"რობიკონი" - კვირის პალიტრა

"რობიკონი"

დიდი მაესტროს, რობერტ სტურუას გათავისუფლება რუსთაველის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან კიდევ დიდხანს იქნება საზოგადოების განსასჯელი თემა. ზოგი სხვის ჭირზე სეირობს, ზოგი ცინცხალი ჭორებით აზავებს ყოველივეს, ზოგსაც უეცრად ახსენდება მწარე სიმართლე: "დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები"...

აივსება მესიჯებით და მორბენალი სტრიქონებით ყველაფერი: "ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ბატონო ჩემო"... "მთელი უბანი... მთელი სოფელი... ქალაქი... კუთხე-კუნჭული და ბოლოს, მთელი საქართველო თქვენთანაა"(!)..”

ქარავანი”კი მიდის... და არავინ იცის, სად არის ეს "მთელი საქართველო"... ალბათ, ემოციებისა და წამიერი გაფიცხების ტყვეობაში, სადაც ზოგს ვირთხები ესიზმრება, ზოგსაც მოღალატეები და ამ კოშმარით დაზაფრულებს გაქვავებული გულით გამოაქვთ განაჩენი: "ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა"...

"ვერ აიტანა ჩემმა გულმა და ამიტომ ასე თავშეუკავებლად და დაუფარავად ვამბობდი იმას, რასაც სიმართლედ ვთვლიდი... არავითარ გამორჩენაზე არ მიფიქრია", - რობერტ სტურუას ამ ნათქვამს ალბათ, კომენტარი არც სჭირდება, რადგან ის ისეთივე მრავალმხრივი ნააზრევია, როგორიც თავად მისი ავტორის მდიდარი შემოქმედება.

სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს) მისი მოხსნაც და მოხსნის მიზეზიც. კაცმა რომ თქვას, რად სჭირდება სტურუას სკამი და პოსტი? ის დიდი ხანია თავისუფალია და საკუთარი პოსტიც რა ხანია მოპოვებული აქვს - ღვთივნაბოძები ნიჭით მიღებული ხალხის სიყვარული და დიდი შემოქმედის სახელი. ცხოვრებაც ხომ დიდი თეატრია და სტურუას რომ აჯობო, მასზე დიდი ხელოვანი თუ არა, მისი ტოლი მაინც უნდა იყო. მისი თეატრის არსი თუ აკადემიურობაა და შენი კი აბსურდი, განწირული ხარ მასთან მეტოქეობაში, მაგრამ თუკი რიჩარდ III-სავით "სიმართლედ ძალა გაქვს და კანონად მოქნეული მახვილი, თამამად შეგიძლია, ნებისმიერს დააბრალო კაცთმოძულეობა..."

საერთოდ, სიტყვა "ქსენოფობია" და სიტყვა "ქართველი" ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. ერს, რომელიც ვეფხისა და მოყმის ბალადას დაწერს, სადაც დედა თავისი შვილის მკვლელის დედასთან სამძიმრის სათქმელად მიდის, ქსენოფობობა რომ დააბრალო, ძალიან უნდა "გიჭრიდეს" გონება. ანდა, ნანახი გქონდეს რობერტ სტურუას "ლამარა" და ამის შემდეგ რეჟისორს მაინც ქსენოფობი უწოდო, იმას ნიშნავს, წარმოდგენაც არ გაქვს ქართული სულის მარადიულობაზე.

სტურუას დუმილიც უკვე შემოქმედებაა და ეს რომ გესმოდეს, სულ მცირე, ახლო წარსულს მაინც უნდა გადახედო და გახსოვდეს, რა თქვეს ინგლისელებმა რუსთაველის თეატრის ტრიუმფალური გასტროლების შემდეგ ლონდონში: - ქართველებმა გვასწავლეს, როგორ უნდა დადგა რიჩარდ III -ო(!)...

და რად გვიკვირს ამის შემდეგ, რომ ამ "შემოქმედებით კრიზისში" მყოფ ხელოვანს მთელი მსოფლიოს აღიარებული თეატრები კალთას ახევენ? ის ხომ არ არის "ლირი - ყველასგან მიტოვებული" და ვერც გახდება ასეთი, რადგან ის მწვერვალია თავის სფეროში და არასოდეს გეყოფა ძალა, პატარა ადამიანის სიმდაბლიდან მის ჩასაქოლად გამზადებული ლოდი მწვერვალს უწიო.

წავა თუ არ წავა უცხო ქვეყანაში სტურუა? ახლა იგი კულისებში კი დგას, მაგრამ ისე წარმართავს ამ სპექტაკლს, როგორც მოესურვება და რა ნაბიჯიც უნდა გადადგას, აზდაკივით მაინც მოგანატრებს თავის ოქროს ხანას. ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, რომ ხელახლა ვიკიდებთ არაერთხელ ჩადენილ ცოდვას, როცა გამორჩეულ ქართველს მხოლოდ უცხოობის გზას ვუტოვებთ და აქ კი ვრჩებით ზიზილ-პიპილო შოუების ამარა.

ამის მერე კი მართლა გაგვახსენდება (როგორც ყოველთვის, როცა ურემი გადაბრუნდება) სტურუასეული ხელოვნების სიბრძნე: "ისე როგორ გათახსირდა ეს ქვეყანა, რომ სადაც ჭინჭრაქები ნადირობენ, იქ არწივები დასხდომასაც ვერ ბედავენ"...”

P.S. "რიჩარდ III"-ში გენიალური სიტყვებია: "ვინაა ისეთი ბრიყვი, რომ ვერ მიხვდეს სიმართლეს, მაგრამ ვინაა ისეთი თავზე ხელაღებული, გაბედოს და თქვას - მივხვდიო!.."

სტურუასეულია... მისი ხელწერით, შინაგანი თავისუფლების განცდით, ღიმილიანი სიმართლით და შეფარული სიცხადით... ფიქრი თუ გსურს, გიტოვებს საფიქრალს დასკვნისთვის...

რობიკომ ეპოქა შექმნა და შემოსაზღვრა საკუთარი "ცარცის წრე", ოღონდ არა მხოლოდ კავკასიური და ყოველთვის ისე "გამოიყვანს" თავის შემოქმედებას განსაცდელიდან, რომ ვერავინ გაგლეჯს. ოღონდ, უნდა გახსოვდეს: ეპოქის შემოქმედს თუ ეთამაშები, ისე მაინც ეთამაშო, რომ "რობიკონი" არ გადალახო!

შექსპირი, 66-ე სონეტი:

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.