რა უნდოდა ჩემს ”ზალაში” სომხეთს?! - კვირის პალიტრა

რა უნდოდა ჩემს ”ზალაში” სომხეთს?!

თბილისიდან 50 კილომეტრში ქართულად ვერავინ დამელაპარაკა!..

"პარადოქსი ის არის, რომ ამ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას ჩვენი მესაზღვრეებიც გვიკრძალავენ, დაუჩემებიათ, ეს სომხეთის ტერიტორიააო(?!)"

"თუ ეს სომხური მიწა იყო, საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლებამ სომხური მიწა როგორ მისცა იჯარით საქართველოს მოქალაქეს?"

"სასაზღვრო საგუშაგოს უფროსმა მითხრა, თქვენმა ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა ტყე გაჩეხეს და სომხური მიწა ასე მიიტაცესო"

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში საინტერესო რუკები გამოჩნდა. ამ რუკების მიხედვით საქართველოს ტერიტორია კიდევ უფრო შემცირდა, ამჯერად სომხეთის სასარგებლოდ. რადგან ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალა მაინცდამაინც სანდო არ არის ხოლმე, დიდი ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ მალე რედაქციაში შემაშფოთებელი წერილი მივიღეთ (სტილი დაცულია):

"მიწების მიტაცება გრძელდება"

"ჩვენი სოფლები: სადახლო, ბურმა და ტეზეკენდი სომხეთ-საქართველოს საზღვარზეა. მოსახლეობის უმეტესობა საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებისაგან შედგება. ამ სოფლების ირგვლივ, რომ იტყვიან, განუკითხაობაა. საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოა. მიმდინარეობს პირდაპირი დისკრიმინაცია ამ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისა და ეს მხოლოდ ჩვენს კანონიერ ინტერესებს როდი აზიანებს. საქართველოს ხელისუფლება თავისი უმოქმედობით ხელს უწყობს ჩვენი უფლებების ფეხქვეშ გათელვას მეზობელი სახელმწიფოს, სომხეთის მიერ. რეალური საზღვრის არარსებობის გამო, სრულიად დაუცველები ვართ შეიარაღებული სომეხი მესაზღვრეების წინაშე. სომეხი მესაზღვრეები სრულიად უკანონოდ იტაცებენ ჩვენს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს, რაც მთავარია, სომხეთIის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ყოველდღიურად სწევენ საზღვარს საქართველოს სიღრმეში, გამკითხავი კი არავინ არის.

ჯერ კიდევ 2008 წელს ისე შეცვალეს საზღვარი, რომ 3 სახლი სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. სომეხი მესაზღვრეები ითხოვდნენ, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ამ ხალხს საკუთარი სახლები. ჩვენ მუდმივ შიშში ვცხოვრობთ, ყოველდღე ველოდებით, რომ სომეხი მესაზღვრეები გაგვასახლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე ვცხოვრობთ.

ჩვენი არსებობის ერთადერთი წყარო მეცხოველეობაა. თუ სომეხი მესაზღვრეები ამ ტემპით გააგრძელებენ ჩვენი მიწების მითვისებას, შიმშილით დავიხოცებით. სომეხი მესაზღვრეები ძალიან გვავიწროებენ, რაც გამოიხატება საქართველოს მოქალაქეების არაკანონიერ დაკავებაში და მიზეზად  საზღვრის დარღვევას ასახელებენ. მაგალითად, ხანიოვ გაბილ იათხან-ოღლი 2 დღე ჰყავდათ დაკავებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით. დაკავებისას ის იმყოფებოდა ტერიტორიაზე, რომელიც იცოდა, რომ საქართველოს ტერიტორია იყო.

სომეხი მესაზღვრეები კარგად არიან შეიარაღებული და საზღვარს ძაღლების თანხლებით აკონტროლებენ, რასაც ჩვენს სასაზღვრო პოლიციაზე ვერ ვიტყვით. სომეხმა მესაზღვრეებმა თვითნებურად გადმოსწიეს საზღვარი მოხნულ და დათესილ მიწებზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ მოსახლეობა სახნავ-სათესში შიშით დადის. იყო შემთხვევები, როცა სომეხმა მესაზღვრეებმა სროლა აგვიტეხეს, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულმა. სომეხმა მესაზღვრეებმა უკანონოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს ტყე,  ზოგიერთი სახნავ-სათესი ნაკვეთი და საძოვრები.

