კიტოვანის ტრაგიკული სპექტაკლები - კვირის პალიტრა

კიტოვანის ტრაგიკული სპექტაკლები

იმედია, აფხაზები ახლა მაინც მიხვდებიან, სინამდვილეში ომი ვინ დაიწყო. ადრეც მითქვამს, რომ კაცი, რომელმაც აფხაზეთში ჯარები შეიყვანა, დღეს მოსკოვში ცხოვრობს და იქ მას ინახავენ, ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ ყოველთვის რუსეთის კაცი იყო. თავდაცვის ყოფილ მინისტრ თენგიზ კიტოვანს ვგულისხმობ. სწორედ კიტოვანმა დაიწყო ომი რუსთაველის პროსპექტზე და სწორედ ის შეუძღვა ჯარს აფხაზეთში. ეჭვი არ მეპარება, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, კრემლის ბრძანებას ასრულებდა, რადგან როგორც თბილისის, ისე აფხაზეთის ომიც მხოლოდ კრემლს სჭირდებოდა. აფხაზები ამას ვერ ან არ ხედავენ. რუსეთი კი ლამის ყოველდღე ყიდის საკუთარ თავს. ამ დღეებში კიდევ ერთი მტკიცებულება მივიღეთ იმის დასადასტურებლად, რომ კიტოვანი მხოლოდ კრემლის ბრძანებებს ასრულებს. მოგეხსენებათ, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. მთავარი კონკურენტები კი სერგეი შამბა და ალექსანდრე ანქვაბი არიან. ყველასთვის ცნობილია, რომ მოსკოვი მხარს შამბას უჭერს. ჰოდა, ამ დღეებში გამოვიდა კიტოვანი და განაცხადა: ანქვაბი თავის დროზე ქართულ დაზვერვასთან თანამშრომლობდაო. შემდეგ ეს ინტერვიუ შამბას მომხრეებმა სოხუმში უჩვენეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, ასეთი ბრალდება აფხაზეთში?! კიტოვანმა ამ განცხადებით ანქვაბს დიდი დარტყმა მიაყენა, ანუ წყალი შამბას, სწორედ იმ კანდიდატის წისქვილზე დაასხა, რომელსაც მხარს მოსკოვი უჭერს. იმედია, უკვე აფხაზეთშიც აღარავის ეპარება ეჭვი, რომ კიტოვანმა ეს განცხადება კრემლის დავალებით გააკეთა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყოველთვის კრემლის დავალებებს ასრულებდა.

ერთხელ დავწერე და კიდევ გავიმეორებ: საქართველომ კიტოვანი აუცილებლად უნდა გაასამართლოს ჯაშუშობისა და სხვა დანაშაულებისთვის და რუსეთისგან მისი გადმოცემა მოითხოვოს. ამით ქართული მხარე პირდაპირ დაადანაშაულებს რუსეთს აფხაზეთის ომის დაწყებაში, ხოლო ის, რომ რუსეთი კიტოვანს არ გადმოგვცემს, ამას მხოლოდ დაადასტურებს.

"ბრავო სტურუა!"

როდესაც რურუამ მოხსნა სტურუა, ქართულ თეატრში ეპოქა დასრულდა დიდი. ეს უდავოა, თუმცა შეიძლებოდა არც დასრულებულიყო. ვერაფრით ვხვდები, რაში სჭირდებოდათ ეს ყველაფერი ან სტურუას, ან რურუას (როდესაც ვამბობ "რურუას", ვგულისხმობ ხელისუფლებას)? ფაქტია, იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო, ორივე მხარემ არაფერი დაიშურა, უპირველესად კი თავად სტურუამ. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იმისკენ, რომ მოეხსნათ. თავად განსაჯეთ: იგი იკავებდა თანამდებობას, სადაც ადამიანებს ხელისუფლება ნიშნავს და ათავისუფლებს და მიუხედავად ამისა, ხელისუფლების გაკრიტიკებას არ ერიდებოდა, თანაც უბრალოდ კი არ აკრიტიკებდა, საკმაოდ რადიკალურიც იყო. შეუძლებელია არ სცოდნოდა, რომ ამის გამო შეიძლებოდა მოეხსნათ. რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების სულელური ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ ვისღა უკვირს ეს? შეიძლება ბევრი ხელოვანია ხელისუფლებით უკმაყოფილო, მაგრამ პოლიტიკაზე არ ლაპარაკობს. სტურუამ სხვა გზა აირჩია, აქტიური პროტესტის გზა. მან გადაწყვიტა, რომ პროტესტი არა მარტო სპექტაკლებით, არამედ ვერბალურადაც გამოეთქვა.

