ბუჩქის დეგრადაცია - კვირის პალიტრა

ბუჩქის დეგრადაცია

მოდი, საკითხს ფილოსოფიურად მივუდგეთ და დავსვათ კითხვა: რატომ შეიძლება ბუჩქნარი უიმედობის და უპერსპექტივობის განცდას უკავშირდებოდეს? ან საკითხს ფსიქოლოგიურად შევხედოთ და ვიკითხოთ: რატომ შეიძლება ბუჩქნარი უიმედობის და უპერსპექტივობის განცდას იწვევდეს? არადა, სწორედ ასე თქვა ბატონმა პრეზიდენტმა სოფელ რუხში მოცვის სანერგე მეურნეობის დათვალიერების დროს: "ადრე იყო ბუჩქნარი და უიმედობის და უპერსპექტივობის სრული განცდა, ახლა კი ყველაფერი შეცვლილია." რა თქმა უნდა, მართალი იქნებით, თუ მას ეტყვით: "აა, ახლა გახდა ბუჩქნარი უიმედობის და უპერსპექტივობის სიმბოლო? თქვენ არ იყავით, ბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე წლის წინ პატრიოტთა ბანაკში ბავშვებს რომ უთხარით: ჰა, ბუჩქი და ჰა, მოედანიო?" ''

იქნებ ფროიდისთვის გადაგვეხედა და იქ გვეპოვა პასუხი? თუმცა მასთან ბუჩქი,  რაღაც არ მახსენდება. ის კი უხვადაა ძია ზიგმუნდთან, რის გაკეთებასაც სააკაშვილი ახალგაზრდებს ბუჩქებში სთავაზობდა, მაგრამ მოცვი და ბუჩქები მასთან მაინც არ გვხვდება. სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ კვლევა: "ბუჩქი სააკაშვილის აღქმაში." ნაშრომში გამოკვლეული იქნება, თუ როგორ გადაიქცა პრეზიდენტის აღქმაში ბუჩქი სასურველი ადგილიდან უიმედობის და უპერსპექტივობის სიმბოლოდ და რამ გამოიწვია ბუჩქის ასეთი დაცემა. მგონი, საინტერესო საკვლევი იქნება. რომელ ბუჩქზეა საუბარი? სავარაუდოდ, ჩაის ბუჩქზე, რადგან იმავე სიტყვაში პრეზიდენტმა ბრძანა: "აქ ადრე იყო ჩაის პლანტაციები, რომლებიც გახმა. ჩვენ, სახელმწიფომ, უნდა შევქმნათ სტანდარტები, თუ რა უფრო მომგებიანი იქნება სოფლის მეურნეობისთვის. ჩვენ გვაქვს მოცვის გასაღების გარანტირებული ბაზრები. თუ შეგვიძლია ერთი თვით ადრე მოვიყვანოთ მოსავალი, ვიდრე სხვა მწარმოებელ ქვეყნებს, ეს ნიშნავს, რომ გარანტირებული ბაზარი გვექნება. ამით ძალიან ბევრ ადამიანს ექნება საშუალება, გაზარდოს თავისი შემოსავალი. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი."

ეკონომისტებს შეეძლებათ, დაწერონ კვლევა, როგორ გადაარჩენს მოცვი ქართულ ეკონომიკას, ჩაის კი, ალბათ, აღარაფერი ეშველება, ჩაის ბუჩქები, როგორც უიმედობის და უპერსპექტივობის სიმბოლო, გაჩეხეს და იქ მოცვი დარგეს. არადა, რამდენი იწვალეს კომუნისტებმა თავის დროზე, რომ ჩაი გაეხარებინათ. გახსოვთ, როგორ მღეროდნენ ისინი? "იქ, სადაც ადრე კიოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა!.." ახლა ასე ვიმღერებთ: "იქ, სადაც ადრე კიოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ მოცვის კულტურა!.."

დასასრულ, ამ საკითხის კვლევამ შეიძლება კომუნისტებსა და სააკაშვილს შორის მთავარი განსხვავებაც გაპოვნინოთ: როგორც აღმოჩნდა, კომუნისტებში უიმედობის  და უპერსპექტივობის განცდას ტურის კივილი იწვევდა, სააკაშვილში - ბუჩქი. ესეც საინტერესოა.

დომენტი და მისი მარგალიტები

მგონი, საქართველოში გამოჩნდა კაცი, ვინც შეიძლება სააკაშვილს "მარგალიტების თესვაში" აჯობოს. ისიც პრეზიდენტია (ეტყობა, პრეზიდენტობა შვრება ამას), ოღონდ - ფეხბურთის ფედერაციის. ბატონ დომენტი (ზვიად) სიჭინავაზე მოგახსენებთ. ეს კაცი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, მაგრამ ანეკდოტების პერსონაჟად კი იქცა. მახსოვს, ადრე კომენტატორი გვყავდა, ნუგზარ ჯუღელი, რომელიც ასევე ანეკდოტების პერსონაჟი გახდა, მაგრამ ის კომენტატორი იყო, ეს კი, ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტია. არადა, ფეხბურთში სასაცილოდ სულაც არ გვაქვს საქმე...

