ნუ იტყვით უარს სარკეში ჩახედვაზე! - კვირის პალიტრა

ნუ იტყვით უარს სარკეში ჩახედვაზე!

ხელისუფლება  ფოტორეპორტიორთა საქმითაც კარგად მიხვდა, რა ძალა აქვს თავისუფალ მედიას

საზოგადოდ, თავისუფალი მედია არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ უყვარს, რადგან თავისუფალი მედია მთავარი იარაღია საზოგადოების ხელში, რომელიც ხელისუფლებების  რეპრესიულ ბუნებას უპირისპირდება. საუკეთესო ხელისუფალნიც კი ვერ უძლებენ ძალაუფლების ცდუნებას და ცუდი საქმეებისაკენ გაექცევათ ხოლმე ჯერ ფიქრი, მერე კი ხელი. ამ დროს კი მთავარი ხელის შემშლელი და მამხილებელი "აბეზარი" მედიაა, რომლის მოშთობის სურვილი, ალბათ, გულში ბევრ ხელისუფალს უღიტინებს.

დემოკრატიულ მმართველებსა და დიქტატორებს შორის სხვაობა ის არის, რომ დიქტატორული რეჟიმები თავისუფალი მედიის განადგურებას ან სრულად დამორჩილებას ცდილობენ, დემოკრატიული მმართველები კი ღირსეულად იტანენ კრიტიკას და მედიის გაკონტროლებას ან ჯიბეში ჩასმას კი არა, შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ. რაც მთავარია, მედიაზე ზეწოლა და მისი მოშთობის სურვილი უპირველეს ყოვლისა, იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლების საჯაროდ დეკლარირებული დემოკრატიული იდეალები და გეგმები, სინამდვილეში, სულ სხვა მიზნებით და ამოცანებით იცვლება.

რამდენიმე წლის წინ ერთ საინტერესო სემინარზე მოვხვდი. სემინარი ჟურნალისტებისთვის არ იყო განკუთვნილი. მას მოსამართლეები და ადვოკატები ესწრებოდნენ. ერთ-ერთ ტრენერად ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი იუსტიციის მინისტრი იყო მოწვეული. მან ამერიკის უდიდესი ნავთობკომპანია "ენრონის" გაკოტრების საქმეზე წაიკითხა მოხსენება. გაგიკვირდებათ და, ამ ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა გვითხრა: "ყველაზე მეტად ჟურნალისტები არ მიყვარს, საშიში ხალხია, დაგესევიან, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ, თუU შეიძლებაო და ისეთ რაიმეს დაგაცდენინებენ, რომლის გახმაურება სულაც არ გინდა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს ჯანსაღი სახელმწიფო, რადგან ჟურნალისტების შრომა ფასდაუდებელია. საკვირველია, მაგრამ რატომღაც საზოგადოება უფრო მეტად ენდობა მედიას, ვიდრე ჩვენ, სამართალდამცველებს, და ხშირად ჟურნალისტებს ისეთ რამეებს გაანდობენ ხოლმე, რასაც სამართალდამცავ სტრუქტურაში არასოდეს მოჰყვებიან. რა თქმა უნდა, დემოკრატიის განვითარება თავისუფალი მედიის გარეშე წარმოუდგენელია".

ესეც ფაქტი იმისა, რომ თავისუფალი მედია არც ერთ ჩინოსანს ეხატება გულზე. უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყანაში მედიისა და სახელმწიფოს თანაარსებობის პირობები სხვადასხვაგვარია.

აქვე მინდა მედიის როლზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. მაგალითად,  საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქართველ ჟურნალისტებს არასწორად ესმით თავისუფალი პრესის როლი (ამ ინფორმაციას ვიკილიქსი აქვეყნებს). კონკრეტულად, რა ესმით არასწორად ქართველ ჟურნალისტებს, მიხეილ სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ქართველი მოხელეებისაგან არაერთხელ მიღებულ უცნაურ მითითებებს თუ გავიხსენებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რას გულისხმობდა პრეზიდენტი.

თურმე ნუ იტყვით, მედიის როლი რაღაც-რაღაცების ჩხრეკა კი არა, ნათქვამის ადგილამდე სწორად მიტანა ყოფილა! ვერ დავეთანხმები, მედიის როლი ნათქვამის საზოგადოებამდე სწორად მიტანაც არის, მოვლენების სწორად შეფასება და გაანალიზებაც და იმ "საგმირო საქმეების" ჩხრეკა და გამოაშკარავებაც, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენელნი თუ სხვანი სჩადიან. ცხადია, მედიისაგან ინფორმირებულ საზოგადოებასთან არჩევნებში გამკლავება არ არის იოლი საქმე და ამიტომ, მავანის აზრით, უნდა ამოქმედდეს ყველა ბერკეტი, რათა ნაკლები ინფორმაცია მივიდეს საზოგადოებამდე.

