"ჩემთვის ეს წიგნი რეკვიემივითაა, ასე მგონია, ბოლო სიტყვასთან ერთად სულიც დაილევა" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ეს წიგნი რეკვიემივითაა, ასე მგონია, ბოლო სიტყვასთან ერთად სულიც დაილევა"

"პირველად "კვირის პალიტრასთან" ვაცხადებ, რისთვისაც დავტოვე "საქართველოს ლეგიონი"...

"სასიკვდილოდ დამჭრეს, მაგრამ სასწაულებრივად გადავრჩი"

"დაიწერა ოქრუაშვილს გაექცაო, რამაც მოთმინების ფიალა ამივსო"

"რაღაც ამბავს ველოდები და ამის შემდეგ ჩემს საპასუხო ნაბიჯებს გაგაცნობთ"

ყოფილი თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი "კვირის პალიტრასთან" ასახელებს მიზეზს, რის გამოც "საქართველოს ლეგიონის" თავმჯდომარეობის დატოვება მოუხდა. ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ რატომ ზეიმობს მოსკოვში ის, ვინც ახლო წარსულში ყარყარაშვილის აფეთქებას ცდილობდა, როდის არსებობდა შანსი გაევლო ეტლზე მიჯაჭვულ ყარყარაშვილს და რატომ შიშობს ცხოვრებისგან დაღლილი გენერალი, რომ აფხაზეთზე დაწერილი წიგნი მისთვის "რეკვიემივით" დაუსრულებელი აღმოჩნდება.

გია ყარყარაშვილი: "საქართველოს ლეგიონი" ერთი მიზეზის გამო დავტოვე, რომელზე საუბარსაც გავურბოდი, რათა საქმე არ გაფუჭებულიყო, მაგრამ ისეთი შეურაცხმყოფელი დაკვეთილი საგაზეთო სტატიები მოჰყვა, იძულებული ვარ, ყველას პასუხი გავცე. ჯერ იყო და, ჩემს ამ გადაწყვეტილებას კუდი გამოაბეს და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას დაუკავშირეს. მერე კი დაიწერა ოქრუაშვილს გაექცაო, რამაც მოთმინების ფიალა ამივსო.

KvirisPalitra.Geომსა და სიკვდილს არ გავქცევივარ, სხვებისგან განსხვავებით ომის დროს ჩირგვებში არ დავმალულვარ და ახლა, როდესაც 16 წელიწადია ეტლში ვზივარ, რა მჭირს ვინმესგან გასაქცევი?! გინდა პარიზში იყოს ის ვიღაც და გინდა თბილისში ხელისუფლების ზონდერი! დღე ისე არ გაივლის, უნებლიეთ თუ ვინმეს დაკვეთით და მიზანმიმართულად ან  ვიღაცისთვის სიამოვნების მისანიჭებლად შეურაცხყოფა არ მომაყენონ. აღარ იციან, ცხოვრება როგორ გამირთულონ მეც და ჩემს ახლობლებსაც. ასეთ დროს იძულებული ვარ, სიმწრისგან კბილს კბილი დავაჭირო, რათა საშინელი რამ არ აღმომხდეს პირიდან.

15 წელიწადია ერთადერთი ახლობელი დამრჩა, რომელიც უფასოდ მიმოსვლაში მეხმარება. სახლის კართან ისე წაართვა საპატრულო პოლიციამ მართვის მოწმობა (ხოლო შემდეგ ერთი წლით ჩამოართვა მართვის უფლება), რომ მანქანაში არც მჯდარა. უბრალოდ, ჩახედეს კომპიუტერს, სადაც ყველა მოქალაქის მონაცემები აქვთ შეტანილი, და დაჭრილ კაცს სასჯელი გამოუწერეს. ახლა სახლიდან გამოსასვლელად ყოველდღიურად პრობლემა მექმნება. ათობით ადამიანს ვიცნობ უსაფრთხოების ღვედის ან დაბურული უკანა მინის გამო რომ არ აჯარიმებენ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის სხვა წესებია, ჩემთვის - სხვა.

იძულებული ვხდები ყოველდღიურად ყოფითი წინააღმდეგობების გადალახვისა და ღირსების დასაცავად ვიბრძოლო. ქართველების უმრავლესობა ჩემს მდგომარეობაშია, ყოველდღიურად ათასგვარ ბოროტებასთან უწევს გამკლავება მაშინ, როცა ვიღაც-ვიღაცები ბათუმის მზეზე ირუჯებიან და უკაცრავად და, ღორებს ეჯიბრებიან ცხოველური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში.

