სად გადის მოთმინების საზღვარი?! - კვირის პალიტრა

სად გადის მოთმინების საზღვარი?!

"კოდორის ხეობა ისე ჩააბარეს, მისი დაცვა არც კი უცდიათ"

"ომის პერიოდში ცხინვალში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, ვინ როგორ გამორბოდა"

"გასაგები გახდა, რომ შლიდნენ სასაზღვრო უწყებას და დარჩენა აღარ შემეძლო"

"გაგიგიათ სადმე საზღვრის დაცვა ძაღლის გარეშე?"

კაცობრიობის არსებობის ისტორიაში აქსიომად არის მიღებული, რომ ნებისმიერი სახელმწიფო საზღვრიდან იწყება, ხოლო სასაზღვრო უსაფრთხოება სახელმწიფო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გლეხმაც კი იცის, რომ ყანა მანამდე არ უნდა დათესოს, სანამ არ შემოაკავებს. თუმცა, ჩვენ სამწუხაროდ, მსოფლიოში #1  რეფორმატორები და მსოფლიოში ყველაფერი პირველის შემქმნელები (პრეზიდენტის მტკიცებით) ზემოხსენებულ აქსიომას არ ვცნობთ!

შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის საზღვრები ნელ-ნელა ავლაბრის რეზიდენციისკენ მიიწევს.

კახა ხანდოლიშვილი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ყოფილი უფროსი: - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ სასაზღვრო უწყება პოლიტიკური კონიუნქტურისა და პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი შეიქნა. სასაზღვრო უწყებას "არ გაუმართლა", როცა მის ხელმძღვანელად ბადრი ბიწაძე დაინიშნა. ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირება ყოველთვის იყო, ბიწაძე კი პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას არ მიეკუთვნებოდა. ამიტომ ცდილობდნენ ეს უწყება მოწინავე არ ყოფილიყო. 2005 წელს, როდესაც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბიუჯეტი გაათმაგდა, მილიარდები  იხარჯებოდა ტექნიკის, აღჭურვილობის შესაძენად, სასაზღვრო უწყებას კაპიტალური ხარჯებისთვის 100.000 ლარი გამოუყვეს.

ამ ფულით ფანჯრებსაც კი ვერ გამოცვლიდი. ყოველ წელს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის სახელზე ვწერდით მოთხოვნას, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის გაეზარდათ დაფინანსება. ჩვენთან ხელფასებიც კი უფრო დაბალი იყო, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროში. არ სჭირდებოდათ მოწინავე სასაზღვრო უწყება ბიწაძე-ბურჯანაძის ფაქტორის გამო. იმ პერიოდში, როცა ბურჯანაძე ქვეყანაში მეორე პირი იყო, სახელისუფლებო არხები ცდილობდნენ, არ გაეშუქებინათ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიღწევები. ისეთი ფონი შექმნეს სატელევიზიო პიარით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი საუკეთესო მინისტრად წარმოჩენილიყო, არადა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით ჩვენი დეპარტამენტი უფრო კარგად მუშაობდა, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლები, ვერაფრით ხვდებოდნენ, რა განსხვავება იყო სოდ-სა და კრიმინალურ პოლიციას შორის. მახსოვს, ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა უპასუხა, ორი იმიტომ არის, რომ მათ შორის კონკურენცია იყოსო.