მას შემდეგ, რაც ქართულმა თავისუფალმა მედიამ ერთსულოვნების უპრეცედენტო მაგალითები აჩვენა ("კვირის პალიტრაში" შემოსავლების სამსახურის საეჭვო შემოსვლის გამო გამართული საპროტესტო აქციები, ფოტორეპორტიორთა საქმის გაპროტესტება, რამაც ნაყოფი გამოიღო), გულმა რეჩხი მიყო, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლის ახალ, შეფარულ ბერკეტებს აამუშავებდა და აი...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს "ალფაკომის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  აქციების 100%-იანი წილი ოთხი წლით მართვის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. განა რა პრობლემაა ანძის აუქციონზე გატანა, მით Uუმეტეს, თუ რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია აუცილებელი პირობაა. რა ჯობს, თუკი ანძას ფულიანი პატრონი გამოუჩნდება, რომელიც მოუვლის ჩვენს საინფორმაციო სიხშირეებს? საქმე ის არის, რომ ანძა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია და მისი გასხვისება ან მართვის უფლებით გადაცემა უამრავ პრობლემას შექმნის. ბუნებრივია, ტენდერის სამართლიანად ჩატარების იმედი რომ გვქონდეს, შეშფოთების საფუძველი ნაკლები იქნებოდა, მაგრამ როგორც გამოცდილება გვკარნახობს, ანძას  ხელში ჩაიგდებს რომელიმე პროსახელისუფლებო კომპანია, რომელიც ანძის მოვლა-პატრონობაზე კი არა, ხელისუფლების არადემოკრატიული ინტერესების გატარებაზე იქნება ორიენტირებული.

ანძა კი ძალზე მძლავრი ბერკეტია  თავისუფალ მედიაზე ზეწოლისათვის. სქემა ძალზე მარტივია: მაგალითად, ანძის მფლობელს შეუძლია საბაზრო ეკონომიკის პრინციპები მოიშველიოს და ანძით მომსახურების ღირებულება შეხედულებისამებრ გაუზარდოს კომპანიებს. იმ შეთხვევაში, თუU ტელე ან რადიოკომპანია ვერ შესწვდება დაწესებულ ტარიფს, ხელშეკრულების დარღვევისათვის ანძის მეპატრონე უბოდიშოდ გაუთიშავს სიხშირეს და აღარ მისცემს მაუწყებლობის უფლებას. წახვალ და კონკურენტ ანძას მიმართავ თუU რა? მეორე ვარიანტიც არის: პოლიტიკურად ცხელ პერიოდში ანძის მეპატრონე ტექნიკური ხარვეზის მომიზეზებით გაგითიშავს სიხშირეს და დაემშვიდობე მაუწყებლობას. ვის რას დაუმტკიცებ?! ან კიდევ ერთი მაგალითი: რამდენიმე საკაბელო არხი ტელეკომპანია "მაესტროს" ჯიუტად არ სვამს საკუთარ ბადეში, არ უნდა და მორჩა! კერძო კომპანიაა...

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, ირაკლი მოსეშვილმა  არ გამორიცხა, რომ ანძის სხვა კომპანიისთვის გადაცემის შემდეგ მაუწყებლებს მომსახურების ტარიფები გაეზრდებათ. არც ის დაუმალავს, რომ ამან შეიძლება  პრობლემა შეუქმნას მაუწყებლებს, განსაკუთრებით - პატარა მაუწყებლებს, რომლებსაც არა აქვთ ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, როგორიც ნაციონალურ არხებს, ხოლო ტარიფების მკვეთრი ზრდა მაუწყებლებს შორის კონკურენტუნარიან გარემოს ჩაკლავს.

ეს საფრთხეები თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს კარგად აქვთ გააზრებული. ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" წარმომადგენლებმა  მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს. კოალიცია აუქციონის გაუქმებას ან პირობების დაკონკრეტებას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, ანძის კერძო კომპანიის მფლობელობაში გადასვლა საფრთხეს შეუქმნის იმ ტელევიზიებსა და რადიოსადგურებს, რომლებსაც ჯერ ვერ აკონტროლებს ხელისუფლება. "კავკასიის" ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წერილი უკვე შეიტანა აუქციონის პირობების დაკონკრეტების მოთხოვნით.

