წაგებული ომის ტკივილი - კვირის პალიტრა

წაგებული ომის ტკივილი

გახსოვდეს 2008!

წაგებული ომი ისეთი ტკივილია, მთელი სიცოცხლე რომ გღრღნის... თუმცა გმირები წაგებულ ომსაც ჰყავს და იქნებ შარავანდით მოსილებიც. იმედია, სამართალი იზეიმებს, და გამარჯვების დროც მოვა. მანამდე კი დამარცხების ტკივილებთან დაბრუნება მოგვიწევს. ამის ნუ შეგვეშინდება - ვიდრე შვილმკვდარ მშობლებს შვილების გმირობა ანუგეშებთ, რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერ ავდგებით! ეს 2008 წლის აგვისტოს ომის ამბებია. მაშინ რომ მოგვწერეს, შევინახეთ - ჭრილობები ახალგახსნილი იყო და შიგ ერთი მწიკვი მარილის ჩაყრა ამ ტკივილს მეტად გააძლიერებდა. ახლა კი ვიხსენებთ, რათა გვახსოვდეს.

"შენი მამობით გამაამაყე"

თუ ამ დალაქავებულ ფურცელს გადაშლით, გთხოვთ, ნუ დამძრახავთ. რამდენი ვიფიქრე, ამ დალაქავებულ წერილს სუფთა ფურცელზე გადავწერ-მეთქი, არ გამოვიდა, ცრემლი თავისით წამომივიდა და ქაღალდს დაეწვეთა, - თავს ვერ მოვერიე. იმედია, არ დაძრახავთ იმ მამის ცრემლებს, ტელეეკრანზე თავის მოუფერებელ შვილს გარდაცვლილს რომ დაინახავს. მე ასე მომივიდა აგვისტოში... მას შემდეგ ჩემთვის მთელი სამყარო უკუღმა ტრიალებს, გაჩენის დღეს ვიწყევლი.

ახლა რაღა მინდა? ახლა ამ მოუფერებელ შვილს ვწერ, რომელთანაც ბედისწერამ დამაშორა: ვიცი, უმამობა ძალიანაც გტკიოდა, შვილო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მე ბედისწერამ სხვა შვილმკვდარ მამებზე მეტად დამსაჯა, ყოველი წუთიც ჯოჯოხეთად მიქცია - ბევრი გამწარებული მამა კი დადის ამქვეყნად, მაგრამ არა მგონია, ჩემზე მეტად სტკიოდეს გული რომელიმეს - მათ შვილების თავზე გადასმული ხელისგულის სითბო დარჩათ, მე კი აღარაფერი. ახლა ჩემს უძლურებას ვწყევლი, რომ არ შემიძლია ხელში იარაღი ავიღო და შური ვიძიო მტერზე.

მაგრამ მე მადლობასაც ვეუბნები განგებას,  ჩვენი გვარის სისხლსა და ხორცს ალბათ ისე არასოდეს გაუამაყებია მშობელი, როგორც მე შენი მამობით გამაამაყე. რა ძლიერი აღმოჩნდი, - შენი ზურგი მტერს არ დაუნახავს, ტყვია გულში მოგხვედრია.

ქედს გიხრი, შვილო. ჩემს წუთისოფელს შარავანდი დაადგი. არადა, არ ვიმსახურებდი.

მურმან სხვიტორელი

"არ მითხრა, რომ ჩემი შვილი გმირი არ იყო!"

ჩემო პრეზიდენტო... არ ვიცი, მოგეწონება თუ არა, ასე რომ მოგმართავ, ჩემი უბედურების მიუხედავად, შენ ერთადერთი ხარ, ვისაც "ჩემი" დაგარქვი, იმიტომაც, რომ შენ ჩემი შვილის პრეზიდენტიც იყავი. ის შენს საწინააღმდეგო სიტყვას არავის შეარჩენდა. ახლა ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.  2009 წლის 7 აგვისტოს გორში ომში დაღუპული გმირების სახელებს წარმოთქვამდი. ვიფიქრე, სანამ ჩემი შვილის სახელს იტყვის, ნეტავი მანამდე გული არ გამისკდეს-მეთქი. მაგრამ მაგარი გული მქონია. დედა რომ შვილის სიკვდილს გაუძლებს, ვეღარაფერი მოერევა. თუმცა განცდა, რაც ამ გამოსვლის შემდეგ დამრჩა, აღარ მშორდება - თქვენ ჩემი შვილის სახელის ხსენებაც დაგავიწყდათ და სხვებისაც. ეჭვებმა შემიპყრო... იქნებ ჩვენი შვილები ამაოდ იბრძოდნენ, იქნებ საგმირო არც არაფერი ჩაუდენიათ... ან იქნებ მუხათგვერდის სასაფლაოზე ჩვენი შვილები არ წვანან - ჩვენ, მშობლებს ხომ მათი სახეები არ გვინახავს, ისიც კი არ ვიცით, ნამდვილად შვილების ცხედარს ვტირით თუ არა. ჩემი შვილი, ოლეგ ჭონიშვილი გორის ჯავშანსატანკო ნაწილში #408 ტანკზე მემიზნე-ოპერატორად მსახურობდა. მისი ბრიგადა 2008 წლის 8 აგვისტოს შევიდა ცხინვალში და მხოლოდ 2009 წლის 4 თებერვალს გამოაცხადეს გარდაცვლილად. მხოლოდ მებრძოლთა გადმოცემით ვიცით, მათი ბრიგადის ორ ტანკს ჭურვი მოხვდა და სანამ აფეთქდებოდა, ტანკიდან ამოხტნენ გელა რომელაშვილი და ოლეგ ჭონიშვილი, რომელთა კვალიც დაიკარგა.

