რა ბიზნესი ჩავარდა?! - კვირის პალიტრა

რა ბიზნესი ჩავარდა?!

ეჰ, რა ბიზნესი და საქართველოს აყვავების გეგმა ჩავარდა? არადა, რა იმედს ვამყარებდი ამ პროექტზე! ვფიქრობდი, ჟურნალისტობას ხომ არ დავანებო თავი და ეს ბიზნესი ხომ არ დავიწყო-მეთქი. ის იყო, ლამის გადავწყვიტე, რომ უცხოურმა გამოცემა THE FINANCIAL-მა გვაუწყა, რომ საქართველოში ბაყაყებისა და ნიანგების მოშენების პროექტი ჩავარდა.

ბედი რომ არ გექნება კაცს. უკვე დარწმუნებული ვიყავი, საქართველოში ჟურნალისტობას ბაყაყების მოშენება ჯობს-მეთქი და უცებ ასეთი ამბავი... ამ უცხოური გამოცემის ინფორმაციით, ბაყაყებისა და ნიანგების მოშენებით საქართველომ ვერ შეძლო ბაზარზე ნიშის მოპოვება. ეჰ, ნიშა ყველა ბიზნესში მთავარია, ბატონო. ნიშას თუ ვერ იპოვი, წასულია შენი საქმე. ჰოდა, ჩვენმა ბაყაყებისა და ნიანგების მომშენებლებმაც თურმე ეს ნიშა ვერ იპოვეს და... აი, კიდევ რას წერს ეს გამოცემა: ""2009 წელს საქართველომ საექსპორტო პორტფელს ბაყაყები და ნიანგები დაამატა. საქართველო გეგმავდა გამხდარიყო სერიოზული მოთამაშე ბაყაყისა და ნიანგების ხორცის ბაზარზე. ყველა ელოდებოდა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე "ცხელი" ექსპორტი ღვინის, მინერალური წყლებისა და თხილის შემდეგ. ორწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდის შემდეგ საქართველოს ბაყაყების ექსპორტი ჩაუვარდა.

ამ პერიოდის განმავლობაში "ქართული ბაყაყების" ძირითადი მომხმარებელი საფრანგეთი იყო". კი მაგრამ, ეს ოხერი ბაყაყები ორი წელი თუ კარგად მრავლდებოდნენ და იყიდებოდნენ, მერე რა დაემართათ? ეტყობა, სათანადო რეკლამა ვერ გაუკეთეს. თორემ იმის დაჯერება, რომ ქართული ბაყაყის ან ქართული ნიანგის ხორცი გემრიელი არ იყო, წარმოუდგენელია. როგორ შეიძლებოდა ამ წყლებში უგემური ბაყაყი და ნიანგი გაზრდილიყო?! ეტყობა, კარგი რეკლამა ვერ გაუკეთეს.

არადა, რეკლამა ყველაფერს სჭირდება. ხომ შეეძლოთ ასეთი სარეკლამო სლოგანები მაინც მოეფიქრებინათ: "ქართული ბაყაყის ბარკლები, საუკეთესო მთელ მსოფლიოში!" ან კიდევ: "ქართული ბაყაყი, ნატურალურ კოღოსა და ბუზზე გაზრდილი ბაყაყი!" ეს ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს რეკლამას თავად უწევს და რა იქნებოდა, ქართული ბაყაყებისა და ნიანგებისთვისაც შეეწუხებინა თავი? რა იქნებოდა, საერთაშორისო მედიის თანდასწრებით ქართული ბაყაყის ბარკლები შეეჭამა? შეეჭამა და თან ტუჩების წკლაპუნით ეთქვა: ასეთი გემრიელი ბაყაყი პარიზის საუკეთესო რესტორანშიც კი არ მიჭამიაო! რა იქნებოდა? არ უნდოდა ქართული ეკონომიკის აყვავება?