ნინო ჯანგირაშვილი: "შეუძლებელია ნორმალურად მონაწილეობა ტენდერში, რადგან საიტზე პრაქტიკულად არაფერია გამოქვეყნებული, ორგანიზაციის პროფილიც კი. ინფორმაცია ობიექტის შესახებ არა მაქვს, ამიტომ ვითხოვ ეკონომიკის სამინისტროსგან, მაგრამ ვერ ვეღირსე. ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე, რაში უნდა დავაბანდო 12 მილიონი. ცხადია, ეს კორუფციული გარიგების კლასიკური მაგალითია, სპეციალურად აშორებენ სხვა ინვესტორებს აუქციონს, რათა ხელისუფლებისთვის სასურველმა პირმა გაიმარჯვოს. პირველი შესატანი 10.000 ლარია, მერე მართვის უფლება იყოფა 4 წელიწადზე, 12-მილიონიანი ინვესტიცია კი არავინ იცის, როგორ და რა პირობით უნდა განხორციელდეს? სავარაუდოდ, არავითარ ინვესტიციაზე არ არის ლაპარაკი. სწორედ იმის მეშინია, რომ ეგრეთ წოდებული "ინვესტორი" ინვესტიციას კი არ განახორციელებს, არამედ ამოიღებს დებიტორულ დავალიანებას, მიმდინარე ხარჯებს გააფორმებს ინვესტიციად და მერე გეტყვის, რომ 12 მილიონი დააბანდა. ასე ხომ მეც გავხდები ინვესტორი?!"

სამწუხაროდ, ეს მედიაზე პირველი შეტევა  როდია. იერიში ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. ერთ-ერთი "მნიშვნელოვანი რეფორმა," რომელიც "ვარდების რევოლუციის " შემდგომ მოსულმა ხელისუფლებამ გაატარა, დედაქალაქის ცენტრალური უბნებიდან პრესის გამავრცელებელი ჯიხურებისა და სტელაჟების აღება იყო. თურმე არსებული ობიექტები თბილისს იერს უმახინჯებდა. ითქვა, ევროპის დედაქალაქების ცენტრალურ ქუჩებზე თვალს ვერ მოჰკრავთ ასეთ "სიმახინჯესო"(?!).

ამ განცხადების შემდეგ ნათელი შეიქნა: სტელაჟებისა და ჯიხურების აკრძალვა ჟურნალ-გაზეთების რეალიზაციაში ხელის შეშლას ისახავდა მიზნად. რაც უფრო ნაკლებია სარეალიზაციო პუნქტი, მით ნაკლებია ტირაჟი, რაც ნაკლებია ტირაჟი, მით ნაკლებია შემოსავალი. ეს კი თავისუფალი მედიის განვითარების შესაძლებლობას კლავს და იძულებულს ხდის, რაღაცაზე ან ვიღაცაზე დამოკიდებული იყოს. ფაქტია, ამას მედიის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ამ ამბავში დროულად ჩაერია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, თორემ დღეს თავისუფალი მედია აღარ იქნებოდა საქართველოში. ხელისუფლებამ მაშინ "უკან დაიხია" და განაცხადა:

ტენდერი გამოცხადდება და ვინც საუკეთესო დიზაინის ჯიხურებს შემოგვთავაზებს, ჟურნალ-გაზეთების პრესტიჟულ ადგილებზე გაყიდვის უფლებასაც ის მიიღებსო. ტენდერი გაჭიანურდა, ჩვენ კი სულ მალე გასაკვირი ფაქტის მოწმე გავხდით: ერთ დილას, უტენდეროდ და უკონკურსოდ,  თბილისის ქუჩებში, მათ შორის იქაც, სადაც ადრე სხვა გამავრცელებლების ჯიხურები იდგა, პრესის სარეალიზაციო (თუმცა შემდგომში გაირკვა, რომ ისინი სინამდვილეში სულ სხვა მიზნით, ლატარიის გავრცელებისთვის იყო განკუთვნილი) ახალი ჯიხურები ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით გამოჩნდა, ასევე ახალი გაზეთის "პრაიმ ტაიმის" სარეკლამო ბანერებით.

უცნობი იყო ჯიხურების მეპატრონე კომპანიის ვინაობა და არც სადისტრიბუციო კომპანიებისთვის უცნობებია ვინმეს, რომ კონკურს-ტენდერი ჩატარდა. ეს ამბავი რომ მოვიკითხეთ, მერმა ე.წ. ""პრაიმ ტაიმის"" ჯიხურების არსებობა არც კი შეიმჩნია და პრესის გამავრცელებლებს აქეთ მოსდო შარი: როგორც ვიცი, თავად პრესის გამავრცელებელთა ასოციაცია ჯერ ვერ შეთანხმდა(?!). პრესის გამავრცელებელ კომპანიებს თუ ჯიხურები უნდათ, აღარ უნდა ჰქონდეთ ღია, ცელოფანგადაფარებული დახლებიო" (არადა, არაერთხელ შეეხმიანენ პრესის გამავრცელებლები მერიას, გვირჩიეთ, როგორი დიზაინის ჯიხურები დავამზადოთო, მაგრამ პასუხი დღემდე არ ჩანს).