მაშ ასე,  "კვირის პალიტრასთან" ვაცხადებ პირველად მიზეზს, რის გამოც დავტოვე "საქართველოს ლეგიონის" თავმჯდომარეობა. ეს გადაწყვეტილება კეთილშობილური მიზნებიდან გამომდინარე მივიღე: თქვენ იცით ომის ვეტერანებს რა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უხდებათ ცხოვრება. პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტიდან მათ დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ იქმნებოდა ვეტერანთა დახმარების ფონდი. ლეგიონის თითქმის მთელ გამგეობას შესთავაზეს მის დაფუძნებაში მონაწილეობა, მაგრამ ერთი პრინციპით: "ყველა მინუს ერთი" და, რაღა თქმა უნდა, ეს ერთი მე ვიყავი. ბუნებრივია, მოქმედების სრული თავისუფლება მივეცი ლეგიონის ყველა წევრს. მთავარი იყო, ვეტერანებს სოციალური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესებოდათ და თუ რამე კარგი გაკეთდებოდა, გამიხარდებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს ამ კეთილშობილური იდეის ხორცშესხმა შეფერხდა. პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ჰკითხა ვეტერანებს, გიასგან წინააღმდეგობა ხომ არა გაქვთ იმის გამო, რომ უმისოდ კეთდება ეს პროექტიო. ეს რომ გავიგე, მეც ავდექი და ხელის შემშლელი რომ არ ვყოფილიყავი, განზე გადგომა ვარჩიე, ამიტომაც ლეგიონის თავმჯდომარეობის დატოვებაზე უხმოდ, უპრეტენზიოდ დავწერე განცხადება. ამით ხელისუფლებას გავაგებინე და საშუალება მივეცი, რომ ჩემ გარეშე მაინც დახმარებოდნენ ვეტერანებს. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების მოტივი და, ცხადია, ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკი არ მსურდა, მაგრამ ამ ყველაფერს ცუდი კუდი გამოაბეს.

კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ახალგაზრდებს სოდ-ის თანამშრომლები წამალს უდებენ ან უკეთებენ და 14-წლიან სასჯელზე (სინდისის ქენჯნის გარეშე) ისტუმრებენ.

მე, აფხაზეთში დამარცხებული გენერალი, დღემდე გლოვასა და სიმწარეში ვატარებ ცხოვრებას, ხოლო ცხინვალში დამარცხებული მინისტრი, ორი წლის წინ ხალხს რომ მიგზავნიდა და ომში დახმარებას მთხოვდა, დღეს მილიონებში ჩაძირული დროს ტარებასა და განცხრომაშია. რა შეიცვალა, რომ ამერიკის საელჩომ და სხვა საელჩოებმა ვეტერანებზე ძალადობა დაგმეს? სახლიდან ნივთები გააქვთ იმ ვეტერანებს, რომლებმაც ჯარიმები ვერ გადაიხადეს.

მხოლოდ ორჯერ მივმართე დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას, ორჯერ ვთხოვე ამერიკის საელჩოს დახმარება, ყველას ეხმარებიან, მარტო ჩემს სიტყვას არ აღმოაჩნდა ფასი. ბევრმა არ იცის, რომ 1997 წელს, როგორც გერმანელმა ექიმებმა დაადგინეს, ფეხზე წამოდგომის უეჭველი შანსი მქონდა, რისთვისაც აუცილებელი იყო ამერიკაში გამგზავრება ოპერაციის გასაკეთებლად. საელჩოში საბუთები შევიტანე, ატლანტის კლინიკაში ფული გადავრიცხე, მოწვევაც მოვიდა, მაგრამ ვიზა არ მომცეს. არადა, 1994 წლიდან რამდენმა კრიმინალმა მოახერხა წასვლა ამერიკაში?

- დიპლომატები პასუხს ვერ გეტყვიან, ბატონო გია, მაგრამ ისინი ქვეყანაში სამართლიანობასა და დემოკრატიის ხარისხზე არაერთ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებენ.

- კი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩემს თხოვნაზე რომ რეაგირება არ გააკეთეს, ამან გული დამწყვიტა და გეტყვით რატომაც: ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ყველას სიგიჟე ეგონა აშშ-სა თუ ნატოსთან ურთიერთობა, მინისტრად დანიშვნისთანავე ბუდაპეშტის სამიტზე წავედი, სხვათა შორის, ამერიკის ელჩის თვითმფრინავით.რუსები ამის გამო გაღიზიანდნენ და საპასუხოდ მტრობა მივიღე. პირველი სამხედრო პირი ვიყავი საქართველოში, ვინც ბუდაპეშტში ნატოს სარდლობის ხელმძღვანელს, მალხაზ შალიკაშვილს, რუსების ომში აშკარა ჩარევის გამო დახმარებას ვთხოვდი. მახსოვს, ლავროვი მოვიდა ჩემთან სამიტის დაწყებამდე, ძალიან არ უნდოდა სხდომაზე აფხაზეთში რუსების მოქმედებებზე მელაპარაკა. მისი გაფრთხილების მიუხედავად, მთელ მსოფლიოს გავაცანი, სად რა ბომბი ჩამოაგდეს და რა ტრაგედია დაატრიალეს რუსებმა, რა დანაშაული მიუძღოდათ ქართველების წინაშე.

