ჰიმნი ანაკლიას - კვირის პალიტრა

ჰიმნი ანაკლიას

ისე, ჩვენი პრეზიდენტისგან რა უნდა გაგიკვირდეს კაცს. წინა კვირას თავად აღიარა, ნახევრად დაუმთავრებელ ობიექტებს ვხსნიო. "განახლებული ანაკლიის პრეზენტაციამდე რამდენიმე საათი დარჩა, თუმცა, სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს. მომღერლები, რომლებიც დღეს დაგეგმილ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას, რეპეტიციას სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ნიღბებით გადიოდნენ.არც ერთი მომღერალი არ დათანხმდება ასეთ პირობებში სიმღერას. ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი დღეს იხსნება და ტროსებს ამ წუთებშიც ჭიმავენ. ეს იმიტომ, რომ ერთი წამიც არ გვაქვს დასაკარგი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამის მერე კიდევ გიკვირთ, რატომ ჩამოდის წვიმა ახალგახსნილ ბათუმის ოპერის თეატრში, რატომ ინგრევა სამ თვეში ახალგახსნილი გომბორის გზა და ა. შ. იმ დღეს პრეზიდენტმა კიდევ ბევრი საინტერესო რამ გვიამბო. მაგალითად, როგორ "აღმოაჩინა" ანაკლია: "ოჩამჩირის გასწვრივ ვიყავით და უკან დაბრუნებისას კატერი გაგვიფუჭდა. სამშვიდობოებმა მაშინ გამოაცხადეს განგაში, სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს, ტყვიამფრქვევები დადგეს და ავტომატები მოიმარჯვეს. ჩათვალეს, რომ სამხედრო ინციდენტი მოხდა. მაშინ მეთევზეები დაგვეხმარნენ და ანაკლიაში, ქობალიების ოჯახში გადაგვიყვანეს. ანაკლიაში ყოფნისას მივხვდი, რა საოცარია აქაური კლიმატი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. საინტერესოა, რა უნდოდა კონფლიქტის ზონაში პრეზიდენტს კატერით? რამდენად გონივრული იყო ეს? მგონი კითხვები აღარც უნდა დავსვათ, მხოლოდ ტაში დავუკრათ ყველაფერზე. მან ხომ ერთი ხელის მოსმით სოფელი ანაკლია ქალაქად აქცია? განა ეს ყველა პრეზიდენტს შეუძლია? თუ იგი ქვეყანას ვერ ააშენებს, იმის თქმა მაინც შეეძლება, ქალაქი ავაშენეო. მოვითხოვ შეიქმნას ანაკლიის ჰიმნი, რომელიც ასე დაიწყება: "იყო სოფელი, გახდა ქალაქი, პრეზიდენტია ჩვენი პური, ჩვენი კარაქი".

შემშურდა აფხაზების

აფხაზების კიდევ ერთხელ შემშურდა, - ჩვენი და მათი ერთობლივი სისულელის გამო დღეს ისეთ მდგომარეობაში არიან, ძნელია მათი რამე შეგშურდეს, მაგრამ ეს მაინც შესაძლებელი ყოფილა. მათ კიდევ ერთხელ მოახერხეს ჩაეტარებინათ ისეთი არჩევნები, სადაც ყველაფერი წინასწარ ცნობილი არ იქნებოდა. ეს უკვე მეორეჯერ გააკეთეს, ქართველებს კი ასეთი არჩევნები ჯერ არ  გვღირსებია. ჩვენში ყოველთვის ყველაფერი დიდი ხნით ადრეა გარკვეული და არჩევნებს, როგორც წესი, არანაირი ინტრიგა არა აქვს. ჩვენთან მხოლოდ ერთხელ, ისიც კომუნისტების დროს მოიგო არჩევნები იმ ადამიანმა, რომელიც ხელისუფლებაში არ იყო. სხვა დროს გამარჯვებული ყოველთვის წინასწარ ვიცით და ის ყოველთვის მოქმედი ხელისუფალია, აფხაზეთში კი პრემიერ-მინისტრი დამარცხდა. ჩვენთან ყოველთვის ის იმარჯვებს, ვისაც მხარს ვაშინგტონი უჭერს, აფხაზეთში კი უკვე მეორედ დამარცხდა კრემლის ფავორიტი. ოფიციალურმა თბილისმა დავით ბაქრაძის პირით ამ არჩევნებს კლანებს შორის დაპირისპირება უწოდა. შეიძლება ეს ასეც არის, მაგრამ საქართველოში უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, ხოლო საპრეზიდენტომდე ორი წელი და ერთადერთი ინტრიგა, რომელიც ამ არჩევნებს შემორჩა, ის არის, რას მოიფიქრებს სააკაშვილი საიმისოდ, რომ პრეზიდენტის სასახლეს, პრემიერ-მინისტრის სასახლე დაარქვას.

