მუჯლუგუნი "ოპოს"! - კვირის პალიტრა

მუჯლუგუნი "ოპოს"!

ჩემ წინ "ოპოპარტიის" წევრია. რადიოს სტუდიაში ვსხედვართ. "ოპომ" მოიტანა ამერიკული სიმინდის ტაროები - პატარა, დაგვალული, საცოდავად მომზირალი.წყალტუბოს მიმდებარე სოფლებში სულ ასეთი მოსავალი მოუწევიათ გლეხებს. თან რა ძვირად შეიძინეს ეს რეკლამირებული თესლები. იქვე ქართულმა სიმინდმა  კი შესანიშნავად იხარა,  ამერიკულმა - ჩაისვარა. სოფლელები ეჭვობენ, რომ უხარისხო თესლები შეაპარა მთავრობამ. ნებისმიერი "ოპოპარტიისთვის" მსუყე ლუკმაა ეს ამბავი. წარმომიდგენია, რა ამბავს ატეხდა მიშა ხელისუფლებას რომ ებრძოდეს. დატვირთავდა დიდ მანქანას ამ გაუხარელი და წუნიანი სიმინდის ტაროებით და ჩამოცლიდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ესენი კი (მოქმედი "ოპოები") მოსაწყენი პრესკონფერენციებით შემოიფარგლნენ. შესაბამისად, ამბავიც ჯეროვნად არ გახმაურდა.

მიშა კი დაქრის აღმა-დაღმა. ხან სვანეთშია, ხან ანაკლიაში, ხან გურიაში და ხან კახეთში. რაღაცებს ხსნის, მძლავრად ჟესტიკულირებს, ადგილობრივ მოხუცებს ეხუტება. "რუსთავი 2" უკვე ამ ვოიაჟების პროპაგანდასაც აღარ აწარმოებს, ეს აღარ არის პიარი. ასეთი აღვირახსნილი "შეტენვა"კოლეგებს არასოდეს განუხორციელებიათ. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მიშა არჩევნებისთვის ემზადება. იქამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, მაგრამ ვეჭვობ, სხვა გეგმები აქვს სააკაშვილს. ან იქნებ სოციოლოგებმა უთხრეს, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა, სოციალურმა პრობლემებმა, ზაფხულის ავანტიურებმა (ფოტორეპორტიორები, სტურუას მოხსნა, გადასახადების გაზრდა) მისი რეიტინგი შეამცირა. მიშაც გააქტიურდა. ამასთან, უკვე აღარ ერიდება იმის, რომ მის აგიტაციას უკვე რაღაც შუააზიური სუნი უდის.

გაუგრძელდათ არდადეგები "ოპოებს". ამასობაში ქუთაისში მუშები გაიფიცნენ. თუმცა მათ მიუჩინეს უკვე "დამოუკიდებელი“ პროფკავშირი" სამწყემსად.  აი, პარტიებს (ან პარტიას) რომ ეაქტიურათ, ასეთი გაფიცვები უფრო მასშტაბური იქნებოდა... თბილისელებს ნაგვის კატასტროფულად გაზრდილი გადასახადი მოგვივიდა, ბაღები ფასიანი გახდა, სკოლებს ხურავენ... შეუძლებელია ამ ყველაფრის მხოლოდ პროპაგანდისტული მეთოდებით გადაფარვა. უბრალოდ, საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა იმისთვის, რომ პროტესტის ორგანიზება მოხერხდეს. ადამიანები კონკრეტულ პრობლემებს აპროტესტებენ - ყოფითსა და მატერიალურს. მარტივად შეიძლება მათი კონსოლიდაცია. მოსთხოვონ მთავრობას ნაგვის დენის ტარიფზე მიბმის გაუქმება! მოსთხოვონ ბაღების დაფინანსების აღდგენა! მოსთხოვონ სიმინდის ავანტიურის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, გლეხებისთვის კი კომპენსაციის გაცემა! ვერც ერთი დემაგოგი ვერ შეიტანს ეჭვს ამ მოთხოვნათა სამართლიანობაში. ეს არ არის რადიკალური - "გადადექი" და "მიშა მოვდივარ!", კონკრეტული მოთხოვნებია.

არ ვიცი, რას უშველის გუბაზის საპროტესტო მარში, სექტემბრის ბოლოს რომ უნდა გაიმართოს, საით გაემართება ეს მსვლელობა ან რამდენი კაცი მიიღებს მასში მონაწილეობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მკაფიო მოთხოვნები, მაგალითად ამ დაწყევლილი ნაგვის ტარიფის დენზე მიბმის გაუქმებისა, მაგალითად, ირა არ წავა ამ მარშზე. ირა არ წავა - ეს ნიშნავს, რომ ბევრი არ წავა. რადგან ირა არის ტიპური ნიმუში ქალაქის მკვიდრისა, რომელსაც სამსახურიც აქვს, მაღალი სოციალური სტატუსიც, ხელისუფლების თავგასულობაც არ მოსწონს, მაგრამ ეს "ოპოც" არ ევასება  სწორედ ამ დაუკონკრეტებელი რადიკალიზმის და უსაფუძვლო ბაქი-ბუქობის გამო. ასე რომ, რჩევა, რეკომენდაცია, შეძახილი, მუჯლუგუნი (რაც გინდათ, ის დაარქვით) "ოპოსთვის" ეს უნდა იყოს: მეტი კონკრეტიკა სოციალურ პრობლემებზე, მეტი მკაფიო მოთხოვნები, მეტი კრეატივი კამპანიის წარმოებისას და მეტი შრომა! თორემ, ხომ ხედავთ, ასეთ მიძინებულ მოწინააღმდეგეს ერთი "კურიერითაც" კი ამარცხებს მიშა...