ვინ არის და რას აპირებს მილიონერი გულუა?! - კვირის პალიტრა

ვინ არის და რას აპირებს მილიონერი გულუა?!

"არ შეიძლება ხელ-ფეხი გქონდეს მოჭრილი და ხელ-ფეხის მომჭრელთან მეგობრობდე"

"ჩემი ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი ჩემი დაწყებული საქმე არ გაჩერდება"

კრასნოდარის #1 ბიზნესმენად წოდებული ქართველი მილიონერი მინდია გულუა საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას აპირებს. ქართველ ექსპერტებსა და საზოგადო მოღვაწეებთან სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პოლიტიკური პარტია ოქტომბრის ბოლოს დაფუძნდება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პარტიის ლიდერი. მინდია გულუა ქართულ პოლიტიკაში კონკრეტული გეგმებითა და დიდი ფულით მოსვლას აპირებს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მინდია გულუასთან.

- ბატონო მინდია, ჯერ ის გვითხარით, როგორ იშოვეთ მილიონები?

-სოხუმელი კაცი ვარ. აფხაზეთის კონფლიქტი რომ დაიწყო, 22 წლის ვიყავი. იქიდან ქართველების გამოძევების შემდეგ, მეც სხვებივით  ლტოლვილი გავხდი. კრასნოდარში ჩავედით მე, გენერალ გენო ადამიას ვაჟი და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი. ღატაკები ვიყავით, არაფერი გაგვაჩნდა. მტვირთავად დავიწყე მუშაობა, მაგრამ არ გამიმართლა, ტვირთი არასწორად ავწიე, ზედ დამეცა და ტრავმა მივიღე. იმ ქარხნის დირექტორს, სადაც მტვირთავად ვმუშაობდი, რამდენიმე ყუთი ძმარი ნისიად ვთხოვე. გამატანა, ჩავაბარეთ მაღაზიებში. შემდეგ კიდევ გავიტანეთ და ა.შ. მოგვიანებით, სწორედ ამ ქარხნიდან დაიწყო ჩემი წარმატებული ბიზნესი.

- უკვე ცნობილია, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნით.

- ოქტომბერში დაფუძნდება პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს დავუჭერ. მე საქართველოს მოქალაქე არა ვარ, ამ პარტიის წევრობის უფლებაც კი არ მექნება, თავმჯდომარეობასა და მის დაფინანსებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. სამაგიეროდ, რჩევებითა და სხვა საშუალებებით გვერდში ამოვუდგები.

-თუ მისი დაფინანსების უფლებაც არა გაქვთ, როგორ აპირებთ ახალშექმნილი პარტიის დახმარებას?

- მაქვს გამოცდილება და მყავს ბევრი მეგობარი, საქართველოს მოქალაქეები, და პარტიას სწორედ ისინი დააფინანსებენ.

- მინდია გულუა რუსული პროექტია?

- რას ნიშნავს რუსული პროექტი?

- ხელისუფლების განმარტებით, საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ძალას, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამხობა სურს.

- საქართველოს ხელისუფლებას რომ უსმინო, ვინც რუსეთში ვცხოვრობთ, ყველანი აგენტები, მტრები და სამშობლოს მოღალატეები ვართ. მე კონსულტაციები და შეხვედრები მაქვს დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების გავლენიან პირებთან. რისი გამკეთებელი ვარ, უახლოეს მომავალში ვაჩვენებ ქართველU საზოგადოებას. წინასწარ ლაპარაკი და ბაქიბუქი არ არის საჭირო.

მე აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ, ქართული შეიარაღებული ძალების კაპიტანი რეზერვში, საქართველოსთვის ერთხელ უკვე სიკვდილზე მოვაწერე ხელი. 22 წლისა ვიბრძოდი ჩემი ქვეყნის დასაცავად და მე ვარ რუსული პროექტი, მტერი და მოღალატე?  ვინ ვისი აგენტია და ვინ ვის საქმეს აკეთებს, კიდევ საკითხავია. გამოცდილება და ფაქტები სულ სხვა რამეს ამბობს. ისინი, ვინც რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მწვავე გამოსვლებით გამოირჩევიან, რატომღაც "მოღვაწეობის" დასრულების შემდეგ მოსკოვში გადაბარგდებიან ხოლმე. ასეთი მაგალითი ბევრია. აფხაზეთის ომის დროს თენგიზ კიტოვანისთვის რომ გეკითხათ, მასზე დიდი მოძულე არ ჰყავდა რუსეთს, მაგრამ ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ბევრი პოლიტიკოსი, დღეს თავგამოდებით რომ ლანძღავს რუსეთს და სხვებს "რუსეთის პროექტს" უწოდებს, ცოტა ხანში მოსკოვში აღმოჩნდება.

