"საქართველოში ინფორმაციის დაცვის სისტემა მოშლილია" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ინფორმაციის დაცვის სისტემა მოშლილია"

ინტერვიუ სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის ყოფილ უფროსთან

რატომ ამშვენებს ერთ-ერთ უცხოურ ბარს სააკაშვილის სურათი...

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ერთი ქართველი გოჩა ვეტრიაკოვი გამოგვეხმაურა. მას საქართველოში არცთუ დიდი ხნის წინ (მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაში) საპასუხისმგებლო და მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც უშიშროების, ასევე თავდაცვის სამინისტროებში. იყო სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსი და სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. ამჟამად გოჩა ამერიკის სამხედრო უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და გლობალური კვლევების ფაკულტეტზე სწავლობს. საუბარი საქართველოში მისი საქმიანობის დროინდელი ამბების გახსენებით დავიწყეთ.

- როცა ხელისუფლება შეიცვალა, საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსი ოპერთანამშრომელი ვიყავი. მინისტრი ვალერი ხაბურძანია იყო. იგი ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობა მოეგვარებინა და ბევრიც გააკეთა ამისთვის. ერთი საკითხია ადამიანის უფლებების დაცვა და მეორე, როდესაც გაქვს პანკისის ხეობა 2000-მდე ბოევიკით, რომელთა ხეობიდან გაძევება არც ისე იოლი იყო. ამის გაკეთება რუსეთის დაუხმარებლად ვერ მოხერხდებოდა. იყო საშიშროება, რომ რუსები ჩეჩნებს პანკისის ხეობაში გადმოჰყვებოდნენ. ამიტომ ოფიციალურმა თბილისმა ერთი-ორი ნაკლებად ავტორიტეტული მებრძოლი რუსეთს გადასცა, რითაც პუტინი კმაყოფილი დარჩა და ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო, ინფორმაციასაც ვუცვლიდით ერთმანეთს. იმ დროს ხელისუფლებაც შეიცვალა და მალე სააკაშვილი მოსკოვში ჩავიდა. პუტინმა სთხოვა, ხაბურძანიასთან კარგად აგვეწყო საქმე და იქნებ თანამდებობაზე დატოვოო. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ხაბურძანია რუსეთის სპეცსამსახურების გავლენაში მოქცეული პირი იყო, მაგრამ ბევრმა მაინც რუსეთის კაცად მიიჩნია. მას შემდეგ იმდენი რამ მოხდა საქართველოში, რომ დავრწმუნდი, არაერთი მაღალი დონის პოლიტიკოსი დღესაც რუსეთის სპეცსამსახურების გავლენაშია მოქცეული.

- თუ შეიძლება, დააზუსტეთ.

- რუსეთმა მიაღწია მიზანს. კასპიის ზღვიდან ნავთობსაც მოიპოვებს, საქართველოს ტერიტორიაც ოკუპირებული აქვს. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტები (ბევრის უკან რუსული კომპანიები დგანან) და ეკონომიკური ბერკეტები ჩაიგდო ხელში. ამ საკითხზე ჩემზე უკეთ, ალბათ, ეკონომიკის ექსპერტები იმსჯელებენ, მე კი ჩემი პროფესიული თვალსაწიერიდან დავსვამ ერთ კითხვას:

მაშინ, როცა საქართველოში რუსეთის ჯაშუშებს წამდაუწუმ იჭერენ, განა შეიძლება თავდაცვის სამინისტროს კორპორატიული ნომრები "ბილაინს" ეკუთვნოდეს? ყველამ ვიცით, ეს რუსული კომპანიაა, "ბილაინის" მომსახურებით სარგებლობენ აფხაზეთშიც და ოსეთშიც. მოკლედ, ინფორმაციის დაცვის სისტემა მოშლილია საქართველოში.

- თქვენ ოქრუაშვილის მინისტრობის დროს მუშაობდით თავდაცვის სამინისტროში. როგორ აფასებთ მის იმჟამინდელ საქმიანობას?

- ჩვეულებრივი მინისტრი იყო, მაგრამ დანაშაულებრივი საკადრო ღონისძიებები გაატარა და ამით დიდი დარტყმა მიაყენა თავდაცვის სამინისტროს თითქმის ყველა სფეროს. მაგალითად, სამხედრო-საზღვაო ძალების ბიუჯეტი სამ მილიონ ლარს არ აღემატებოდა, როდესაც მთლიანად თავდაცვის ბიუჯეტი მილიარდ-ნახევარი იყო. გვჭირდებოდა თუ არა, უთავბოლოდ ყიდულობდნენ იარაღს. ცხადია, ამას თან ახლდა კორუფციული გარიგებებიც.ვიდრე შეიარაღების ყიდვას დავიწყებდით, უნდა განსაზღვრულიყო მიზნები და ამოცანები, უნდა შემუშავებულიყო დოქტრინა. არადა, მაშინ თავდაცვაში სამხედრო სტრატეგიაც არ იყო დამტკიცებული.