არადა, ქართული ნიანგის რეკლამირებაც შეიძლებოდა: შემოაჯდებოდა ჩვენი პრეზიდენტი ნიანგს და იტყოდა: "არ გყოფნით ერთი ბაყაყი, აგერაა, ბატონო, ნიანგი! ჭამეთ, ვიდრე შეუჭამიხართ! სხვათა შორის, - გააგრძელებდა პრეზიდენტი თავის სტილში, - ნიანგის ჭამას მაინც სხვა გემო აქვს. ნიანგს კი არა, - ნიანგის ჭამას! როდესაც უწყინარი ძროხის ხორცს ჭამ, მხოლოდ კუჭს ივსებ, ხოლო, როდესაც ნიანგს ჭამ, სულიც სიამაყით გევსება, რადგან ჭამ იმას, ვისაც შეიძლებოდა შენ შეეჭამე! ძროხა ასეთ სიამოვნებას ხომ ვერ მოგანიჭებთ? ამიტომ მიეძალეთ ნიანგის ხორცს".

შეიძლებოდა, ეს ყველაფერი შეიძლებოდა, მაგრამ ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო არ მოინდომა ჩვენმა პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მისი გასაკეთებელია. ასე დავრჩით ბაყაყებისა და ნიანგების ექსპორტიორი ქვეყნის უსტატუსოდ. ისევ თხილსა და ჯართს მივეძალოთ, ჯობს.

უმადური

სააკაშვილმა მოასწრო და ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც მასთან საარჩევნო გარემოს შესახებ მოლაპარაკებას დათანხმდა და ხელისუფლების წინადადებები მიიღო, უკვე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. არადა, შეთანხმებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირა გავიდა. თითქოს მადლობელი უნდა ყოფილიყო, რომ საშუალება მისცეს, დასავლეთის თვალში დემოკრატობანა ეთამაშა. სააკაშვილმა კი მათ მადლობა ორიგინალურად გადაუხადა: პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს განაცხადა, პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა მე სულ არ მინდოდა, მაგრამ ოპოზიციამ დაიჟინა და ხათრი ვერ გავუტეხეო.

"ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება. ეს საკითხი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს, მაგრამ საარჩევნო სისტემის შეცვლა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის, ჩემი კოლეგის პარტია, პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს. სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა პირიქით... ამიტომ, თუ თქვენ შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება, მაგრამ ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში მონაწილეობით რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს საზოგადოების მთელი სპექტრის ინტერესებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

სინამდვილეში ეს ყველაფერი მან საქართველოს მოსახლეობის გასაგონად უფრო თქვა, ვიდრე პოლონეთის პრეზიდენტის ან პოლონური მედიის. კარგად იცის, რომ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდას მოსახლეობა აღფრთოვანებით არ ხვდება და ეს არ არის პოპულარული ნაბიჯი. ჰოდა, ისიც ადგა და ხელები პირდაპირ ოპოზიციას შეაწმინდა. სხვა რა შეიძლება დაარქვა ამას? ერთი წუთით რომც წარმოვიდგინოთ, ეს მართლაც ოპოზიციის მოთხოვნა იყო, როგორ გგონიათ, სააკაშვილს თუ რამე არ უნდა, სხვისი ხათრით გააკეთებს? მით უმეტეს, ოპოზიციის ხათრით? თანაც ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ და ერთიმეორის მიყოლებით უარყვეს, ასეთი მოთხოვნა ჩვენ არ გვქონიაო, მაგრამ რად გინდა? სახელისუფლებო არხებს ამ თემაზე სიუჟეტი აღარ გაუკეთებიათ და მათი უარყოფაც მოსახლეობის დიდ ნაწილს არც გაუგია.

