"ეს სკანდალია!" - ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიწას ჩუქნიან... - კვირის პალიტრა

"ეს სკანდალია!" - ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიწას ჩუქნიან...

"თუ ასე გავაგრძელეთ, მომავალი თაობის წყევლა საფლავში არ მოგვასვენებს"

"როგორ აღმოჩნდა 20 ჰექტარი ქართული მიწა სომხეთის ტერიტორიაზე?"

"სახელმწიფო საზღვარი ვინმეს ბაღი ხომ არ არის, გადასწიო-გადმოსწიო?!"

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #36) სოფელ ხულდარის (სადახლოს თემი ხუთი სოფლისაგან შედგება. - ავტ.) სასაზღვრო პუნქტიდან სადახლოს გამგეობისკენ ავიღე გეზი იმის გასაგებად, თუ რა დოკუმენტები და ახალი აზომვები გაკეთდა. რაც უნდა იყოს, სადახლოში პირველი პირი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელია, რომელსაც სახელმწიფო საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

სადახლოს გამგებელმა ნიზამი ბედიევმა ორი რუკა წარმოგვიდგინა: ერთი 1966, მეორე კი 2008 წელს შედგენილი.

ნიზამი ბედიევი: - ხელთ მაქვს 1966 წელს საბჭოთა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შედგენილი რუკა. ძლივს ვიშოვე, მეზობელ სოფელთან მიწებზე დავა გვქონდა და მაშინ დაგვჭირდა. მიწა, რომელსაც ახლა სომეხი მესაზღვრეები აკონტროლებენ და რუკის მიხედვით საქართველოს კუთვნილებაა, საკმაოდ დიდია. 1966 წელს შედგენილი რუკის გარდა, მაქვს 2008 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შედგენილი სამგანზომილებიანი რუკა. ის 99%-ით ემთხვევა 1966 წელს შედგენილს. ორივე რუკის მიხედვით ეს მიწა საქართველოს ტერიტორიაა. საიდან მოიტანეს, რომ ეს სომხეთის მიწაა, ვერ გეტყვით.

- ქართველმა მესაზღვრემ განმიმარტა, რომ თანამგზავრიდან ახალი აზომვები გაკეთდა და ეს ტერიტორია სომხეთის ყოფილა.

- ახალი რუკა რომ შეედგინათ და საზღვარი ოფიციალურად შეცვლილიყო, გამგებელი ვარ და ხომ უნდა მცოდნოდა?  სომხეთისკენ საკმაოდ დიდი ტერიტორია, დაახლოებით 20 ჰექტარზე მეტი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, უნდათ ეს ტერიტორია მთლიანად მიითვისონ. ამ საკითხზე დიდი ამბავი იყო, ჩვენი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები რამდენჯერმე ჩამოვიდნენ.

- ქართველმა მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე შესვლას მათ არა სომხები, არამედ ქართველი მესაზღვრეები უკრძალავენ.

- როგორც ვიცი, ჩვენს ხალხს იქ სომეხი მესაზღვრეები არ უშვებენ. ერთხანს 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში ჩვენი მესაზღვრეებიც არ უშვებდნენ გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებს მივმართე. ახლა ყველას აქვს სპეციალური საშვი, რომლითაც მოსახლეობას 500-მეტრიან ზოლში შესვლის უფლება აქვს.

- კონკრეტულ შემთხვევაში 500-მეტრიან ზოლზე არ არის ლაპარაკი.

- ვიცი. ამ მიწებზე უკვე მეორე წელია  ხალხს აღარ უშვებენ, რატომ, ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამის უფლება არა აქვთ. აგერ, რუკები, აშკარაა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა! თუ რატომ ან როგორ შემოიჭრნენ სომეხი მესაზღვრეები ჩვენს სივრცეში, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ.

- როგორ მოხდა, რომ სომეხმა მესაზღვრეებმა ჩვენს ტერიტორიაზე ააშენეს ბაზა?

- როგორ ააშენეს ჩვენს ტერიტორიაზე სომხებმა ბაზა, ვერც ამაზე გაგცემთ პასუხს. მე ის ვიცი, რომ სახელმწიფო მოხელე ვარ და ჩემი სახელმწიფოს ინტერესები უნდა დავიცვა. ყველანი, გამგებელიც თუ მესაზღვრეც ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ.

ვითარებაში უკეთ გასარკვევად ჩვენ დავუკავშირდით საზღვრის საკითხებში ექსპერტს,  კარტოგრაფსა და პროფესორს, ჯანსუღ კეკელიას:

- საზღვრის გადაწევა-გადმოწევა ასე მარტივად არ ხდება. ჯერ ერთი, საზღვრის შეცვლა საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საქმეა. სწორედ მან უნდა შეადგინოს სპეციალური აქტი ტერიტორიის გადაცემის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს პრესაში და რაც მთავარია, საჭიროა აქტის რატიფიცირება პარლამენტში.KvirisPalitra.Ge სახელმწიფო საზღვარი ვინმეს ბაღი ხომ არ არის, საჯარო განხილვისა და პარლამენტის რატიფიკაციის გარეშე გადასწიო-გადმოსწიო? მხოლოდ კომისიის აქტი მიწის გადასაცემად არ არის საკმარისი, მიწის სხვა ქვეყნისათვის გადაცემა პარლამენტში განუხილველად დაუშვებელია.

