მიშას არ აჩვენოთ - კვირის პალიტრა

მიშას არ აჩვენოთ

ხომ გაგიგიათ,  ერთი გიჟი ყველა ქალაქს ჰყავსო. ბუნებრივია, გამონაკლისი ვერც ვილნიუსი იქნებოდა. ალბათ, ნახეთ გასულ კვირას როგორ გადაწყვიტა ვილნიუსის მერმა მანქანების არასწორ პარკირებასთან ბრძოლა, - ქუჩაში ჯავშანტრანსპორტიორი გამოიყვანა, ზედ შეჯდა და აკრძალულ ადგილზე გაჩერებულ მანქანას გადაუარა. თავიანთი მერის ამბავი ვილნიუსელებმა გაარკვიონ, მაგრამ, როდესაც ეს ვიდეოკადრები გავრცელდა, ყველას ასეთი რეაქცია ჰქონდა: "ეს მიშას არ აჩვენოთ!"

ყველაზე დამთრგუნველი

გასულ კვირას მთავარი სიურპრიზი მაინც რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა შემოგვთავაზა, როდესაც გადაწყვიტა, ორ ქართველ და ერთ რუს ჟურნალისტთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ელაპარაკა. რატომ გააკეთა ეს, რატომ თქვა ის, რაც თქვა, ამის გარკვევა და გაანალიზება ექსპერტების საქმეა და მე თავს არ გამოვიდებ. ალბათ, ამ კვირაშიც გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა და ბევრ მოსაზრებასაც მოისმენთ. მე მხოლოდ ჩემი ერთი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ. მინდა გითხრათ, რამ დამთრგუნა ამ ინტერვიუს მოსმენის დროს ყველაზე მეტად. როდესაც მედვედევის თითქმის ერთსაათიანი ინტერვიუ ვნახე, ძალიან დავითრგუნე იმ დამოკიდებულებით, რომელიც ამ კაცს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ აქვს. ერთია, როდესაც თუნდაც ქართველი ჟურნალისტები ვაკრიტიკებთ სააკაშვილს და მეორე, როდესაც ხედავ, როგორ აგდებულად ლაპარაკობს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი შენი ქვეყნის პრეზიდენტზე.

ჟურნალისტების შეკითხვაზე: მართალია თუ არა, რომ იგი ასთანაში სააკაშვილთან შეხვედრას თავს არიდებდა, მედვედევმა უპასუხა: მისთვის თავის არიდება შეუძლებელია. ის კარგად გეწებება. თუ შემოგიჩნდა, ისე შემოგიჩნდება, როგორც საჭიროაო. შემდეგ თქვა, ხელსაც კი არ ჩამოვართმევო. კიდევ თქვა: სააკაშვილი არ აკონტროლებს, რას ამბობსო. ასეთი ტონი აღმაშფოთებელია. გიჩნდება სურვილი, რომ მედვედევს შეეკამათო, მაგრამ ხვდები, რომ უძლური ხარ, რომ ამის საშუალებას თავად შენი ქვეყნის პრეზიდენტი არ გაძლევს. როგორ გინდა, მედვედევს თუნდაც ბოლო შეფასებაში წინააღმდეგობა გაუწიო? მას ყველაფერში შეეკამათები და დაუმტკიცებ, რომ ტყუის და მართალს არ ამბობს. დაუმტკიცებ, რომ საქართველო რუსეთთან ყოველთვის მართალი იყო და ამ ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ქართულ მხარეს ვერ დაეკისრება, მაგრამ როგორ გინდა დაუმტკიცო, რომ ჩვენი პრეზიდენტი თავის ნათქვამს აკონტროლებს? ამას როგორ დაუმტკიცებ, როდესაც სულ ახლახან სააკაშვილმა ერთ-ერთ აზერბაიჯანულ გამოცემას განუცხადა: "ჩვენს ქვეყნებს სერიოზული პრობლემები აქვს გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო და საქართველოსა და აზერბაიჯანის ყველა ოპონენტი ჩვენი ქვეყნების მტერია". როგორ უნდა თქვა, რომ ამ დროს ის აკონტროლებდა, რასაც ამბობდა. ბავშვიც კი მიხვდებოდა, ასეთ განცხადებას რა რეაქცია ექნებოდა სომხეთში. აკი თქვა კიდეც  ერთ-ერთმა სომეხმა პოლიტოლოგმა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ საქართველოში მცხოვრებ სომხებსაც მიაყენა შეურაცხყოფაო. მოდი და ამის შემდეგ უმტკიცე მედვედევს, რომ ცდება, ჩვენს პრეზიდენტზე რომ ასეთი წარმოდგენა აქვს. სწორედ ასეთი შესაძლებლობის არარსებობა იყო ყველაზე დამთრგუნველი ჩემთვის იმ ინტერვიუს მოსმენის დროს.