ჩემო პრეზიდენტო, კარგად მესმის, რომ შეუძლებელი იყო ერთ გამოსვლაში 170 გმირი ჩამოგეთვალათ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, თუ მათ დედებზე იფიქრებდით, შესაძლებელი იყო, რაიმე ფორმა მოგეძებნათ, რომ მათთვის მწუხარება არ გაგეათმაგებინათ...

გორელმა დედებმა შევთხოვეთ გორის მმართველებს, ქუჩებსა და სკვერებს ჩვენი შვილების სახელები დარქმეოდა. გვიპასუხეს, - გორში ამდენი ქუჩა და სკვერი არ არისო. ხოლო როცა ჩემი შვილის გამზრდელმა სკოლამ მისი სახელის მინიჭება ითხოვა, საკანონმდებლო აქტი დაუდეს, - გმირის სახელი მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 15-20 წლის შემდეგ ენიჭებაო. ისევ გეკითხებით, ბატონო პრეზიდენტო, იქნებ მართლა არ უბრძოლიათ ჩვენს შვილებს გმირულად? მაშინ რატომ მიენიჭა ჩემს შვილს (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი?

მანანა ჭონიშვილი, სოფელი ახალხიზა

KvirisPalitra.Ge"რა გადაგვაშენებს!"

ახლაც თვალწინ მიდგას გორის ახალბაღის ლტოლვილთა კარვები და ამ კარვებში მისული ქართველი მწერლები. მათთან ერთად ზურაბ ქაფიანიძეც იყო. სანამ მწერლები დევნილებს ეფერებოდნენ, განზე იდგა, დარდიანად მისჩერებოდა ატირებულ ხალხს. ბოლოს წინ წადგა და თითქოს მთელი ამ ხიზნების გულში ჩახუტება უნდაო, ისე გაშალა ხელები, ერთი დაიბუბუნა, - შვილებო, დებო, ძმებო, ვხედავ, რა გასაჭირშიც ხართ, მაგრამ ჩვენ ხომ გაუტეხავი ერი ვართ და უნდა გავუძლოთო. ხალხიც გუგუნით აჰყვა, - გავუძლებთ, გავუძლებთო! ძნელი აღსაწერია, ამ ერთი შეხედვით განადგურებული ხალხის გუგუნმა რა დაგვმართა, - გულიც ისე ახმაურდა იმედით, თითქოს ჭირი აღარაფერი არსებობდა. თავად ზურაბმა კი ჯერ წვერზე ჩამოისვა ხელები და მერე რიდით მიახლოებული ჭარმაგი კაცი ჩაიხუტა, რომელიც მოწიწებით სთხოვდა, - ორიოდე სიტყვის თქმა მსურსო. ვერხვის ჩრდილში გავიდნენ. აბაო, - ბატონმა ზურაბმა. იმანაც, - სინდის-ნამუსით სავსე კაცი ხარ. მარტო შენ მეტყვი სიმართლეს, - გვეშველება რამე, თამარაშენში ერთადერთი ვაჟისა და დედ-მამის საფლავი დამრჩაო. ზურაბმა ისე ამოიოხრა, გულის ძარღვი ამოაყოლა და - კაცურად გეუბნები, ახლა გასახარებელს ვერაფერს გეტყვი, იქნებ ჩვენ არც გვეღირსოს, მაგრამ დრო გავა და ჩვენს მიწას დავიბრუნებთო. იმ დალოცვილმა ქართველმაც ერთი შეხედა და - თუ ეგ მეცოდინება, - აღარ ვიგლოვებო. ამასობაში სტუმარს ახალგაზრდობაც შემოეხვია, - იქნება და ჩვენს კარავშიც შემოხვიდეთო, - დაუწყეს ხვეწნა საყვარელ მსახიობს. ის კი, ყველას რას გასწვდებოდა და ერთ 13 წლის ბიჭს გაჰყვა. ბიჭი სთხოვდა, - ხატებს ვწერ და ერთი უნდა გაჩუქოთო. ზურაბმა ხელში აიტაცა და გულზე მიიკრა, - შენ გენაცვალოს ზურა ბიძიაო და მსხვილი ცრემლები ჩამოუგორდა წვერზე. არ გავიდა ხუთი წუთიც, რომ ქშენა-ქშენით მოირბინა ერთმა 18 წლის ახალგაზრდამ და ხუთლიტრიანით წითელი ღვინო ჩამოდგა - ეს ჩემგან, ბატონო ზურაბ, ჩვენი სადღეგრძელო დალიეთო და... ცრემლები სხვასაც დავუნახე გულისპირზე. ზურაბ ქაფიანიძემ კი ხელები აღმართა, - გავგიჟდები კაცი! გენაცვალეთ, ქართველებო! მოვიდეს ძაღლი მტერი და გნახოთ, ჩვენ რა გადაგვაშენებსო!.. და ისევ იმედმა დაგვიარა ძარღვებში. მართლაც რა გადაგვაშენებს!

გერონტი გოგინაშვილი, მწერალი