, პრეზიდენტი და სახელისუფლებო პარტია კი კმაყოფილი ჩანან. პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელსაც არ დაუმალავს კმაყოფილება:

- არავინ ელოდა, რომ ტალიავინის კომისია ჩვენთვის უცნობ საკითხებს გამოძებნიდა. მთავარი იყო, რომ კომისიას ჩვენგან მიწოდებული ფაქტები დაედასტურებინა, შეფასება კი ყოველთვის ინდივიდუალურია. ვისაც როგორ  უნდა, ისე წაიკითხავს ამა თუ იმ ფრაზას. თუ დაინტერესებულია ვინმე, ფრაზასაც ამოიღებს კონტექსტიდან. ეს არაერთხელ გააკეთეს ამ დღეებში. რუსული მედია, მასთან უნისონში მყოფი პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები სწორედ ამგვარ, კონტექსტიდან ამოვარდნილ შეფასებებს აკეთებდნენ.

- ქართველ პოლიტიკოს ლიდერებს და ექსპერტებს გულისხმობთ?

- სამწუხაროდ, ასეთებიც გამოჩნდნენ. მთავარი ისაა, რომ რუსეთი მთავარი დამნაშავეა, თუმც შენიშვნებია გამოთქმული საქართველოზეც საომარი მოქმედებების გამო, რაც 8 აგვისტოს სეპარატისტებისა და რუსების საპასუხოდ დაიწყო. ალბათ, იცით, რომ კომისიის რამდენიმე წევრს წინასწარ ჰქონდა განცხადებული ძალზე პრორუსული პოზიცია. ალბათ, ეს აისახებოდა კომისიის დასკვნაზეც.

რუსეთის არგუმენტები, რომ მან აგრესია დაიწყო საქართველოს მოქმედებების პასუხად, კომისიამ განაცხადა, ასეთი ფაქტები არათუ არ ყოფილა, ამის ნიშნებიც კი არ დაფიქსირებულაო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომისიამ დაადასტურა, - ომი და მისთვის მზადება 7 აგვისტომდე გაცილებით ადრე დაიწყოო. კომისიამ ისიც კი თქვა, 2005 წელს ჩატარებული რუსეთის სამხედრო წვრთნები ომისათვის სამზადისი იყოო. დასტურდება, რომ სამხრეთ ოსეთში 7 აგვისტომდე შევიდნენ რუსეთის რეგულარული ჯარებიც და დაქირავებული მებრძოლებიც. ასევე დასტურდება, რომ სეპარატისტებს სამხედრო აღჭურვილობა რუსეთმა მიაწოდა. თუმც კომისიის დასკვნაში არის ერთი პასაჟი, - ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოს დაეწყო საპასუხო სამხედრო მოქმედებებიო. ვისთვის არის საფუძველი და ვისთვის არა. თუ ვიღაცისთვის 100 რუსი ჯარისკაცისა და 50 ტანკის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არაფერს ნიშნავს, ჩვენთვის ნიშნავს. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მხოლოდ მაშინ უნდა გვეპასუხა აგრესორისთვის, როდესაც რუსული არმია თბილისს მოადგებოდა.

- ტალიავინის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო დაპირისპირების აცილება შეიძლებოდა.

- ეს არის ევროპული დოკუმენტი, რომლის შემდგენლებიც ცდილობდნენ, ის აბსოლუტურად დაბალანსებული ყოფილიყო. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს ჭრილობების მოშუშებას და უკეთესი პერსპექტივების შექმნას. ცდილობენ, არც ერთი მხარე არ გააღიზიანონ.

ჩვენ არ ვამბობთ, საქართველოს არ უსვრია და საომარ მოქმედებებში არ ჩართულაო. ჩაერთო, ოღონდ რუსეთის ინტერვენციის საპასუხოდ.  ფაქტების შეფასებისას აუცილებელია კონტექსტის გათვალისწინება.

ევროპის საბჭოს რეზოლუციაში სრულად დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები.

- მაგრამ ევროსაბჭომ რუსეთს არ ჩამოართვა ხმის უფლება.