გაეცინათ უცხოელებს, მაშინ ორი სამინისტრო გააკეთეთ და მეტი კონკურენცია გექნებათო. სამაგიეროდ, 2010 წელს, როცა კორუფციის ბრალდებით დააკავეს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო მთავარი სამმართველოს უფროსი და სამმართველოს თანამშრომლები, "რუსთავი 2"-მა ისინი ბიწაძის კადრებად მოიხსენია, მაშინ როდესაც სამმართველოს ხელმძღვანელობა ბიწაძის გადადგომის შემდგომი "რეფორმის" დროს დაინიშნა. ეს უწყება რომ გულზე არ ეხატებოდათ, 2006 წელსაც ცხადი შეიქნა. ისეთი ამბავი ატყდა პარლამენტში კანონის "საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ" მიღებისას, რომ გავოგნდი. გერმანელი და ქართველი ექსპერტების შემუშავებულ კანონპროექტს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ კომიტეტებში. კურიოზამდეც მივიდა საქმე: ერთ-ერთი განხილვისას კანონპროექტის მიღებას მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენელი დავით გამყრელიძე უჭერდა მხარს და კანონპროექტის მიღება მხოლოდ ევროკავშირის, ეუთოს, აშშ-ის წარმომადგენლების მხარდაჭერისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის უშუალო ჩარევის შემდგომ მოხერხდა.

დაფინანსება 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ გაიზარდა. ამ პერიოდში სააკაშვილს არ აწყობდა ურთიერთობის გაფუჭება ბურჯანაძესა და ბიწაძესთან. ხშირად რეკავდა პრეზიდენტი და ბიწაძეს "ემეგობრებოდა".

2008 წლის აგვისტოს ომმა კი არა მარტო ახალი ტერიტორიების დაკარგვამდე მიგვიყვანა, არამედ აშკარად დასცა ჩვენი ავტორიტეტი მეზობელ სახელმწიფოებში.

მამისონის უღელტეხილი, სადაც ქართველი მესაზღვრეები იდგნენ, რუსებმა ისე დაიკავეს, საჭიროდაც არ ჩათვალეს ქართველებისთვის შეეტყობინებინათ. იგივე სიტუაციაა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე.

მას შემდეგ, რაც ბურჯანაძე-სააკაშვილის დაპირისპირება აშკარა გახდა, უწყება დაშალეს. ჯერ იყო და, სასაზღვრო გამტარი პუნქტები საპატრულო პოლიციას გადასცეს. მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც საზღვარს საპატრულო პოლიცია იცავს. მაგრამ ამათ კონტროლის მექანიზმების ხელში ჩაგდება უნდოდათ. არ მოსწონდათ, რომ სასაზღვრო დეპარტამენტმა იცოდა, ქვეყანაში ვინ შედიოდა და გადიოდა. საკანონმდებლო ბაზაც კი მოშალეს. გერმანელი და ქართველი ექსპერტების ერთობლივად შემუშავებული კანონი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს, ჩვენთან კი ორ გვერდამდე შეამცირეს. დღეს მესაზღვრეები და პოლიციელები ხელმძღვანელობენ კანონით "პოლიციის შესახებ", რომლის დასახასიათებლად ისიც კმარა, რომ 1993 წელსაა მიღებული და მილიციის შესახებ საბჭოთა კანონის ქართული თარგმანია. გააუქმეს სასაზღვრო უწყების მონაცემთა ბაზა, მისი ანალიზისა და დამუშავების სამსახური. აგვისტოს ომის შემდეგ სასაზღვრო უწყების მიერ საზოგადოებისთვის იმ სახელმწიფო მოხელეთა სიის წარდგენამ, რომლებმაც პანიკაში დატოვეს საქართველო, ბევრი გააღიზიანა.

აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წაშალა მის ბაზაში არსებული ძებნილთა სია, რომლის აღდგენა მხოლოდ სასაზღვრო უწყების მონაცემთა ბაზის მეშვეობით მოხერხდა.

