ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვინ უნდა იყოს რუსთაველის თეატრის დირექციაში - კვირის პალიტრა

ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვინ უნდა იყოს რუსთაველის თეატრის დირექციაში

"სტურუა ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც ხელოვანი, მაგრამ მიუღებელია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდის", - განგვიცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა.

- განცხადებები, რომელიც რობერტ სტურუამ გააკეთა, ჩემთვის მიუღებელია. ის, რომ ვინმე ცნობილი და თავის სფეროში წარმატებულია, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის თქმის უფლება აქვს. არავინ დაობს, რომ სტურუას დიდი დამსახურება აქვს ქართული თეატრის განვითარების საქმეში. მოვუსმინე კულტურის მინისტრის განცხადებას, რომელმაც საკმაოდ კარგად ახსნა რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი. ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვინ უნდა იყოს რუსთაველის თეატრის დირექციაში და სათანადო გადაწყვეტილებაც მიიღეს, თუმც როგორც ვიცი, სტურუასთვის თეატრში მოღვაწეობა არ აუკრძალავთ. თუ მას რუსთაველის თეატრში უნდა საქმიანობის გაგრძელება ან  რაიმეს დადგმას მოისურვებს, არა მგონია უარი უთხრან.

ის სომეხია ან ეს ებრაელიო, ასეთი ქსენოფობიური აზროვნება და გამონათქვამები არ არის მისაღები.

- სტურუამ ახსნა თავისი განცხადების არსი, თუ აშშ-ის პრეზიდენტის წარმოშობა არ არის დამალული, მეც მინდა ჩემი პრეზიდენტის ეროვნება ვიცოდეო.

- სიმართლე გითხრათ, ამ საკითხს ვერ მივიჩნევ საქართველოსა და ჩვენი საზოგადოებისათვის პრიორიტეტულ თემად. როგორც ვიცი, ბატონი რობიკო მშვიდად არის მომხდარის გამო და აპირებს მუშაობა გააგრძელოს მოსკოვის ერთ-ერთ თეატრში.

- რობიკო სტურუას თეატრიდან წასვლა ქართული თეატრისთვის დანაკლისად არ მიგაჩნიათ?

- მისი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცეს, ის  უწინაც იყო წასული და ამის გამო ეროვნული ტრაგედია არ დატრიალებულა.

- 31 აგვისტოს რუსთაველის თეატრი თავის მაყურებელსა და გულშემატკივარს უხმობს. ისეთი ვითარებაა, რომელიც შეიძლება მღელვარებაში გადაიზარდოს.

- ოღონდ რამე მოხდეს და მაშინვე ძალზე პოპულარული ხდება "რაღაც სერიოზულში" გადაზრდის თეორია.

რობერტ სტურუა ჩემთვის პატივსაცემი ადამიანია როგორც რეჟისორი, მაგრამ როგორც მაყურებელი გეტყვით, რომ ის ადრე უფრო ნაყოფიერი იყო.

- სტურუა აცხადებს, რომ მისი მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. რადგან არ იყო ხელისუფლების მომხრე, ამიტომ გაუშვეს, თანაც ქსენოფობის იარლიყით.

- მსოფლიოში ვერსად ნახავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სტრუქტურას, რომლის მოხელეც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის და მას სამსახურში ტოვებდნენ. ასე არსად ხდება. საქართველოში კი შეიძლება იყო სამინისტროში, სახელმწიფო სამსახურში, სახელმწიფოსგან ჯამაგირსა და პრივილეგიებს იღებდე და ამავდროულად აგინებდე სახელმწიფოს, სისტემას, პრეზიდენტს და ა.შ. ეს ქართული სპეციფიკური ფენომენი მორალურად გაუმართლებლად მიმაჩნია. თუ ოპოზიციურად ხარ განწყობილი და არ მოგწონს ხელისუფლება, ნუ იმუშავებ მასთან და ნუ აიღებ მის ჯამაგირს.

ყველას გაგვიხარდება, თუ ბატონი რობერტი სწორად გაიგებს ყველაფერს. მას ურთულესი საბჭოთა პერიოდი აქვს გამოვლილი და არა მგონია, მისი გამოცდილების კაცს დღევანდელ საქართველოში გაუჭირდეს მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მას ბოლო პერიოდში პოლიტიკური პარტიებიდანაც ექნებოდა წინადადებები.

- ქსენოფობიური განცხადებები სააკაშვილსაც გაუხსენეს (მონღოლებსა და ზანგებზე). მიგაჩნიათ, რომ რაც სტურუას არ ეპატიება, პრეზიდენტს უნდა ეპატიოს?

- როგორც მახსოვს, პრეზიდენტმა აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში გამოიყენა ეს ტერმინები. სააკაშვილმა მონღოლები თუ ახსენა, დარწუნებული ვარ, თანამედროვე მონღოლეთსა და მის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას არ გულისხმობდა. ალბათ, იმ პერიოდის მონღოლეთი იგულისხმა, რომელმაც კარგი არაფერი მოუტანა მსოფლიოს.

სააკაშვილს ის ხომ არ უთქვამს ვინმეზე, რადგან მონღოლია, არ უნდა ხელმძღვანელობდეს რომელიმე დაწესებულებასო.