- ეს დროს მოითხოვს. რუსეთს ჯერ უთხრეს, ხმას ჩამოგართმევთო, მერე ვადა მისცეს იანვრამდე. ვაღიაროთ, რომ რუსეთს თავში ხელის წამორტყმით მსოფლიოში ვერავინ ელაპარაკება. არ უნდათ მისი გაღიზიანება, რადგან უფრო უარესი რამ არის მისგან მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ ობამა ცდილობს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს, მაინც განაცხადა გაეროში გამოსვლისას, საქართველოს ინტერვენცია მოხდა და ამერიკა ვერ აიტანს დიდი ქვეყნისაგან პატარის დაჩაგვრასო.

ასე რომ, ტალიავინის დასკვნა ძირეულად ვერაფერს შეცვლის.

- ოპოზიცია სწორედ დასკვნის ცალკეულ დეტალს იყენებს ხელისუფლების დასადანაშაულებლად.

- ვიღაცების პოლიტიკური რეანიმაცია ვერ მოხერხდება იმით, თუკი გამოცვივდებიან და დასკვნის კონტექსტიდან ამოგლეჯილ ცალკეულ ნაწილს წაიკითხავენ.

- ვის გულისხმობთ?

- ოპოზიციის ერთ ნაწილს. ხელისუფლებას ბევრი რამ აქვს გასაკრიტიკებელი და სადავო, მაგრამ გაუმართლებლად მიმაჩნია პრორუსული პოზიციის დაკავება. ეს ცუდი და არასწორი პოლიტიკაა. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, საქართველოს ინტერვენცია მოხდაო, ქართველმა პოლიტიკოსმა არ უნდა თქვას, ომი საქართველომ დაიწყოო.  ეს სირცხვილია! თუ სხვა გზა არ დარჩენიათ, გააგრძელონ ასე ლაპარაკი და საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობას სულ დაკარგავენ. ოპოზიციას ხელისუფლების გაკრიტიკებას არავინ უკრძალავს, მაგრამ როდესაც ასეთი ვითარებაა, "ჩემი ბიძაშვილი ხარ თუ დათვის?" გამოდის, არ ყოფილხარ ჩემი ბიძაშვილი. რას მიაღწევს ოპოზიცია ასეთი ლაპარაკით? საბედნიეროდ, ჩემი შეფასებები არ ეხება მთელ ოპოზიციას. იქ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ღირსეული ბრძოლაც შეუძლიათ და როცა საჭიროა, ქვეყნისთვის სასარგებლო პოზიციის დაკავებაც.

- ოპოზიციამ დაასახელა მერობის კანდიდატი. თბილისში ოპოზიცია გაიმარჯვებსო, ასეთია პროგნოზი.

- შედეგს არჩევნები გვაჩვენებს. ალასანია ღირსეული პოლიტიკოსია, იცის, რომ მხოლოდ ლანძღვით საქმე არ კეთდება. მას სხვა ოპოზიციონერებზე მეტი შანსი აქვს, თუმც ყველაზე მეტი შანსი მაინც ხელისუფლების კანდიდატს ექნება.

- გიგი უგულავას? ამბობენ, მას პრეზიდენტთან ურთიერთობა გაურთულდაო.

- რამდენადაც ვიცი, სახელისუფლებო კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. სხვა ინფორმაცია არა მაქვს. ჭორი მეც ბევრი გამიგია, მაგრამ არ შემიმჩნევია, რომ პრეზიდენტსა და გიგი უგულავას გართულებული ურთიერთობა ჰქონდეთ.

- ოპოზიცია აცხადებს, ცხელი პოლიტიკური შემოდგომა გველის.

- კარგია, თუ ოპოზიცია აქტიურობას აპირებს. პოლიტიკაში კრიტიკაც უნდა იყოს, შეტევაც და კონკურენციაც, მაგრამ ყველაფერს აქვთ ჩარჩო და ეთიკა. პოლიტიკოსებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას ფიქრობენ, ოპოზიცია თავადაც ეყოლებათ და მათაც ისევე მოექცევიან, როგორც  თვითონ ექცევიან ხელისუფლებას. ჯერ ფონს გავიდეთ, ქვეყანა გავაძლიეროთ და მერე რამდენიც უნდათ, იმდენი იბრძოლონ გავლენისა და ხელისუფლებისთვის. ოპოზიციისგან ანონსირებულ ცხელ პოლიტიკურ შემოდგომაზე კი გეტყვით, რომ მე გრილ შემოდგომას ველი.