"თუ რეპრესიები გააგრძელა, რევოლუციით წავა" - კვირის პალიტრა

"თუ რეპრესიები გააგრძელა, რევოლუციით წავა"

"2010 წლის მონაცემებით ევროსაბჭოს 47 სახელმწიფოს შორის საქართველო "მოწინავეა"მოსახლეობის კლების მიხედვით"

არჩევნების ოფიციალურ თარიღამდე ერთი წელია, მაგრამ ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნო რეჟიმზე არიან გადასული. თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილს საარჩევნო ვადის დარღვევა სჩვევია, სულ უფრო სარწმუნო ხდება ინფორმაცია, ვადამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- გამორიცხული და მოულოდნელი სააკაშვილისგან არც ვადამდე არჩევნებია, მაგრამ თუ გვინდა სტაბილური ქვეყნისთვის შესაფერისი პოლიტიკური კულტურა დავამკვიდროთ ქვეყანაში, პოლიტიკური კალენდარი არ უნდა დაირღვეს.

150 სოფელი მოვიარე და არ ველოდი, ისეთი სიღატაკე ვნახე. გლეხი და ქვეყანა უპატრონოდ არიან მიტოვებული. სააკაშვილის აღიარებით უმუშევართა რიცხვმა თბილისში 30%-ს გადააჭარბა, რეალურად კი ყოველი სამი მოქალაქისგან ორი უმუშევარია. გადასახადები კი იზრდება, სააკაშვილი ხალხისგან სულ უფრო მეტი ფულის ამოღებას ცდილობს და შემდეგ მას პრიორიტეტების გათვალისწინებით კი არა, პირადი ახირებით ხარჯავს.

დასავლეთი საქართველო დაცლილია ახალგაზრდობისაგან. ჩვენ ეროვნული მასშტაბის დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2010 წლის მონაცემებით ევროსაბჭოს 47 სახელმწიფოს შორის საქართველო "მოწინავეა" მოსახლეობის კლების მიხედვით. ეს სააკაშვილის შვიდწლიანი პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ხალხი თანდათან აცნობიერებს, რამხელა განსხვავებაა სააკაშვილის უახლოესი გარემოცვისა (რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობს) და მათ ყოფას შორის. სააკაშვილი თავის მცირე ჯგუფთან ერთად განცხრომით ცხოვრობს, ქვეყანა - საქართველო კი სიღატაკეშია ჩაფლული.

სააკაშვილს პარლამენტიდან კიდევ ერთხელ შევთავაზებთ საკანონმდებლო ინიციატივებს და ამავდროულად დავანახვებთ მოქალაქეების ნებას, რომელიც აუცილებლად გამოვლინდება საპროტესტო აქციებით.

- გულისხმობთ, რომ საპარლამენტო განხილვებისას აქციები გაიმართება?

- აუცილებლად. სააკაშვილმა კონტროლირებადი მედიით და რეპრესიული მანქანით ადამიანებს საკუთარი თავის რწმენა დაუკარგა, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოქალაქეებს საკუთარი თავის რწმენა დავუბრუნოთ.

- მაგრამ პრეზიდენტი ლამის ყოველდღე რომელიმე ობიექტს ხსნის და ხალხისაგან მადლობას იღებს.

- რა თქმა უნდა, იქნებიან ისეთები, ვინც სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერენ მხარს. ჩემი ამოცანაა სააკაშვილის თუ ჩემმა მხარდამჭერმა უშიშრად გააკეთოს არჩევანი. ძველი გზით სიარული ხალხს მოჰბეზრდა, მას სიახლე სჭირდება...

სააკაშვილი დაშორდა ქართველ საზოგადოებას და მზად არის ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველანაირი ნაბიჯი გადადგას. თუკი სააკაშვილი მხოლოდ რეპრესიულ და პოლიციურ მანქანაზე ააგებს თავის ხელისუფლებას, ეს პოლარიზებამდე და ისეთ დაპირისპირებამდე მიგვიყვანს, რომ სააკაშვილს ხელისუფლების დატოვება არჩევნების გზით კი არა, რევოლუციით მოუწევს. სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია. მან საკუთარი თავი ამოწურა. შიშის და რეპრესიების მიუხედავად, მინდა ყველა მოქალაქემ დაიბრუნოს საკუთარი თავის რწმენა. ბევრი მეუბნება, სააკაშვილმა მეტი რაღა უნდა წამართვას, რითი უნდა შემაშინოს, როდესაც დასაკარგი აღარაფერი მაქვსო. დღეს სააკაშვილი წინაღობაა არა ქვეყნისთვის, არამედ თავისი პარტიისთვისაც. ის ვერც საკუთარ პარტიას და ვერც საქართველოს წინ ვერ წაიყვანს.

- აქამდე გვესმოდა, რომ მხოლოდ სააკაშვილი იყო საკუთარი გუნდის წარმატების საწინდარი.

- სააკაშვილის მმართველობის სტილი ისეთია, რომ არც ერთ ლიდერს არ აძლევს წინსვლის საშუალებას. ამიტომაც ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის მერეც "ნაციონალური მოძრაობა" ულიდეროდ არის. სააკაშვილი საზოგადოებას მისიანებად და სხვისიანებად, ნაციონალებად და არანაციონალებად ყოფს. ჩვენ კი სხვა პოლიტიკურ ძალებში პარტნიორებს ვხედავთ. თუ მაკრიტიკებენ, ეს ჩემი სიფხიზლისთვისაა უკეთესი. პოლიტიკური ძალა, რომელიც კრიტიკას ვერ იტანს, ხელისუფლებაში მოსვლის მერე უსათუოდ სააკაშვილის გზით წავა.

