"ყველა კარტი უკვე გახსნილია და ბრძოლა იწყება" - კვირის პალიტრა

"ყველა კარტი უკვე გახსნილია და ბრძოლა იწყება"

"ორივე კანდიდატს ჰყავს მფარველები: ანქვაბს - რუსულ ძალოვან სტრუქტურებში, შამბას კი მედვედევის მხარდამჭერ პოლიტელიტაში"

სანამ საქართველოს მთავრობა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან კონტაქტს იმ მიზნით აღრმავებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარონ, აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. 26 აგვისტოს არჩევნებზე აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს. გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

- სამი საპრეზიდენტო კანდიდატია: ალექსანდრე ანქვაბი, სერგეი შამბა და რაულ ხაჯიმბა. რუსეთს ჯერჯერობით საჯაროდ არ მოუცია ნიშანი, რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.

- წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსების ფავორიტი რაულ ხაჯიმბა იყო.

- დღეს მას არათუ მოსკოვში, სოხუმშიც აღარ აქვს გავლენა. 2004 წელს მოსკოვმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ხაჯიმბას საჯაროდ დაუჭირა მხარი. მოსკოვს ეს ძვირად დაუჯდა და დღეს ცდილობს ერთხელ დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეოროს. წელს უფრო აფხაზეთში მცხოვრები სომეხი და სლავი თემების იმედი აქვთ.

- სწორედ მათ ფავორიტად მიაჩნიათ შამბა.

- მთლად ასე არ არის. მოსკოვმა სომხური თემის კონსოლიდირება სცადა, რათა მას ერთი კანდიდატისთვის მიეცა ხმა,მაგრამ ჯერჯერობით არ იკვეთება, რომელი აირჩია, რას დაავალებს სომხურ და სლავურ თემებს.

ალექსანდრე ანქვაბი გალის ქართველ მოსახლეობას შეხვდა. ოფიციალური ვერსიით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გალში სოციალურ-ეკონომიკური და ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ჩავიდა, არადა არჩევნების წინ მისი გალში ჩასვლა საარჩევნო კამპანიად აღიქმება. საქმე ის არის, რომ გალის ქართველების ნაწილს საბუთების უქონლობის გამო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს. თავის დროზე, მიუხედავად ბაღაფშის მონდომებისა, აფხაზეთის პარლამენტმა არ მიიღო ინიციატივა, რომელიც გალში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევდა. დღეს გალში მცხოვრები დაახლოებით 45 ათასი ქართველისგან მხოლოდ 9 ათასს აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

მართალია, ქართველ ამომრჩეველს არა აქვს გადამწყვეტი ხმა, მაგრამ პატარა აფხაზეთისთვის, სადაც დაახლოებით 132 ათასი ამომრჩეველია, 9 ათასი ამომრჩეველიც რაღაცას ნიშნავს (ცხადდება, რომ აფხაზების რაოდენობა დაახლოებით ასი ათასია, რაც ტყუილია. ჩემი ვარაუდით, ამომრჩევლის 55%-ია არააფხაზი).

დღეს აფხაზეთში წესრიგის დამყარება უმნიშვნელოვანესია. აფხაზების აზრით, შამბა ისეთი პოლიტიკოსია, რომელიც ვერაფერს გახდება. ანქვაბის მძიმე ხასიათის მიუხედავად, ფიქრობენ, რომ ის შეძლებს ვითარების შეცვლას, მოსპობს კორუფციასა და დანაშაულებს. მაგრამ ეს ილუზიაა. კორუფცია მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული.

აფხაზების ერთი ნაწილის აზრით, შამბა ნაკლებად არის რუსეთზე ორიენტირებული, უფრო დასავლეთისკენ იხრება და ეს მოსწონთ. ორივე კანდიდატს აქვს თავისი გავლენის სფეროები და ჰყავთ მფარველები: ანქვაბს - რუსულ ძალოვან სტრუქტურებში, შამბას კი მედვედევის მხარდამჭერ პოლიტელიტაში. მოსკოვმა კარგად იმუშავა არააფხაზურ თემებზე და მიიღო კარგი რეზერვი, რომელიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იქონიებს არჩევნების ბედზე. ამიტომაც, ვინც უნდა ჩაჯდეს პრეზიდენტის სავარძელში, აუცილებლად მადლიერი იქნება მოსკოვისა, დავალებულ კაცს კი რუსეთი რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს.

