"საბოლოოდ არავინ დარჩება საცხოვრებლის გარეშე" - კვირის პალიტრა

"საბოლოოდ არავინ დარჩება საცხოვრებლის გარეშე"

"აფხაზეთიდან დევნილები  ჩემთან იყვნენ მოსულები და  ვიცი, რომ კომპენსაციას იღებენ"

"თუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩამოგვეჭრა, დამერწმუნეთ, საქართველოს დაშლა დაიწყება, ამიტომ   მთელი ძალისხმევა ამ მიწის,  აფხაზებისა და ოსების  დაბრუნებისკენ უნდა იყოს მიმართული. თუ აფხაზი ეთნოსი გაქრა, ქართველებიც გავქრებით," - გვითხრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ.

- ბატონო გია, ბოლო დროს ინტენსიურად მიმდინარეობს დევნილების გამოსახლება საცხოვრებელი ადგილებიდან. ერთმა აფხაზეთიდან დევნილმა ქალბატონმა მითხრა, - მას შემდეგ, რაც ინფექციური საავადმყოფოდან გამომასახლეს, ქუჩაში ვათევ ღამესო.

- ეს მართლაც მტკივნეული პროცესია, რადგან ზოგს უკვე მესამედ უწევს საცხოვრებლიდან გამოსახლება, მაგრამ გამოსახლება იმ ობიექტებიდან ხდება, სადაც დევნილები თვითნებურად იყვნენ შეჭრილები.  ვინც დევნილების კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრობდა, მათ სთავაზობენ კომპენსაციას და საცხოვრებელ ადგილს თბილისში თუ  არა, რუსთავსა და ფოთში. ჩემთან არ მოსულა დევნილი, ვისაც საცხოვრებელი შესთავაზეს და ადგილზე მისულს გამოყოფილი ფართობი არ დახვდა. ახალი თაობები წამოვიდნენ, ოჯახები გაიზარდა და ამიტომ ჯერჯერობით ვერ კმაყოფილდებიან  საცხოვრებელი ფართობით.

ისინი, ვინც ცალკეულ ობიექტებში აგვისტოს ომის მერე შეიჭრნენ, გააფრთხილეს, რომ ეს სახელმწიფო ობიექტები იყო და დღეს თუ ხვალ, აუცილებლად გამოასახლებდნენ.  სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილები  ჩემთან იყვნენ მოსულები და  ვიცი, რომ  კომპენსაციას იღებენ. პრობლემები  იმ კატეგორიას ექმნება,  რომლებიც ნათესავებთან ცხოვრობდნენ და ჩაწერილები არ იყვნენ კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში. სახელმწიფოს შემუშავებული აქვს სტრატეგია და ამ დევნილების განსახლება მეორე ეტაპზე მოხდება. საბოლოოდ ისინიც არ დარჩებიან საცხოვრებლის გარეშე.

- რას ფიქრობთ 26 აგვისტოს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო  არჩევნებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებზე?

- საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს. ხაჯიმბასნაირი ნაციონალისტი რუსეთს აღარ სჭირდება. ის მაშინ სჭირდებოდათ, როცა  ქართველების წინააღმდეგ იყო ტალღა აგორებული. ხაჯიმბა აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვის წინააღმდეგია და საზღვართან დაკავშირებითაც უპირატესობას აფხაზებს ანიჭებს. ამით აფხაზი საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებს, მაგრამ მოსკოვის ფავორიტი ვერ იქნება.

ანქვაბი  მკაცრი, წესრიგის მოყვარეა და სხვასაც კანონმორჩილებას სთხოვს. ამასთან, კარგი მეურნეა. აფხაზეთს, რომელიც  დღეს კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, ასეთი პოლიტიკოსი სჭირდება. სერგეი შამბა უფრო ლოიალურია, კლანების ინტერესს მეტად გაითვალისწინებს, ანქვაბი - არა. თუმც ვერც იმას  ვიტყვით, რომ მას ლავირება არ შეუძლია. პიროვნული თვისებებითა და ქარიზმით ანქვაბი ყველა კანდიდატს სჯობს.

ახლა, წინასაარჩევნო მარათონისას, მეტი შანსი ანქვაბს აქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, მოსკოვი სერგეი შამბას უფრო დაეყრდნოს. სხვათა შორის, შამბას ანქვაბისგან განსხვავებით მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. ის ლაპარაკობდა ძალების მობილიზაციასა და პარტიზანულ მოძრაობაზე, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ  პირადად მე მისი დახმარებით ბევრი ქართველი გადამირჩენია.

აფხაზი საზოგადოება მონატრებულია კანონიერებას, ანტიკორუფციულ ქმედებებს. ეს ანქვაბს კარგად გამოუვა. არც იმას  გამოვრიცხავ, შამბამ და ანქვაბმა ტანდემი შექმნან, ერთმანეთს ხმები დაუთმონ და პოსტები გაინაწილონ.