გააუქმეს მესაზღვრეთა სწავლებისა და გადამზადების ცენტრი და მესაზღვრეთა მომზადება დაავალეს პოლიციის აკადემიას. გაუქმდა სასაზღვრო ავიაციის სამმართველო და  გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. ამან ძალზე გაართულა მთიან რეგიონებში საგუშაგოების მომარაგება და პირადი შემადგენლობის როტაცია. ხშირად მეტეოროლოგიური პირობებისა და განსაკუთრებული ვითარების გამო გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად არის აუცილებელი, რაც შეუძლებელია. ამისთვის ფორმალური თხოვნა და ნებართვაა საჭირო სხვა სამინისტროსგან. გაუქმდა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი. ეს რაზმი ამერიკელების მომზადებული იყო. მას ზაფხულში რუსეთთან საზღვრის გამაგრება და საზღვრისპირა რეგიონში ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ჩატარება ევალებოდა.

ამ ფუნქციას სპეციალური მომზადების გარეშე თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროების სპეციალური დანაყოფები ვერ შეასრულებენ.

საზღვაო ფლოტი და სანაპირო დაცვა სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობაში შეიყვანეს. მართალია, საქართველოს არა აქვს იმის საშუალება, ზღვაზე ორი უწყება შეინახოს, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ამერიკელების დახმარებით შექმნილ ეფექტურ სანაპირო დაცვას არაეფექტური ფლოტი მიუერთეს და ხელმძღვანელებად სწორედ თავდაცვიდან გადმოყვანილი კადრები დაუნიშნეს! გააუქმეს სასაზღვრო კავშირგაბმულობის დანაყოფი, რომელიც ამერიკის ხელშეწყობით შეიქმნა. გაუქმდა ლატვიელი, პოლონელი და ლიტველი მესაზღვრეების დახმარებით შექმნილი კინოლოგიური სამსახურიც.

დღეს საქართველოს საზღვარზე არც სახმელეთო, არც საზღვაო და არც საკონტროლო-გამტარ პუნქტებში არც ერთი გაწვრთნილი ძაღლი არ არის, რაც შეუძლებელს ხდის საზღვარზე ნარკოტიკებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენას. გაგიგიათ სადმე საზღვრის დაცვა ძაღლისა და კინოლოგიური სამსახურის გარეშე?

KvirisPalitra.Geმესაზღვრეებს და სასაზღვრო-გამტარი პუნქტების საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აეკრძალათ მეზობელი ქვეყნის კოლეგებთან ურთიერთობა (კორუფციის თავიდან აცილების საბაბით), რაც აბსურდია და ეწინააღმდეგება თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკას. ამის შედეგია ის ინციდენტები, რომლებიც სომხეთის, თურქეთის თუ აზერბაიჯანის საზღვარზე ხდება. იმ დროს, როდესაც საქართველოს თურქეთის გარდა არც ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან არა აქვს დელიმიტირებულ-დემარკირებული საზღვარი, ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია ინციდენტების დროული აღკვეთა. სწორედ ასეთი წინდაუხედაობის ბრალი იყო ერისიმედის ინციდენტი, რასაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქართველ და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონოდათ, ტრაგედია არ დატრიალდებოდა.

- მარნეულის რაიონის სოფელ ხულდარაში 20 ჰექტარ ქართულ მიწას 2009 წლიდან სომხები აკონტროლებენ. რადგან ოფიციალური სტრუქტურებისგან პასუხი ვერ მივიღეთ, იქნებ თქვენ აგვიხსნათ, როგორ ხდება მსგავსი რამ?

- შეუძლებელია არსებობდეს რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაასაბუთებს, რომ ეს მონაკვეთი მეზობელ სახელმწიფოს უნდა გადასცემოდა. ეს სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდებოდა.

- ვის ჰქონდა უფლება, სიტყვიერი შეთანხმებით ტერიტორია სომხეთისთვის ეჩუქებინა?

- სხვა ფორმა ტერიტორიის გადაცემისა არ არსებობს. საზღვრის გადმოწევა შეთანხმებული უნდა იყოს სპეციალურ კომისიასთან და რატიფიცირებულ იქნეს პარლამენტში. რადგან ეს არ მომხდარა, მაღალ თანამდებობის პირებს შორის სავარაუდოდ შედგა საიდუმლო შეთანხმება. ვერც ერთი რანგის მესაზღვრე ასეთ  პასუხისმგებლობას ვერ იტვირთებდა. ფინანსური საკითხებიც კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეა. მიწის საკითხი კი ან მინისტრთან, ან პრეზიდენტთან იქნებოდა შეთანხმებული.

