მყვინთავები - კვირის პალიტრა

მყვინთავები

ისინი მყვინთავები ყოფილან, უფრო სწორად, - მყვინთავებიც. ორივე ყოველთვის კარგად ყვინთავდა, უბრალოდ, წყალში ეს პირველად გააკეთეს.  ორივე ერთდროულად ამტკიცებს, რომ მათთვის შეუძლებელი არაფერია, რომ მათ ყველაფერი ხელეწიფებათ და თავს ლიდერებად მარტო მიწაზე კი არ გრძნობენ, არამედ ჰაერშიც და წყალშიც. მიწაზე ხომ ორივე მყარად დგას, ფრენითაც კარგად დაფრინავენ, ვნახეთ, როგორ მართავენ თვითმფრინავებს, წყალზე თავს ბრწყინვალედ გრძნობენ და კარგი მოცურავეები არიან. რაღა იყო დარჩენილი? წყალქვეშ ჩასვლა და ესეც გააკეთეს. მანამდე ორივემ იმდენი პროფესია აითვისა, უკვე მათგან არც არაფერი გიკვირს. განა გაუკვირდა ვინმეს, როდესაც სააკაშვილი წყალქვეშ დაინახა? არა მგონია. შეიძლება ვიღაცას გაეცინა, მაგრამ არ გაჰკვირვებია. იგივე მოხდა ალბათ რუსეთში, როდესაც  ხუთშაბათს ბატონმა პუტინმა ტბის ფსკერზე ჩაყვინთა და არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთა. მერე ორივე ქვეყანაში ჟურნალისტებმა იმის გარკვევა დაიწყეს, ვინ უფრო ღრმად ჩავიდა და აღმოჩნდა, რომ - ჩვენმა გაიმარჯვა. მიხარია. გულწრფელად მიხარია.

KvirisPalitra.Geახლა ერთი კოსმოსში გაფრენა დარჩათ, მაგრამ აქ აშკარა უპირატესობა მხოლოდ ერთ მათგანს აქვს. იმედია, ის ერთი ამას არასდროს გააკეთებს, იმიტომ, რომ ეს მეორის მიმართ აშკარა უსამართლობა იქნება.

ლაპარაკი იმის შესახებ, ვინ ვის ჰბაძავს, სისულელე მგონია. ისინი უბრალოდ, ერთნაირები არიან და ერთნაირადაც ამიტომ იქცევიან. ისინი ისე ჰგვანან ერთმანეთს, შეუძლებელია ერთმანეთი არ სძულდეთ.

ხსოვნის კვირეული და ცინიზმი

გასული კვირა საქართველოში ხსოვნის კვირა იყო. ჩვენ ყველანი აგვისტოს ომის მსხვერპლთ ვიხსენებდით. მოეწყო უამრავი ღონისძიება, სიმბოლური აქციები, გულზე ყაყაჩოებიც დავიბნიეთ, გაკეთდა განცხადებები, რომ ასეთი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს ოკუპაცია ადრე თუ გვიან მაინც დასრულდება და ა. შ.  საქართველოს ხელისუფლებას ასეთი ღონისძიებების ორგანიზება ეხერხება. ვერ დაუკარგავ. თუმცა მას ისიც ეხერხება, ყველაფერი ბოლოს ფარსს დაამსგავსოს. სხვა რა შეიძლება უწოდო იმ ფაქტს, როდესაც ცალი ხელით ომში დაღუპულებს პატივს მიაგებ, ხოლო მეორით ამ თუ სხვა ომების ცოცხალ მსხვერპლთ, დევნილებს, შეტყობინებას უგზავნი გამოსახლების შესახებ.

