"რეგიონული ენის სტატუსის შემდეგ ავტონომიის მოთხოვნას წამოაყენებენ" - კვირის პალიტრა

"რეგიონული ენის სტატუსის შემდეგ ავტონომიის მოთხოვნას წამოაყენებენ"

"ვიკილიკსის" მასალების მიხედვით, საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი ვაშინგტონისთვის 2008 წლის 29 სექტემბერს მიწერილ ტელეგრამაში კანონიერად" მიიჩნევდა ეთნიკური სომხების მიერ საქართველოში სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადებას.

ბოლო დროს სომხური და აზერბაიჯანული ენებისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების თაობაზე საუბარი მართლაც გააქტიურდა. ამ ენებისთვის რეგიონულის სტატუსის მინიჭება გულისხმობს, რომ ჯავახეთში საქმეთა წარმოება სომხურ ენაზე იქნება შესაძლებელი, ქვემო ქართლში კი - აზერბაიჯანულად. ფაქტს, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ენების რეგიონულ ენებად აღიარების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი ადასტურებს: "რამდენიმე თვის წინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშიც ვიმსჯელეთ "რეგიონული ენის საკითხზე, რომელიც ახლა შესწავლის პროცესშია. თემა რთულია, ბევრ მუშაობასა და კამათს მოითხოვს იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს რეგიონული ენა, რომელ რეგიონებს უნდა ეხებოდეს, როგორი დეფინიცია გავაკეთოთ".

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე:

- თუ სომხურსა და აზერბაიჯანულს საქართველოში რეგიონული ენის სტატუსი მიენიჭა, შემდეგი ეტაპი ავტონომიის მოთხოვნა იქნება და ეს რაც არის, კარგად მოგეხსენებათ.

- მაგრამ საქართველო მიერთებულია "ევროპულ ქარტიას რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ", რომელიც ამ ვალდებულებას გვაკისრებს.

- თავის დროზე ამ კონვენციის მიღების მიზანი რეგიონული დაძაბულობის შესუსტება იყო. ევროპაშიც არის ასეთი რეგიონები, სადაც სახელმწიფო ენაზე არ ლაპარაკობენ და ამიტომ გადაწყვიტეს რეგიონული ენის შემოღება. მაგალითად ავსტრიაში ეს პრობლემას არ ქმნის, რადგანაც ავსტრიის სახელმწიფო კარგა ხანია არსებობს და დემოკრატიის დიდი გზაც გაიარა; მაგრამ როდესაც რეგიონული ენის სტატუსს ანიჭებ სომხურსა და აზერბაიჯანულს და აქედან ნახევარი საათის სავალზეა სომხეთისა და აზერბაიჯანის მონოეთნიკური უძლიერესი სახელმწიფოები, საფრთხე საკმაოდ დიდია. სომხურისა და აზერბაიჯანულისათვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების შემდეგ სვანური და მეგრული ენებიც რეგიონულ ენებად გამოცხადდება(?!).

ევროპული ქარტია

1992 წლის 5 ნოემბერს ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა სტრასბურგში მიიღეს "ევროპული ქარტია რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ". ქარტიის 32-ე განმარტებაში დაზუსტებულია, რომ "ქარტია პრეროგატივას ანიჭებს კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებას, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით თავად განსაზღვროს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულ რომელ ენას მიენიჭოს დამოუკიდებელი ენის სტატუსი. ევროსაბჭოს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც" ევროპული ქარტიის რატიფიცირება მოახდინა, პოლონეთია. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვისაა განკუთვნილი, პოლონელ ენათმეცნიერ ტომაშ ვიხერკევიჩს ეკუთვნის. ვიხერკევიჩი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს საქართველოში რეგიონული ენების სტატუსი მიანიჭოს სომხურსა და აზერბაიჯანულ ენებს; ტერიტორიის უქონელ ენებად ჩაითვალოს რუსული, ბერძნული, ქურთული, უკრაინული, ქისტური, ასირიული და ავარიული, უდამწერლობო ენებად კი მეგრულ-ლაზური და სვანური გამოცხადდეს.