საჯარო სამსახურების მოხელეებს საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ. მთავარია, ვინმე ზედმეტად არ მოხვდეს თვალში ვინმეს, რომ სამსახური არ დაკარგოს. სხვა არაფერი აინტერესებთ. თუნდაც სულ დაქცეულა მთელი ქვეყანა. იმდენად დაშინებულია ხალხი, ხმას არავინ ამოიღებს. იციან, თუნდაც სრულიად კანონიერი ინიციატივა შეიძლება ცუდად შემოუბრუნდეთ. ჩვენში კანონზე მაღლა ზოგიერთი პირის გადაწყვეტილებები დგას.

თუ საზღვარი გადმოწეულია და იმ ადგილას ბაზაც ააშენებინეს, ეს დამატებით არგუმენტს მისცემს მეზობელ სახელმწიფოს, რომ ამ ტერიტორიაზე პრეტენზია წამოაყენოს.

- თანამდებობიდან თქვენი სურვილით გადადექით თუ როგორც ბიწაძის კადრი მოგხსნეს?

- ბიწაძის კადრი არ ვყოფილვარ.

- რა დამსახურებისთვის დაგნიშნეს ამ თანამდებობაზე 30 წლის ასაკში?

- ვარდების რევოლუციის აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი ვიყავი. მქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებში და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება და ჩაითვალა, რომ ამ სამსახურს კარგად გავუძღვებოდი.

- რატომ დატოვეთ თანამდებობა?

- იმ პერიოდში, როცა ბიწაძე წავიდა და ახალი უფროსი მოვიდა, გასაგები გახდა ჩემთვის, რომ შლიდნენ სასაზღვრო უწყებას და დარჩენა აღარ შემეძლო. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩემს ცნობიერებაში გარდატეხა ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადა, ხოლო იმ დანაშაულისთვის, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს, ერთ კაცსაც კი არ აგებინეს პასუხი. ყველა დააწინაურეს და მადლობა უთხრეს! ომის პერიოდში ცხინვალში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, ვინ როგორ გამორბოდა. როცა ომს იწყებდნენ, მეგონა, ვიღაცებმა ჩემზე უკეთესად იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ თურმე არავინ არაფერი იცოდა. კოდორის ხეობა ისე ჩააბარეს, მისი დაცვა არც კი უცდიათ.

კოდორის ხეობიდან 12 აგვისტოს მესაზღვრეების პუნქტის უფროსი რეკავდა და ტიროდა, ნება მომეცით, გამოვიდე, აქ აღარც თავდაცვა არის და აღარც შინაგან საქმეთა სამინისტროო. ამ დროს მესაზღვრეები ხიდის აფეთქებას გეგმავდნენ, ელემენტარული წინააღმდეგობა რომ გაეწიათ მტრისათვის, მაგრამ ხელისუფლებამ ამის საშუალებაც არ მოგვცა. ირწმუნებოდნენ, რუსები ისედაც მალე გავლენ და რა საჭიროა ხიდის აფეთქებაო. სრული პანიკა იყო, ვინ სად გარბოდა, ვერ გაიგებდი. ასეთ ხალხს მადლობები გამოუცხადეს და დააწინაურეს.

ქვეყნის საზღვრებზე წარმოუდგენელი განუკითხაობაა და ეს საზღვარი, ნელ-ნელა, ავლაბრის რეზიდენციისკენ მიიწევს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტს სულ არ ანაღვლებს ქვეყნის ბედი! მარტო ავლაბარი რომ დარჩეს, თანახმაა, ოღონდ სკამი არ დაკარგოს!