საქართველოს ხელისუფლებამ ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიჰყიდა. ვის მიჰყიდეს წყალი? - რუსეთის მოქალაქე რაპაპორტს, რკინიგზასაც რუსეთის ფედერაციას მიჰყიდიან და სად ეძებენ რუსეთის აგენტებს? "რუსეთის აგენტის" იარლიყის მიკერება კარგი საშუალებაა ხალხის დასაშინებლად და ამას საქართველოს ხელისუფლება და მათი პიარმენეჯერები მარჯვედ იყენებენ მიზნის მისაღწევად. ყველა მეუბნება, სატელეფონო საუბრისას ზედმეტი არაფერი თქვა, გვისმენენო. პოლიციაზე ცუდის თქმა არ შეიძლება, დაგიჭერენ, აზრის გამოხატვა სახიფათოა, კანონი არ კანონობს, მოსამართლე მოსამართლე არ არის, ომის ვეტერანებს არაფრად აგდებენ, მოსახლეობას ლუკმაპური ენატრება. ვანო მერაბიშვილის, უტიაშვილისა და პრეზიდენტის სატელეფონო ჩანაწერებს რომ მოვუსმინე, თავზარი დამეცა. შინაგან საქმეთა მინისტრი ეუბნება ბატონ უტიაშვილსა და პრეზიდენტს, როგორ უნდა დაასკანერონ, როგორ გამოიძახონ ვიღაც კომპიუტერშიკი კოტარია, რომელიც ხმებსა და კომბინაციებს დაამუშავებს. ამ ჩანაწერით ხომ გასაგებია, როგორ შეთითხნეს ფოტორეპორტიორების საქმე.

-ამბობენ, რომ პუტინთან მეგობრობთ.

-ვლადიმირ პუტინთან ცუდი ურთიერთობა არა მაქვს. მას აქვს საშუალება და სურვილი, რომ ქართველებსა და რუსებს შორის პრობლემები გადაწყვიტოს. პარადოქსია, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას ქართულ-რუსული ურთიერთობის აღდგენის დიდი სურვილი აქვს.

-კარგი ურთიერთობა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე შეიძლება მართლაც ხელს აძლევდეს რუსეთს, მაგრამ ეს ხომ ჩვენთვის მისაღები არ არის?

- ყველა ქვეყანამ რომ ცნოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, ამას არასოდეს შევეგუები. ვერ იქნება ქართველებსა და რუსებს შორის კარგი ურთიერთობა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე. არ შეიძლება ხელ-ფეხი გქონდეს მოჭრილი და ხელ-ფეხის მომჭრელთან მეგობრობდე. ეს კარგად იცის რუსეთის ხელისუფლებამაც. ვიცი, რომ რუსეთი ამ საკითხის გადაწყვეტაში დიდი სიამოვნებით დაგვეხმარება, რადგან ეს თავადაც სჭირდება. სხვათა შორის, მეც მაქვს სკრუპულოზურად დამუშავებული გეგმა (და არა ლოზუნგი).

- ჩვენ 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომი გვქონდა.

-რომელიც ტალიავინის დასკვნის მიხედვით მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.

- ვინც უნდა დაწეროს დასკვნა, რომ სააკაშვილმა ომი დაიწყო, ის სხვის ტერიტორიაზე არ შეჭრილა. მას ჰქონდა უფლება სამაჩაბლოში კონსტიტუციური წესრიგი დაემყარებინა.

-დიახ, ჰქონდა, მაგრამ ისეთი სახელმწიფოს მეთაურს, როგორიც საქართველოა, უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ გლობალურ პოლიტიკაში უფლება და შესაძლებლობა სულ სხვადასხვა რამ არის. საქართველოს პრეზიდენტმა იცოდა, რომ საფრთხეს უქმნიდა ქვეყანას.

-პრეზიდენტის შეცდომა, გნებავთ, წინდაუხედაობა, არ გამორიცხავს რუსეთის ხელისუფლების დანაშაულს.

