მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ბათუმი, ახალი და მაინც იგივე

შვებულება მშობლიურ ქალაქში გავატარე. ბათუმი უფრო შეცვლილი დამხვდა. ამ ქალაქს ყოველ წელს თავიდან ვეცნობი, თავიდან მიწევს გარკვევა, რომელ ქუჩაზე როგორი მოძრაობის წესებია. ერთ წელს ერთ ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა რომ  მხვდება, მეორე წელს ისევ ორმხრივია; თავიდან ვეძებ, სად რა დაწესებულება, ბარი თუ კაფეა და ა. შ. წელს პირველად ვნახე პიაცა.KvirisPalitra.Ge ჩემს ბავშვობაში მის ადგილას სკოლა იდგა. სააკაშვილმა სკოლა აიღო და ევროპული მოედანი გააკეთა. ვისაც პიაცა უნახავს, შეუძლებელია არ მოეწონოს. თავი მართლაც ევროპაში გეგონება. სხვა საკითხია, უნდა დავემსგავსოთ თუ არა სხვას, მაგრამ ლამაზი რომ არის, ფაქტია.

კარგად გაუკეთებიათ ძველი ბათუმიც. ქუჩებს ქვაფენილიც ძალიან მოუხდა. ერთადერთი, რაც ევროპული ქალაქებისგან ბათუმს განასხვავებს, ღია კაფეების ნაკლებობაა. არადა, ტროტუარებზე გამოსული კაფეები ძველ ბათუმს ძალიან მოუხდებოდა. ალბათ, მომავალში ესეც გაკეთდება.

ქალაქის ცენტრში რამდენიმე სახლისთვის გუმბათი დაუშენებიათ. ლამაზია, თუმცა ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, არ შეიძლება ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს, რაც მოგესურვება, ზემოდან დააშენოო. ალბათ, ასეცაა და ოქროს შუალედის პოვნა აუცილებელია. ევროპაში ყოფნის დროს მეც ხშირად დამწყვეტია გული, რომ ასეთივე ლამაზი ადგილები საქართველოს ქალაქებში არ იყო და მინატრია, რომ ასეთი მოედნები თუ სახლები გვქონოდა, მაგრამ ეს ალბათ იმას არ ნიშნავს, რომ XXI საუკუნეში უნდა ვაშენოთ ისეთი სტილით, როგორითაც შუა საუკუნეების ევროპაში  აშენებდნენ.

მოკლედ, ბათუმში ხეტიალის დროს გაორებული გრძნობა დამეუფლა: ერთი მხრივ, სილამაზით ვტკბებოდი, მეორე მხრივ კი გული მწყდებოდა, რომ ბევრი ადგილი, რომლებიც ჩემს ბავშვობას უკავშირდება, აღარ არის. ის სკოლაც, სადაც თერთმეტი წელი გავატარე, გაუუქმებიათ. შენობა ჯერჯერობით დგას, მაგრამ აბა, ვინ გააჩერებს ცარიელ შენობას შუა ბულვარში?

ზემოთ დავწერე, ბათუმი ყოველ წელს ახალია-მეთქი, მაგრამ არის რაღაც, რაც ისევ ძველ დროში გაბრუნებს. მაგალითად, "აჭარის ტელევიზია". ამ ტელევიზიაში ასლან აბაშიძის შემდეგ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ახლა მის ნაცვლად მიხეილ სააკაშვილს ამბობენ. ის კი არა, "პირველი არხის", "იმედისა" და "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვებებს რომ ვუყურებ, ხშირად მგონია,  დეჟავუ მჭირს და ჩემი სიყმაწვილის დროინდელი აჭარის ტელევიზიის გადაცემებია. მაშინაც ბათუმელებს დილიდან საღამომდე გვიყვებოდნენ, აბაშიძემ ეს ობიექტი გახსნა, ამ ობიექტის მშენებლობა დაიწყო, იმის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარაო და ა. შ. ახლა იმავეს ერთდროულად ხუთი ტელევიზია გვიყვება. ერთი "აჭარის ტელევიზიის" მაგივრად ხუთი "აჭარის ტელევიზია" გვაქვს. სააკაშვილის მასშტაბები აბაშიძისგან აშკარად განსხვავდება.

