"სახლებიდან პირუტყვივით გვერეკებიან" - კვირის პალიტრა

"სახლებიდან პირუტყვივით გვერეკებიან"

"სულერთია რითი დაგვხოცავენ, დინამიტით აგვაფეთქებენ თუ სიპ ქვაზე დაგვსვამენ  და ისე ამოგვხდიან სულს"

"ადვილია იმ ადამიანების დაშანტაჟება, რომელთა მომავალი გაურკვეველია"

5 აგვისტოს სასტუმრო "აფხაზეთში" შეტყობინება მივიდა, რომ 10 დღეში დევნილებმა სასტუმრო უნდა დატოვონ. თბილისის ხელმძღვანელობა ავი დედინაცვალივით იცილებს დევნილებს. გამოსახლების მომლოდინე სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილები აქციებს ყოველდღიურად მართავენ და მშველელს უხმობენ, მაგრამ მათ გამოხედვაში უიმედობა იგრძნობა:

KvirisPalitra.Geგურამ წერეთელი, ცხინვალიდან დევნილი: -  21 წელიწადია სასტუმრო "აფხაზეთში" ვცხოვრობ. 5 აგვისტოს მერე, რაც გამოსახლების შესახებ ფარატინა ქაღალდი მოგვივიდა, გავაცნობიერე, რომ არაფერი გვეშველება, ღია ცის ქვეშ ვრჩებით. როცა გამოსახლების შესახებ გავიგეთ, მამაკაცები მეუღლეებისაგან დამალულად ვტიროდით. როდესაც ადამიანს წასასვლელი არსად აქვს და ქუჩაში ერეკები, ეს უკვე ფაშიზმია. სულერთია რითი დაგვხოცავენ, დინამიტით აგვაფეთქებენ თუ სიპ ქვაზე დაგვსვამენ  და ისე ამოგვხდიან სულს. უპატივცემულოდ გვექცევიან და აბუჩად გვიგდებენ. ოჯახში ათნი ვართ. ჩემს ვაჟს და ქალიშვილს ცალკე ოჯახები აქვთ, მაგრამ ეს სამი ოჯახი გაგვაერთიანეს და 10 ათას დოლარს გვაძლევენ. ზოგიერთი დევნილი დააშინეს, უთხრეს, - არაფერი გეშველებათო და განცხადებებს აწერინებენ, რომ ის 10 ათასი დოლარიც არ დაკარგონ.  იმ 10 ათასსაც ნაწილ-ნაწილ აძლევენ.

ამბობენ, რომ ვინმე ლევან კალმახელიძემ იყიდა სასტუმრო "აფხაზეთი", მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს შენობა სინამდვილეში კომპანია "ვისოლმა" იყიდა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ კი გვერეკებიან და ისიც ასე მოკლე დროში.

მანუჩარ სიგუა, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე: - სასტუმრო "აფხაზეთში" ძირითადად ცხინვალიდან დევნილები ცხოვრობენ, მხოლოდ 4 ოჯახია აფხაზეთიდან.  15 აგვისტოს ხელისუფლება სასტუმროში მცხოვრებ დევნილებს იძულებით გამოსახლებას უპირებს, ასევე ბარბაროსულად  მოექცევიან დანარჩენ 340 ობიექტში მცხოვრებ დევნილებსაც.  მაჩვენოს სუბელიანმა, სად არის 10 ათას დოლარად  ბინა  თბილისში.  იმ დევნილებზე, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ, ზეწოლა ხდება, - თუ შემოთავაზებულ პირობას არ მიიღებთ, სამსახურს დაკარგავთ, თქვენი მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, ახლა როგორც მოიქცევითო. სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრებ 267 ოჯახს ეროვნული ხელისუფლების დროს ოთახის გასაღებებიც კი დაურიგეს და უთხრეს, - ეს თქვენი საკუთრებააო, ესენი კი ქუჩაში ერეკებიან.

სოსო ვახტანგაშვილი, ცხინვალიდან დევნილი: "ნაცვლად იმისა, რომ  დევნილთა სამინისტროს ჩვენი ინტერესები დაეცვა, ყველაფერი გააკეთა, რომ დევნილები ინვესტორს არ შეხვედროდნენ. გვემუქრებიან, თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, უარესი მოგივათო. ხალხი შეცდომაში შეჰყავთ და მოტყუებით აწერინებენ ხელს გამოსახლებაზე. ძალიან ადვილია იმ ადამიანების დაშანტაჟება, რომელთა მომავალი გაურკვეველია".

