"მედვედევი დაუფარავად ტყუის, არ ვიცი, პირადი ინიციატივით თუ უბრძანეს" - კვირის პალიტრა

"მედვედევი დაუფარავად ტყუის, არ ვიცი, პირადი ინიციატივით თუ უბრძანეს"

"რუსეთის პრეზიდენტი ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ფიგურად"

აგვისტოს ომიდან მესამე წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მისეული ვერსია უამბო "ეხო მოსკვის" მთავარ რედაქტორ ალექსეი ვენედიქტოვს, "პიკის" საინფორმაციო სამსახურის უფროს ეკატერინე კოტრიკაძესა და "რაშა თუდეის" ჟურნალისტ სოფო შევარდნაძეს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილთან მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ყოფილა, მაგრამ საქართველოში კონდოლიზა რაისის ვიზიტის შემდგომ თვითონ სააკაშვილმა აღარ გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის სურვილი. დღეს კი სააკაშვილის განცხადების მიუხედავად, რომ მზად არის წინა პირობების გარეშე დაიწყოს დიალოგი, რუსეთის ხელისუფლებას აღარა აქვს მასთან საუბრის სურვილი.

დმიტრი მედვედევმა გაიხსენა, როგორ მიიღო საბრძოლო მოქმედების დაწყების გადაწყვეტილება:

"7 აგვისტოს ღამეს დამირეკა თავდაცვის მინისტრმა და მითხრა, რომ ქართველმა მეზობელმა აქტიური სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ძალიან დავეჭვდი და ვთქვი: "უნდა გადავამოწმოთ, ის სულ გადარეულია თუ ბოდავს? იქნებ ეს უბრალო პროვოკაციაა და ოსების სიმტკიცეს ცდის და ცდილობს რაღაცის ჩვენებას?" გავიდა საათი, ისევ თავდაცვის მინისტრი მირეკავს: "არა, უკვე ყველა სახის შეიარაღებას იყენებენ, ისვრიან "გრადს". ვუთხარი, "კარგი, ველი ახალ ინფორმაციას-მეთქი". დრო გადის და მინისტრმა მომახსენა: "მათ ჩვენი მესაზღვრეების კარავი გაანადგურეს, ყველა დახოცეს. რა ვქნა?" ვუპასუხე: "გახსენით საპასუხო ცეცხლი". ეს ყველაზე მძიმე ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში... ვლადიმირ ვლადიმირის ძეს პეკინში მხოლოდ რამდენიმე დღე-ღამის შემდეგ დავუკავშირდი. მაშინ ყველა ბრძანება გაცემული მქონდა", - განაცხადა მედვედევმა, რომელმაც ფაქტობრივად უპასუხოდ დატოვა შენიშვნა, რომ ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ცხინვალის თითქმის მთელი მოსახლეობა გაიყვანეს.

დმიტრი მედვედევმა უარყო მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომისთვის კარგა ხნით ადრე ემზადებოდა, რომ პუტინი მას საქართველოში "ჩრდილოეთ კვიპროსის მოწყობას" დაჰპირდა.

"ეს მტკნარი სიცრუეა. ბატონი სააკაშვილი ბევრ რამეს ამბობს. საერთოდაც, ის საუბარს არ აკონტროლებს. ბუნებრივია, მსგავსი არაფერი  განიხილებოდა... კონფლიქტი არავის სჭირდება... ის, რომ კონფლიქტი მოხდა, ტრაგედიაა და ამაზე პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს - საქართველოს პრეზიდენტს ეკისრება... სააკაშვილმა საკუთარი სამშობლო თავადვე გახლიჩა - სწორედ ეს არის ყველაზე საშინელი მისთვის და ქართველი ხალხისთვის", - ბრძანა მედვედევმა, რომელმაც საერთაშორისო ნორმების დარღვევის გამო სააკაშვილისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის გამართვის იდეა წამოაყენა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების კომენტირება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილს ვთხოვეთ:

- ბატონო დავით, რუსეთის პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს პრეზიდენტს დააკისრა.

