"ქვეყანას პატრონი აღარ ჰყავს” - კვირის პალიტრა

"ქვეყანას პატრონი აღარ ჰყავს”

"მინისტრ კვეზერელის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს"

"სააკაშვილმა ამ ადამიანებს წაართვა საარსებო გარემო, მაგრამ ღირსება ვერ წაართვა", - ასეთი შთაბეჭდილება დარჩა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ:

- ერთი კვირაა საქართველოს რეგიონებში ვარ. მოვიარე გურია, ვიყავი გორისა და ხაშურის რაიონებში, სამეგრელოში. ხალხს იმისთვის ვხვდები, რომ მათგან სიმართლე გავიგო. მარტვილის რაიონში ბაზარში გავედი და ვნახე, როგორ უჭირს მოსახლეობას გაძვირებული პროდუქტების შეძენა და ოჯახის რჩენა. გლეხი და სოფელი ამ ხელისუფლებამ ბედის ანაბარა მიატოვა.  მთავრობისა და სოფლის მეურნეობის არასწორი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში მიწების 70% დაუმუშავებელია. გლეხს  არავინ ეხმარება. ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება 1.500 ლარამდე ჯდება. საშინლად გაიზარდა ფასები სასუქზე, რომელსაც გლეხები ვეღარ ყიდულობენ. არაფერს ვამბობ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა არჩევნების წინ მხოლოდ დაანახეს გლეხებს.

სიმინდის პროგრამა, რითაც ასე იწონებდა თავს "ნაციონალური მოძრაობა", ჩავარდა. გლეხებმა, რომელთაც ჰიბრიდული სიმინდი დათესეს, მოსავალი ფაქტობრივად ვერ მიიღეს. პასუხისმგებლობა იმაზე, რომ  გლეხები სიმინდის მოსავლის გარეშე დარჩნენ, მთავრობასა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ეკისრება. ამის გამო მინისტრ კვეზერელის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. დროა, სოფლის მეურნეობის სისტემაში სპეციალისტები  დაბრუნდნენ. სოფლის მეურნეობის წამოწევისა და გლეხის დახმარების  გარეშე ვერ მოვხსნით ტოტალური უმუშევრობის პრობლემას, რადგან ჩვენი მოსახლეობის 55% სოფლის მეურნეობასა და გადამმუშავებელ სფეროში იყო დაკავებული. ქართველი კაცი მშრომელია, თუ მხარდაჭერა ექნება, საკუთარ ოჯახს გამოკვებავს.

ხელისუფლება რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესს ახრჩობს. ხაშურის რაიონში მებრძოლის ოჯახში ვიყავი, რომელიც დაინვალიდდა და ვერ მუშაობს. სახლის წინ მისმა მეუღლემ პატარა მაღაზია გააკეთა და უმალვე საფინანსო პოლიციამ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. წვრილ ბიზნესს გასაქანს რომ არ აძლევენ, ეს სამუშაო ადგილებს აკარგვინებს საქართველოს მოსახლეობას. მარტვილის რაიონში სივრცე არ არის დატოვებული ბიზნესისა და კონკურენციისთვის. ეს სივრცე მთლიანად ხელში აქვს ჩაგდებული გოროზიების კლანს. ასეთი კლანები სხვა რაიონებშიც ბევრია.

- მაგრამ ხელისუფლება გამუდმებით უხვ მოსავალსა და გლეხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ლაპარაკობს.

- რეგიონებში მე ვნახე სრულიად სხვა ცხოვრება და პირობები, ვიდრე ამას ნაციონალური არხები გვიჩვენებენ. დღეს ორი საქართველოა: სააკაშვილის საქართველო, რომელიც ფუფუნებით ცხოვრობს და ჩვენი საქართველო, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა.

შეიძლება ითქვას, რომ არც შიდა ქართლს, არც გურიას და არც სამეგრელოს პატრონი არ ჰყავს. მეტიც, ქვეყანას აღარ ჰყავს პატრონი. უსამართლობის, მიტოვებულობის განცდა აქვს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდია მათში ცვლილების სურვილი.

ფოცხოეწერშიც ვიყავი დევნილებთან. ახლომახლო მიწაც არ არის, რომ დაამუშაონ და  თავი ირჩინონ. ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლების დაპირება, რომ თბილისი მხოლოდ თბილისელების კი არა, დევნილებისაცაა, ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. არჩევნების დასრულებისთანავე  თბილისიდან დევნილების მიზანმიმართული გასახლება დაიწყო, ისინი არაადამიანურ პირობებში გადაჰყავთ. მოსახლეობასთან შეხვედრისას დავინახე, რომ ტყუილს და მართალს ქართველი საზოგადოება კარგად არჩევს.