ათეული წლების წინ ჩვენი მამა-პაპა საზღვრის მოსანიშნად მიწაში ნახშირით სავსე ვედროებს აწყობდა. ის მონიშნული ადგილები დიდი ხანია რამდენიმე კილომეტრით დაშორდა საქართველოს ახლანდელ საზღვარს. ამ სოფლებში სრულიად უკანონოდ გამოაძევეს არენდირებული მიწებიდან საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები, საქართველოს ხელისუფლებას კი რეაგირება არ მოუხდენია. ხელისუფლებისგან ვითხოვთ საქართველოს  სახელმწიფო საზღვრების ჯეროვნად დაცვასა  და იმ უკანონობის აღKვეთას, რომელიც დღეს  სომხეთ-საქართველოს საზღვარზეა" (ოცი ხელმოწერა).

ამ წერილს ხელს მარნეულის რაიონის სამი სოფლის მოსახლეობა აწერს. გადავწყვიტეთ ადგილზე შეგვესწავლა სიტუაცია და სოფელ ბურმისკენ ავიღეთ გეზი.

არც ტრანსპორტი, არც გზა, სხვა სიკეთეზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. სადახლოს გამშვები პუნქტიდან ფეხით დავადექი გზას, რადგან სოფელ ბურმამდე ტრანსპორტი არ დადის. სოფელში ქართული ენა არავინ იცის, არც რუსული. ასე მგონია, თბილისიდან 50 კილომეტრში კი არა, სხვა ცივილიზაციაში ვარ. იძულებული ვარ, მეგზური მოვძებნო, რომელიც მოსახლეობასთან კომუნიკაციაში დამეხმარება. სიმწრის ოფლი მდის, როცა ვხედავ, რომ ხელის ერთ გაწვდენაზე სომხური სოფლებია განვითარებული ინფრასტრუქტურითა და საუცხოოდ მოვლილი კარ-მიდამოებით. ჩემი მეგზური აზერბაიჯანელი ყმაწვილია, რომელიც რუსულს როგორღაც ახლაფორთებს. როგორც მითხრეს, სწორედ ამ სოფელში არსებულ 3 სახლზე აქვთ პრეტენზია სომეხ მესაზღვრეებს. სამივე სახლი თითქმის ერთ ზოლზე, მთის ძირას დგას. ვერაფერს იტყვი, მართლაც სტრატეგიული ტერიტორიაა. აქედან მთა იწყება, სადაც ხელისგულივით მოჩანს და კონტროლდება ქვემოთ გადაშლილი ტერიტორია. სომხეთის ტერიტორიაზე მთები მოპირდაპირე მხარესაც არის, მაგრამ ამ მთას სხვა უპირატესობა აქვს, ტყით არის დაფარული.

როგორც იქნა, მივაღწიეთ სოფლის ბოლოს. იქაურებმა დაგვიდასტურეს წერილში მოყვანილი ფაქტები.

"პრობლემები 2008 წელს დაიწყო. სომეხმა მესაზღვრეებმა 1975 წლის რუკა მოიტანეს და გამოგვიცხადეს, ეს ტერიტორია ჩვენია, აქაურობა უნდა დატოვოთო. ამ რუკის მიხედვით საზღვარი შუა სახლში გადის. სომხეთი პირდაპირ "ზალაში" მაქვს. ასე როგორ შეიძლება? რა უნდა ჩემს "ზალაში" სომხეთს? ერთი ამბავი რომ ატყდა, ზალიდან გაიტანეს საზღვარი და ახლა აღარ გადის, მაგრამ არც ბევრი აკლია.

ჩემი სახლიდან სომხეთამდე ზუსტად 10 მეტრია.