მათ მოისმინეს სააკაშვილის განცხადება და ამით დასრულდა ყველაფერი. მოსახლეობის თვალში ცუდი ისევ ოპოზიცია გამოვიდა. არადა, ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დათანხმდა, მისგან აშკარად უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებდა. ისინი ხომ მას კიდევ ერთხელ დემოკრატი მმართველის იმიჯის გადარჩენაში დაეხმარნენ. შეიძლება ამ პარტიებს სააკაშვილმა მადლობა სხვა დროს და სხვანაირად გადაუხადოს, მაგრამ ახლა აშკარად უმადურობა გამოავლინა.

უცნაური კონცერტი

1-ელ აგვისტოს ბათუმში უცნაური კონცერტი გაიმართება. არ ვიცი, ასეთი რამ სხვაგან ხდება თუ არა ან ვინმეს თუ გაუგია. პირველად ტელევიზიებით ამ კონცერტის რეკლამა რომ მოვისმინე, ყურებს არ დავუჯერე. "1-ელ აგვისტოს ბათუმის იუსტიციის სახლთან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ბარათის შემოღებას აღვნიშნავთ", - გვაუწყებს რეკლამა. მოგეხსენებათ, ბარათი ქართულად პირადობის მოწმობაა და საქართველოს ხელისუფლება ახალი, ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობების გაცემას იწყებს. პირადად მე ახალი მოწმობების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არც ჩიპების მეშინია, მაგრამ ახალი პირადობის მოწმობების გაცემის აღსანიშნავად გრანდიოზული ზეიმის მოწყობა გაგიგიათ სადმე? თან როგორი ტექსტია:

"ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ბარათის შემოღებას აღვნიშნავთ"! რა, ომი მოვიგეთ, ნატოში მიგვიღეს, ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხვდა თუ რა ხდება? რას აღვნიშნავთ "ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები"? კონცერტებისთვის მიზეზები დაგველია? ხომ მაგარი იქნება, რომ გკითხავენ, სად მიდიხარო, შენ კი უპასუხებ, ახალი ბარათის შემოღება უნდა ვიზეიმოო. თუ ასეა, რატომ არ აღვნიშნეთ ახალი მართვის მოწმობების შემოღება? ან ავტობუსის და მეტროს ახალი პლასტიკური ბარათების შემოღებისთვის მაინც მიგვეძღვნა თბილისის მერიის წინ გრანდიოზული კონცერტი? თუ ეს ახალი ტრადიციაა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ამკვიდრებს და აწი ვიწყებთ ასეთი წესით ყველა სიახლის აღნიშვნას? სულ მალე პარლამენტი ახალ საარჩევნო კოდექსს რომ მიიღებს, მაშინაც გავმართოთ გრანდიოზული ზეიმი ქუთაისის პარლამენტის ახალ შენობასთან.

რით არის ახალი საარჩევნო კოდექსი ბარათებზე ნაკლები მოვლენა? პლაჟებზე ახალი შეზლონგებისა და ქოლგების გამოჩენა არ შეიძლება კონცერტით აღინიშნოს? ან ბულვარზე ახალი ქვაფენილის დაგება? მერე იქნება ტელევიზორებში ასეთი რეკლამა: "ერთად აღვნიშნოთ პლაჟებზე ახალი შეზლონგების გამოჩენა!" ან კიდევ: "მოდი, ვიზეიმოთ ახალი ქვაფენილი!" როგორია? ან ასე: "ძველ ბათუმში ყველა სახლი ერთნაირი კრამიტით გადაიხურება. მოდი, ერთად შევეგებოთ ახალ კრამიტებს!" და შადრევნები? ეს როგორ გამოგვრჩა? აქამდე არც ერთი შადრევნის გახსნას კონცერტი არ მიძღვნია?! ეს სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. მაშ, ასე: "ბათუმის მერია წარმოგიდგენთ! სასიკვდილო ნომერი! სოფო ნიჟარაძე შადრევანს გამოიცეკვებს! არ გამოტოვოთ!"

კონცერტის წინააღმდეგი კი არა ვარ. თუ გამართვა გინდათ, გამართეთ, რა საჭიროა ამისთვის უცნაური მიზეზების მოფიქრება.