- აშშ-ის სამხედრო უნივერსიტეტში უსაფრთხოების გლობალური კვლევების სპეციალისტებთან თუ გიხდებათ საქართველოს პრობლემებზე საუბარი?

- ვიდრე აქ სწავლას დავიწყებდი, მეგონა, საქართველოზე ბევრი არაფერი ეცოდინებოდათ, მაგრამ შევცდი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არაერთი სამეცნიერო ნაშრომია საქართველოზე და საზოგადოდ, კავკასიაზე. ეს არის ეთნოგრაფიული, სოციალური, პოლიტიკური კვლევები, ბევრი ისტორიული ფაქტიც არის მოყვანილი და სამწუხაროდ, ზოგიერთი არა ჩვენს სასარგებლოდ. მაგალითად, ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია, როცა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველო დატოვა, ნაცვლად იმისა, ბოლშევიკურ რუსეთს შებრძოლებოდა, ერთმანეთში კინკლაობასა და დამნაშავის ძებნას მოუნდნენო. ზოგიერთი ნაშრომი განიხილავს დიქტატორულ და კომუნისტურ რეჟიმებს, სადაც ნათქვამია, რომ  ყველა დიქტატორულ რეჟიმს ახასიათებს საკუთარი პოლიტიკის საუკეთესოდ გამოცხადება, თავის მოწონება ქვეყნის აღმშენებლობით (რაც ხშირად ან დროებითია, ან ვირტუალური) და მტრის ხატის შექმნა, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მაგალითად, უგო ჩავესის, ისევე როგორც კასტროს, მუდმივი მოწინააღმდეგე იყო და არის აშშ,  საქართველოს კი მტრის ხატად რუსეთი ჰყავს. ცხადია, როცა ის შენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს, ტრაგედიაა, მაგრამ ისტორიული კანონზომიერება მოითხოვს, აღდგეს მასთან დიპლომატიური ურთიერთობა.

ჩრდილოეთ კორეაში ფეშენებელური ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების სიმრავლე ნამდვილად გაგაოცებთ, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი საიმისოდ, რომ ქვეყანა მოწინავედ ჩაითვალოს.

- როგორც ვიცი, მინისტრ ვერა ქობალიასთან გქონიათ მიმოწერა.

- ქალბატონ ვერას წერილი გავუგზავნე და შევთავაზე, თუ დაინტერესდებით,  საზღვაო ადმინისტრაციის განვითარების საკითხზე ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ-მეთქი. ქალბატონი ვერა დაინტერესდა, მაგრამ ჩემს წერილს აღარ  უპასუხა.საზღვაო გზა ერთადერთი უმოკლესი გზაა დასავლეთთან დასაკავშირებლად. საზოგადოდ, საერთაშორისო ტვირთების 95% ზღვაზე გადის. ზღვით გადაზიდვებზეა დამოკიდებული მთელი ეკონომიკა, მით უმეტეს - ამერიკისა და ევროპის. ჩვენთან კი ზღვა იგნორირებულია, არა გვაქვს შემუშავებული საზღვაო პოლიტიკა და სტრატეგია. სწორედ ეს მივწერე ქალბატონ ვერას.

- თქვენი აზრით, აქვს თუ არა საქართველოს ტურისტულ ქვეყნად გადაქცევის პერსპექტივა?

- სააკაშვილი ხშირად თავად მონაწილეობს ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში და ეს ცუდი ნამდვილად არ არის, რადგან ტურიზმის განვითარება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ნუ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი მხოლოდ საქართველოში ასრულებს ამ მნიშვნელოვან მისიას. ის სხვა ქვეყნების პოპულარიზაციასაც ეწევა (იცინის).

მაგალითად, ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ კარიბის ზღვის აუზის ერთ-ერთ ქვეყანაში (კუნძულზე) საქართველოს პრეზიდენტმა კარგი დრო გაატარა და ახლა მისი ფოტო ერთ-ერთ ბარს ამშვენებს. ბარის მეპატრონე თურმე ძალიან ამაყობს. ყველას ეუბნება, ეს საქართველოს პრეზიდენტიაო.

არ ვიცი, სწვევიან თუ არა იმ ბარს სხვა ქვეყნების პრეზიდენტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინაობას დამალავდნენ. საქართველოს პრეზიდენტი კი რის საქართველოს პრეზიდენტია, თუ თავი არ წარმოაჩინა.