კი უმუშავია ბატონ სიჭინავას ცირკის დირექტორად, მაგრამ ეს, ალბათ, არ ნიშნავს, რომ კლოუნად იქცეს. თავიდან ამბობდნენ: თავი დაანებეთ ამ კაცს, რუსეთში ცხოვრობდა დიდხანს და ქართული კარგად არ იცისო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვა: ხორვატიასთან თამაში ერთი დღით იმიტომ გადმოსწიეს, რომ იქ რომის პაპა ჩადისო. კი ბატონო, ეს შეიძლება რუსულის გავლენას დავაბრალოთ (რომის ბაბუა რომ ეთქვა, ვერ დავაბრალებდით, "პაპას" ამბავში შეიძლება), მაგრამ მის დანარჩენ მარგალიტებს რაღა ვუყოთ, რომლებსაც რუსულის გავლენას ვერ დავაბრალებთ? ასე მაგალითად, ბატონმა დომენტიმ ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელების მოძიებაზე საუბრობდა, განაცხადა: აჭარაში ერთი ისეთი თათარი ბიჭი ვიპოვეთო... და გგონიათ, ამით დაკმაყოფილდა? იმავე არხზე აგვისტოს დასაწყისში, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის სამ წლისთავს აღვნიშნავდით, გამოაცხადა: "დღეს, იცით, დღესასწაულია რუსეთ-საქართველოს ომის..." მესმის, რომ საქართველოში ვიღაც-ვიღაცებს ის ომი მოგებული ჰგონიათ და შეიძლება, დღესასწაულობდნენ კიდეც, მაგრამ... მთელ ამ ამბავში დომენტის საქციელზე უფრო სამწუხარო ის არის, რომ ჟურნალისტმა, რომელსაც ის გადაცემები მიჰყავდა, არც "თათარი ბავშვი" და არც "ომის დღესასწაული" არაფრად მიიჩნია; ისე გაატარა, ვითომც აქ არაფერიაო. თუმცა თქვენ გგონიათ, ეს ყველაფერია? არა, ბატონებო! ბოლო მარგალიტი ბატონმა დომენტიმ 9 სექტემბერს შემოგვთავაზა ექვსაათიანი "კურიერის"” პირდაპირ ეთერში (ჟურნალისტი აქაც დუმდა): "იცით, რომ არ იყო შეცვლილი ნაკრები, დარჩა ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოყვანილი იყვნენ არა მარტო კუპერის და იმის დროიდან, არამედ შუშანიკის დროიდან იყო ეს ფეხბურთელები ყველა, რომელიც თამაშობდნენ. ამიტომ თემურიმ გააკეთა მაქსიმუმი."

თავიდან ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი, მაგრამ სახეზე კარგად რომ დავაკვირდი, ხოლო შემდეგ გავიხსენე, რომ კუპერამდე და ტოპმიოლერამდე ნაკრების უცხოელი მწვრთნელი ხორვატი სპეციალისტი ივო შუშაკი იყო, მივხვდი, ბატონ დომენტის ხუმრობა არც უფიქრია.

P.S. შეიძლება უცნაური დამთხვევაა, მაგრამ მეორე დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში შუშანიკის ხსენების დღე იყო.

სიხარული და კითხვები

ახლა, როდესაც ამ სტატიას ვწერ, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოახერხებს თუ ვერა საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მეოთხედფინალში გასვლას, მაგრამ აწი რაც უნდა მოხდეს, ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ჩვენს კალათბურთელებზე აუგი არავის დასცდება.

კალათბურთელებმა პროგრამა მაქსიმუმი უკვე დიდი ხანია, შეასრულეს - ქართველებს თავი თავმოყვარე ერად გვაგრძნობინეს. თქვენ ფიქრობთ, კალათბურთელების პროგრამა-მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლა იყო? არა, ეს ჩვენში - წაგებასა და განადგურებას შეჩვეულ ხალხში - იმედის გაღვიძება იყო, იმ შეგრძნების დაბრუნება, რომ ჩვენც რაღაც შეგვიძლია, რომ ჩვენც რაღაცას წარმოვადგენთ და არავისზე ნაკლები არ ვართ. მათ ჩვენ გვაჩვენეს, რომ ქართველებსაც შეუძლიათ, არ დაკარგონ ღირსება, რომ საქართველოშიც მოიძებნებიან სპორტსმენები, რომელთათვისაც ქვეყნის სახელით ასპარეზობა სულერთი არ არის, ვისთვისაც საქართველო და ქართველი ხალხის სიხარული რაღაცას ნიშნავს. ამას ბოლო დროს მხოლოდ მორაგბეებისგან ვიყავით შეჩვეული, მაგრამ კალათბურთელები უფრო შორს წავიდნენ. ისინი არა მარტო პრესტიჟული ტურნირის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, არამედ სულ მცირე, ჯგუფიდანაც გააღწიეს. მათ გვაჩვენეს, რომ ევროპაში შეიძლება ყველას ტოლ-სწორი ვიყოთ. აი, ეს იყო, ჩემი აზრით, მათი პროგრამა-მაქსიმუმი.

გული კი მხოლოდ ერთ რამეზე დამწყდა: ლიტვაში საგულშემატკივროდ ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს კულტურის დღეებში მონაწილე ხელოვანები ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები მოხვდნენ. ბუნებრივია, ჟურნალისტებში გაჩნდა კითხვებიც: ვინ დააფინანსა ამ ადამიანების მგზავრობა? ვის ხარჯზე წავიდნენ მაღალჩინოსნები ლიტვაში? თუ ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ხარჯზე წასულან. ამ დღეებში კარგ ხასიათზე კი ვარ, მაგრამ ჯერ იმის სურვილი მაინც არ გამჩენია, რომ ჩემი ფულით ლიტვაში სხვები ვასეირნო.