უფასო რჩევა კუკავას

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა წინა კვირაში მოსკოვს იმყოფებოდა და მოლაპარაკებას პირადად რუსეთის მთავარ სანიტართან, გენადი ონიშჩენკოსთან მართავდა. თურმე მათ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია უნდა დააბრუნონ. კუკავას ჩასვლამდე კი გენადი ონიშჩენკომ რუსულ მედიასთან ასეთი რამ განაცხადა: "ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნარჩენმა, რომელიც ამ დროისთვის საქართველოსგანაა დარჩენილი, უეცრად დაიწყო წამოყვირება ხელისუფლების დონეზე, ეს რა არის, ქართველი მწარმოებლები არ წავლენ ამაზე?“და დასძინა, რომ გაეცნო დეპეშას იმ დეპუტატისგან, ვინც მასთან შეხვედრას ითხოვს (გვარი ვერ გაიხსენა) და რომელიც, მისივე თქმით, ამ კვირაში მასთან ჩავა.

"ამ კვირაში" მასთან კახა კუკავა ჩავიდა. დიდხანს ვფიქრობდი, ონიშჩენკომ დეპუტატი რატომ უწოდა-მეთქი. ბოლოს გამახსენდა, რომ იგი თბილისის საკრებულოს დეპუტატია, თუმცა ეს მეათეხარისხოვანია. მთავარია, რა მიზანს ემსახურება ისეთ ადამიანთან მოლაპარაკება, რომელიც არც შენ გცემს პატივს და არც შენს სამშობლოს, რომელიც ვერც შენს გვარს იხსენებს და საქართველოს "ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნარჩენს" უწოდებს? ვის რაში სჭირდება ამ ადამიანთან ხვეწნა-მუდარა, დააბრუნეთ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციაო. უკვე ხუთი წელია რუსეთს ემბარგო აქვს გამოცხადებული და არ გადავშენებულვართ, ჩვენი ეკონომიკა ამისგან არც დანგრეულა და არც აშენებულა. განა ასეთ ადამიანთან თავის დამცირებად ღირს რუსულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დაბრუნება? ყველა პოლიტიკოსის მიზანი ხომ ამომრჩეველთან ქულების დაწერაა. კუკავაც ხომ ვერ იქნება გამონაკლისი? მას ხომ ჰგონია, რომ თუ რუსულ ბაზარზე რომელიმე ქართული პროდუქციის დაბრუნებას მიაღწევს, საქართველოში მისი რეიტინგი აიწევს. მინდა უფასო რჩევა მივცე: ვერანაირი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება ვერ ასწევს მის რეიტინგს ისე, როგორც შუა მოლაპარაკების დროს ონიშჩენკოსთვის ჭიტლაყის ამორტყმა. გააკეთე ეს, კახა, და გარწმუნებ, ხვალვე შეგეძლება ოპოზიციიის ლიდერობაზე პრეტენზიის გაცხადება. შენთვის სლოგანიც მოვიფიქრე: "მხოლოდ ერთი ჭიტლაყი და წარმატება გარანტირებულია!"

როგორია?