უბრალოდ, განსაკუთრებული

ვფიქრობ, დღეიდან სამოდელო სააგენტოებმა, რომელთა ნაკლებობასაც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ უჩივის, ახალი სარეკლამო სლოგანები უნდა მოიფიქრონ. მაგალითად, ასეთი: გინდა გახდე მებაჟე, გახდი მოდელი! დამსაქმებელი საქართველოს პრეზიდენტი! მგონი, კარგი ბიზნესი გამოვა. ვინ აძლევს მოქალაქეებს დასაქმების ასეთ გარანტიას? არავინ. ამიტომ მგონია, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გასულ კვირას საქართველოს განსაკუთრებულობის საიდუმლო გაამხილა, ყველაზე სარფიანი ბიზნესი სამოდელო სააგენტოს გახსნაა. და რაშია საქართველოს განსაკუთრებულობა? პრეზიდენტს მოვუსმინოთ: "შვიდი წელი ვუყურებდით ასეთ მებაჟეებს და მერე გადავწყვიტეთ, რომ საბაჟოზე უნდა იმუშაონ სამოდელო სააგენტოს გოგოებმა, რომლებიც იქ იმიტომ არიან, რომ გაიღიმონ. ტრაილერის გაუპარსავ მძღოლებს მიესალმონ ინგლისურად, თურქულად, გაუღიმონ, ტვინი დაუბნელონ, მაგრამ 7 წუთში გაუშვან, რომ სხვა რამეზე ფიქრის დრო აღარ დარჩეს", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა.

ძნელია პრეზიდენტს არ დაეთანხმო და არ აღიარო, რომ მართალს ამბობს. აბა, დაფიქრდით, სხვაგან სად შეიძლება გახდე მოდელი, რომ მერე მებაჟედ იმუშაო? სხვა რომელ ქვეყანაში აქვთ მოდელებს ასეთი პერსპექტივა? სხვაგან რა არის მათი პერსპექტივა?  - რა და,  დილიდან საღამომდე პოდიუმზე წანწალი. ვიღაც-ვიღაცების შეკერილი ტანსაცმლის დემონსტრირება. ეს რა მოდელის საკადრისი საქმეა? განა ეს ეკადრებათ ტანწერწეტა გოგონებს? განა ამისთვის გაიმწარეს დიეტებითა და ათასგვარი პროცედურებით ცხოვრება, რომ მერე ვიღაც დიზაინერების "ვეშოლკები" გამხდარიყვნენ? ეს ხომ უსამართლობაა და ჩვენ, როგორც განსაკუთრებული ქვეყანა, ამას გამოვასწორებთ. მოდელებს საკადრის საქმეს მოვუძებნით. ისეთ სამუშაოს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ და არც იმის შეგრძნება ექნებათ, რომ სხვისი "ვეშოლკები" არიან; სადაც არავინ აიძულებს, ხალხის თანდასწრებით ნახევრად შიშვლებმა იარონ ან ფოტოკამერის წინ გაიხადონ. ეს ხომ დამამცირებელია? ქართველ მოდელებს ასეთი რამ როგორ ეკადრებათ?! დღეიდან მათ ექნებათ ღირსეული სამსახური - მებაჟეები გახდებიან და ტრაილერის გაუპარსავ მძღოლებს ტვინებს დაუბნელებენ.

მინდა ვიყო სოციალურად დაუცველი

სოციალურად დაუცველის სტატუსი როგორ უნდა ინატროს კაცმა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სტატუსი ხალხს სანატრელი გაუხდეს. ვერ გეტყვით, სხვაგან როგორაა, მაგრამ თბილისში ასეა. თავად განსაჯეთ: დედაქალაქში ყველაფერი გაძვირდა. ნაგვის გადასახადი შეიცვალა, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასმა მოიმატა. ახლა უკვე ბაღები გახდა ფასიანი. დედაქალაქის მერია კი ამას იმით ამართლებს, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ყველა გადასახადს თავად გადაუხდის. რა გამოდის: ღარიბებს მერია გადაუხდის, მდიდრებისთვის გაძვირება პრობლემა არ არის, მათ ბავშვები ისედაც ფასიან ბაღებში დაჰყავდათ და არც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობდნენ. გამოდის, ყველაზე დაჩაგრული ე. წ. საშუალო ფენაა. საშუალო შეძლების მქონე ადამიანისთვის ცხოვრება უსასრულოდ ძვირდება. ინფლაციასა და პროდუქტების გაძვირებას ახლა გაზრდილი გადასახადები დაემატა. რა უნდა ქნას იმან, ვინც სოციალურად დაუცველი არ არის, ებრძვის ცხოვრებას და არ სურს სხვის კმაყოფაზე ყოფნა. რაღაც სამსახური უშოვია, თავი გააქვს თვიდან თვემდე და ლამის ყოველთვე ხარჯები ეზრდება, ხელფასი კი იგივე რჩება. რა უნდა ქნას, მაგალითად,  მარტოხელა დედამ, რომელიც მუშაობს, მისი ხელფასი კი სულ 300-400 ლარს შეადგენს, სამსახურში ყოველდღე მუნიციპალური ტრანსპორტით დადის, ბავშვები ბაღში დაჰყავს, რადგან დამტოვებელი არავინ ჰყავს. რა უნდა ქნას? გამოსავალი ერთია - უნდა დაჯდეს და სოციალურად დაუცველის სტატუსი ინატროს.