"სტურუა ქართულ თეატრს არ დააკლდება" - კვირის პალიტრა

"სტურუა ქართულ თეატრს არ დააკლდება"

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავს არიდებდნენ რობერტ სტურუას მოხსნაზე კომენტარს, ჩვენ მაინც მოვახერხეთ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილთან გასაუბრება:

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი რანგის ხელოვანის ქსენოფობის იარლიყით თეატრიდან გაშვება?

- მინისტრმა ნიკა რურუამ ამ საკითხზე ამომწურავი განცხადება გააკეთა, არგუმენტებიც მოიყვანა და ახსნა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. საჯარო ქსენოფობიური და რასისტული განცხადებები არც ხელოვანს შვენის და არც  სხვა პროფესიის ადამიანს.

- მიგაჩნიათ, რომ სტურუას განცხადებები ქსენოფობიური იყო?

- მისი განცხადებები რამდენიმე შემთხვევაში - ქსენოფობიური, რამდენიმე შემთხვევაში კი რასისტული გახლდათ. ასეთი განცხადება ერთხელ ხომ არ გაუკეთებია? ამგვარ სამარცხვინო განცხადებებზე ნებისმიერი სახელოვანი ადამიანი ბოდიშს მოიხდიდა.

- ბატონმა სტურუამ განაცხადა, რომ სომეხ ხალხს მოუბოდიშა.

- ჩვენ არ მოგვისმენია მისგან ბოდიში. მისი ყოველი შემდგომი განცხადება პირიქით, უფრო დამამძიმებელი იყო და მეტად გამოხატავდა რასიზმსა და ქსენოფობიას.

- მისი წასვლა ქართულ თეატრს არ დააზარალებს?

- სტურუა ქართულ თეატრს არ დააკლდება, რადგან ის ქართული თეატრიდან არავის გაუგდია და შეუძლია კვლავ დადგას სპექტაკლები.

- რუსთაველის თეატრთან გასულ კვირას საზოგადოება შეიკრიბა. ხალხმა დასთან ერთად გააპროტესტა რეჟისორის მოხსნა.

- რამდენიც უნდა ილაპარაკონ დემაგოგიურად, რომ  რობერტ სტურუას პროფესიული საქმიანობა აუკრძალეს, ეს აბსოლუტური ტყუილია.

- ისე, მიხეილ სააკაშვილიც შემჩნეულია ქსენოფობიურ გამონათქვამებში.

- სააკაშვილის პოზიციაა, რომ საქართველო მულტიკულტურული ქვეყანაა, საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბარია უფლებებით.

როგორც სტურუა ამბობს, თავისუფლება მინდა, ამიტომ რუსეთში უნდა ვიმუშაოო. ჩანს, ყველას თავისებურად ესმის თავისუფლება, კულტურა, ქსენოფობია და რასიზმი.

- არის მოსაზრება, რომ რობერტ სტურუამ ამ ფორმით წასვლა განგებ გაითამაშა, ანუ აიძულა ხელისუფლება მოეხსნათ.

- არ ვიცი ეს დეტალები. ჩემთვის სიტუაცია აბსოლუტურად ცხადია, ზოგჯერ ადამიანი პროფესიონალია, მაგრამ საზოგადოებრივი პოზიცია იმდენად მიუღებელი აქვს, რომ არ აჩერებენ საჯარო თანამდებობაზე.