-უდავოა, რომ რუსეთმა ჯარი უნდა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. დარწმუნებული ვარ, ეს დღეც დადგება.  ამისთვის რუსეთთან კონსტრუქციული მუშაობაა საჭირო. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ახლა იქ ბაზების გამალებული მშენებლობა მიდის. 9000 რუსი სამხედრო მოსამსახურეა აფხაზეთში. მათთვის იქ ახალი ინფრასტრუქტურა იქმნება. ისინი ფესვებს იდგამენ საქართველოს ტერიტორიაზე და თუ სასწრაფოდ არ გამოვნახეთ რუსებთან საერთო ენა, რაც დრო გავა, ამ პრობლემის გადაწყვეტა გაძნელდება. 20 წელია, დამარცხებული ერის სინდრომით ვცხოვრობთ, ჩვენ არც ერთი ომი არ მოგვიგია.

ტელევიზორში რომ ვუყურებდი, რა დღეში იყვნენ და არიან ლტოლვილები, ტკივილისაგან გული მეკუმშება. ფოცხოეწერში რომ გაასახლებ ამ გაუბედურებულ ხალხს, რით ირჩინოს თავი? 20 წელია, ეს ხალხი ტანჯვაშია. ამიტომ გადავწყვიტე ლტოლვილებისთვის სახლები ამეშენებინა. 2000 სახლის აშენებასა და საპატრიარქოსთვის გადაცემას ვაპირებდი. სახლის გასაღებები პატრიარქს უნდა გადაეცა დევნილებისთვის. ოფიციალურად მივმართე მოსკოვში ქართველ დიპლომატებს. დიდი ამბით აიტაცეს ეს იდეა, შეირჩა დრო, როდის უნდა ჩამოვსულიყავი თბილისში. მაგალითს დიდი ძალა აქვს და მინდია გულუას აუცილებლად მიჰბაძავდნენ სხვა ბიზნესმენებიც. მაგრამ ვინ დაგანება? 2010 წლის 29 ივნისს ჩამოვფრინდი თბილისში, მაგრამ აეროპორტში დამაკავეს. ტანზე გამხადეს, მომახსენეს, რომ თურმე საფრთხეს ვუქმნი საქართველოს სახელმწიფოებრიობას, წამართვეს პასპორტი, შემაგდეს თვითმფრინავში და სომხეთში გამამგზავრეს.

- რატომ სომხეთში?

-ვერ გეტყვით... წარმოშობით ჩხოროწყუდან ვარ და მინდოდა იქ 25-მილიონიანი პროექტი დამეწყო. 1000 ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაცია უნდა მეყიდა, სადაც 2000 კაცი დასაქმდებოდა. განზრახული მქონდა ხილის გადამმუშავებელი ქარხნისა და მესაქონლეობის ფერმის აშენება, სტადიონის მოწყობაც. ყველაფერზე დამთანხმდნენ. მეც ჰოლანდიაში 500 ჰოლანდიური ჯიშის ძროხა ვიყიდე სპეციალური საწველი ხაზით. თითო ძროხა 4.000 დოლარი ღირს და წელიწადში 15000 ლიტრს იწველება. წარმოიდგინეთ, ამ პროექტების განხორციელება რამხელა შვებას მისცემდა მოსახლეობას, მაგრამ როგორც კი თბილისში გაიგეს, რომ ამას მინდია გულუა აკეთებდა, შემომითვალეს, რომ საქართველოში არაფრის გაკეთების (მათ შორის არც ჰუმანიტარული პროექტების) უფლებას არ მომცემდნენ. ახლა არ ვიცი, ეს 500 ძროხა თავის საწველი ხაზით და მეურნეობით სად წავიყვანო...

მეტსაც გეტყვით, 2010 წლის 15 ოქტომბერს საპატრიარქოსთან ერთად დაარსდა ფონდი "მზე შინა და მზე გარეთა". დამფუძნებელი იყო ჩვენი პატრიარქი და ჩემდა საბედნიეროდ მე, მინდია გულუა. ფონდის მიზანი იყო ეკლესიების აშენება და ჰუმანიტარული საქმიანობა. ჩხოროწყუ-სენაკის ეპარქიაში დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის აშენება გვქონდა განზრახული. ეპარქიას მუეფე შიო ხელმძღვანელობს. აფხაზეთში დაღუპული მეომრების ხსოვნის პატივსაცემად სამების ტერიტორიაზე იგეგმებოდა სვიმონ კანანელის ეკლესიის აშენებაც. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით  ლტოლვილების დახმარება დავიწყეთ, პატრიარქის თხოვნით ეკლესიებს დავურიგეთ ხორბალი და ა.შ...