შარშან თბილისიდანაც იყვნენ ჩამოსული. რუკები ჩამოიტანეს და მონიშნეს ტერიტორია, წელს ბოძებიც ჩამოიტანეს და ჩასვეს, მაგრამ რად გინდათ, წავიდნენ თუ არა ქართველები, სომხებმა სასწრაფოდ მოთხარეს ბოძები და გადაყარეს. ბოძი ქართული რუკის მიხედვით იმ მთის წვერზე იყო ჩასობილი, სომეხმა მესაზღვრეებმა კი ამოთხარეს და გადააგდეს.

შიშით იმ ტყეში ვეღარ გავდივართ, რადგან მაშინვე დაგვიჭერენ სომეხი მესაზღვრეები. ვართ ასე შიშსა და გაურკვევლობაში, არ ვიცით, როდის გვეტყვიან, რომ ეს მათი ტერიტორიაა და უნდა ავიბარგოთ.

ეს კიდევ არაფერი, აგერ მეზობელ სოფელში ხალხი არენდით აღებული მიწებიდან ისე გამოაძევეს, რომ ხმაც კი არ ამოაღებინეს", - შემომჩივლა ბურმელმა მოსახლემ.

ბურმიდან სადახლოში მივემგზავრები. ამ სოფელში ყველა ოჯახი აზერბაიჯანულია. სოფელი საკმაოდ დიდია. სოფელში ერთადერთი ქართველი ქალი ცხოვრობს. თავის დროზე აქ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გამოგზავნეს. აქვე გათხოვილა აზერბაიჯანელზე.

საქართველოში ქართულის გაგონებაზე ცრემლები მოერია ბაბო მასწავლებელს. გაიხარა, ჩემმა მეგზურებმა რომ უთხრეს, სტუმრად "ზემლიაჩკა" მოგიყვანეთო(?!).

სადახლოში ჩვენი სასაზღვრო  ნაწილი ერთ პატარა ფიცრულშია განთავსებული. სამაგიეროდ, იქვე ახლოს სომხური სასაზღვრო პოლიციის კაპიტალური ბაზაა წამოჭიმული. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა მიმტკიცებს, სომხური ბაზა საქართველოს ტერიტორიაზეა(!).

კადირ ბედიევი, სადახლოელი: "მეორე წელია ჩვენს მიწებზე შესვლას გვიკრძალავენ. ეს მიწები ჩემს ძმას არენდით ჰქონდა აღებული. ათწლიანი იჯარა გვქონდა სახელმწიფოსთან გაფორმებული. ოფიციალურად საჯარო რეესტრშიც გვქონდა ყველაფერი აღრიცხული, გადასახადებსაც ვიხდიდით. ერთ მშვენიერ დღეს კი გვითხრეს, ეს სომხეთის ტერიტორიააო და აგვიკრძალეს მიწის დამუშავება. არადა, რაც თავი მახსოვს, ეს ამ სოფლის კოლმეურნეობის მიწა იყო. მუდამ ჩვენ ვამუშავებდით. ჩვენმა მამებმა და ბაბუებმაც იცოდნენ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და ასე უცბად როგორ გახდა სომხეთი? ჩემს ძმას ყველა ოფიციალური დოკუმენტი აქვს იმის დასადასტურებლად, რომ ეს მიწა სახელმწიფომ იჯარით მისცა(!).

