"ახალი კომუნისტები" - კვირის პალიტრა

"ახალი კომუნისტები"

კომუნისტები აქ არიან, ისინი კვლავ მართავენ ჩვენს ქვეყანას

სულ უფრო და უფრო მღრღნის ეჭვის ჭია, რომ კომუნისტები არ წასულან. აქ არიან!

ფერად-ფერადი ფასადებიდან მიყურებენ დამცინავად.

მოცეკვავე შადრევნებიდან მიქნევენ ხელს.

KvirisPalitra.Geრა იყო სსრკ?!

ერთი პარანოიდულ იდეაზე დაფუძნებული ძალადობით  შეკრული იმპერია.

მიზანი იყო ერთი და ნათელი - პლანეტარული კომუნისტური რევოლუცია.

ფორპოსტი ამ რევოლუციისა გახლდათ სსრკ. რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული მის საზღვრებზე. საბჭოთა მოქალაქეების მშვიდ ძილს საიმედოდ იცავდა კა-გე-ბე.

მაგრამ უშიშროების სამსახური თავისთავად არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები. ის უფრო აღმსრულებელია. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ყოველთვის იდეოლოგიურ ბაზისზე მყოფი პირები იღებენ. საკუთრივ კა-გე-ბე კი იდეოლოგიისაგან შორს უნდა მდგარიყო. უფრო სწორად, მას არ უნდა შეემუშავებინა საკუთარი იდეოლოგია. ის პარტიული ბოსების ნების გამტარი  იყო.

კომუნისტურმა აბსურდმა კრახი განიცადა. დაიშალა სსრკ, მაგრამ დარჩა კა-გე-ბე - მოქმედების აპრობირებული მეთოდიკით, აგენტურის უფართოესი ქსელით. სულ ცოტა ხანში, 2000 წელს, ეს მონსტრი კვლავ დაბრუნდა  რუსეთის ხელისუფლებაში. პუტინმა მალე დაიწყო ჩალიჩი სსრკ-ის აღდგენაზე. საქართველოში ამ დროს ფერადი რევოლუცია მოხდა, მაგრამ მიუხედავად ჩვენი იმედისა, საქართველო არ გათავისუფლდა შევარდნაძის დროინდელი კომუნისტური გადმონაშთებისაგან. თეზა -  "სუსტი სახელმწიფო არ ვარგა" - დემოკრატიის იმ ნამცეცების დაკარგვად დაგვიჯდა, რომელთაც შევარდნაძის დროს არც ვაფასებდით. პოლიციურ უსაფრთხოებასა და„აღდგენილ ინფრასტრუქტურაში გავცვალეთ თავისუფლება. ისინი, ვინც გრძნობდნენ ასეთი„ჩეინჯის უსამართლობას, თავს იმშვიდებდნენ, ჩვენი ხალხი არ არის მზად დემოკრატიისთვისო, აი, გაიხედნებიან, მოთვინიერდებიან და მერე დადგება ლიბერალური სამოთხეო. ეს ქიმერაა. საზიზღარი და ცინიკური ტყუილი.ეს არის ინდულგენცია იმ ათასობით ნაძირალასთვის, რომლებიც უმსგავსობებს სჩადიოდნენ და სჩადიან სახელმწიფოს სახელით.

ერთი სიტყვით, მიშას მმართველობისას ერთი ნაბიჯითაც ვერ მივუახლოვდით ასე ნანატრ ევროპულ იდეალებს. არ მივუახლოვდით თავისუფლებას. სამაგიეროდ, გასულ კვირას ვიგრძენი, რომ ბავშვობაში დავბრუნდი; რომ ეს გაუთავებელი ზეიმები, ახალი ხიდების, სასტუმროების, „ქარხნების გახსნები სადღაც მინახავს. და სად? რა თქმა უნდა, კომუნისტური ტელევიზიით. ამ ტელეზეიმების ყურებისას, კადრის ესთეტიკის შემხედვარეს, გამიჩნდა მძლავრი შეგრძნება იმისა, რომ კომუნისტები აქ არიან, ისინი კვლავ მართავენ ჩვენს ქვეყანას, ოღონდ ამჯერად მარქსისტულ-ბოლშევიკური დემაგოგიის გარეშე. ჩემთვის ნათელია, რომ საბჭოელების ბუა ძია სემი (აშშელი იმპერიალისტები) ახლა რუსეთმა ჩაანაცვლა, კომუნისტური სამოთხე - კანსა და ნიცაზე უკეთესმა ბათუმმა, ყველაზე ჯანმრთელი საბჭოთა ავადმყოფი კი მსოფლიოში ყველაზე მაგარმა სვანურმა მარილმა და თოვლმა.

აი, ამ ფიქრების შემდეგ ცოტა დავმშვიდდი. მე უკვე ვიცი, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ისიც კარგად ვიცი, რომ ჩვენი„ახალი კომუნისტები ძალიან მაგრები არიან დაშინებასა და კეთილდღეობის ილუზიის შექმნაში. თუმცა  იმასაც ვგრძნობ, რომ ეს იდეაც განწირულია კრახისთვის.