იმ დღიდან შემიძულა ამიერკავკასიის ოლქის სარდალმა რეუტმა, რომელსაც სამიტზე გამოსვლის სტენოგრამა უკვე გამოგზავნილი ჰქონდა. მან შემომითვალა, ამის გამო ნახავ, რასაც მიიღებო. 1993 წლის ოქტომბრიდან კი, როცა საქართველოში ბევრი რუსულ ჩექმას ეთაყვანებოდა, ერთადერთი დავუპირისპირდი ჩრდილოელი მეზობლის დანიშნულ უშიშროების მინისტრს. ამას დაემატა ისიც, რომ მე და ირაკლი ბათიაშვილი ორი რუსული დივიზიის საქართველოსა და ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში შესვლას წინ აღვუდექით. ფაქტობრივად, ეს იქნებოდა ამიერკავკასიის ანექსია. იმხანად ისეთ ხელშეკრულებას გვთავაზობდა რუსეთი, რომ ხელის მოწერის შემთხვევაში ერთი დივიზია საქართველოში უნდა განთავსებულიყო, მეორე - განჯაში. გრაჩოვს ვუთხარი, ამიერკავკასიის ოკუპაციას ხელს არ მოვაწერ-მეთქი. მოკლედ, თევზის ფხასავით არაერთხელ გავეჩხირე რუსეთს ყელში და დაიწყო აფეთქებების სერია. ხან თვითმფრინავში ჩამიდეს ბომბი და ხან ძმის საფლავთან... ეს თორმეტჯერ განმეორდა და ბოლოს მიზანს მიაღწიეს, სასიკვდილოდ დამჭრეს, მაგრამ სასწაულებრივად გადავრჩი. მაშინ საქართველოში ისევ რუსეთი ბატონობდა და ბევრს ენა ჰქონდა ჩაგდებული მუცელში, სამაგიეროდ, ახლა ტლიკინებენ. იმასაც მოვესწარი, რომ ამ ამბებიდან 15 წლის შემდეგ ერთი "ნაციონალი" დეპუტატი პარლამენტში გამოხტა და რუსეთში ჩემი სწავლის გამო განმარტება მოითხოვა. საქართველოს ხელისუფლებამ ბოღმითა და ბოროტებით გააკეთა ის, რაც მტრებმა ტყვიებითა და ბომბებით ვერ დამაკლეს.

- ჩვენ გვახსოვს ოპოზიციის მიტინგებზე თქვენი მქუხარე გამოსვლები. პოლიტიკურ აქტიურობას ხომ არ აპირებთ?

- არ ვიცი, რას უწოდებთ პოლიტიკურ აქტიურებას... მე, გია ყარყარაშვილი, ყველგან ვარ, სადაც საქართველოზე მსჯელობენ, სადაც უდანაშაულო ადამიანი იჩაგრება, სადაც ვიღაცა ნაძირალას შეუძლია ადამიანი ტყუილუბრალოდ დაიჭიროს.

- ოქრუაშვილმა გაჩეჩილაძე ხელისუფლებისგან ფულის აღებასა და გამყიდველობაში დაადანაშაულა. თქვენ რას ფიქრობთ?

- თავი დამანებეთ, ჭორიკანა დედაკაცების სიტყვებზე კომენტარს არ გავაკეთებ.

სახელმწიფოს ყველაფერი მივეცი, თავიც შევწირე, მაგრამ მისგან ყოველგვარი სიკეთე მხოლოდ მედროვე, გათახსირებულმა პოლიტიკანებმა მიიღეს. ამიტომაც განზე დგომასა და უნამუსობასთან შეგუებას არ ვაპირებ. კიდევ რაღაც ამბავს ველოდები და ამის შემდეგ ჩემს საპასუხო ნაბიჯებს გაგაცნობთ.

- ვიცით, რომ აფხაზეთის ომზე წიგნს წერთ. ახლა რა ეტაპზე ხართ?

- ეს წიგნი ჩემთვის რეკვიემივითაა. არც კი ვიცი, როდის დავასრულებ ან დავასრულებ თუ არა. მასში მთელ სულს ვდებ და ასე მგონია, წიგნი თუ დასრულდა, ცხოვრებაც დამთავრდება. რა თქმა უნდა, ამ წიგნით პატივს მივაგებ ყველა დაღუპულის ხსოვნას, პატივისცემას გამოვხატავ იმ ოჯახებისა და ქართველი საზოგადოებისადმი, რომლებიც ფიზიკურად და სულიერად იყვნენ ომის მონაწილენი. თუმცა, იგივე წიგნი იქნება შურისძიება ყველა ორგულსა და მოღალატეზე, რომლებმაც სხვები გაწირეს, ფეხებზე დაიკიდეს და ახლა ამ ოჯახების ტანჯვა-ვაების გაუფასურებას ცდილობენ.

ხანდახან წიგნზე მუშაობისას, როცა მძიმე ეპიზოდებს აღვწერ, მგონია, ჭკუიდან ვიშლები. ასეთ დროს ვჩერდები ხოლმე, რადგან მართლა მეშინია, დაუსრულებელი არ დამრჩეს. აკი გითხარით, ამ წიგნში საკუთარ სულს ვდებ-მეთქი და ასე მგონია, ბოლო სიტყვასთან ერთად სულიც დაილევა.