შვება ევროპისთვის - კვირის პალიტრა

შვება ევროპისთვის

შვება ევროპისთვის

ტალიავინის კომისიის დასკვნა ნამდვილი შვება აღმოჩნდა ევროპისთვის. ევროპას თითქოს ტვირთად აწვა საკუთარი უსუსურობა რუსეთის წინაშე, რომელმაც პატარა საქართველო მის თვალწინ დაჩაგრა, - ჯერ დაბომბა, შემდეგ კი ტერიტორიები წაართვა.ახლა ევროპას შეუძლია მშვიდად დაიძინოს! აგრესორი თურმე საქართველო ყოფილა. მართალია, ტალიავინის კომისიის დასკვნაში რუსეთიც არაერთ დანაშაულშია მხილებული, მაგრამ ევროპის საზოგადოებისთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის ფრაზა აღმოჩნდა, სადაც წერია, რომ "საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვით, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს ღამიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გრძელდებოდა, საქართველოში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო". შეგვიძლია დასკვნის მეორე დღეს გამოსული ევროპული პრესის სათაურებს გადავხედოთ. მათთვის მთავარი თემა სწორედ საქართველოს ომის დაწყებაში მხილებაა: "რუსულ-ქართული კონფლიქტის დაწყებაში დადანაშაულებული საქართველო" (le figaro), "ევროკავშირის აზრით, ომი საქართველომ დაიწყო" (liberation), "როგორ უნდა მოიქცე, როდესაც შენი მოკავშირე აგრესორია?" (Cato instiute), "ომი სამხრეთ ოსეთში: ის საქართველომ დაიწყო" (guardian.co.uk), "2008 წლის ომის გაჩაღების გამო ხელს საქართველოსკენ იშვერენ" (le temps), "საქართველოს შეტევა რუსეთთან ომის წინ, საერთაშორისო კანონის თანახმად, გაუმართლებელია" (guardian.co.uk),  "ევროკავშირის ანგარიში: ომი რუსეთთან ქართული შეტევით დაიწყო" (Associated Press), "ომი საქართველომ დაიწყო" (fFrankfurter Allgemeine), "ევროკავშირის ვერდიქტი საქართველოზე" (corriere della sera).

რაც უნდა იძახოს ბატონმა თემურ იაკობაშვილმა, რომ ანგარიშში არსად წერია, ომი საქართველომ დაიწყოო, თითქმის ყველა ევროპულმა გამოცემამ ტალიავინის კომისიის დასკვნიდან საწინააღმდეგო აზრი გამოიტანა. ევროპელ ჟურნალისტებს თავად ტალიავინის განცხადება მოჰყავთ. - მისიის თვალთახედვით, სწორედ საქართველომ დაიწყო ომი, როდესაც 2008 წლის 7-8 აგვისტოს, ღამით ცხინვალს მძიმე არტილერიით შეუტია... ამ დროს მასობრივი რუსული შემოჭრა დაწყებული არ ყოფილა, - უთხრა ჟურნალისტებს ქალბატონმა ტალიავინმა. მართალია, ევროპული პრესა იქვე მიუთითებს, რომ ანგარიშის მიხედვით, რუსეთიც დადანაშაულებულია კონფლიქტის გაღვივებაში, პროვოკაციებში, ძალის გადამეტებაში და ა. შ., მაგრამ მთავარი სიახლე მათთვის მაინც საქართველოს მიერ ომის დაწყებაა. ახალი ამბით არანაკლებ აღფრთოვანებულები არიან ევროპელი მაღალჩინოსნები. "ეს ყველაფერი სააკაშვილმა დაიწყო, რადგან ამერიკელთა დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ასეთია ამ ამბის სამწუხარო ისტორია", - განუცხადა დასკვნის გამოქვეყნებისთანავე ჟურნალიტებს ევროპის საქმეთა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა პიერ ლელუშმა.

ახლა ბატონ პიერსაც შეუძლია მშვიდად დაიძინოს და არ იდარდოს იმის გამო, რომ ევროპა ვერაფრით აიძულებს რუსეთს იმ შეთანხმების შესრულებას, რომელსაც ხელი სწორედ მისმა პრეზიდენტმა, ბატონმა ნიკოლა სარკოზიმ მოაწერა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, იმიტომ, რომ ბატონ პიერს შეუძლია რუსეთს კოჭი გაუგოროს და თან სინდისმაც არ შეაწუხოს, - პასუხი მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას მოვთხოვოთ.

KvirisPalitra.Geსააკაშვილის ხაფანგი სააკაშვილისთვის

ვისაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით არც ქართული და არც რუსული ვერსიისა არ გვჯერა, საქართველოს ხელისუფლებას იმას კი არ ვედავებით, ომი პირველმა დაიწყო თუ მეორემ, არამედ იმას, გაება თუ არა იგი რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში. თუ საქართველოს ხელისუფლება ხაფანგში გაება და პროვოკაციაზე წამოეგო, ეს მის პასუხისმგებლობას ქართველი ერის წინაშე თუ არ ზრდის, არც ამცირებს. სულ არ გვაინტერესებს, დაარღვია თუ არა მან საერთაშორისო სამართალი! ჩვენ გვაინტერესებს, შეიძლებოდა თუ არა, ამ ხაფანგში არ გავბმულიყავით.  სადავო ჩვენს ხელისუფლებასთან სწორედ ეს გვაქვს. სააკაშვილის რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში გაბმა მით უფრო სამწუხაროა, რომ ასეთი ხაფანგი თავის დროზე, თავად მან დააგო წარმატებით (აჭარიდან ასლან აბაშიძის გაგდებას ვგულისხმობ). მაშინ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ომის დაწყების ილუზიის შექმნით წარმატებით წამოაგო აბაშიძე პროვოკაციაზე. გახსოვთ ალბათ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჯერ ვითარება დაძაბა უკიდურესად, შემდეგ კი ჩოლოქთან ახლოს სამხედრო წვრთნები დანიშნა. ბუნებრივია, საქართველოში არავის სჯეროდა, რომ სააკაშვილი აჭარაში შეჭრას და რეგიონის აღებას ძალის გამოყენებით აპირებდა, თუმცა ამ ტრიუკმა კარგად იმუშავა, აბაშიძე დაფრთხა და შეცდომაც დაუშვა - ჩოლოქის ხიდი ააფეთქა. ეს აბაშიძემ სწორედ ქართული ჯარის შემოჭრის შიშის გამო გააკეთა.

თუ შევთანხმდებით, რომ რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას ხაფანგი დაუგო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაქტიკა იგივე იყო. რუსეთმა ჯერ კონფლიქტის ზონაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა, შემდეგ საზღვართან ახლოს მასშტაბური წვრთნები დანიშნა, დაიწყო მცირე საჯარისო ფორმირებების ცხინვალისკენ გადაადგილება და დაელოდა, საქართველოს ხელისუფლება შეცდომას როდის დაუშვებდა. სააკაშვილი ზუსტად ისევე წამოეგო ამ ანკესზე, როგორც თავის დროზე თავად წამოაგო აბაშიძე.