მაჰმუდ მამედოვი: "სკოლის დირექტორი ვარ. ამ ადგილას სკოლასაც ჰქონდა იჯარით მიწები. სკოლის მასწავლებლები ამუშავებდნენ. არ ვიცი, რა მანქანებით მოხვდა ეს ტერიტორია სომხების ხელში. ლაპარაკია 20 ჰექტარ მიწაზე. როდესაც გამოგვიცხადეს, ეს მიწა სომხების საკუთრება იყო და არისო, დავინტერესდი და საჯარო რეესტრს მივმართე. მე დოკუმენტიც და ქვითრებიც მაქვს, რომ სკოლა ამ მიწის გადასახადს იხდიდა. 5 ჰექტარი ჰქონდა სკოლას არენდით აღებული. საჯარო რეესტრში ჩემი თვალით ვნახე, რომ ეს მიწა რუკაზე საქართველოს ტერიტორიაა და ვინ მისცა ახლა სომხებს? პარადოქსი ის არის, რომ ამ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას ჩვენი მესაზღვრეებიც გვიკრძალავენ, დაუჩემებიათ, ეს სომხეთის ტერიტორიააო(?!). სასაზღვრო საგუშაგოს უფროსს ამ თემაზე რამდენჯერმე ვესაუბრე, მიმტკიცებს, შენი დოკუმენტები ძველიაო! საზღვარს ახალი დოკუმენტებით ადგენდნენ, გაგიგიათ სადმე? კარგი, ვთქვათ ჩემი დოკუმენტები ძველია, ბადიევის დოკუმენტები ხომ არის ახალი? მას არენდის ხელშეკრულება სახელმწიფოსთან 2010 წლამდე ჰქონდა გაფორმებული. თუ ეს სომხური მიწა იყო, საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლებამ სომხური მიწა როგორ მისცა იჯარით საქართველოს მოქალაქეს? რამდენჯერმე ვკითხე ამ სასაზღვრო პუნქტის უფროსს, რას იცავთ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს თუ სომხეთისას-მეთქი? სასაზღვრო საგუშაგოს უფროსმა შარშან მითხრა, იცი, რას გეტყვი, თქვენმა ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა ტყე გაჩეხეს და სომხური მიწა ასე მიიტაცესო. ვინ გითხრათ-მეთქი? სომეხი მესაზღვრეები ამბობენო. ვუთხარი, შენი აზრით, სომხებმა რომ თბილისამდე მოითხოვონ ტერიტორია, ასე უაპელაციოდ უნდა მისცეთ მიწა-მეთქი? ეს არის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა?

ამ მიწას სომხები ადრეც ითხოვდნენ, მაგრამ საგუშაგოს ყოფილმა უფროსმა  მითხრა, თუ გინდათ, ორ სამხედრო პირს გაგაყოლებთ,  დათესეთ და მოსავალი მოიყვანეთო. ესეც მოვუყევი ახლანდელ საგუშაგოს უფროსს და ისიც ვკითხე, შენ რატომ იქცევი ასე-მეთქი? მიპასუხა, ასე მაქვს ნაბრძანებიო. საინტერესოა, ვინ უბრძანა? მე ერთი უბრალო კაცი ვარ, ვინ მეტყვის, რა ხდება სინამდვილეში?

მეტსაც გეტყვით, ბაზა, სადაც ახლა სომხური სასაზღვრო პოლიციაა, სინამდვილეში საქართველოს ტერიტორიაა. ამ ბაზის მშენებლობა რომ დაიწყო, ერთხანს ამ მიწას ჩვენი სოფლის ხალხი იცავდა, არ ანებებდნენ ბაზის მშენებლობას. სად აღარ ვიჩივლეთ. ერთხანს სომხებმა შეაჩერეს მშენებლობა, მაგრამ მალე ხალხს იქ შესვლის უფლება ჩვენმა მესაზღვრეებმა აღარ მისცეს და სომხებმაც მალე წამოჭიმეს ბაზა"(?!).

სადახლოში ქართველი მესაზღვრეების პოსტს მივაშურეთ და მესაზღვრესთან გასაუბრება ვცადეთ. კითხვაზე, რატომ ეკრძალება მოსახლეობას მიწებით სარგებლობა, მესაზღვრემ გვიპასუხა, თანამგზავრით ახალი აზომვები გაკეთდა და ეს მიწა სომხეთს დარჩაო(?!). რომელ აზომვებზე მელაპარაკებით, როცა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია არ მომხდარა, ვის ჰქონდა უფლება საზღვარი გადმოეწია-მეთქი. ისე, თქვენც მართალი ხართო, სასწრაფოდ სასაზღვროს უფროსს დაურეკა და ჩვენი სტუმრობის ამბავი ამცნო. მერე კი მოგვიბოდიშა, მე არაფერი ვიცი, ახლა შემოვლაზე მივდივარო და გაგვეცალა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში