"ჰიტლერიც აგებდა გზებს, მაგრამ მისი მმართველობა გერმანიის დაყოფით დასრულდა" - კვირის პალიტრა

"ჰიტლერიც აგებდა გზებს, მაგრამ მისი მმართველობა გერმანიის დაყოფით დასრულდა"

"საქართველოში ნამდვილად არის ოქლოკრატიის ნიშნები და დიქტატურაში გადასვლის მცდელობა"

ამჯერად დიქტატორთა და დემოკრატ ლიდერთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, მათთვის დამახასიათებელ ადამიანურ სისუსტეებსა და თვისებებს განვიხილავთ. შეიძლება ისტორიული მაგალითების გაცნობისას ბევრ თქვენგანს ქართველ პოლიტიკოსთა პორტრეტებიც წარმოუდგეს თვალწინ. დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია.

რატომ მიიჩნევს კაცობრიობის ისტორია სახელმწიფო მართვის საუკეთესო ფორმად დემოკრატიას და გვჭირდება თუ არა დიქტატურა? რა ტიპის ლიდერები იყვნენ დიქტატორები და რით განსხვავდებიან მათგან დემოკრატები? - ამ თემაზე "კვირის პალიტრას" პოლიტოლოგი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე ესაუბრა.

- დიქტატურა ლათინური სიტყვაა და "ერთი პირის ან პირთა ჯგუფის შეუზღუდავ ძალაუფლებას" ნიშნავს. ძველ რომში დიქტატორს სენატი ნიშნავდა არა უმეტეს 6 თვის ვადით და მას საგარეო საშიშროებისაგან დაცვა ან შინაარეულობის აღკვეთა ევალებოდა.

- საგარეო საფრთხე და შინაარეულობა არც ჩვენთვის არის უცხო ხილი. გამოდის, ზოგჯერ დიქტატურა კიდეც გვესაჭიროება?

- ჩვენთვის ისტორიულად საგარეო საფრთხეც და შინაარეულობაც თანამდევი პროცესია. ზოგჯერ შეიძლება იყენებდნენ კიდეც  ამ ფაქტორებს დიქტატურის გასამართლებლად, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო ან ვადა აქვს. ძველ რომში დიქტატორობის ვადა, როგორც გითხარით, შეზღუდული იყო, ზოგჯერ დიქტატორი მოვალეობის შესრულებისთანავე (ვადაზე ადრე) ტოვებდა პოსტს. მეტწილად დიქტატორებად მთავარსარდლები ინიშნებოდნენ, კანონით განსაზღვრული ფართო უფლებამოსილებით, მაგრამ იყო სხვა მიზეზიც. ომის დროს მათ ომის მწარმოებელი დიქტატორის სტატუსი ენიჭებოდათ. ხანდახან კი ერთი შეხედვით უცნაური დავალების შესასრულებლადაც ინიშნებოდნენ. მაგალითად, არსებობდა "ლურსმნის ჩამსობი დიქტატორი". "ლურსმნის ჩასობა" ერთ-ერთი რელიგიური რიტუალი იყო.

დროთა განმავლობაში დიქტატურამ განსხვავებული ხასიათი შეიძინა. მას უჭირდა დადგენილ ვადაში მდგომარეობის გამოსწორება, ამიტომ დროებითი დიქტატურა ცდილობდა, მუდმივი გამხდარიყო და კანონით დადგენილი საზღვრები გადაელახა. პირველად ამის მაგალითი რომის სამხედრო და პოლიტიკურმა მოღვაწემ სულამ მოგვცა, შემდეგ იულიუს კეისარმა. მათ რადიკალურად შეცვალეს დიქტატურის ხასიათი - აღარ ემორჩილებოდნენ კანონს, რომელსაც თავიანთი ინტერესების შესაბამისად ცვლიდნენ, არ იყვნენ პასუხისმგებელი ხალხის წინაშე. სწორედ იულიუს კეისრის დიქტატურის წყალობით იქცა რომის რესპუბლიკა იმპერიად.

თითქმის კეისრის მსგავსად (ისარგებლა 1799 წლის კონსტიტუციის ბუნდოვანი მუხლებით) დააკანონა თავისი დიქტატურა ნაპოლეონ ბონაპარტმაც.