მზია კორსანტია, აფხაზეთიდან დევნილი: - ინფექციური საავადმყოფოდან 18 მაისს გამომასახლეს. საავადმყოფოში 16 ოჯახი ვიყავით შესახლებული, სულ 42 სული და 200-კაციანი მილიციის რაზმი დაგვესხა თავს. რას გვერჩით, ტერორისტები ხომ არ ვართ, ასე რომ გვექცევით-მეთქი. არც მახსოვს როგორ დამატოვებინეს ოთახი, სადაც ვცხოვრობდი. დატვირთულ მანქანაში რომ ჩავჯექი, დავინახე ახლომახლო ყველა შენობასთან (იქ 15-მდე  შენობაა) 50 პოლიციელი იდგა.  ლესიჭინეში, ჭკადუაშსა და ბაკურციხეში შემოგვთავაზეს გადასვლა, სადაც რეალურად ბინები აღარ არის.  10 ათასი დოლარი რომ მოვითხოვე, მითხრეს, ეგ სამაჩაბლოდან დევნილებზეა,  აფხაზეთიდან დევნილებზე კაპიკიც არ არის გამოყოფილიო. მაგრამ ცხინვალელებსაც არ აძლევენ იმ 10 ათას დოლარს. ცხინვალელ ქალბატონს ზაირა მარანიას დაუძახეს, - თქვენს სახელზე ბანკში 10 ათასი ჩაირიცხაო. ბანკში კი განუცხადეს - თქვენთვის ჩარიცხული თანხა სამინისტრომ უკან გაითხოვაო(?1).

საცხოვრებელი არ მაქვს. ხან სად ვათევ ღამეს, ხან სად.  ახლა რადგან ზაფხულია, 5-6 უსახლკარო დევნილი შევიკრიბებით და სკვერებში სკამზე ვათენებთ ღამეს. ქუჩაში ყოფნა გვირჩევნია სხვის კისერზე ყოფნას.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი: - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შევახსენებ, რომ  თვითონაც დევნილია და სანამ გასაყიდად გამოიტანდა სასტუმრო "აფხაზეთს", მანამ უნდა გაეთვალისწინებინა დევნილთა ლეგიტიმური უფლებები. Gგამოსახლებისთვის გონივრული ვადა მაინც მიეცა და არა 10 დღე.

ალეკო შალამბერიძე, "ხალხის პარტიის" ყოფილი წევრი: - ხელისუფლებამ დევნილებისთვის გამოყოფილი 2 მილიარდიდან დიდი ნაწილი შეჭამა. ამიტომაც "აფხაზეთში" მცხოვრები 267 ოჯახიდან ზოგი გააერთიანეს, 130-მდე დაიყვანეს და ყველას კი არა, მათაც შერჩევით დაჰპირდნენ, რომ 10 ათას დოლარს გადაუხდიან. ვინც ცუდად მოიქცევა, ამ ფულსაც არ მისცემენ და ქუჩაში დატოვებენ.

ამბობენ, რომ სასტუმრო "აფხაზეთი" პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის ძმამ იყიდა. თუმცა იგი ამას უარყოფს. მისი მფლობელი რომ  სააკაშვილის გარემოცვიდანაა, ფაქტია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დევნილებს ფულს ინვესტორის ნაცვლად ბიუჯეტიდან უხდიან. სწორედ აქედან ჩანს, აქ რომ ძაღლის თავია დამარხული და ვიღაცის კერძო ინტერესია.  დევნილების პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილი  2 მილიარდიდან აშენდა სახლები წეროვანში. პირობა იყო, რომ ასევე აშენდებოდა სახლები იმ დევნილებისთვის, რომლებიც კომპაქტურად იყვნენ სხვადასხვა ობიექტში ჩასახლებულები, მაგრამ  მათთვის სახლები არ აშენდა და ახლა მათ ქუჩაში ერეკებიან.  ფოცხოეწერსა და ბაკურციხეში უკვე აღარ არის ბინები. "აფხაზეთში" მცხოვრებთ რუსთავში შესთავაზეს გადასვლა, მაგრამ დასახელებულ მისამართზე რომ მივედით,  შენობის ნაცვლად მხოლოდ ბეტონის სვეტები დაგვხვდა.

P.S. მოგვიანებით, ერთი სასიამოვნო ფაქტი შევიტყვეთ. რუსთაველმა 83 წლის  ცოტნე მჭედლიშვილმა თავისი სამოთახიანი ბინიდან 2 ოთახი დევნილებს დაუთმო.