- შესაძლებელია თუ არა საქართველოს შესაბამის სტრუქტურას სომხური მიწა გაეცა იჯარით?

- გამორიცხულია! ყველა რაიონს აქვს  დადგენილი საზღვრები. ბუნებრივია, საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო მიწას ისე ვერ მისცემდა იჯარით, თუ ის კონკრეტული  ნაკვეთი მიწის ბალანსში არ იქნებოდა აღრიცხული.

- ჩვენმა მესაზღვრემ განმიმარტა, რომ თანამგზავრიდან ახალი ფოტოები გადაიღეს და ეს ტერიტორია სომხეთის აღმოჩნდა.

- სრული აბსურდია. თანამგზავრიდან გადაღებული ორთოფოტოებით ვინ ადგენს სახელმწიფო საზღვარს? სად გაიგეს ეს, რომელი ქვეყნის გამოცდილებიდან? სახელმძღვანელო დოკუმენტი მორიგე რუკაა და სწორედ ამ რუკის მიხედვით შევიტანეთ ჩვენს კონსტიტუციაში ქვეყნის ფართობი და სახელმწიფო საზღვრები. თანამგზავრული ორთოფოტო ნედლი მასალაა, რომელსაც დამუშავება სჭირდება. ორთოფოტო, რომელზეც არ არის დატანილი საზღვარი, თუ მორიგე რუკას არ შეადარე, როგორ უნდა გაარჩიო, სად გადის რეალური საზღვარი?

საზღვრის შეცვლას კომისიის ორი სხდომა სჭირდება. ეს უნდა გაფორმდეს აქტით, დადასტურდეს ხელის მოწერებითა და დამოწმდეს ბეჭდით. თუ არ არსებობს ასეთი დოკუმენტი და რაღაც სხვა ფორმა მოძებნეს მიწის სხვა ქვეყნისთვის გადასაცემად, ეს სკანდალია! ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიწას ჩუქნიან. საზღვრის დაცვის საქმეში დიდი პრობლემები გვაქვს. თავის დროზე, როცა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში ვიყავი, მემორანდუმებს ვწერდი და გეგმებს ვადგენდი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ ქვეყნის ინტერესები დაგვეცვა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ამიტომაც წამოვედი კომისიიდან. თუ ასე გავაგრძელეთ, მომავალი თაობის წყევლა საფლავში არ მოგვასვენებს მამულისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო!

არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ამბავი არაპროფესიონალიზმის გამო მოხდა. ახლა ისეთი აჯაფსანდალია ყველა სფეროში, შესაძლებელია, ვერ გაართვეს თავი სომხების პრეტენზიებს.

- ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საზღვრის დაცვის პუნქტის უფროსმა გვითხრა, თქვენმა მამა-პაპამ ტყე გაჩეხა და ასე მიითვისა სომხური მიწაო. ეს სიმართლეა?

- რა უნდა ასეთ კაცს სახელმწიფო სამსახურში, თანაც საზღვრის დაცვის პუნქტის უფროსად?! 20 ათასი დესეტინა (20 ჰექტარზე ცოტა მეტი) 1935 წელს საქართველომ იქით მისცა სომხებს სწორედ სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. სომხეთის მთავრობამ მაშინ წერილი მოსწერა ჩვენს საბჭოთა მთავრობას, ტყე არა გვაქვსო და "გიჟვრაცუა" ქართველებმაც მისცეს 20 ჰექტარი ტყის მასივი სომხებს. არავის არაფერი გაუჩეხია. სომხები დაანებებდნენ ვინმეს თავიანთი ტერიტორიის მითვისებას? პირიქით, იქვე, საზღვართან, სომხებმა სატყეო მეურნეობა მოაწყვეს, გამალებით რგავდნენ ნერგებს და ნელ-ნელა ჩვენი საზღვრისკენ მოიწევდნენ. ეგ ტერიტორია ლალვარის ქედთან არის. სწორედ ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი ტყით დაფარული ფერდობი გადასცეს სომხებს და რა ტყის გაჩეხაზეა ლაპარაკი?

- ტყის მასივი სხვა ტერიტორიაში გაგვიცვალეს სომხებმა?

- არა, ბატონო, სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია! როცა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში ვიყავი, სომხეთის საზღვარი 4 კრიტიკულ უბნად დავყავი. პირველი სწორედ ეგ იყო, სადახლოსა და ახკერპის ტერიტორია. ოთხივე უბანში განსხვავებული პრობლემები იყო. ამიტომ ეს საზღვარი უბნებად უნდა დაყოფილიყო და კომისიას განგვეხილა, სად რა სირთულეები იყო. მერე გადადეს შეხვედრები, მალე მეც წამოვედი და რას შვრებიან ახლა, ვინ იცის?