- როდესაც ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე, რა დამოკიდებულება აქვს მის სახელმწიფოს ჩვენს სახელმწიფოსთან, როგორ შეიძლება სერიოზულად მივიღოთ მედვედევის განცხადებები და მათში ობიექტურობის ნასახი ვეძიოთ. ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მედვედევი ჭეშმარიტების პოვნის წყარო იყოს. ეს ინტერვიუ საინტერესო მხოლოდ იმით არის, რომ კარგად დაიხატა მედვედევის ფსიქოლოგიური პორტრეტი, მაგრამ ეს ფსიქოლოგებისა და პოლიტოლოგების საქმე უფროა, ვიდრე პოლიტიკოსების. ეს კაცი დაუფარავად ტყუის, არ ვიცი, პირადი ინიციატივით თუ უბრძანეს. ვფიქრობ, მას ოდნავ მეტი განათლება და სხვა ბექგრაუნდი აქვს, ვიდრე პუტინს, რომელიც ვიცით საიდან მოდის და რა ღირებულებებიც აქვს, მაგრამ დღეს მედვედევი პუტინის ენით ლაპარაკობს. არ ვიცი, ეჯიბრება თუ სხვა რამეშია საქმე. ან კონდოლიზა რაისის კრიტიკა რა შუაში იყო? ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, ძალიან კარგად არის დოკუმენტირებული დონალდ ასმუსის წიგნში, ასევე ანდრეი ილარიონოვის ძიების შედეგებში, სადაც დეტალურად არის აღწერილი, ვინ ვის ესროლა პირველად და რა ხდებოდა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ არის დოკუმენტირებული ტალიავინის ანგარიშშიც. ოღონდ ეგ არის, ტალიავინის დასკვნები ოდნავ ეწინააღმდეგება იმ ფაქტებს, რასაც ტალიავინი თავისსავე ანგარიშში ჰყვება. მედვედევის ეს ინტერვიუ თეთრი ძაფით არის ნაკერი და პიარის უნიჭო მცდელობაა.

- აგვისტოს ომის დაწყება აქამდე პუტინის ინიციატივა გვეგონა, მაგრამ მედვედევი საპირისპიროს ამბობს, პრემიერმა რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო ყველაფერიო.

- თქვენ გჯერათ ამის? მე - არა.

- მედვედევმა ისიც თქვა, რუსეთს მიზნად არ ჰქონია საქართველოს რომელიმე ქალაქის ან თბილისის დაკავება. ჩვენი ამოცანა ქართული სამხედრო მანქანის შეჩერება იყო, თორემ რომ მომენდომებინა, საქართველოს დღეს ახალი პრეზიდენტი ეყოლებოდა, სააკაშვილის დამხობა არ იყო ძნელიო.

- მედვედევს რა უნდა, ეს  ნაკლებად საინტერესოა. მთავარი პუტინისა და მისი გარემოცვის განწყობაა. პუტინი და ლავროვი ამბობდნენ საჯაროდ, სინამდვილეში რაც უნდოდა რუსეთს. მაგათი სიტყვები იყო "რეჟიმ ჩეინჯი". ამ ინტერვიუში მედვედევი ფაქტებს ეწინააღმდეგება.

- ბოლო დროს პუტინი და მედვედევი აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, მედვედევის თქმით, არანაირი იურიდიული და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გასაერთიანებლად, ცოტა ხნით ადრე კი ეს არ გამორიცხა პუტინმა.

- მედვედევი ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად. მის გარემოცვაში ვიღაცებს არ მოსწონთ პუტინი, რადგან იციან, რომ დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობაა საჭირო, მაგრამ მედვედევი ვერ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა. ვითომ პუტინისაგან განსხვავებულ რამეს ამბობს, მაგრამ ეს უფრო თამაშია, ვიდრე მათ შორის აზრთა სხვადასხვაობის გამოხატულება.

- რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის მოწყობაზე რომ ლაპარაკობს, ამაზე რას ფიქრობთ?

- ერთ რუსულ ზღაპარში ნაამბობია, როგორ გადადიან ადამიანები რეალური სამყაროდან სარკეში, სარკის მიღმა სამყაროში კი ყველაფერი დამახინჯებულია. ამ ზღაპარს მაგონებს რუსული პოლიტიკა. მაშინ, როდესაც აშშ და ევროპა სასტიკ რეჟიმებს მკაცრ სანქციებს უწესებენ, რუსებიც ცდილობენ მსგავსი რამ გააკეთონ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის აღსადგენად. რუსეთის ქმედებები    გროტესკი, შარჟია XXI საუკუნის საერთაშორისო ტენდენციებისა და წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკისა.

- 2008 წლის აგვისტოს ომიდან მესამე წლისთავზე მედვედევის ამ განცხადებების მიზეზი რა გგონიათ?

- ეტყობა, აქვს დატვირთვა. შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებაში იფიქრეს, რომ ომის მესამე წლისთავი ასე უნდა აღენიშნათ. უფრო მგონია, რუს პოლიტიკოსებს, მათ მრჩევლებსა და პიარშჩიკებს გულზე ძალიან მოხვდათ აშშ-ის სენატის რეზოლუცია და ბრაზს ასე გამოხატავენ, ეს კი სისუსტის ნიშანია. სენატის გარდა, გახშირდა რუსეთის გაკრიტიკება ევროპაშიც. ამან დისკომფორტი შეუქმნა რუსეთის ხელისუფლებას და ასეთი აგრესიული, ცინიკური განცხადებებით გამოხატავს თავის გაღიზიანებას.