"დაბრუნდით! როგორც გინდათ!" - კვირის პალიტრა

"დაბრუნდით! როგორც გინდათ!"

დუტა სხირტლაძე:"სტურუას ვთხოვ, თელავის თეატრში იმუშაოს"

რობერტ სტურუა: "ახლა "განძთა კუნძულის" ავტორის, რობერტ სტივენსონის ნომერში მომათავსეს! ო, როგორ მივლიან! ეტყობა, ქართველების ჯინაზე"

რობერტ სტურუას გათავისუფლების გამო აჟიოტაჟი არ წყდება. საზოგადოება ხალხმრავალი აქციებით აცხადებს პროტესტს და რუსთაველის თეატრში დიდი რეჟისორის სამხატვრო ხელმძღვანელად დაბრუნებას ითხოვს. ამავე დროს მასზე მსოფლიოს დიდი თეატრები ნადირობენ. საქართველოს ხელისუფლებისგან უარყოფილი შემოქმედი ახალი ადგილის შესარჩევად უცხოეთში მოგზაურობს, მაგრამ კავშირს არ წყვეტს ქართული თეატრისა და მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებთან. ყოველ საღამოს "ფეისბუკით" ესაუბრება მათ. სტურუას ჩანაწერები და სტატუსები ხანდახან ირიბად, ხანაც პირდაპირ გამოხატავს მის დამოკიდებულებას მიმდინარე პროცესებისა და ფაქტების მიმართ.

მსახიობი ბესო ზანგური რობერტ სტურუას facebook-ზე სწერს: "რუსთაველის თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ სპექტაკლს დადგამთ და რჩებით თეატრში! იქნებ ახსნათ, თუ ეს სიმართლეა, რაღას დავრბივართ აქეთ-იქით? ან როდის შეუთანხმდით? ან თუ ცრუობს სახალხოდ, ესეც ბრძანეთ", - ბესო ზანგურის კითხვებს ორჭოფულად პასუხობს რეჟისორი: "ძვირფასო ბატონო ბესო და ჩემო მეგობრებო, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც ყოველთვის, ჩვენი მმართველი-მსახიობი უნიჭოდ ტყუის. კი, მინისტრის წინადადება გადმომცა: სეზონში ორ დადგმას მომცემენ, კარგ ჰონორარსაც გადამიხდიან, მაგრამ მე, ადამიანი, არაპროფესიონალ ჭაობში რომ ჩავუშვი რუსთაველის თეატრი... მოკლედ, ჩვენი საუბარი ჩემი თეატრიდან სახლში წიგნების გადაზიდვით დამთავრდა".

რობერტ სტურუა არაფერს ამბობს არც დასადგმელ სპექტაკლებსა და არც იმაზე, როდის შეიძლება მიეცეს ქართველ მაყურებელს მისი ხელოვნების ნახვის საშუალება. სტურუა ახლა ოდესური ოდისეის შესახებ მოგვითხრობს:

"ახლა ოდესაში ვარ, სასტუმრო "ლონდონსკაიაში". 43 წლის წინ აქ თაფლობისთვე (კვირა) გავატარეთ მე და ჩემმა ცოლმა, ნომერში, სადაც ოსტაპ ბენდერი ცხოვრობდა, ზედ მთავარი შესასვლელის თავზე. ახლა კი "განძთა კუნძულის" ავტორის, რობერტ სტივენსონის ნომერში მომათავსეს! ო, როგორ მივლიან! ეტყობა, ქართველების ჯინაზე. მე ნერვები მეშლება და ყველაფერს ვაკეთებ, თითქოს სააკაშვილის ბათუმის ან ანაკლიის ენაგადმოგდებული გიდი ვიყო. ისინი კი ირონიულად მიყურებენ, მე კი გამწარებული, ნაცისტებზე მაგარ ტყუილებს გავიძახი".

"ბატონო რობერტ! რა საჭირო იყო თქვენი გამგზავრება? არ ჯობდა თქვენს მსახიობებთან ერთად დაგედგათ სპექტაკლები მტრების ჯინაზე? ჩვენი პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილიც ხომ ამბობდა, თუ უთეატროდ დარჩებით, ქუჩაში ხალიჩა გაფინეთ და იქ გამართეთ წარმოდგენებიო. ჩემი დიდი სურვილია, რომ აქ იყოთ. გაჭირვება ყველამ ერთად უნდა გადაიტანოს. პატივისცემით რ.ი.", - ეხმაურება რამაზ იოსელიანი დიდ რეჟისორს.

