წყვდიადი საზღვრის ორივე მხარეს - კვირის პალიტრა

წყვდიადი საზღვრის ორივე მხარეს

კურორტ ანაკლიის გახსნაზე მიშა სააკაშვილმა რუსებს ბარბაროსები უწოდა. საქართველო უძველესი ევროპული ცივილიზაციის აკვნად წარმოაჩინა, ხოლო რუსები მონღოლოიდური იდეოლოგიის მქონე რაღაც გადმონაშთად მოიხსენია.

ამ ბოლო დროს მიშამ ძალიან მოუხშირა წამოცდენებს. ფსიქოანალიზი ამბობს, რომ უნებლიე წამოცდენებით ჩვენ შეგვიძლია ინდივიდის ქვეცნობიერში, მისი გონების ჯურღმულებში მიმდინარე ფსიქიკურ პროცესებს ჩავწვდეთ. რა ხდება ჩვენი პრეზიდენტის ჯურმულებში, სამწუხაროდ, უკვე კარგადაა ცნობილი. სხვათა შორის, არცთუ ისე„დიდია ეს სიღრმე. მიშას, ზოგადად, არ უყვარს ჟანრის კანონებისადმი მორჩილება (იქნება ეს არქიტექტურა თუ სხვა რამ), არ ევასება რთული აზრობრივი კონსტრუქციები. მისთვის ყველაფერი მარტივია. თუ შადრევანია, ის მოცეკვავე უნდა იყოს, თუ შენობაა, მაშინ აუცილებლად - შუშის და მაღალი, ხელოვნება - ვულგარულ-კიჩური. აზრი რომ უკეთ განვავრცო, ასეთ მაგალითს მოვიყვან: ფსიქოლოგებს აქვთ  ტესტი -  ცდისპირებს  ნახატს ახატვინებენ და შემდეგ მის მიხედვით მსჯელობენ ცდისპირის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მიშას ნახატი ბათუმია. საკმარისია, შეხედოთ ბულვარში შხამიანი ნეონის შუქით წითელ-ყვითლად განათებულ პალმებს, რომ მიხვდეთ, რა „სტილების კარნავალი“ ხდება მიშაში.

მაგრამ ეს იქით იყოს. ახლა რუსეთზე, როგორც მონღოლოიდური იდეოლოგიის ბარბაროსულ სახელმწიფოზე, უნდა დავწერო. რასობრივი იდეოლოგია არ არსებობს. ბოლო გარეწრები, რომლებიც ასეთ რაღაცებზე ლაპარაკობდნენ, ნიურნბერგში გაასამართლეს. მონღოლოიდური რასის წარმომადგენლები არიან საკუთრივ მონღოლები, ჩინელები  და იაპონელები. მათ სრულიად სხვადასხვა იდეოლოგია, განსხვავებული რელიგიური დოქტრინები, ისტორიული გზა და მისთ. აქვთ, საუბარი რუსთა მონღოლოიდურ წარმომავლობაზე კი უვიცობაა. არც ერთი სერიოზული მკვლევარი ამას არ ადასტურებს. ეს იგივეა, ქართველებს რომ უთხრა - რაკი ამდენი ხანი დამპყრობლების ქვეშ იყავით, არაბები, სპარსები ან თურქები ხართო. თუმცა ჩემთვის ცხადია, რით არის გამოწვეული სააკაშვილის ეს ანტირუსული გააფთრება. გარდა რაციონალური მიზეზებისა (მტრის ხატის შექმნა, რომელსაც შემდეგ ყველა უბედურებას დააბრალებ), არსებობს ირაციონალური ხასიათის მიზეზიც - პუტინი ჩვენი პრეზიდენტის ალტერეგოა, მისთვის ასე ახლობელი, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი. თავად განსაჯეთ:

ვინაა პუტინი?

პუტინი ავტორიტარია, რომელმაც შექმნა მძლავრი ადმინისტრაციული ვერტიკალი.

პუტინმა გააუქმა მრავალპარტიულობის ჩანასახიც კი, რომელიც მის მოსვლამდე იყო და ახლა მისი პარტია გარანტირებულად იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

პუტინმა, პრაქტიკულად, გააუქმა თავისუფალი ელექტრონული მედია და ის მოსახლეობის გასართობ ატრაქციონად აქცია.

პუტინმა გააუქმა თავისუფალი არჩევნები.

პუტინმა დაამყარა მკაცრი კონტროლი ბიზნესზე, რითაც ქვეყნის  ეკონომიკა, რომელიც ერთმანეთთან მოქიშპე ოლიგარქებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული,  ექსკლუზიურად თავის გუნდს გადააბარა.

პუტინი სასტიკად  უსწორდება  ბიზნესმენებს, ვინც ფულს მისთვის მიუღებელ პოლიტიკურ პროექტებში დებს.

პუტინის სასამართლო პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

პუტინს ჰყავს პოლიტპატიმრები.

პუტინის მოქმედების სტილი კრიზისებისას არის ხისტი, დაუნდობელი, ძალაზე დაფუძნებული.

პუტინის ქვეყანა სპეცსამსახურების მეთოდებით იმართება, სადაც დაშინება, დასმენა, თვალთვალი მთავარ როლს ასრულებს.

ახლა პუტინის ნაცვლად ჩასვით მიშა და ნახავთ, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთის ალტერეგოა. ფსიქოლოგიურად იდენტურნი. მხოლოდ გარეგნული ნიშნებით განსხვავდებიან. ჩვენი -  ექსტროვერტია, ინფანტილური  ქოლერიკი. ის კი - დინჯი და ცივსისხლიანი კაგებეშნიკი.

ამიტომ, როცა მიშა რუსეთს ბარბაროსებს უწოდებს,  ეს იმდენად ყალბად მეჩვენება, ლამის დამავიწყდეს, რომ რუსეთი არის  მტრულად განწყობილ ქვეყანა, რომელმაც ხალხი დამიხოცა  და მიწები წამართვა.

ოღონდ - ლამის!!!