"ოქრუაშვილისა და გაჩეჩილაძის თემები არ გვაწუხებს" - კვირის პალიტრა

"ოქრუაშვილისა და გაჩეჩილაძის თემები არ გვაწუხებს"

"მერე რა, "მედიაპალიტრაში" მუშაობა ხომ არ შეგფერხებიათ?!"

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მესამე წლისთავზე აშშ-ის სენატმა  საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ: ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებად აღიარებს. სენატმა მოუწოდა რუსეთის მთავრობას, ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების მაკონტროლებელ ძალებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და საერთაშორისო მისიებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრული და ღირსეული დაბრუნების საშუალება მისცენ. სენატმა ასევე დაადასტურა, რომ კავკასიის რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პრიორიტეტია.

ამ ფაქტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა დაემთხვა, - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს კირილს შეხვდა. 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ ეს იყო ილია II-ისა და კირილის პირველი შეხვედრა, სადაც რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ "საქართველოს პატრიარქს აქვს კანონიკური იურისდიქცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე".

ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს ვესაუბრეთ:

- საგულისხმოა, რომ ეს კანონპროექტი სენატში რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა პარტიათა შეთანხმებით წარადგინეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხზე აშშ-ის სენატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს ერთნაირი აზრი აქვთ. სენატის ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანი სიგნალია როგორც ჩვენი მეგობრების, ასევე მოწინააღმდეგეებისა და უპირველესად, რუსეთისთვის.

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციაზე რას იტყვით?

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დიდი ავტორიტეტი აქვს მართლმადიდებელ სამყაროში და მასთან პირისპირ შეხვედრისას რუსეთის პატრიარქს ძალიან გაუჭირდებოდა სხვაგვარი პოზიციის გამოხატვა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები, მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ მას პოლიტიკური შედეგი მოჰყვება. რუსეთის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოზიციას არ დათმობს.

- რუსეთის საქართველოზე გაღიზიანების მიზეზად ქართული ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებს თვლის, გამუდმებით ვუჩიჩხინებთ რუსეთსო. Aამის დასტურად რუსეთის ჯაშუშებად გამოცხადებული ფოტორეპორტიორების სკანდალიც დასახელდა.

- ფოტორეპორტიორები საქართველოს ხელისუფლებას არ დაუკავშირებია რუსეთთან. გაიხსენეთ, როდესაც გამოცხადდა ფოტორეპორტიორების დაკავების ამბავი, ერთადერთი ქვეყანა, ვინც ეს გააპროტესტა, რუსეთი იყო. საქართველოს შს სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობდნენ ფოტორეპორტიორები, ამაზე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა რეაქცია. როდესაც ამბობ, ჯაშუში დავიჭირეო, მეზობელმა ქვეყანამ რატომ უნდა თქვას, მე რა შუაში ვარო? რუსეთი ცდილობს თავისი აგენტურული ქსელის საშუალებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშაოს. ურწმუნო თომების გასაგონად ვიტყვი, რომ მზვერავობა რუსეთში დღემდე ყველაზე საპატიო სამსახურია. გავიხსენოთ, როგორ მიიღეს აშშ-დან გამოძევებული მზვერავები, მათ მაღალი თანამდებობები ჩამოურიგეს, ჩეპმანი ლამის რუსეთის გმირად აღიარეს. ასეთი ჯაშუშური სკანდალები რუსეთს არაერთ ქვეყანაში აქვს.

- ქართველ ფოტორეპორტიორებზე მინდა გკითხოთ, ისინი თქვენთვის ჯაშუშები არიან?

- რადგან საკმაოდ ბევრი მტკიცებულება იყო, ფოტორეპორტიორებმა იმიტომაც აღიარეს დანაშაული. იმის გამო, რომ კარგი ბიჭები იყვნენ, ამიტომ არ დავიჯეროთ, რომ თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყანასთან? იცით, რა კარგად ახასიათებენ მეზობლები ნორვეგიელ გიჟს, რომელმაც რამდენიმე ათეული ადამიანი დახოცა? მშვიდი და გაწონასწორებული ახალგაზრდა იყოო. ის, ვინც უცხო ქვეყანას ემსახურება, არ მოიქცევა გამომწვევად. არ გამოვრიცხავ, დაკავებულთაგან ზოგი გაუაზრებლად აკეთებდა იმას, რაც ქვეყნისთვის საზიანო იყო. როდესაც გააანალიზეს, რასაც აკეთებდნენ, მიხვდნენ, რომ ეს ცუდია.

- ითქვა, რომ ისინი 26 მაისის გამო დაისაჯნენ...

- თქვენს გაზეთს 26 მაისის ფოტოების გამო პრობლემა შეექმნა?

- 26 მაისის შემდეგ ჩვენთან შემოსავლების სამსახური შემოვიდა და ჯერაც არ გასულა.

- მერე რა, მუშაობა ხომ არ შეგფერხებიათ? იმ ბრუნვისთვის, რაც "მედიაპალიტრას" აქვს, ეს დასაშვებია.

- თქვენ იცით, რა ბრუნვა აქვს "მედიაპალიტრას"?

- იქიდან გამომდინარე, რამდენი ორგანიზაცია და მედიასაშუალება შედის თქვენს ჰოლდინგში, საკმაოდ დიდი ბრუნვა გამოდის და შემოწმებაც ამიტომ ვერ მოესწრო.

26 მაისის ფოტოებს კავშირი არა აქვს ამ სკანდალთან. 7 ნოემბერს ბევრად მწვავე ფოტოები გადაიღეს ფოტორეპორტიორებმა, მაგრამ მათი დასჯა არავის უფიქრია.

- ალბათ, მოისმენდით ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ ლევან გაჩეჩილაძემ ოპოზიციის მოქმედების გეგმა მიჰყიდა ხელისუფლებას 5 მილიონად.

- ირაკლი ოქრუაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის თემები არ გვაწუხებს, ჩვენი საფიქრალი უმუშევრობა და გაზრდილი ფასებია, ჩვენ გვინდა მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ. ოპოზიციის კამათი კი არც პირველია და არც უკანასკნელი.

- მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებაა სამარშრუტო ტაქსების მგზავრობის 80 თეთრამდე გაზრდა?

- ეს საკრებულოს ეხება და უნდა დაუსაბუთონ ხალხს, რატომ გახდა აუცილებელი მგზავრობის საფასურის გაძვირება. როგორც ვიცი, სამარშრუტო მიკროავტობუსებში ისეთივე შეღავათები ექნებათ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და მოსწავლეებს, როგორიც ავტობუსებით მგზავრობისას ჰქონდათ. ხალხისთვის კარგად რომ აეხსნათ ეს საკითხი, უკმაყოფილებაც ნაკლები იქნებოდა.