უსაშველოდ გაჭიანურდა ბეჭდური მედიის გამჭვირვალედ გავრცელების უზრუნველსაყოფად "საქართველოს პრესის ასოციაციის" საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში განხილვა და მიღებაც. კანონპროექტი სწორედ პრესის გავრცელებაში არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად, კერძოდ, ბოლო უნდა მოეღოს 2009 წელს დაწყებულ მანკიერ მოვლენას - ბეჭდური მედიის ადგილობრივი თვითმმართველობებისგან გაკონტროლების მცდელობას. ბეჭდური მედიისთვის კვლავაც გართულებულია პრესის გავრცელება, ზოგჯერ კანონების, ზოგჯერ კი პოლიტიკური ვითარების გამო.

გადასაწყვეტია მოსაკრებლების საკითხიც, როგორც ცივილიზებულ დასავლეთშია, სადაც პრესა განსაკუთრებულ პროდუქტად არის აღიარებული და ამიტომაც ბეჭდური პროდუქციით ვაჭრობას ხელს უწყობენ.

საქართველოში კი ერთ "მშვენიერ" დღეს შეიძლება თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ (უფრო სწორად - გამოუცხადებელ) ტენდერში გაიმარჯვოს კომპანიამ, რომელსაც ხელისუფლება მიუთითებს, არ გაყიდოს ის გაზეთი, სადაც კრიტიკული მასალები იბეჭდება. დაბეჭდვაში ხელს არ შეუშლიან, მაგრამ თუ ვერ გაყიდე ასეთი გაზეთი, გინდ დაიბეჭდოს, გინდ არა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, პრესის გაკონტროლება ერთი ხელის მოსმით არც ისე იოლი საქმე გამოდგა. ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ცალ-ცალკე მოევლო გაზეთებისა თუ მედიაჰოლდინგებისთვის. ეტყობა, იფიქრა, ქართველი საზოგადოების ნაკლი - სოლიდარობის გრძნობის ნაკლებობა მედიაზეც გავრცელდებოდა. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი 26 მაისის მოვლენების შემდეგ "მედიაპალიტრის" ფინანსურ შემოწმებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, "მედიაპალიტრაში" ექვს სხვადასხვა შპს-ში შემოსავლების სამსახური ერთდროულად შემოვიდა.

მართალია, გვარწმუნებდნენ, გეგმური საგადასახადო შემოწმებაა და თქვენი მუშაობა არ შეფერხდებაო, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეაფასა საზოგადოებამ. თითქოს რა ზეწოლაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა შემოსავლების სამსახური ერთ-ერთ რიგით გადამხდელს ამოწმებს? ამაში უცნაური და საეჭვო რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ექვსივე კომპანიის კომპიუტერული სისტემის მიერ "ერთად ამოგდებამ" ეჭვი გაამძაფრა. შემოსავლების სამსახური დღემდე მედიაჰოლდინგშია, მუშაობას აგრძელებს და ჯერაც არ ვიცით, რით დასრულდება ეს "ლოტოტრონული" შემოწმება. იმის გამო, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში გადასახადის გადახდისა და გამოანგარიშების წესები ძალზე ბუნდოვანია, სახელმწიფოს ყოველთვის აქვს შანსი, ურჩები დასაჯოს და დააჯარიმოს იმხელა თანხით, რამხელათიც მოესურვება.

ქვეყანაში, სადაც მოჯადოებული წრეა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი და სასამართლო სრულ მორჩილებასა და ორი-სამი კაცის სიტყვას არის დაქვემდებარებული, ხელისუფლებისათვის მედიის დამორჩილება აშკარად საშური საქმეა. მით უმეტეს, 2012 და 2013 წლის არჩევნების წინ! მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო არხების უმრავლესობა ხელისუფლების ხელშია (მათ ჩვენ სახელისუფლებო მედიას ვეძახით), ხელისუფლება  ფოტორეპორტიორთა საქმის წყალობითაც კარგად მიხვდა, რა ძალა აქვს ჯერ კიდევU თავისუფალ მედიას. სადამსჯელო ოპერაციები, რომლებიც ხელისუფლებამ ჩაატარა დამოუკიდებელი მედიის მოსათვინიერებლად, არ აღმოჩნდა საკმარისი, აშკარა შეტევაზე გადმოსვლა და ჟურნალისტებისთვის ავტომატის ჯერის მიშვება კი დასავლურ ღირებულებებზე მოლაპარაკე ხელისუფლებისაგან არ გამოდის, ჯერჯერობით მაინც.

P.S. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: "მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე". თავისუფალი მედია ქვეყნის სარკეა, ნუ იტყვით, ბატონებო, უარს სარკეში ჩახედვაზე!