საპრეზიდენტო არჩევნების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე ნომრებს, ანუ მათ, ვინც ვიცე-პრეზიდენტების პოსტზე იყრიან კენჭს. ხაჯიმბას ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატია სვეტლანა არძინბა, ვლადისლავ არძინბას მეუღლე. არადა, 2004 წლის არჩევნების დროს ამ ქალმა სილა გააწნა ხაჯიმბას. ამიტომაც აფხაზები ამ ტანდემს არაბუნებრივად მიიჩნევენ.

შამბას ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატია შამილ აძინბა (და არა არძინბა), რომელიც აჭარის მკვიდრია. 20 წლის ბიჭი იყო, აფხაზ-ქართველთა ომში ქართველებს რომ ებრძოდა და ფეხი დაკარგა. დიდი ავტორიტეტი აქვს ომის ვეტერანებში. ამჟამად ის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. შამილ აძინბა აჭარელი მუჰაჯირის შთამომავალია, ქართული კარგად იცის. Mბევრის აზრით, ვიცე-პრეზიდენტად მისი დასახელებით შამბამ გზავნილი მისცა გალის ქართველობას. შესაძლოა ეს იყოს გზავნილი მუჰაჯირებისთვის (აჭარაში მცხოვრები აფხაზებისთვის). ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ შამბამ საინტერესო კანდიდატურა შეარჩია ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ასევე საინტერესოა ალექსანდრე ანქვაბის კანდიდატი მიხეილ ლოგუა, გულრიფშის გამგებელი, რომელიც ცნობილია როგორც კარგი მეურნე და არასოდეს შეუმჩნევიათ პოლიტიკანობაში. შორს ქართველებისაგან არც მიშა ლოგუაა და შეიძლება ესეც იყოს გზავნილი ქართველებისათვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზეთში ყველა კარტი უკვე გახსნილია და ბრძოლა იწყება.

- რა დაპირებებს იძლევიან კანდიდატები?

- ანქვაბმა არაპოპულარული განცხადება გააკეთა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შევცვლი კანონს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს აქვს უფლება იყიდოს აფხაზეთში უძრავი ქონებაო. აფხაზებისთვის ეს დიდი დარტყმაა. მათი ერთადერთი სტრატეგიული სიმდიდრე შავიზღვისპირეთია. რუსებს მისი ყიდვა უნდათ, მაგრამ აფხაზები უფლებას არ აძლევენ. თუ კანონი შეიცვალა, მაშინ მთელ ზღვისპირეთს რუსები იყიდიან და ჯიბეში ფულჩადებული აფხაზები\ აღარც გაჩერდებიან აფხაზეთში. ანქვაბს ეტყობა, ისე უნდა მოსკოვს თავი მოაწონოს, რომ ასეთი წამგებიანი განცხადება გააკეთა.

შამბამ კი ჩემს წინადადებას, რომ უნდა დაიწყოს დიალოგი აფხაზებთან, რუსებმა გაიყვანონ ჯარი, ლტოლვილები დაბრუნდნენ და მერე შეიძლება ლაპარაკი აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე, პირდაპირ გასცა პასუხი, რუსეთის ჯარს არ გავიყვანთ აფხაზეთიდან და გალს იქით დევნილებს არ დავაბრუნებთო. ამით, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ დამოუკიდებლობა კი არა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება უნდა. ამ განცხადებით შამბამაც სცადა თავი მოეწონებინა მოსკოვისთვის. საპრეზიდენტო კანდიდატები ორ ცეცხლს შუა არიან. თუ პროაფხაზად გამოაჩენენ თავს, მოსკოვის გულისწყრომას იმსახურებენ, თუ პრორუსად, მაშინ აფხაზები ღიზიანდებიან.

- აფხაზებს არა აქვთ განცდა, რომ საოკუპაციო რეჟიმში არიან?