ჩვენი პროგრამით 5000 კაცს ყოველთვიურად უნდა მიეღო დახმარება, მაგრამ მარტის ბოლოს პრობლემები შეიქმნა. მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, მეუფე შიომ რომ თქვა, საპატრიარქო ფონდიდან უნდა გავიდესო. მიზეზად დასახელდა, რომ საპატრიარქოს ხელისუფლებასთან  ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდა. მეუფე შიო თავად მივიდა რეესტრში, ჩააბარა განცხადება ფონდიდან გასვლის მოთხოვნით. მას ამის იურიდიული უფლება ჰქონდა, რადგან ის იყო პატრიარქის რწმუნებული ჩვენს ფონდში, მაგრამ როგორც ვიცი, პატრიარქის კურთხევა არ ჰქონია. ჩვენ ეს ამბავი თვე-ნახევრის შემდეგ გავიგეთ. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ არც პატრიარქმა იცოდა ეს. შემდგომში მეუფე შიომ განმარტა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა გაჩხრიკეს ფონდი, თანამშრომლების ოჯახები და ყველა მათგანი დაჰკითხეს. ფონდის კომპიუტერები დღემდე არ დაუბრუნებიათ, გაყინეს ანგარიშზე ფული,  შეაჩერეს ეკლესიების მშენებლობა, 5000 კაცი დახმარების გარეშე დატოვეს. ამ ყველაფერში დამნაშავე დათა ახალაიაა, ყველაფერი ეს მისი მითითებით გაკეთდა.

სიმართლე თუ გინდათ, არც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების გადაწყვეტა უნდა ჩვენს ხელისუფლებას. სპეციალურად ჩაშალეს შერიგების აქტი, რომელიც ქართველ და აფხაზ დედებს შორის უნდა შემდგარიყო.

სპორტიც პოლიტიკად აქციეს და სპორტულ თამაშებშიც კი სპეცსამსახურები არიან ჩართული. საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მფლობელი ვარ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდთან თამაშის წინადღეს "სოხუმზე" სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, გუნდს ფულის გათეთრებას ედავებიან. ფულის გათეთრება იციან რა არის? ფული თეთრდება მაშინ, როცა მისი წარმოშობა საეჭვოა. ირიცხება იმ მიზნით, რომ ლეგალურ საქმეში დატრიალდეს და უკან დაბრუნდეს. მე, მინდია გულუა, კალათბურთის გუნდს ვაფინანსებ სრულიად ლეგალურად, ჩემი საბანკო ანგარიშიდან ვურიცხავ ფულს, რომელსაც გუნდი ხარჯავს და უკან არაფერს აბრუნებს. სად არის აქ ფულის გათეთრება?

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს თამაში რომ მოუგო "სოხუმმა", სულ გამწარდნენ და რეპრესიები დაიწყეს. არმიის კლუბთან თამაშის წინადღეს კი გუნდის წამყვანი მოთამაშე რეზერვში გამოიძახეს! ყველაფერი მონოპოლიზებულია და ძალადობრივი მეთოდებით იმართება, მათ შორის - სპორტიც,  მაგრამ, ღვთის წყალობით, ჩვენი გუნდი მაინც გავიდა ევროთასზე.

- როგორც თქვით, საქართველოში ჰუმანიტარული მისიის შესრულების უფლებასაც არ გაძლევენ, ფულის გადმორიცხვაც კი პრობლემაა. ასეთ პირობებში თქვენ მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირება როგორ წარმოგიდგენიათ?

_ ვიცი, რომ კანონი არ კანონობს და ამიტომ შევეგუოთ ამ ვითარებას? მე კონკრეტული გეგმები მაქვს. ვიწყებ საქართველოს მოსახლეობის დასაქმების პროგრამას. დიდი წინააღმდეგობა შემხვდება, მაგრამ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომლის გადალახვაც შეუძლებელია. პოლიტიკური პარტია დაფუძნდება, რომელიც ლოზუნგების სროლისა და ლაყბობის ნაცვლად ეკონომიკურ პროგრამას  დაიწყებს. საქართველოში რამდენიმე პროექტი უკვე განვახორციელე და საქმეს ბოლომდე მივიყვან. ჩემი ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი ჩემი დაწყებული საქმე არ გაჩერდება. ეს მექანიზმი უკვე შევქმენი და მას ვერ შეაჩერებენ.