რობერტ სტურუას წასვლას სხვაც ბევრი უწუნებს და დაბრუნებას სთხოვენ.

ფეისბუკელი მეგობარი ხათუნა თოდაძე თითქმის საყვედურობს, რომ რობერტ სტურუა უკრაინაში ოდესღაც ჯიბეში ჩარჩენილი რუსული გროშების გადახურდავებით არის დაკავებული და ამას იუმორით უყვება ქართველ მეგობრებს: "აქ მთელი საქართველო გელოდებათ. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ რეჟისორი ხართ და არა არტისტი. თბილისი გელოდებათ, თქვენ კი რუსულ-უკრაინულ გროშებს ითვლით. თქვენი ადგილი აქ არის. საქართველოს გარეშე აბა, რა ფასი აქვს თქვენს მოღვაწეობას. სარკე ხომ გჭირდებათ, რომელშიც უნდა ჩაიხედოთ! მაპატიეთ, ალბათ, თქვენ უკეთ იცით, რას აკეთებთ. ისე რუსთაველის თეატრის რომელიღაც იუბილე გამახსენდა, "თაობა მიდის, თაობა მოდის, რუსთაველის თეატრი მარად ახალგაზრდა რჩება"! მაგრამ მაშინ თქვენ პროფესიონალურ შეჯიბრებას გულისხმობდით, ახლა კი რუსთაველის თეატრი უბრალოდ მოკვდება ღალატის გამო და ყველაზე სასაცილო ის იქნება, რომ მოღალატე ბატონი რობერტ სტურუა იქნება! მაპატიეთ, მაგრამ მე მართლა ასე ვფიქრობ! ასე რომ, დაბრუნდით, როგორც გინდათ, ისე! მოიფიქრეთ, განა თქვენ გენიალური არა ხართ?!"

ალბათ, დაბრუნდება კიდეც, ბოლო დროს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სატირულ მონოლოგში აკი ამბობს, "შუაში დიდხანს ვერ გაჩერდები. ან აქეთ, ან იქით, შუაში უფსკრულია".

სტურუას დაბრუნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებს, სადაც თითქმის სრულიად ქართული თეატრალური სამყარო იყო, აკლდა ზოგიერთი ცნობილი სახე. "კვირის პალიტრამ" მათთან (სახელებს არ ჩამოვთვლით) ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა ამაოდ, ზოგიერთის ტელეფონი გამორთულია, ზოგიერთის დაყრუებული ან დამუნჯებული, ზოგიც კი ისევე მოკლე და ცივი პასუხით გვიშორებს, როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  პირველი ინაუგურაციის რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი: "ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ მსურს!" - გვითხრა და ტელეფონი გაგვითიშა. ისინი კი, ვინც საჯაროდ გამოხატავენ დიდი რეჟისორის მიმართ თავის დამოკიდებულებას, მიიჩნევენ, რომ დღეს ეს ადამიანები თავს რამდენიმე მიზეზის გამო იკავებენ: "ეშინიათ გულახდილობის, განაწყენებული არიან სტურუაზე".

KvirisPalitra.Geია სუხიტაშვილი, მსახიობი: "ათი წელია რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას გვერდით ვარ. მან გამზარდა, მასთან ჩამოვყალიბდი როგორც მსახიობი და პიროვნება. ვერც წარმომიდგენია ეს შენობა უმისოდ. რობერტ სტურუა ჩემთვის არის გენიოსი, მაესტრო. ამიტომაც ერქმევა თუ არა სამხატვრო ხელმძღვანელი, ამას მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი სპექტაკლი დაიდგას და რომელი - არა. ბევრი რეჟისორი მოდის ახალი იდეით, დამფინანსებელიც ჰყავს, მაგრამ სანამ არ განიხილება მისი არსი და ის, თუ რამდენად შესაფერისია კონკრეტული თეატრის ხასიათისთვის, მანამდე რეჟისორი სპექტაკლს ვერ დადგამს. ყველა რეჟისორს ხომ ვერ დაადგმევინებ სპექტაკლს რუსთაველის აკადემიურ თეატრში. რობერტ სტურუა განძია, მისი გათავისუფლება იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში საგანძური არ ფასდება. გენიოსები ყოველდღე არ იბადებიან, არ სჯობდა, მოვფრთხილებოდით?

