კუდიანებზე ნადირობის ჯანდაცვისეული მექანიზმი - კვირის პალიტრა

კუდიანებზე ნადირობის ჯანდაცვისეული მექანიზმი

"ეს არის მეთოდი სახელმწიფო მოხელეთა დამონებისა"

"როდესაც ადამიანს თანამდებობა უფრო ძვირად უღირს, ვიდრე ღირსება, უარეს ბრძანებებსაც გამოსცემს"

საყოველთაო კონტროლი საქართველოში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, იმდენად ჩვეულებრივად, რომ საზოგადოება ხმას აღარც იღებს უკანონო მოსმენებზე. თუმცა, როგორც ჩანს, კონტროლის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ახალი მექანიზმებია საჭირო.

ცოტა ხნის წინ  ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სპეციალური ბლანკები დაურიგეს. ბლანკი არაჩვეულებრივი იმით არის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ვალდებული არიან ნათესავების (ბიძაშვილ-მამიდაშვილებისა და დეიდაშვილების ჩათვლით) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, თანამდებობა, პირადი ნომერი, სამუშაო ადგილი და ნათესაობა თანამდებობის პირებთან სრულად აღნუსხონ. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა გაგვიმხილეს, ეს დავალება ეგრეთ წოდებული ოდეერისგან მიიღეს. ჩვენ შევეცადეთ ჯანდაცვის სამინისტროში გაგვერკვია, თუ რას ნიშნავს ეს და ასეთი პასუხი მივიღეთ: კონტროლის პალატის დასკვნით გაირკვა, რომ ე. წ. სიღარიბის ბაზაში  სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებული პირებიც, მათ შორის  - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც, შედიოდნენ. ამიტომაც ჯანდაცვის სამინისტრომ არაკეთილსინდისიერი თანამშრომლებისაგან ამ გზით თავის დაცვა გადაწყვიტაო. როგორც გაგვიმარტეს, ეს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა ყოფილა, მსგავსი რამ სხვა არც ერთ სამინისტროში არ ხდება და ამ ბლანკების შევსების თაობაზე შიდასარეგულაციო აქტიც არის გამოცემულიო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა ჯანდაცვის მინისტრის გარეშე წარმოუდგენელია და დავინტერესდით, ვინ აწერს ხელს შიდასარეგულაციო აქტს, რაზეც პრესსამსახურს პასუხი არ ჰქონდა. დავინტერესდით იმითაც, ასეთი აქტები გამოიცემა თუ არა მინისტრთან შეუთანხმებლად და პრესსამსახურისგან იგივე პასუხი მივიღეთ, - თურმე არც ეს იციან.

ძნელი სათქმელია, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება სიმართლეა თუ არა. ძნელად დასაჯერებელია, ეს ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივა იყოს, ასეთ შემთხვევაში ჯანდაცვის მინისტრს პირველს უნდა დაეწერა განცხადება გადადგომაზე. მართალია, ე. წ. სიღარიბის ბაზაში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მინისტრ ურუშაძის ნათესავების გვარი არ ფიგურირებს, სამაგიეროდ, ჯანდაცვის სამინისტრო რეფერალური პროგრამიდან ანდრია ურუშაძის დედის სამკურნალოდ ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში სოლიდურ თანხებს რიცხავდა. ჩვენი გაზეთისთვის კონფიდენციალურად მიწოდებული ინფორმაციით ("კვირის პალიტრა" #10) ირკვევა, რომ სხვადასხვა დროს ანდრია ურუშაძის დედის სამკურნალოდ გადარიცხულია: 53.750 ლარი, 16.730 ლარი, 4.155 ლარი, 3.001 ლარი, 645 ლარი, 604 ლარი, 14 ლარიც კი. 14 ლარის გადარიცხვა "ვალუტის კურსის ცვლილებას" გამოუწვევია(?!). არადა, როცა "კვირის პალიტრა" რეფერალური პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემცირების მიზეზით დაინტერესდა, მინისტრმა მაშინ გვიპასუხა, "ეს პროგრამა ვერ გადაიქცევა ინდივიდუალური დახმარების პროგრამად და არც უნდა გადაიქცეს, რადგან ყველა მოქალაქე თანაბრად უნდა ფინანსდებოდეს, ყველას თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი საბიუჯეტო მხარდაჭერაზეო. ასე რომ, ინდივიდუალურ განცხადებებს ჯანდაცვის სამინისტრო აღარ განიხილავს. ეს პროგრამა ამ ფორმით იმისთვის არის შედგენილი, რომ ეჭვი არავის გაუჩნდეს, იყოს გამჭვირვალე როგორც თანხების ხარჯვა, ისე გადაწყვეტილებების საფუძველი.

სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი: - საკვირველია, ჯანდაცვის მინისტრს რატომ უნდა დაბადებოდა ინიციატივა, გაეგო ყველა თანამშრომლის გარემოცვისა და ნათესავების ვინაობა?

- სამინისტროში განმარტეს, რომ ეს ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი ეშელონებიდან წამოვიდა, კონტროლის პალატის დასკვნის გაცნობის შემდგომ. გაგვიმარტეს, რომ ეს არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების სურვილმა განაპირობა.

- ძალიან მაფიქრებს ახალგაზრდა ჩინოვნიკების მზაობა, დაიბრალონ ყველა უმსგავსო ინიციატივა და საკუთარი თავი გამოაცხადონ მათ ავტორად. სინამდვილეში მათ წარმოდგენა არა აქვთ ამ პრობლემაზე და ამაყად იჩემებენ, დიახ, ეს ჩემი ინიციატივააო. ისევე როგორც ლაშა თორდიას არავინ შეეკითხებოდა მაგისტრალური გაზსადენის თაობაზე კანონის შეცვლას, ასევე არც მინისტრ ურუშაძის ინიციატივა იქნებოდა, თანამშრომლები ეიძულებინა ანკეტები შეევსოთ. როდესაც ადამიანს თანამდებობა უფრო ძვირად უღირს, ვიდრე ღირსება, უარეს ბრძანებებსაც გამოსცემს. წინასწარ გეტყვით, რა მოჰყვება ამას: ანკეტები მოხვდება შესაბამის უწყებაში შესაბამისი დამუშავებისთვის. მერე ნახეთ ნევროზები, რომელიც ასე გამრავლებულია სახელმწიფო მოხელეებში. ახლა დაიწყება მორიგი დევნა კუდიანებზე. ზოგიერთს დაავალდებულებენ ცრუმოწმეობას საკუთარი ნათესავის წინააღმდეგ, ზოგიერთს აიძულებენ სრულიად არაადეკვატური ნაბიჯის გადადგმას რომელიმე უწყებისათვის სასარგებლოდ და ა.შ..

ეს არის მეთოდი სახელმწიფო მოხელეთა დამონებისა. გამოდის, ჯანდაცვის მინისტრს უნდა თანამშრომლები ვანო მერაბიშვილის აგენტებად აქციოს. ამ ფაქტით მკითხველს თავად შეუძლია შეაფასოს, თუ როგორ ვითარდება ჩვენში დემოკრატია. შოთა კვირაია უშიშროების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა იმის გამო, რომ დადასტურდა მის მიერ უკანონო სატელეფონო საუბრების მოსმენის ფაქტები. როგორ გგონიათ, წინ წავიდა მას შემდეგ ქართული დემოკრატია? ნუთუ საინტერესო არ არის, რატომ თქვა უარი ინგლისის მოსახლეობამ ID-პირადობის მოწმობებზე? - მიხვდნენ, რომ მათი პირადი თავისუფლება საფრთხეშია. ჩვენს მასას ასეთი საკითხებისადმი პროტესტის გამოხატვის მოტივაცია ნაკლები აქვს, რადგან თითოეული ინდივიდის  უპირველეს საზრუნავად ლუკმაპურის შოვნა აქციეს.

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი, პროფესორი: "ეს არის ერთგვარი არაკანონიერი მექანიზმი ადამიანების გაკონტროლებისა. ეს საზოგადოების გაკონტროლების არაოფიციალური ფორმაა, მას ბევრ სახელმწიფოში მიმართავენ. სხვაობა ის არის, რომ თუ ეს გახმაურდა, მის შემოქმედს პრობლემები ექმნება. ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოშიც, როგორიც ამერიკაა, იყო პრეცედენტი საიდუმლო კონტროლისა, მაგრამ როცა პრეზიდენტ ნიქსონს ეს გაუგეს, ამას მისი გადადგომა მოჰყვა. რომ არ გადამდგარიყო, მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებდნენ.

თამაშს იგებს ის, ვისაც ინფორმაცია აქვს. როცა ყველა სახელმწიფო მოხელესა და  მის ნათესაობაზე გაქვს ინფორმაცია, ეს დიდ უპირატესობას განიჭებს, მით უმეტეს, არჩევნების წინ, ზეწოლის მექანიზმებს წინასწარ შეიმუშავებენ".