- სოხუმში ეს ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ როგორც კი გაჯიუტდებიან, რუსები ზეწოლის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. წელს აფხაზებს საკურორტო სეზონი პრაქტიკულად ჩაუგდეს, ივნის-ივლისში წამოიწყეს რუსეთისა და აფხაზეთის შემაერთებელი ფეხით სავალი ხიდის გარემონტება. რომელი ტურისტი შემოვიდოდა აფხაზეთში, როდესაც 7-8 საათი სიცხეში უნდა მდგარიყო, სანამ ხიდზე გადავიდოდა? სოხუმის ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი სამხედრო სანატორიუმი რუსებმა გარემონტების მომიზეზებით დახურეს იმის გამო, რომ აფხაზებმა მოითხოვეს, ამ სანატორიუმმა ჩვენი ვეტერანებიც მიიღოსო. ამის საპასუხოდ რუსებმა სანატორიუმი დახურეს და 1200 თანამშრომელი გამოყარეს, რასაც ანტისახელისუფლებო და ანტირუსული განწყობილების გაჩენა მოჰყვა. რუსები აშკარად აჩვენებენ, რაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. აფხაზებს სხვა გზა არა აქვთ, უნდა შეეგუონ. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ აფხაზებს სხვა გზა ვაჩვენოთ. როგორმე უნდა მოვახერხოთ აფხაზების დასმა მოლაპარაკების მაგიდასთან. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ჟენევის ფორმატში, რომელიც შეზღუდულია და უამრავი დამკვირვებელი გადგას თავზე. უნდა მოვახერხოთ, რომ შეიქმნას მუდმივმოქმედი ფორმატი, ერთი რაუნდი თბილისში გაიმართოს, მეორე სოხუმში და ა.შ. მოლაპარაკებაზე, რა თქმა უნდა, რუსებიც იქნებიან, მაგრამ მოდერატორი გაერო უნდა იყოს.

KvirisPalitra.Geსერგეი შამბა

დაიბადა 1951 წელს გუდაუთაში. არის აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრემიერ-მინისტრი 2010 წლის 12 თებერვლიდან; მანამდე მრავალი წლის განმავლობაში იყო დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

საგარეო საქმეთა მინისტრობამდე იყო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს მეთაური, ხოლო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს - აფხაზეთის სახალხო ფრონტის ხელმძღვანელი.

2004 წლის 14 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადადგა, რისთვისაც მრავალი მიზეზი სახელდებოდა, მათ შორის, თანაპარტიელის, ოპოზიციის ლიდერ გარი აიბას მკვლელობა. თუმცა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაღაფშის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შამბა ისევ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად.

KvirisPalitra.Geალექსანდრე ანქვაბი

დაიბადა 1952 წლის 26 დეკემბერს სოხუმში. 1974 წელს დაამთავრა როსტოვის იურიდიული ინსტიტუტი. 1975-დან 1981 წლამდე მუშაობდა აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის სამინისტროში, კომკავშირის აფხაზეთის საოლქო კომიტეტში, კომკავშირის გუდაუთის რაიონის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუდაუთის რაიონის რაიონული განყოფილების უფროსად.

1981-დან 1983 წლამდე მუშაობდა თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორად, სოფლის მეურნეობის განყოფილების სამეცნიერო და ეკონომიკური ანალიზის სექტორის გამგედ, ადმინისტრაციული ორგანოების მმართველის მოადგილედ.

1984-დან 1990 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ აპარატს მინისტრის მოადგილის რანგში. 1991 წელს აირჩიეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1992-1993 წლებში, ვლადისლავ არძინბას მთავრობაში იყო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

1994-2000 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას. სოხუმში დაბრუნებულმა დააარსა პირველი ოპოზიციური მოძრაობა "აითაირა". 2004 წელს აპირებდა ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ვერ შეძლო კანდიდატურის წამოყენება  (სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში). 2009 წელს აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად; 2005 წლიდან დღემდე ალექსანდრე ანქვაბს ხუთი ტერაქტი მოუწყვეს. დღემდე არც ერთი საქმე არ არის გახსნილი.