- დანამდვილებით ვიცი, რომ ამ საკითხზე პარლამენტს არ უმსჯელია.

- თუ ტერიტორიის გადაცემაზე პარლამენტს არ უმსჯელია, მაშინ რაღაც სხვა ამბავია, ხოლო თუ საზღვრის ცვლილებაზე არც გამგებელმა იცის რამე, ესე იგი, მანდ დასვით წერტილი! გამოდის, რაღაც ბნელ ამბავთან გვაქვს საქმე, რაც ყურადღებასა და გამოძიებას მოითხოვს. მიწა უკვე სომხეთის ტერიტორიაზეა, არა? ჰოდა, დაკარგულია ეგ მიწა! საზღვრის საკითხის გარკვევას ოფიციალურად რომ დაიწყებენ ქართველები და დემარკაცია-დელიმიტაცია გაახსენდებათ, დაიმახსოვრეთ, სომხები მანდ ჯარს ჩააყენებენ და იმ მიწას ვეღარ დავიბრუნებთ...

სიტუაციის შესწავლის შემდეგ აშკარა გახდა, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე საგანგაშო ვითარებაა და 20 ჰექტარი მიწა უკვე, ფაქტობრივად, სომხეთის ტერიტორიაზეა.

ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, გვაინტერესებდა, რომელი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე შეიცვალა საზღვარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ზურაბ გვენეტაძეს ვრცლად ავუხსენით საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის დეტალები და ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა. მეგონა, ჩვენი ინტერესები ამ საკითხში მაინც დაემთხვეოდა ერთმანეთს. ზურაბ გვენეტაძე ყველაფრის გარკვევას შეგვპირდა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია, მათ შორის არც საკითხის განმეორებით შეხსენების შემდეგ. ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. გვაინტერესებდა, ამ საზღვრის კონკრეტული მონაკვეთის გადაცემაზე გაიმართა თუ არა თავის დროზე სხდომა, არსებობს თუ არა კომისიის ოქმი და აქვთ თუ არა სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხს ოდნავ მაინც მოჰფენს ნათელს. ჯერჯერობით პასუხი არც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიგვიღია. ერთადერთი, რაც გავარკვიეთ, ის არის, რომ რაიმე დოკუმენტი განსახილველად პარლამენტში არ შესულა და შესაბამისად, არც მის რატიფიცირებაზე ყოფილა ლაპარაკი. ყოველივე ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, რა მექანიზმებით აღმოჩნდა 20 ჰექტარი ქართული მიწა სომხეთის ტერიტორიაზე? ჩვენ ამ კითხვაზე შესაბამისი ორგანოებისგან, უპირველესად საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ველით პასუხს.

P.S. წესით, ეს სტატია აქ უნდა დამესრულებინა, მაგრამ რადგან ამ ბოლო დროს სომხურ თემებზე საუბარი ცუდ ტონად და ქსენოფობიად ითვლება, საჭიროდ ჩავთვალე ჩემი სტატიის მიზანზე ორიოდ სიტყვა ვთქვა.

მე დიდ პატივს ვცემ სომეხ ხალხს, რომელმაც ჩვენგან განსხვავებით იცის, რას ნიშნავს სამშობლო, კარგად ეხერხება მისი ინტერესების დაცვა და ქვეყნის სიყვარული სატელევიზიო პიარში არ ეშლება. უფრო ის მაინტერესებს, რატომ ეკიდება ჩვენი ხელისუფლება ასე უგულისყუროდ ისეთ საკითხს, როგორიც ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვაა? ხანდახან მგონია (იმედია, ვცდები), რომ ასეთი უპასუხისმგებლობა მიზანმიმართული გეგმის ნაწილია, რათა ქართველ და სომეხ ერებს შორის დაპირისპირებამ იჩინოს თავი და ამაში დამნაშავენი ქართველები აღმოვჩნდეთ, ხოლო დაპირისპირებით ვიღაც მესამემ იხეიროს. საზოგადოება ბნელ პოლიტიკურ ლაბირინთებში ვერ ერკვევა და ხედავს მხოლოდ იმას, რაც ზედაპირზე ტივტივებს. ზედაპირზე კი სომხეთია, რომელიც თავნებობს და ჩვენს ტერიტორიას ითვისებს. არადა, ძნელი დასაჯერებელია, საზღვრის სათანადოდ დაცვის შემთხვევაში, სომეხ მესაზღვრეებს ქართველ კოლეგებთან ხელჩართული ომი გაეჩაღებინათ. საინტერესოა, რატომ არ ვიცავთ ჩვენს საზღვარს ისევე, როგორც ჩვენი მოძმე სომხები ან აზერბაიჯანელები? რატომ ცხოვრობენ ჩვენი მესაზღვრეები უბადრუკ ჯიხურში, მაშინ, როცა მეზობელ სომხებს სასაზღვრო პუნქტების გასამაგრებლად კორპუსის აშენებაც კი არ ენანებათ?