- შეკვეთილში გიგა ბოკერიასთან შეხვედრა გქონიათ. ამბობენ, რომ პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში ბოკერიას და მის რამდენიმე თანამოაზრეს "თავისუფალი დემოკრატები" პოლიტიკაში დასარჩენ ნავს შესთავაზებთ.

- ასეთი შეხვედრა არ ყოფილა და თუ ეს ვინმემ დაწერა, ტყუილია. თუმც აქვე დავძენ, არავისთან შეხვედრაზე უარს არ ვიტყვი, თუ საზოგადო საქმეს გამოადგება. ოპონენტს მოსისხლე მტრად არ აღვიქვამ. სააკაშვილსა და მის გუნდს იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ არასწორი მიმართულებით მიჰყავთ ქვეყანა, მაგრამ მომავალში მე ვხედავ მათ ადგილს პოლიტიკაში. მინდა ისინი იყვნენ პარლამენტში და გვაკრიტიკონ. მათ დავუდასტურებ, რომ შეიძლება ოპონენტთან ისე მოპყრობა, რომ პოლიტიკური არსებობის საშუალება მისცე.  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ბევრი პატრიოტი მუშაობს, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები პირები აძლევენ მათ არასწორ დავალებებს. დაუსჯელობის განცდა არავის არ უნდა ჰქონდეს. ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისმგებლობის საკითხი არასოდეს დამდგარა და ამიტომაც სჩადიოდა დანაშაულს შემდგომი ხელისუფლებაც. ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მის წევრთა ბრალეულობის საკითხი. ეს არც შემდგომი პრეზიდენტის და არც მთავრობის გადასაწყვეტი არ არის.

ბოკერიასა და მის თანამოაზრეებთან დაახლოების საფუძველი არ არსებობს, რადგან ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა გვაქვს ქვეყნის მართვასა და განვითარებაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს რეალიზაციის საშუალება უნდა მივცეთ, ხელისუფლებას კი მიაჩნია, რომ მხოლოდ მონოპოლიებით, დიქტატით და რეპრესიით უნდა გაატაროს რეფორმები, რომელიც ვნახეთ, რომ წარუმატებელი აღმოჩნდა.

- თქვენ ხელისუფლებაში მოსვლაზე ლაპარაკობთ, მაგრამ სააკაშვილიც არ უნდა ფიქრობდეს ხელისუფლებიდან წასვლას. როგორც ამბობენ, სახელისუფლებო გუნდში სააკაშვილის გაპრემიერების ან პარლამენტის თავმჯდომარეობის საკითხი განიხილება.

- ნაკლებად მაინტერესებს, რა კონფიგურაციას განიხილავენ ხელისუფლებაში და არც სააკაშვილის ფიქრების გამოცნობას შევუდგები. მთავარია, ჩვენი ამოცანები და სულისკვეთება მივიტანოთ ხალხამდე. ჩვენ გააზრებული გვაქვს, როგორი ადგილი ექნება საქართველოს თანამედროვე გეოპოლიტიკურ სივრცეში. ეროვნული სახელმწიფოს შექმნა არ შეიძლება მუდმივად სხვისი ინტერესების გათვალისწინებით და საკუთარი ინტერესების მსხვერპლად შეწირვით. ჯერ საკუთარი თავი უნდა დავინახოთ და მერე დავიწყოთ ურთიერთობა აშშ-თან, ევროპასა და რუსეთთან.

- "ეროვნული ფორუმის" მიერ 27 სექტემბრისთვის "ქართველთა მარშის" გამოცხადების შემდეგ ითქვა, რომ "ექვსიანი" იშლება, კვოტები ვერ გაინაწილესო.

- საარჩევნო გარემოს თაობაზე "ექვსიანს" ერთობლივი ღონისძიებები ექნება, მაგრამ ჩვენ არა ვართ ბლოკი და აქედან გამომდინარე, ვერც კვოტებზე გვექნებოდა საუბარი. გავრცელდა ხმა, თითქოს ჩვენ უკვე თანამდებობებზეც ვლაპარაკობდით, რაც საფუძველს მოკლებულია. "ქართველთა მარშის" გამოცხადება ჩემთვის მოულოდნელი იყო. მივესალმები, თუკი "ფორუმი" ხალხის მობილიზებისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს. თუმც ჩვენს პარტიას იმ დღისათვის სხვა ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.

- სოციალურ ქსელებში "ქართველთა მარში" ფაშისტურ ღონისძიებად მოინათლა.

- ვიცნობ "ფორუმის" ლიდერ კახა შარტავას და ფაშისტობას მას ვერავინ დასწამებს. ვერ წარმომიდგენია, რომ XXI საუკუნის საქართველოში ვინმე ქსენოფობიით ცდილობდეს პოლიტიკაში დამკვიდრებას.

- ქსენოფობია ახსენეთ და როგორ შეაფასებთ თქვენი მეგობრის, ნიკა რურუას საქციელს, თეატრიდან სტურუას ქსენოფობის იარლიყით დათხოვნას?

- ეს არის რეპრესია განსხვავებულად მოაზროვნე დიდი საზოგადო მოღვაწის მიმართ. არც მიკვირს, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა რობერტ სტურუას პოტენციალს არ აფასებს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რა მასშტაბის ხელოვანია სტურუა. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთა ასე პირნათლად შესრულდა. ეს ტიპური ბოლშევიკური რეპრესიაა, რაც არ მიკვირს, ეს ბოლო წლებში დამკვიდრებული ძალადობის გაგრძელებაა.