"ხელისუფლების რევოლუციით შეცვლის იდეა გაცვდა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების რევოლუციით შეცვლის იდეა გაცვდა"

"ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ხელისუფლებას თავი ასე კომფორტულად არასოდეს უგრძნია"

შემოდგომის დადგომასთან ერთად ახალი პოლიტიკური სეზონი დაიწყო, მაგრამ უცნაური ის არის, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით ოპოზიციონერები "საშემოდგომო რევოლუციას" აღარ აანონსებენ. რამ შეაცვლევინა ოპოზიციას მოქმედების ტაქტიკა, სისუსტის განცდამ თუ იმ რეალობამ, რომ აგერ უკვე სამი წელია, სააკაშვილს რევოლუციის მუქარით ნირი ვერ შეაცვლევინეს? ოპოზიციისა და ქართველი საზოგადოების განწყობებზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის დირექტორს, იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრეთ:

- ხელისუფლების რევოლუციური ცვლილების იდეა გაცვდა. როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ჩვენ კი ორჯერ კი არა, ათჯერ დავაპირეთ შესვლა. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა სწორად აუღო ალღო ამ გარემოებას და აქცენტი არჩევნებზე გადაანაცვლა. თუმცა, არც აქ არსებობს წარმატების გარანტია. არსებობს  მხოლოდ შანსი.

- 26 მაისის მერე რუსთაველის პროსპექტი არ გადაკეტილა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ გადაიკეტა რობერტ სტურუას მოხსნის გამო.

- რევოლუციური განწყობის გაუფასურებამ (რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ), მასშტაბური ქუჩის პროტესტების ალბათობა მნიშვნელოვნად შეამცირა და ისინი ლოკალური აქციებით ჩანაცვლდა. გამოსვლები "სტურუას საქმის" გამო სწორედ ლოკალურ პროტესტთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ. ლოკალურ პროტესტზე აქცენტირებამ, რომელიც მიზნად არ ისახავს ხელისუფლების უპირობო და ტოტალურ შეცვლას, შეიძლება სხვადასხვა პოზიტიური შედეგები მოიტანოს. დროა, ასეთი პოლიტიკური კულტურა დამკვიდრდეს ჩვენს საზოგადოებაში.

- არ გამორიცხავენ, რომ სექტემბერში სააკაშვილმა ვადამდე საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადოს.

- ასეთ ქირურგიულ სვლებს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის ან მზარდი სოციალური უკმაყოფილების გამო მიმართავს, როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია აქტიური და ძლიერია. დღეს არც ერთი ეს წინა პირობა გააქტიურებული არ არის. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ხელისუფლებას თავი ასე კომფორტულად არასოდეს უგრძნია. ის სტატუს კვო, რომელიც დღეს ხელისუფლებას აქვს, ნებისმიერი გადაწყვეტილების უპრობლემოდ მიღების შესაძლებლობას აძლევს. გამორიცხულია, ხელისუფლებამ ამ იდილიას ვადამდე საპარლამენტო არჩევნებით შეუშალოს ხელი.

- არის ვარაუდი, რომ ძალაუფლების ხელში აღებისთვის დაპირისპირება სააკაშვილის მმართველობის დასასრულისთვის გაძლიერდება.

- ბოლო წლებია, მუდმივად კეთდება პროგნოზი ხელისუფლებაში მოსალოდნელი განხეთქილების შესახებ. თუმცა, ხელშესახები მტკიცებულებები არ ჩანს. ცხადია, შიდა დაპირისპირება ხელისუფლების შეცვლის მნიშვნელოვანი ფაქტორი აუცილებლად იქნება, როგორც ეს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს მოხდა. თუმცა, ვიმეორებ, ამის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. განხეთქილება დაიწყება მაშინ, როდესაც ხელისუფლება საკუთარ თავს დაუპირისპირდება.

- ასეთ ვითარებაში როგორი სვლა იქნება ოპოზიციისთვის სწორი?

- ახალი არ არის, რომ რევოლუციურ ტალღაზე მომართული ძალები ("ქართული პარტია", "სახალხო კრება") გაცილებით უპერსპექტივონი არიან, ვიდრე საარჩევნო გარემოს შეცვლაზე ორიენტირებული ძალები (მაგ. ექვსიანი). რევოლუციური გზის წარუმატებლობამ შედარებით პოზიტიური ფონი შეუქმნა არჩევნების მოიმედე ძალებს, ხოლო, თუ არჩევნებამდე ეს უკანასკნელნი მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ მიაღწევენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, ისევ რადიკალური ძალები გააქტიურდებიან.

ჩემი აზრით, ყველაზე რეალური პროგნოზით, პოლიტიკურმა ოპოზიციამ 2012 წელს შეიძლება იმდენი მანდატი მოიპოვოს პარლამენტში (შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც), რომ მეტ-ნაკლებად დაბალანსდეს მმართველი პარტიის ძალაუფლება. ოპოზიცია  ანგარიშგასაწევ ძალად უნდა იქცეს და ამისათვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.