-რა გარანტია გაქვთ, რომ ქართველი საზოგადოება თქვენს პარტიას დაუჯერებს? საქართველოში მოღვაწეობის სურვილი მილიონერ ალექსანდრე ებრალიძესაც ჰქონდა, მაგრამ მისი მცდელობა კრახით დასრულდა.

-ებრალიძისგან განსხვავებით მე მოტივირებული ადამიანი ვარ. მე აფხაზეთში დაბრუნება მინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. სოხუმელი ვარ და ომის შემდეგ აფხაზეთის მიწაზე ფეხი არ დამიდგამს. როგორ  ფიქრობთ, არ შემიძლია? მაგრამ პრინციპულად არ ჩავალ აფხაზეთში, სანამ იქ ქართველი ლტოლვილები არ დაბრუნდებიან. ებრალიძისა და სხვებისაგან განსხვავებით, 22 წლის ვიყავი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში რომ წავედი. ებრალიძეებსა და სხვებს კი ამ ქვეყნისთვის არ უბრძოლიათ! თუ აფხაზეთი ჩემმა თაობამ არ დაიბრუნა, ჩვენი შვილები იბრძოლებენ თუ არა მისთვის, არ ვიცი. დღედაღამ აფხაზეთზე ვლაპარაკობ და ვფიქრობ. ჩემმა შვილმა ერთხელ მითხრა, რა შეგვჭამე ამ აფხაზეთითო და მაშინ მივხვდი, რომ არა მაქვს ლოდინის უფლება. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეტკინა გული. მივხვდი, რომ აფხაზეთის სიყვარულს სიტყვებითა და შთაგონებით ჩემს შვილს ვერ გავუზიარებ. ჩემი შვილის მაგალითი მის თაობასაც ეხება და ამის მეშინია.

არ არსებობს ფული, გავლენა და სიმდიდრე, რომელიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილს დამიამებს. მე ახლა ომში ვებმები საქართველოს გადასარჩენად. გამარჯვებას ვაპირებ, მაგრამ თუ სიკვდილია, დაე იყოს სიკვდილი სამშობლოსთვის!

Я пью за генерала всех мужиков!

"მე გენერალ გენო ადამიას ხსოვნას ვცემ პატივს, რომელმაც 22 წლისას კაცობის უდიდესი მაგალითი მაჩვენა. აფხაზეთში ძმათამკვლელი ომი რომ დაიწყო, სოხუმელების 23-ე ბატალიონში ჩავეწერე. ჩვენი მეთაური გენო ადამია იყო. ომი ქართველებმა უძლურების კი არა, ღალატის გამო წავაგეთ. სოხუმი ჩვენმა ბატალიონმა ყველაზე ბოლოს დატოვა. სოხუმის დატოვებაზე მისი დაცემის შემდეგაც უარი თქვა გენერალმა გენო ადამიამ. მისმა შვილმა, ჩემმა მეგობარმა, მითხრა, გენო უნდა დაჭრა, სხვაგვარად სოხუმიდან ვერ გავიყვანთო. გადავირიე, როგორ უნდა მესროლა გენო ადამიასათვის? ვერ ვიზამ ამას-მეთქი. მაგრამ მისმა შვილმა დამარწმუნა, რომ ეს ერთადერთი გზა იყო. იარაღი ჩავიდე და მივუახლოვდი. მაინც ვერ ვესროლე, შევეცადე, დამერწმუნებინა, რომ სოხუმი უნდა დაეტოვებინა. ამასობაში მიმიხვდა ჩანაფიქრს, ქოჩორში ხელი წამავლო და მითხრა, არსად არ წამოვალ, არა მაქვს უფლება, რა ვუთხრა იმ დაღუპული ბიჭების დედებსა და ცოლებს, ვინც მე გამომყვნენ და დღეს ცოცხლები აღარ არიანო... და აფხაზების მიერ აღებულ სოხუმში დაბრუნდა. 68 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი... მისი ცხედარი თანამებრძოლებმა გამოვისყიდეთ. ცხედრის გადმოცემისას აფხაზმა ჭიქა ასწია, შესანდობარი უნდა დავლიოო, და აი, რა თქვა, Я пью не за грузинского генерала, а за генерала всех мужиков! - ასეთ სიკვდილს ნებისმიერი კაცი ინატრებდა".

P.S. როგორც მინდია გულუამ გვითხრა, შსს მასზე მორიგ მამხილებელ ფილმს ამზადებს...