პირველი გასროლა არ არის აგრესიის ნიშანი - კვირის პალიტრა

პირველი გასროლა არ არის აგრესიის ნიშანი

რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელმა კომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებაში ბრალი ორივე მხარეს დასდო. საქართველოს ქმედებებიც

დაგმობილია, მაგრამ აი, მოვლენების რუსული ვერსიიდან ქვა ქვაზე არ დარჩენილა.

შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ექსპერტთა მცირე არმიის დახმარებით უკვე ერთი წელია არკვევს იმ ომის მიზეზებს, რომელმაც ჯერ ევროპა შეძრა, მერე კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო მივიწყებას მიეცა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მხარე ამტკიცებს, რომ ორმოც გვერდზე განთავსებული მასალა მათ მიერ წარდგენილ ვერსიებს არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, დოკუმენტის გაცნობა საკმარისია იმის მისახვედრად, რომ კონფლიქტზე პასუხისმგებლობის ლომის წილი მოსკოვს ეკისრება. მოკლედ რომ ითქვას, დოკუმენტში, შარშანდელი ომის გამომწვევი მიზეზების რუსეთისეული ვერსია სრულიად იგნორირებულია. აქამდე პრესაში ყურადღება მახვილდებოდა დოკუმენტში გაკეთებულ დასკვნაზე, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მაგრამ პასუხისმგებლობის დაკისრებისას გასათვალისწინებელია, რომ პირველი გასროლა  აუცილებლად აგრესიის ნიშანი როდია. დოკუმენტში ეს აღნიშნულია. გაკეთებულია დასკვნა, რომ "არ არსებობს იმის საფუძველი, რომ კონფლიქტზე მთელი პასუხისმგებლობა რომელიმე მხარეს დაეკისროს". ამავე დროს, დოკუმენტში ჩამოთვლილია რუსეთის მიერ ჩადენილი პროვოკაციები, რომლებიც 2008 წლის ომს უძღოდა წინ.

დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, საქართველოს ბრალი მიუძღვის საკანონმდებლო ბაზის უქონლობაში - მასზე დაყრდნობით ცხინვალზე თავდასხმა და იქ ძალის გადამეტებული გამოყენება გამართლებული იქნებოდა, მათ არ გაითვალისწინეს საქართველოს პოზიცია ამ საკვანძო პუნქტთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ქართული მხარე დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს თავის ვერსიებს. არადა მომდევნო წინადადებაში ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთი ამბოხებულებს სამხედრო ინსტრუქტორებით და იარაღით ამარაგებდა. ასევე, ნათქვამია, რომ საქართველოს თავდასხმამდე რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ "მოხალისეები და დაქირავებულები". გასაკვირია, რატომ არ შეიძლებოდა აქაც ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა? დოკუმენტში გაცამტვერებულია რუსეთის მიერ თავის მართლება: საკუთარი მოქალაქეების დაცვა, ჰუმანიტარული ინტერვენცია, საქართველოს მიერ ოსი მოსახლეობის გენოციდი, რეაქცია რუსეთის სამშვიდობოებზე თავდასხმაზე. მაგრამ დოკუმენტის ავტორებმა დაადგინეს, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის რუსული პასპორტების გაცემა უკანონო იყო, რადგან არავითარი რუსეთის მოქალაქეები იქ არ არსებობდნენ! ასევე უარყვეს ავტორებმა მოსკოვის მტკიცებულებები ჰუმანიტარული ინტერვენციის შესახებ.

არანაირად არ დასტურდება რუსეთის ბრალდება, რომ საქართველომ ოსების წინააღმდეგ გენოციდი განახორციელა - ეს მტკნარი სიცრუეა! დოკუმენტის ავტორები არ უარყოფენ, რომ რუსეთს უფლება ჰქონდა თავისი სამშვიდობოების დაცვისა, მაგრამ "მათ არც ისეთი საშიშროება ემუქრებოდათ, როგორც ამას მოსკოვი წარმოაჩენდა". მეორე მხრივ, რუსეთი დადანაშაულებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის წაქეზებაში, რაც ომის დროსაც თვალნათელი იყო და ომის შემდეგაც. დაბოლოს, უკანონოდ და საერთაშორისო სამართლის დარღვევად არის მიჩნეული რუსეთის მიერ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.  გარდა ამისა, დაგმობილია რუსეთის საქციელი ომის შემდეგ - მოსკოვი ამ წუთამდე არღვევს ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. ისტორიკოსებისთვის ამ დოკუმენტს დიდი მნიშვნელობა ექნება. მაგრამ ახლაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ომი 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა, და არც რუსეთ-საქართველოს  კონფლიქტი დასრულებულა. გრძელდება საქართველოსთან დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ომი, ისევე როგორც საბოტაჟის მცდელობა ქვეყნის შიგნით. მთავარი კი ის არის, რომ რუსეთი კვლავ აცხადებს, რომ უნდა საქართველოს მმართველი რეჟიმის შეცვლა და მისი სახელმწიფო სუვერენიტეტის მოსპობა.