XX საუკუნეში ფართოდ გავრცელდა დემოკრატიული მოწყობის იდეები. მიუხედავად ამისა, დიქტატურები კვლავაც არსებობს. უფრო მეტიც, ბევრ ქვეყანაში დემოკრატიულ მთავრობებს ანაცვლებენ. დიქტატორი ყოველთვის ევლინება ერს როგორც მხსნელი, როგორც უბრალო ადამიანის მტრებისაგან დამცველი. მაგრამ არც ერთ დიქტატურას არ შეუსრულებია დანაპირები - მიეცა ხალხისთვის ცხოვრების მაღალი დონე, სტაბილურობა და უსაფრთხოება.

წარმატებები, როგორც წესი, ყოველთვის დროებითია, ხოლო საფასური - საშინელი. მით უფრო, თუ დიქტატორს დროულად უკან დასახევად არ ჰყოფნის ჭკუა და პასუხისმგებლობა. მაგალითად, ჰიტლერმა ააშენა გზები და დაასაქმა გერმანელები, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რითი დამთავრდა მისი მმართველობა - სამხედრო მარცხითა და ქვეყნის დაყოფით.

თითქმის ორმოცდაათწლიანი ფაშისტური მმართველობის შემდეგ პორტუგალია დასავლეთ ევროპის უღარიბეს ქვეყნად იქცა. პოლ პოტმა ოთხწლიანი მმართველობისას საშინელი ტერორი დაამყარა კამბოჯაში - ინტელიგენცია, მდიდარი მოქალაქეები, მოსახლეობის ლამის ნახევარი ამოწყვიტა. პოლ პოტი უტოპიური კომუნიზმის დამყარებას ცდილობდა, რასაც არაოფიციალური სტატისტიკით, რამდენიმე მილიონი კაცის სიცოცხლე შეეწირა.

- რას გვეტყვით დიქტატორებისთვის დამახასიათებელ თვისებებზე?

- არსებობს ლიდერის სხვადასხვა ტიპი. რადგან დიქტატორებისთვის დამახასიათებელ თვისებებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს პარანოიდული ლიდერი. ასეთ პიროვნებას ახასიათებს ეჭვიანობა, უნდობლობა, გამძაფრებული მგრძნობიარობა ფარულ საფრთხეზე, ძალაუფლების მუდმივი წყურვილი. პარანოიდული ტიპის პოლიტიკოსის ქცევისა და მოქმედების გათვლა შეუძლებელია. არ ითვალისწინებს სხვათა თვალსაზრისს, გარდა საკუთარისა, უარყოფს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც არ ადასტურებს მის მტკიცებებს, რწმენას. ასეთი პოლიტიკოსი სინამდვილეს აღიქვამს უკიდურესობებით: "მტრები, "მეგობრები", "თეთრი", "შავი"... მძაფრი რეაქცია აქვს ღალატზე. მისი შეუზღუდველი ძალაუფლებისკენ მისწრაფება განმტკიცებულია ქვეშევრდომების მანიპულაციებით, ინტრიგებით, მათი ერთმანეთთან დაპირისპირებით. მმართველობის ასეთ სტილს ხშირად ახლავს სურვილი, დათრგუნოს ან დაამციროს სხვა პოლიტიკოსი. ასეთი ლიდერი საშიშია იმით, რომ მყარი დემოკრატიული ტრადიციების, კულტურის უქონელ საზოგადოებაში ქმნის საყოველთაო შიშის, დასმენების, "მტრების" ძიების ატმოსფეროს და ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებისთვის ხელსაყრელ საფუძველს.

- ქართველ პოლიტიკოსებს (როგორც სახელისუფლებო სპექტრიდან, ასევე ოპოზიციიდან) აქვთ თუ არა დიქტატორისთვის დამახასიათებელი თვისებები?

- რაც შეეხება საქართველოსა და მის პოლიტიკურ სპექტრს, სასურველისაგან ნამდვილად შორს ვართ. ერთი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ლიბერალიზმით ნამდვილად არ გამოირჩევიან. მათ ძალიან უჭირთ კომპრომისზე წასვლა და საკმაოდ ხისტად და დაუნდობლად ატარებენ ე.წ. რეფორმებს. სწორედ ამიტომაც არის, რომ კრიტიკას (კონსტრუქციულსაც კი) მტკივნეულად აღიქვამენ და ოპონენტებს მარგინალებს, უგემოვნოებს, კრემლის აგენტებს უწოდებენ. ავიწყდებათ, რომ თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიები ემპათიის (ე.ი. სხვა ადამიანთა ქცევების გაგების უნარით) მაღალი ხარისხით გამოირჩევიან და მათი უპირველესი საზრუნავი მოსახლეობის კეთილდღეობაა.