მე ნახევრად ოსი ვარ, ბებია ოსი მყავს, მაგრამ რუსთაველის თეატრში და მით უფრო რობერტ სტურუასგან არ მიგრძნია ის, რომ ვინმესგან განსხვავებული და დამცრობილი ვარ. ქსენოფობობის დაბრალება ერთ-ერთი მიზეზი იყო საიმისოდ, რომ რატომღაც არასასურველი რობერტ სტურუა მოეხსნათ.

როდესაც ეს ამბავი გავიგე, ერთი კვირა დამჭირდა თავის ხელში ასაყვანად, რომ ჟურნალისტებისთვის ნორმალური, აკადემიური თეატრის მსახიობის შესაფერისად გამეცა პასუხი. შეიძლება სხვებსაც ასე სჭირთ.

KvirisPalitra.Geდუტა სხირტლაძე, მსახიობი: "უნდა გაეთავისუფლებინათ თუ არა რობერტ სტურუა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან? რაღა დაგიმალოთ და, მე რომ შემძლებოდა ეს, არ გავათავისუფლებდი, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი რეჟისორია. რობერტ სტურუას შემოქმედების ერთგული და დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მე ცოტა ხანს ვიყავი რუსთაველის თეატრში და ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით ვმუშაობდი. ქსენოფობია არასოდეს მიგრძნია მისგან.

რა იქნება სტურუას გარეშე რუსთაველის თეატრი? ცუდია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ იქნება, მაგრამ პოსტის დატოვება ხომ არ ნიშნავს, რომ სტურუამ თეატრი უნდა დატოვოს. აუცილებლად უნდა იმუშაოს როგორც რეჟისორმა და სპექტაკლები დადგას. როგორც თელავის თეატრის მმართველი, ვთხოვ, ჩვენთანაც იმუშაოს. ეს სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ როდესაც ის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, არ მითქვამს. მოკლედ, რაც მოხდა, არ მომწონს. სტურუა დიდი რეჟისორია და უნდა დარჩეს რუსთაველის თეატრში".

KvirisPalitra.Geნანა შონია, მსახიობი: "ასეთ ხელოვანს ნებისმიერ ქვეყანაში ხელისგულზე ატარებენ. აქ კი... არ შემიძლია ხმა არ ამოვიღო და ჩემი თანადგომა არ დავუდასტურო. რობერტ სტურუა ხომ ახლა იმ ასაკშიც არის, როდესაც განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდის დაუმსახურებელ აგრესიას. რომ არა ჩვენი მხარდაჭერა, მერწმუნეთ, იოლად ვერ გადაიტანს, რაც მის გარშემო ხდება. როგორ შეიძლება ასე დაუმსახურებლად მოექცე გენიოსს, რომელიც აღარ განმეორდება. ან რა თქვა, ისეთი? რატომ გამწარდნენ ასე მავანნი, რატომ ჰქონდათ ასეთი რეაქცია? მოთმინების ფიალა ევსებოდათ იმის გამო, რომ არ მოსწონდათ მისი სპექტაკლები, სადაც მავანი თავის თავს ხედავდა, ალბათ. თუ ვიღაცამ მის სპექტაკლებში საკუთარი თავი დაინახა და ამან გაამწარა, გამოდის, ანგარიში გაუსწორეს. სტურუასთანა ავტორიტეტები ერთეულები არიან. ამას  აღიარებს მთელი მსოფლიო, მათ შორის - პიტერ ბრუკი, თეატრალურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა - ის სტურუას უდიდეს რეჟისორს უწოდებს".

KvirisPalitra.Geლევან ხურცია, მსახიობი: "სტურუაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ერთი დიდი ეპოქა დავივიწყეთ,  რობერტ სტურუას ეპოქა. მისი ქსენოფობიაში დადანაშაულება კი აბსურდია, ვფიქრობ, რაღაც არასწორად გაიგეს. იმედია, ხალხის აზრს გაითვალისწინებენ და ბატონი რობერტი თეატრს დაუბრუნდება".