თავის დროზე "უცნობის" საკანშიც კი მივიდა რამდენჯერმე. ეს მისი უფლება იყო, მე კი ეს არ მომეწონა. არ მინდოდა დიდი რეჟისორი იმ გადაცემაში მენახა, რომლის ერთადერთი მიზანი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება იყო, არ მინდოდა მათ გვერდით მეხილა, მაშინ "საკანში" რომ მიდიოდნენ (ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა). ბუნებრივია, ხელოვანი ოპოზიციაში უნდა იყოს და ხელისუფლებას დითირამბებს არ უნდა უმღეროდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუციაშიც უნდა მონაწილეობდეს. ამან სადამდეც მიგვიყვანა 90-იანი წლების დასაწყისში, ყველამ ვნახეთ. თუმცა ეს სხვა ისტორიაა, "მე იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელია სტურუას არ სცოდნოდა, რომ მისი საქციელის გამო შეიძლებოდა მოეხსნათ იმ თანამდებობიდან, რომელსაც ხელისუფლება აფინანსებს. მე იმის თქმა მინდა, რომ სტურუასთვის ეს თანამდებობა ძვირფასი რომ ყოფილიყო, ასეთი რადიკალური მაინც არ იქნებოდა და წყნარად გააკეთებდა თავის საქმეს. მისი ასეთი საქციელით ნათლად ჩანდა: მას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა აღარ აინტერესებდა და მიზანმიმართულად მიდიოდა იმისკენ, რომ მოეხსნათ. ამ წლების განმავლობაში, ჩემდა გასაკვირად, ხელისუფლებას ეყო ჭკუა და სტურუა არ მოხსნა. მიხვდნენ, რომ რა მიზეზიც უნდა მოეფიქრებინათ, სტურუას მოხსნას ყველა მის კრიტიკულ დამოკიდებულებას დაუკავშირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტურუა ყელში ჰყავდათ გაჩხერილი, მაინც უთმენდნენ და ხელფასსაც უხდიდნენ. სტურუამ რომ დაინახა ხელისუფლების გასაჭირი, რომელიც მის მოსახსნელად მიზეზს ვერ იგონებდა, თავად მისცა. როდესაც მის ინტერვიუს წაიკითხავთ, იფიქრებთ, რომ მართლაც უნდოდა თეატრიდან გაეგდოთ: "არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს თეატრში ყოველთვის ყველას აგდებდნენ:– გააგდეს თუმანიშვილი, ალექსიძე. ერთი კი, ახმეტელი, ლავრენტი ბერიამ დახვრიტა. ამდენად, როცა იცი, როგორი ტრაგიკული პიროვნებები მუშაობდნენ აქ, გესმის, რომ ტრადიცია უნდა გააგრძელო". დიახ, ეს სტურუას სიტყვებია, რომელიც მოხსნის შემდეგ რადიო "თავისუფლების" რუსულ რედაქციას უთხრა. აი, რა დაწერა მან "ფეისბუკის" გვერდზე: "ლხინი მაქვს, მძინავს, მივირთმევ ხილს. მე გათავისუფლებული ვარ. მე თავისუფალი ვარ". ბუნებრივია, ამის შემდეგ ადამიანებს სრული უფლება აქვთ, იფიქრონ, რომ მასაც სურდა მისი დიდი წინამორბედების მსგავსად "თეატრიდან გაგდებული" ყოფილიყო. როგორც თავად ამბობს, მას უკვე დიდი ხანია სთავაზობს სხვადასხვა მოსკოვური თეატრი მოსკოვში გადასვლას. ახლაც უამრავი წინადადება მიიღო, პირადად მოსკოვის მერის თანაშემწემაც კი გამოუგზავნა წერილი. როგორც ცნობილი გახდა, იგი ერთ-ერთ მოსკოვურ თეატრს თანამშრომლობაზე უკვე დათანხმდა. აბა, წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაცია იქნებოდა, სტურუა რომ არ მოეხსნათ და ისე წასულიყო მოსკოვში სამუშაოდ, რა ამბავი ატყდებოდა: მოღალატედ გამოაცხადებდნენ, იტყოდნენ, სტურუამ მშობლიური თეატრი იმისთვის დატოვა, რომ მოსკოვში წასულიყოო. დღეს კი რა ვითარებაა? - თბილისიდან "გაგდებული" სტურუა მოსკოვში მიდის და თან წამებული გმირია! ბრავო, სტურუა!