ხელისუფლებაზე უკეთესად არც ოპოზიციური სპექტრი იქცევა. ნაცვლად იმისა, მოსახლეობის ინტერესები დაიცვას, ურთიერთმხილებასა და ლანძღვაზეა გადასული. ამით კი ისევ და ისევ მოსახლეობის იმედის საბოლოოდ გაცრუებას უწყობს ხელს.

დემოკრატიული მოწყობის ქვეყნებში ლიდერობა მთელი რიგი შეზღუდვებით ხასიათდება. ლიდერის მოქმედება დადგენილ წესებს ექვემდებარება. წესების დარღვევისას კი შესაძლებელია მისი გადაყენება ან იმპიჩმენტი. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ლიდერი სხვადასხვა თვისების მატარებელია. მაგალითად, მარგარეტ ტეთჩერს, მისი თვისებებიდან გამომდინარე, კაბინეტის წევრები ავტორიტარულ მმართველად მიიჩნევდნენ. მას მეტსახელიც კი შეარქვეს TINA,  რაც ინგლისურად "რკინის ლედის" აბრევიატურას (თჰეარ ის ნო ალტერნატივე) გამოხატავს. ამ ფრაზას ხშირად იშველიებდა ტეთჩერი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაწყვეტილების უპირობოდ გატანა უნდოდა.

შემიძლია მაგალითად მოვიყვანო დე გოლიც. მართალია, საფრანგეთის 1958 წლის კონსტიტუცია მასზე იყო მორგებული, მაგრამ ამავე დროს გახლდათ ზნემაღალი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტობიდან თავისი ნებით გადადგა.

- ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ დემოკრატიას მოჰყვება ოქლოკრატია, მას დიქტატურა, დიქტატურას კი ისევ დემოკრატია. ჩვენ რა სტადიაზე ვართ?

- ასე ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, მაგრამ დრომ ბევრი რამ შეცვალა. ოქლოკრატია სიტყვასიტყვით "ბრბოს მმართველობას" ნიშნავს. ძველი ბერძნები მას ყველაზე უარეს მმართველობის ფორმად თვლიდნენ. თუმცა დემოკრატიასაც უარყოფითად განიხილავდნენ. ოქლოკრატიის დროს ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, რომლებსაც ინსტინქტებით მართვა ახასიათებთ, არღვევენ ძველ წეს-ჩვეულებებს, კანონებს, მიმართავენ ძალადობას და ახალს ვერ ამკვიდრებენ. ოქლოკრატია დიდხანს არ გრძელდება და მმართველობის ახალ ფორმაში გადადის. ოქლოკრატიის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს საფრანგეთისა და ოქტომბრის რევოლუციების პირველი ეტაპები. საქართველოს სინამდვილეს თუ განვიხილავთ, ნამდვილად არის მისი ნიშნები და დიქტატურაში გადასვლის მცდელობა.

ეს პროცესი განსაკუთრებით 26 მაისის შემდეგ დაჩქარდა, ხოლო მისი ტრაგიკომიკური ხასიათი ფოტოგრაფების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებაში გამოვლინდა. ჩემი აზრით, ხელისუფლება იმდენად არაადეკვატურია, თანაც იმდენ შეცდომას უშვებს, რომ კონკურენტუუნარო ოპოზიციის გარეშეც თავად იქმნის პრობლემებს. დღეს ხელისუფლების წყალობით ყველაფერი დევალვირებულია: მოსახლეობის დიდი ნაწილი პრობაციონერია, ნაწილი ციხეში ზის, ნაწილი რუსეთის აგენტია, ნაწილი ჩარეცხილია. ასეთ პირობებში მართვა კი საკმაოდ ძნელია.

დიქტატურა ფროიდისეული შეფასებით

ფროიდი დიქტატურას განიხილავს როგორც არაცნობიერი სექსუალური ჟინის გამოვლენის სფეროს. სექსუალური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა ინდივიდში იწვევს ფსიქოლოგიურ, ნერვულ დაძაბულობას, რომელსაც ანელებს ძალაუფლების წყურვილი, გადაჭარბებული უფლებამოსილება ხელისუფლებაში და ყოველივე ის, რაც ინდივიდს შესაძლებლობას აძლევს თავი დააღწიოს სხვადასხვა კომპლექსს (მაგალითად, ფიზიკურ ნაკლს, სიდაბლეს, არამიმზიდველ გარეგნობას და სხვ.). სექსუალური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა ვლინდება შეუზღუდავი ძალაუფლებისაკენ სწრაფვაში, სხვა ადამიანების დამცირებით სიამოვნების მიღებაში.