სასტუმრო "აფხაზეთი" ჩვენი ქვეყნის ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სიმბოლოა. იქ სამაჩაბლოს პირველი ომისდროინდელი დევნილები ცხოვრობენ. უკვე ოცი წელია იქ არიან. ახლა კი იქიდან ასახლებენ. აქ არ არის ლაპარაკი იმის შესახებ, მათი პრეტენზიები სამართლიანია თუ არა. ბევრი ფიქრობს, რომ დევნილები გადასახლებას უნდა შეეგუონ, რომ თბილისში სამუდამოდ ვერ დარჩებიან, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველიც ამბობენ, რომ ამ დევნილების უფლებები ირღვევა, რადგან სახელმწიფო მათ პირობებს კი არ აუმჯობესებს, არამედ აუარესებს. აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ ამ ისედაც დატანჯულ ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ უკვე დაკარგეს ყველაფერი, ისე უნდა მოექცე, რომ მძიმე ტრავმა კიდევ ერთხელ არ მიაყენო. ხომ შეიძლება, უბრალოდ დაელაპარაკო? მთელი კვირაა ისინი აქციებს მართავენ, ხან სუბელიანის უწყებასთან, ხან პარლამენტთან, მაგრამ გამკითხავი არავინ არის. მათთან შესახვედრად არც სუბელიანს და არც პარლამენტის თავმჯდომარეს არ ეცალათ, სამაგიეროდ, დავით ბაქრაძე "ხსოვნის კვირეულის" ფარგლებში თავად მივიდა დევნილებთან, ოღონდ სხვა დევნილებთან. ის არ შეხვდა იმ დევნილებს, რომლებიც მასთან მივიდნენ, სამაგიეროდ თავად წავიდა იმ დევნილებთან, რომლებიც ჯერჯერობით აქციებს არ მართავენ და პრეტენზიებს არ გამოთქვამენ. მივიდა და ასეთი რამ განაცხადა: "ჩვენ, ქართველ საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვინც დაკარგა ყველაფერი, სახლ-კარი, სამსახური, ცხოვრება და დაკარგა რუსული აგრესიისა და ოკუპაციის გამო, რომელიც დღემდე გრძელდება. ამიტომ, ყოველთვის ყველა მოლაპარაკების და პოლიტიკური პროცესის დროს დევნილთა უფლებების დაცვა უნდა იყოს ქართული პოლიტიკის, საქართველოს დიპლომატიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი და ქვაკუთხედი".

როგორ ფიქრობთ, არის, თუ არა ეს ცინიზმი? ბუნებრივია, ბაქრაძეს ამ დროს არ უხსენებია ის დევნილები, რომლებსაც უკვე არა რუსეთი, არამედ საქართველოს მთავრობა მეორეჯერ აქცევს დევნილებად. არის თუ არა ცინიზმი, როდესაც დევნილთა მინისტრი დევნილებთან შესახვედრად ვერ იცლის, მაგრამ იცლის იმისთვის, რომ ფაცებოოკ-ში იაქტიუროს და ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნამიბიის იუსტიციის მინისტრმა ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორს საჯაროდ "დიდი გველი" უწოდა, მოიწონოს და შემდეგ კომენტარებიც აკეთოს. ამან დევნილების მინისტრი ძალიან გაამხიარულა: - მე რომ ვინმეს მსგავსი რამ ვუწოდო, რა მოხდება, წარმოიდგინეთ!”- იკითხა სუბელიანმა და თან "ჩაბჟირდა" (ამ კომენტარს იმდენი “სმაილიკი” მოაყოლა, რომ ამას სხვას ვერაფერს უწოდებ). მერე მოიყვანა მაგალითები ქართველი ჟურნალისტების სისულელეებზე. აი, ამისთვის იცლის მინისტრი.

ბატონო მთავრობის კაცებო, ხსოვნის კვირაში მაინც ნუ იქნებით ცინიკურები, შეხვდით იმ დევნილებსაც, რომლებსაც თქვენდამი პრეტენზიები აქვთ, შეხვდით ჟურნალისტებს, რომლებიც თქვენ მწვავე კითხვებს დაგისვამენ. არც ჟურნალისტები და არც დევნილები "დიდი გველები" არ ვართ და არ ვიკბინებით.

აი, სად გავუსწარით იაპონიას

იაპონიაში თურმე სათადარიგო დედაქალაქის შექმნაზე მუშაობას იწყებენ. ტოკიოდან რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის სხვა დიდ ქალაქში გადატანაზე მსჯელობენ.

ტოკიოში ფიქრობენ, რომ არსებობს დიდი რისკი, რომ 2011 წლის მარტში მომხდარი მიწისძვრის მსგავსმა სტიქიამ ხელი შეუშალოს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფუნქციონირებას. სათადარიგო დედაქალაქის ვარიანტად ქალაქი ოსაკა განიხილება.

აი, სად გავუსწარით იაპონიას. სად იყვნენ იაპონელები, ჩვენმა მთავრობამ ქუთაისში სახელმწიფო სტრუქტურების გადატანა და სათადარიგო დედაქალაქის შექმნა რომ დაიწყო! იაპონელებმა კიდევ, ვიდრე ქვეყანა არ დაენგრათ, ეს ვერ მოიფიქრეს. ყოჩაღ სააკაშვილს, ძლივს არ მაგრძნობინა თავი წინწასული ქვეყნის შვილად?