და კიდევ, რაც ბათუმში ჩემი ბავშვობის მერე არ შეცვლილა, წყლის პრობლემაა. ბათუმელებს წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება, სასმელად ისევ უვარგისია და როგორც კი გაწვიმდება, მთელი დღეებით წყდება.

KvirisPalitra.Geსაზეიმოდ ვხსნი, ესე იგი ვარსებობ

სააკაშვილის ცხოვრების პრინციპი ასეთია: "საზეიმოდ ვხსნი, ესე იგი ვარსებობ". მას სხვადასხვა ობიექტის საზეიმოდ გახსნის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ალბათ, ის დღე, როდესაც არაფერს ხსნის, მისთვის დაკარგულია. ღამე კოშმარები ესიზმრება, რომ ბოროტმა ძალებმა მორიგი შადრევნის თუ ხიდის გახსნა სპეციალურად ჩაუშალეს. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ, თუ დიდხანს არაფერი გახსნა, "ლომკა" დაეწყება-მეთქი. ის ამით სულდგმულობს, ეს არის მისი სასიცოცხლო ენერგიის წყარო: ლენტის გაჭრა, ხალხის ყვირილი: "მიშა, მიშა", მგზნებარე და შედარებებით დახუნძლული სიტყვის წარმოთქმა, გახსნილი ობიექტის პირადად გამოცდა და მერე ახალ გასახსნელ ობიექტზე ფიქრი. თქვენ კიდევ გინდათ, მშენებლები არ დააჩქაროს, საყვედურობთ, ნახევრად დაუმთავრებელ ობიექტს რატომ ხსნიო. ეს იგივეა, ნარკომანს უთხრა, წამალი აღარ გაიკეთოო.

ერთი ამბავი ატეხეთ: ანაკლია-განმუხურის ხიდი თურმე დაუმთავრებელი იყო, ფიცრები სახელდახელოდ დააგეს, ახლა ისევ დაკეტეს, ფიცრებს ყრიან და ახალი უნდა გააკეთონ. ეს ხომ ზედმეტი ხარჯიაო. რა არის ნარკომანისთვის ზედმეტი ხარჯი? თქვენ "ლომკა" გამოგიცდიათ? ახლა არ მკითხოთ, შენ გამოგიცდიაო? არა, მაგრამ წარმომიდგენია. ამიტომ სააკაშვილის კარგად მესმის.

KvirisPalitra.Geროგორ ასრულებს სააკაშვილი დაპირებებს

ამ თემაზე წერა ისევე არ მომბეზრდება, როგორც სააკაშვილს - ობიექტების გახსნა. მანამდე დავწერ, ვიდრე დაპირება არ შესრულდება. თუმცა დღეს პრობლემა ის კი არ არის, რომ პირობა ვერ სრულდება, ან ის, რომ სააკაშვილი არადამაჯერებლად ცდილობს ახსნას, რატომ ვერ შეასრულა დაპირება. დღეს პრობლემად ის იქცა, რომ ხელისუფლება ცდილობს ხალხი საპირისპიროში დაარწმუნოს. ტელევიზიებმა პენსიის 100 ლარამდე გაზრდა მოსახლეობას ისე ახარეს, თითქოს სააკაშვილის დაპირება შესრულდა. ჩავრთე ტელევიზორი და რას ვხედავ, ეკრანზე წარწერაა: "სააკაშვილის დაპირება - პენსია 100 ლარი გახდა". პენსიის 10 ლარით გაზრდას ტელევიზიებმა დიდი დრო დაუთმეს. "იმედმა" ხომ დეტალურად შეგვახსენა, რომ პენსია ერთ დროს 6 ლარიც კი იყო. კი ბატონო, 6-ს 100 ბევრად ჯობს, მაგრამ ჩვენ ხომ არ გაგვიცია 2008 წელს წინასაარჩევნო დაპირება, 2009 წლის ბოლომდე პენსია 100 დოლარის ეკვივალენტი იქნებაო? დღეს უკვე 2011 წელია და პენსია 100 ლარს ძლივს მიუახლოვდა. 100 დოლარი კი შორეულ პერსპექტივაშიც არ ჩანს. ჰოდა, იმას მაინც ნუ გვეტყვით, რომ სააკაშვილი დაპირებებს ასრულებს. კი ბნელა, მაგრამ ასე?